ტკივილი, რომლისაც არ სჯერათ

თამარ ფონიავას პოდკასტსი

Კითხვის დრო: 4 წუთი

„დღევანდელი პოდკასტის თემა ენდომეტრიოზია. ეს დაავადება ორი წლის წინ დამიდგინდა. როგორც უამრავ თქვენგანს, აქამდე ამის შესახებ მეც არაფერი გამეგო. სიტყვა „ენდომეტრიოზი“ არანაირ ემოციას არ აღძრავდა ჩემში, თუმცა მთელი თინეიჯერობის განმავლობაში მტანჯავდა ტკივილიანი მენსტრუაცია.

სტატისტიკის თანახმად მსოფლიოს მასშტაბით 176 მილიონ ქალი, ანუ ქალების 10 პროცენტი ენდომეტრიოზით იტანჯება. ასაკობრივი ჯგუფი 15-დან 49-წლამდე მერყეობს (sources: Reproductive Science and the Journal of Endometriosis).

ენდომეტრიოზი ქრონიკული დაავადებაა, იგი ხასიათდება მტკივნეული და დაურეგულირებელი მენსტრუაციით, მტკივნეული ოვულაციით, სექსამდე ან პენეტრაციის დროს ტკივილით, სისხლდენით სექსის შემდეგ, მენსტრუაციამდე ყავისფერი ჩამონაშალით და მის შემდეგ ციკლური ან პრემენსტრუალური სიმპტომებითა და პათოლოგიური სისხლდენით.

კვლევის თანახმად, რომელიც New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა, ენდომეტრიოზი ერთ-ერთი დაავადებაა იმ სამი ყველაზე გავრცელებულ გინეკოლოგიური დაავადებიდან, რომელიც უშვილობას იწვევს და მისით დაავადებული ქალების 30%-50% უშვილოდ რჩება. ნიუ-იორკის აინშტაინის სამედიცინო კოლეჯის პროფესორის არტურ რიფკინის კვლევის „დეპრესია ფიზიკურად დაავადებულ ადამიანებში“ თანახმად, იმ ადამიანებში, რომლებიც ქრონიკულ ტკივილს განიცდიან, 15-20%-ით მაღალია დეპრესიის განვითარების რისკი. 

ენდომეტრიოზის გამომწვევი მიზეზები ჯერ კიდევ უცნობია. ეს დაავადება სამედიცინო სამყაროში პირველად 100 წლის წინ დაფიქსირდა. მისი დიაგნოსტირება უმნიშვნელოვანესი გზაა გამოჯანსაღებისაკენ. 2011 წლის თებერვალს ბრიტანეთში გამოკითხეს 2890 ქალი, თუ რა დრო დასჭირდა პაციენტებისათვის დიაგნოზის დასმას. 2003 წლის აპრილში გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიზანი იყო, გაერკვია ენდომეტრიოზით დაავადებული ბრაზილიელი ქალების დიაგნოსტირების ხანგრძლივობა. ამავე წელს გამოიკითხა ენდომეტრიოზის ნორვეგიული ასოციაციის 313 წევრი ქალი. ამ და სხვა ანგლო-ამერიკულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ენდომეტრიოზის დიაგნოსტირებას ექიმები საშუალოდ 3 დან 11 წლამდე ანდომებენ და რაც უფრო ახალგაზრდაა პაციენტი, მით მეტი დრო სჭირდება მის დიაგნოსტირებას. ამის მიზეზი, ეკონომიკური პრობლემის გარდა, კულტურაშიც უნდა ვეძებოთ. ქალებს გვასწავლიან, რომ მენსტრუალური ტკივილი ნორმაა და პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალის რეპროდუქციაზე საუბარი მეორეხარისხოვანი და ტაბუირებულია. 

სამედიცინო სამყარო მენსტრუალურ ტკივილს, ასე ვთქვათ, აიგნორებს. მენსტრუაციულ ტკივილებზე ჩივილისას ქალები ხშირად ექიმების მხრიდან ირონიული, დამცინავი დამოკიდებულების მსხვერპლი ხდებიან. წლების წინ, თინეიჯერობისას, როცა ჩემს გინეკოლოგს ვუთხარი, რომ მენსტრუაციის დროს საშინელი ტკივილები მაწუხებდა, მან მხოლოდ გაიცინა და მითხრა: აბა ქალობა რა გეგონაო?!

დაგვიანებით დასმული დიაგნოზი დაავადების პროგრესირების​, ცხოვრების ხარისხის დაქვეითების, ტკივილის მატების და ამის გამო ცხოვრების სტილის შეცვლის, სამედიცინო სერვისებზე გაწეული დიდი ფინანსური დანახარჯების მიზეზად იქცევა. 

ბუნებრივია, ენდომეტრიოზი დიდ ზეგავლენას ახდენს ახლობელ ადამიანზეც. მნიშვნელოვანია, პარტნიორი  ზრუნავდეს და გულშემატკივრობდეს ქალს. როგორც კვლევებმა აჩვენეს, ქალები და კაცები განსხვავებულად უყურებენ ამ პრობლემებს. მაშინ, როდესაც პარტნიორი კაცების ნაწილი მიიჩნევს, რომ ენდომეტრიოზი უნდა განიკურნოს, ქალებისათვის ენდომეტრიოზი ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც გრძელვადიანი ორგანიზებული მედიკამენტური მკურნალობა ესაჭიროება. ისეც შეიძლება მოხდეს, რომ ენდომეტრიოზით დაავადებულ ქალს მოუწიოს არჩევნის გაკეთება - უარი თქვას სექსზე თუ დასთანხმდეს მტკივნეულ სექსს. საბოლოოდ კი ორივე შემთხვევაში შესაძლოა ორივე პარტნიორი დამწუხრდეს, გაჩნდეს ერთმანეთის მიმართ დანაშულის გრძნობა. 

ენდომეტრიოზის დიაგნოსტირება და მკურნალობა განსაკუთრებით პრობლემურია ღარიბი ქალებისათვის, რადგან სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემა ხარისხიან სერვისს არ გვთავაზობს. ქალები ვაწყდებით გინეკოლოგების არაპროფესიონალურ დამოკიდებულებას, უხარისხო აპარატურას და ძვირადღირებულ სერვისებს. გარდა ამისა, ძვირია ჰორმონალური წამალი, რომელიც აუცილებელია დაავადების პროგრესირების შესაჩერებლად.

ფარმაცევტული ბაზარი, რომელიც კაპიტალისტური პრინციპით მოქმედებს, არ არის დაინტერესებული ენდომეტრიოზის სამკურნალო პრეპარატის შექმნით, მიუხედავად იმისა, რომ ენდომეტრიოზით დაავადებული ქალების რაოდენობა დიდია. ფარმაცევტულმა სამყარომ ამ 100 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი წამალი მოგვცა და ისიც იმდენად ძვირია, რომ ქალების მხოლოდ მცირე ჯგუფს მიუწვდება მასზე ხელი. არადა, ამ ფონზე ავსტრალიაში, სიდნეის უნივერსიტეტმა ენდომეტრიოზის გამოსაკვლევად გამოყოფილი მცირე ფინანსების დიდი ნაწილი დახარჯა კვლევაზე „როგორ ზეგავლენას ახდენს ენდომეტრიოზიით დაავადებულ ქალთან თანაცხოვრება კაცზე“. უაღრესად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის პროგრამების ფარგლებში დაიწყოს საინფორმაციო კამპანია ენდომეტრიოზის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. შესაბამისმა უწყებებმა ფართო მასებს ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ამ დაავადების შესახებ; მოუწოდონ ზრდასრულებს, ჩაიტარონ რეგულარული გინეკოლოგიური გამოკვლევები; მშობლებს კი მოუწოდონ, გინეკოლოგიური ვიზიტები დაგეგმონ გოგოების პირველი მენსტრუაციის დღიდან, რადგან გამოირიცხოს ენდომეტრიოზის განვითარების რისკფაქტორები.

ჩვენ ვცხოვრობთ გარემოში, სადაც გვასწავლიან, რომ ტკივილი ქალობის ნაწილია. მტკივნეული მენსტრუაცია და სქესობრივი ცხოვრება ნორმად მიიჩნევა, თუმცა ეს სიმართლე არ არის. რამდენჯერ უხუმრიათ და ჩვენი სევდა, ბრაზი, ემოციურობა პრემენსტრუალური სინდრომისთვის გადაუბრალებიათ. რამდენჯერ გითქვამთ, რომ ისე გტკივათ, ვერ დადიხართ, ვერ მუშაობთ და მაინც აგდებულად უპასუხიათ - აბა ქალობა რა გგონიაო? ჰოდა, ყველა ქალმა უნდა იცოდეს - როცა სტკივა, თქვას ხმამაღლა; აიძულოს ირგვლივ მყოფები, რომ უსმენდნენ; გამოიკვლიოს ეს ტკივილი; პირველ ადგილზე დააყენოს საკუთარი თავი; მოძებნოს ექიმი, რომელიც მოუსმენს და დაუჯერებს.

უაღრესად მნიშვნელოვანია, ბევრი ვისაუბროთ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, რათა ერთ დღესაც, ჩემს მსგავსად, ექიმის დასმული დიაგნოზით არ მოგიხდეთ საკუთარი თავის ხელახალი შეცნობა და შესწავლა, რომ არ მოგიხდეთ დიდ ბრაზთან და იმედგაცრუებასთან გამკლავება, რომელიც დროდადრო გეწვევათ ხოლმე, რადგან თქვენგან განსხვავებით ჩემთვის არასდროს არავის მოუყოლია ენდომეტრიოზის შესახებ. "

ტკივილი რომლისაც არ სჯერათ ► თამარ ფონიავას პოდკასტი - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnail Watch on YouTube