ნინი ხუროშვილისა და თათა ბერიას პოდკასტი
თათა:სიმონ დე ბოვუარი 1949 წელს წერს, როგორ იზრდება გოგონა იმ შეგნებით, რომ მისი სხეული პასიური ობიექტია, რომელსაც ბევრად ნაკლების კეთება შეუძლია, ვიდრე ბიჭისას. საკუთარ სხეულს უყურებს როგორც თოჯინას, აკვირდება გარედან და რაც უფრო იზრდება, მით უფრო შორდება მას, რადგან იგი მხოლოდ გამრავლებისთვის სჭირდება.
მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ და გავიაზროთ:
- ვინ გვასწავლის საკუთარი სხეულის გარედან ყურებას;
- საიდან გვიჩნდება თანადროულ სილამაზის სტანდარტებში ჩაჯდომის დაუოკებელი სურვილი;
- რატომ ვწირავთ საკუთარ თავსა და ინდივიდუალურობას გარეგნულ სილამაზეს;
- როგორ უკავშირდება მედია, სარეკლამო და მოდის ინდუსტრიაში სხეულის პლაკატურ ხედვას და მუდმივი უკმაყოფილების განცდას.
სხეულის ხატის ჩამოყალიბება ადრეულ ასაკში იწყება და მასზე დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებაში არსებული წარმოდგენები. ყველაზე ხშირად კი სწორედ ნაცნობების, ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიერ გაკეთებულმა კომენტარებმა და შენიშვნებმა შეიძლება ითამაშოს გადამწყვეტი როლი აზროვნების ჩამოყალიბებაში.
ქალები გარეგნული მომხიბვლელობის მნიშვნელობაზე ადრეული ბავშვობიდან არიან ინფორმირებული. გარე სამყაროდან უკუკავშირის მიღება ხშირ შემთხვევაში იწყება აღნაგობის, თვალის ფერის თუ სხვა გარეგნული მახასიათებლების აღნიშვნითა და შეფასებით. ეს ბავშვობიდან აჩენს განცდას, რომ სწორედ ქალის გარეგნული მახასიათებლები განსაზღვრავენ სოციუმში მისი ადგილის დამკვიდრებას. კომპლიმენტები, შენიშვნები, ტანსაცმელი და სათამაშოები წინასწარ შერჩეული და გამზადებულია ადამიანის სქესის მიხედვით.
სილამაზის სტანდარტებს სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებდა – როგორც კლასობრივი ფენა, ასევე სოციუმში მინიჭებული თუ დამკვიდრებული ადგილი და ეკონომიკური მდგომარეობა.
სამწუხაროდ, დღეს მედია, მოდის სამყარო, მსოფლიო ბრენდები, სარეკლამო კომპანიები, სილამაზის ინდუსტრია და ზოგადად ბაზარი განგვისაზღვრავს, როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს საკუთარ სხეულთან, რას/ვის უნდა შევადაროთ, როგორ უნდა მოვუაროთ მას და როგორ გავხადოთ ის სხვებისთვის მისაღები.
ამ ინდუსტრიების ყველაზე დიდი მსხვერპლი პატარა და ჩამოყალიბების ასაკში მყოფი მოზარდი გოგონები არიან. რეკლამაში ნანახი ქალი არის სასურველი ან მისაბაძი მოდელი, რომელთანაც მაქსიმალურად ცდილობენ მიმსგავსებას. მათთვის სილამაზე პოპულარობისა და წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორია.
ნინი: „მსუბუქად სიკვდილი“ (Killing us softly) ვიდეო/ფილმების სერიაა, რომელიც მარტივი და პოპულარული მაგალითების დახმარებით, კარგად გვიჩვენებს, ქალის რა სახეები ყალიბდებოდა სარეკლამო ინდუსტრიაში 1979 წლიდან – 2000 წლამდე. ფილმის ავტორი, ჯინ კილბორნი, წლების განმავლობაში იკვლევდა ქალის რეპრეზენტაციის მაგალითებს, კონკრეტულად კი საკითხებს:
- როგორ შეუძლია ქალის სხეულს გაყიდოს როგორც „თავის მოვლის საშუალებები“, ასევე თევზსაჭერი ბადე;
- როგორ ახალისებს და როგორ ეროტიზაციას უკეთებს რეკლამები ძალადობას თეთრკანიანი და განსაკუთრებით ფერადკანიანი ქალების მიმართ;
- რა სარეკლამო სლოგანებით ხდება ფერადკანიანი ან აღმოსავლეთ- და სამხრეთაზიელი წარმომავლობის ქალების სექსუალური ეგზოტიზაცია;
- რეკლამების წყალობით როგორ ნორმალიზდა და აქტუალობა შეიძინა ბავშვთა პორნოგრაფიამ;
- როგორ შეიძლება სექსმა გაყიდოს ნებისმიერი სახის პროდუქტი;
- როგორ ფუთავს და ყიდის ბრენდი თავის პროდუქციას მხოლოდ ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობაზე აგებული სიუჟეტებით და ა.შ.
ერთი მხრივ, ფემინურობის ასეთი სახე, ძირეულად აცდენილია რეალობას და ახალგაზრდა გოგოებისთვის ამ სტანდარტებმა შეიძლება ცხოვრება მუდმივი კონკურენციის სივრცედ, საკუთარ თავთან და სხეულთან ბრძოლის ველად აქციოს.
მუდმივი თვითშედარებისა და მიმსგავსების ფენომენი საკუთარი სხეულით უკმაყოფილებას, სტრესსა და შფოთს იწვევს რასაც, საბოლოოდ, დაზიანებულ მენტალურ მდგომარეობამდე მივყავართ.
მეორე მხრივ, ფემინურობისა და მასკულინობის მკაფიოდ დანაწევრება მრავალ სხვა პრობლემას ქმნის. მაგალითად, კაცების უმრავლესობა იძულებულია უარი თქვას საკუთარ გრძნობებზე, ემოციურობაზე, და ზოგადად თავის ფემინურ მხარეზე. რის დათრგუნვაც ახლო და შორეულ პერსპექტივაში დიდ აგრესიას, ემოციურ გაუწონასწორებლობასა და მოწყვლადობას იწვევს.
დროსთან და ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად, ახალგაზრდებში მოდის ჟურნალებისა და სატელევიზიო გადაცემების პოპულარობა სოციალურმა ქსელებმა ჩაანაცვლა. ინსტაგრამი, სნაპჩატი, ტიკ-ტოკი და სხვა მობილური აპლიკაციები ყოველდღიურად, ახალ ტრენდებსა და ქალებისთვის სილამაზის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებენ. თუკი ადრე ფოტოს დამუშავებას გარკვეული ცოდნა და ძალისხმევა სჭირდებოდა, ახლა ეს უკვე ერთი მარტივი ფილტრით მიიღწევა, რაც, ე.წ. უნაკლო სილამაზეს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის, ხოლო ამ ქსელების მომხმარებლებს აშორებს რეალობასთან.
ანნე ე. ბეკერის მიერ 1995 წელს ჩატარებული კვლევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მედიისა და კვებითი აშლილობების ურთიერთმიმართების დასადგენად. ბეკერმა შეისწავლა და შეადარა კვებითი აშლილობების გავრცელების მონაცემები კუნძულ ფიჯიზე, ტელევიზიის გამოჩენამდე და მას შემდეგ.
ფიჯის მოსახლეობას ტრადიციულად მიაჩნდა, რომ სხეულის მრგვალი ფორმები კეთილდღეობის მაჩვენებელია, რაც საკმაოდ შორს იდგა დასავლეთისთვის დამახასიათებელი დიეტის კულტურისგან. 1995 წლამდე კუნძულ ფიჯიზე ანორექსია ნერვოზას მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო დაფიქსირებული. სამ წელიწადში ეს მაჩვენებელი 69%-ით გაიზარდა. ბეკერი ამ ზრდას უკავშირებს პოპულარული ამერიკული სერიალების „ბევერლი ჰილზ 90210-ისა“ („Beverly Hills 90210“) და „მელროუზის ადგილის“ („Melrose Place“) გამოჩენას, რომლებშიც არცერთი ჭარბწონიანი პერსონაჟი არ ყოფილა წარმოდგენილი (Levin, Murnen 2009).
ბოლო წლებში სოციალურ ქსელებში აქტიურად გამოჩნდა სხეულისადმი პოზიტიური დამოკიდებულების მაგალითები. ბევრი არასტანდარტული გარეგნობის მოდელი არ ერიდება დაუმუშავებელი, ბუნებრივი ფოტოების საჯაროდ გამოქვეყნებას. დადებითი სხეულის ადვოკატები თავის გამომწერებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ და სილამაზის ინდუსტრიის დაუნდობელ და მანკიერ სამყაროს ამხელენ. ამ ფორმით ისინი ქალებს საკუთარი თავის პოვნის, მიღებისა და შეყვარებისკენ მოუწოდებენ.
სამწუხაროდ, პოზიტიური სხეულის კამპანიებს საკმაოდ სარფიანად იყენებენ კომპანიები და თავად სილამაზის სტანდარტების მწარმოებელი ინდუსტრიები.
2020 წლის ივნისში, კელვინ კლაინმა საკუთარი კამპანიის სახედ შავკანიანი, ტრანსგენდერი, ლესბოსელი, პლუს ზომის მოდელი ქალი, ჯარი ჯოუნსი დაასახელა, რითაც მომენტალურად მოირგო ყველაზე ინკლუზიური ბრენდის სახელი.
„ვიკტორიას სეკრეტმა“, რომელიც წლების მანძილზე თავისი მკაცრად განსაზღვრული, 90-60-90-ზე პარამეტრების მქონე მოდელებით იყო ცნობილი, მრავალწლიანი დაგვიანების შემდეგ, პლუს ზომის მოდელები დაასაქმა და შედარებით დიდი ზომის საცვლების გამოშვება დაიწყო, რითაც გაბრაზებული მომხმარებლის გული ოდნავ მაინც მოიგო.
ასეთი კამპანიები თავის მხრივ დადებითი მოვლენაა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ქალებისთვის, რომლებიც საკუთარი თავის ძიებისა და დამკვიდრების პროცესში არიან. სამწუხაროა, რომ ამ კამპანიებს ისევე როგორც ფემინიზმს, ეკოლოგიას ან სხვა აქტივისტურ იდეებსა და მოძრაობებს სწორედ სილამაზის ინდუსტრიის მონსტრები იყენებენ, რათა მეტი პროდუქცია გაყიდონ და უფრო ფართოდ და მასშტაბურად მოიზიდონ მომხმარებელი.
მსგავსი კამპანიების მიერ ყველაზე ხშირად გაგონილი მესიჯი, რომ ყველა ქალი ლამაზია, გარეგნული სილამაზის მნიშვნელობის გადაფასების ნაცვლად, კიდევ უფრო ამყარებს იმ აზრს, რომ ქალი აუცილებლად ლამაზი უნდა იყოს.
„შენ ახლა შეგიძლია დარჩე ისეთი, როგორიც ხარ, რადგან ასეთიც ლამაზი ხარ“. გამოდის, რომ ისევ სილამაზის გარშემო ვტრიალებთ ჩაკეტილ წრეზე და ეს კვლავ ყველაზე მნიშვნელოვანი და ცენტრალურია ქალის მთელ არსებაში.
თათა: 2020 წლის გაზაფხულზე გენდერის კვლევის სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი კურსის ფარგლებში, ჩავატარე ორი მცირემასშტაბიანი კვლევა ქართველ ქალებში სილამაზის აღქმისა და სხეულის ხატის შესახებ არსებული წარმოდგენების დასადგენად. ერთ-ერთი კვლევის მეთოდი იყო სიღრმისეული ინტერვიუ, ხოლო მეორე – თვითადმინისტრირებადი ინტერნეტ-კითხვარი, რომელშიც 100-ზე მეტმა ქალმა მიიღო მონაწილეობა. რესპონდენტების საშუალო ასაკი 18-დან 35 წლამდე მერყეობდა და თითქმის ყველა მათგანი, მოცემულ მომენტში დიდ ქალაქში ცხოვრობდა.
თვისებრივ კვლევაში მონაწილე ხუთივე რესპონდენტი აღნიშნავს, რომ ბავშვობიდანვე იცოდნენ გოგოსთვის სილამაზის მნიშვნელობის შესახებ, თუმცა ბოლომდე მისი გაცნობიერება თინეიჯერობის ასაკში მოხდა. ადრეულ ბავშვობაში სილამაზე იყო ასოცირებული რაიმე კარგთან (ყოფაქცევა, სწავლა, ტანსაცმელი), ხოლო შემდგომ, გარდატეხის ასაკში, უკვე უშუალოდ სხეულის აღქმას დაუკავშირდა.
ადრეულ ასაკში გოგონები ცნება „ლამაზს“ ორ ძირითად კონტექსტში ხვდებიან: პირველი არის ბავშვობაში, როდესაც „ლამაზი“ ასოცირდება სამაგალითო ადამიანთან (უკრავს, მღერის, კარგად სწავლობს), ხოლო შემდგომ, თინეიჯერობის პერიოდში „სილამაზე“ უკვე საპირისპირო სქესის მიერ ინტერესის გამოჩენის მიხედვით ფასდება.
ნინი: „ბავშვობაში თავი ლამაზად არ მიმაჩნდა. არავის უთქვამს უშნო ხარო, მაგრამ არც არავის უთქვამს, რომ ლამაზი ვარ (იღიმის). ვიცოდი, რომ ვარ ჭკვიანი, მაქვს კარგი ხმა, კარგად ვცეკვავ, ვმღერი, მაქვს ლამაზი თვალები. მაგრამ არ ვარ ისეთი ლამაზი, რომ ვიღაცამ ლამაზი მეძახოს. ჩემზე უფროსი დები მყავს, რომლებიც მაშინ ძალიან წარმატებული მეჩვენებოდნენ. მეც მინდოდა დიდი ვყოფილიყავი. დიდობა და სილამაზე ერთი იყო ჩემთვის’’.
კვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტები, რომლებიც ბავშვობაში კომპლიმენტს გარეგნობის შესახებ იღებდნენ, დღეს უფრო კმაყოფილი არიან საკუთარი სხეულით, ვიდრე ქალები, რომლებსაც კომპლიმენტების გამოცდილება ნაკლებად ჰქონდათ. წონასთან დაკავშირებული შენიშვნების გავლენით, გოგონების დიდი ნაწილი ადრეულ ბავშვობაში დიეტას მიმართავს, ყველაზე ადრეულ ასაკად გამოიკვეთა 7 წელი.
სილამაზის აღქმასთან ერთად ჩნდება ნაკლოვანებებისა და მათი გამოსწორების/ აღმოფხვრის გზები, რომლებიც ძირითადად ზედმეტ წონას, სხეულის თმას და სახის სხვადასხვა ნაწილის შეცვლას ეხება. რესპონდენტები ასევე საუბრობენ თანატოლების მიერ სხეულის განხილვის, დაცინვისა და ჩაგვრის შემთხვევებზე.
ნინი: „ძალიან თმიანი ვიყავი, თან ღია ფერის კანზე ეს შავი თმა ცუდად მეტყობოდა. ერთ ზაფხულს ჩემმა მშობლებმა ფული დააგროვეს ჩემი ეპილაციისთვის. 15 წლის ვიყავი და ხანდახან დღეში 5 საათი ვიჯექი და ნემსით ეპილაციას ვიკეთებდი. ახლა ჩემი შვილი 5 წლის არის და ზედა ტუჩზე უკვე ღინღლები აქვს. ხანდახან ვფიქრობ, როგორ მოვიქცე – მე წავიყვანო და ეპილაცია გავუკეთო, თუ დაველოდო, სანამ გაიზრდება და თვითონ გადაწყვეტს, მაგრამ მანამდე რომ დასცინებენ?“
შეკითხვაზე – თუ რას უკავშირდებოდა ბავშვობაში მიღებული მთავარი კომპლიმენტი – გამოკითხულთა უმრავლესობა (59,8 %) აფიქსირებს, რომ ის გარეგნობასთან იყო დაკავშირებული. რაც შეეხება ბავშვობაში მიღებული კრიტიკული კომენტარების მთავარ მიზეზს, გამოკითხულთა 47% აფიქსირებს, რომ ეს გარეგნობას უკავშირდებოდა, ხოლო 41% ამას აკადემიურ მიღწევებს უკავშირებს.
COVID-19-ის პანდემიამ ადამიანებს მთელ მსოფლიოში უამრავი გამოწვევა მოუტანა. ვირუსის თავიდან აცილების მიზნით შემოღებულმა სოციალური დისტანცირებისა და თვითიზოლაციის პირობებმა ადამიანები საკუთარ სახლებსა და ვიწრო სივრცეებში გამოკეტა, ხოლო მედია და ინტერნეტი ინფორმაციის მიღების ერთადერთ წყაროდ აქცია.
სილამაზის მრავალმილიარდიანი ინდუსტრიები, რომლებიც სწორედ ქალებს საკუთარი სხეულის მიმართ სიძულვილს უღვივებს და ამით საზრდოობს, შემოსავლის გარეშე დარჩენის საშიშროების წინაშე დადგა. სილამაზის სალონები, ესთეტიკური ცენტრები, სავარჯიშო დარბაზები თუ კოსმეტიკური ქირურგიის კლინიკები კლიენტების გარეშე აღმოჩნდნენ. მიუხედავად ამისა, ქალების სხეულებზე მომართულმა ესთეტიკურმა ფაშიზმმა ონლაინსივრცეში გადაინაცვლა. ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში ელვის სისწრაფით დაიწყო გავრცელება „მოუვლელი ქალის სხეულის“ შესახებ ხუმრობებმა. კომპანიებმა მიზანმიმართული აგრესიული რეკლამის საშუალებით ახლა უკვე სახლის პირობებში გასახდომი ვარჯიშების, ახალი სასწაულმოქმედი კრემისა და ლაზერული აპარატების გაყიდვა დაიწყეს. სახლში დარჩენილ ქალებს, რომლებსაც სილამაზის სტანდარტები პანდემიამდეც არწმუნებდა საკუთარი სხეულის არასრულყოფილებაში, ახლა უკვე პირდაპირ ეგზავნებათ მესიჯი, რომ თუკი იზოლაციაში არ მოუვლიან თავს, საკუთარი თავის კარიკატურულ ვერსიებს დაემსგავსებიან.
გარეგნული სილამაზე და მომხიბვლელობა დღემდე ცენტრალურ როლს თამაშობს ქალის ცხოვრებაში. ადრე გვეუბნებოდნენ, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს და გალამაზება თუ გვინდა, ბევრი ტკივილი უნდა მოვითმინოთ. ახლა გვეუბნებიან, რომ ყველა ქალი ლამაზია და ისეთები შეგვიძლია ვიყოთ, როგორებიც ვართ.
ნინი: იმედია, რომ მომავალში გარეგნული სილამაზე აღარ იქნება ქალის ცხოვრების განმსაზღვრელი. სილამაზის ინდუსტრია ხელს ვეღარ მოითბობს თავისსავე ხელოვნურად გაჩენილი კომპლექსების აღმოფხვრაზე. გოგონები გაიზრდებიან ისე, რომ საკუთარი დრო, ენერგია და რესურსები სილამაზის სტანდარტებზე მორგების ნაცვლად, პიროვნული განვითარებისკენ მიმართონ.