როდესაც იმდენად გლობალურ საკითხზე ვწერთ, როგორიც კლიმატის ცვლილებაა და აქცენტს ქალებზე ვაკეთებთ, შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რატომ მხოლოდ ქალები, თუკი კლიმატის ცვლილების შედეგები კაცებსაც ეხება? ჩვენს რეალობაში, სადაც გარემოსთვის მიყენებული ზიანი საჯარო განსჯის საგანი მხოლოდ მას შემდეგ ხდება, როდესაც კონკრეტული შედეგის წინაშე ვდგებით, გენდერულ პერსპექტივის შემოტანა ერთგვარი გამოწვევაცაა. თბილისში ივნისში განვითარებული მოვლენების ფონზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ არ ვეძებთ სათანადო კავშირებს გახშირებულ ბუნებრივ კატასტროფებს, გარემოსდაცვითი რეკომენდაციების უგულებელყოფასა და ბუნებრივი რესურსების არარაციონალურ გამოყენებას შორის. ეს უკანასკნელი კი დღეს კლიმატის ცვლილების გამომწვევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად მიიჩნევა.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ დედამიწის კლიმატი ბუნებრივად ცვლადია ყველა დროის მასშტაბით. თუმცა, თუ წარსულში ამ ცვლილებებს ბუნებრივი, თანმიმდევრული პროცესები (მაგალითად, ვულკანური ამოფრქვევები, მზის გამოსხივება და სხვ.) იწვევდა, ბოლო ერთ საუკუნეზე მეტია კლიმატის მიმდინარე პროცესების კატასტროფულად დაჩქარებას ხელი ანთროპოგენულმა ფაქტორებმა შეუწყო, რომელიც ადამიანის საქმიანობას და რესურსების დაუზოგავ ხარჯვას უკავშირდება.
ადამიანის ზეგავლენა კლიმატის ცვლილებაზე განსაკუთრებულად გაიზარდა ინდუსტრიული რევოლუციის დასაწყისიდან - ამ პერიოდიდან მოყოლებული, ატმოსფეროში ათჯერ მეტი სათბურის გაზი[1] გაიფრქვა, ვიდრე მზის ენერგია გამოიყო. ეს ფაქტორები დედამიწაზე ისეთი ფორმით გამოვლინდება, როგორიცაა ტემპერატურის მატება, მყინვარების დადნობა, ზღვის და ოკეანეების დონის მატება, შტორმები, ბიომრავალფეროვნების განადგურება, წყლის რესურსების შემცირება, საშუალო ტემპერატურის ცვლილება, ნალექიანობის რეჟიმის შეცვლა და სხვა, რაც თავის მხრივ, დაკავშირებულია ადამიანის სასიცოცხლო გარემოს მნიშვნელოვან ცვლილებებთან. კლიმატის და გარემოს ცვლილებას უნივერსალური ხასიათი აქვს და გავლენას ახდენს ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია, სოფლის მეურნეობა და საკვების უსაფრთხოება, რაც ადამიანების ჯანმრთელობასა და განვითარებაზე აისახება.
გარემო და სოფლად მცხოვრები ქალები საქართველოში
სოფლის მეურნეობა ის თემაა, რომელიც აუცილებლად უნდა განვიხილოთ კლიმატის ცვლილების კონტექსტში: ადამიანები, რომლებიც სოფლის მეურნეობაზე არიან დამოკიდებულები, ბევრად უფრო მძიმედ განიცდიან კლიმატისა და გარემოს ცვლილებას. გამომდინარე იქედან, რომ ქალები მსოფლიოს ღარიბი მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ და საარსებო წყაროს მოსაპოვებლად უფრო მეტად არიან დამოკიდებული ბუნებრივ რესურსებზე, ისინი კიდევ უფრო მოწყვლადები არიან.
სოფლის მეურნეობაში, უმეტესწილად, სწორედ ქალები არიან პასუხისმგებელი საკვების წარმოებაზე, წყლის მომარაგებაზე, გასათბობად და საჭმლის მოსამზადებლად საჭირო ენერგიის მოპოვებაზე. გარდა ამისა, ისინი ფერმერული საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილსაც ასრულებენ, მათ შორის კულტივაციას, საქონლის მოვლას და სასოფლო-სამეურნეო და რძის პროდუქტების დამუშავებას. რადგან ტრადიციული ნორმებით, ქალი ოჯახზე უფრო მეტად არის მიბმული, ვიდრე მამაკაცი, სამუშაოს გამო ძირითადად მამაკაცი მიდის ოჯახიდან. შესაბამისად, საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როდესაც ქალს მარტოს უხდება ოჯახისა და მეურნეობის გაძღოლა.
საქართველოში სოფლის მეურნეობაში ჩართული ქალისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბარიერს სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებზე წვდომა, მიწის მფლობელობა და საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების ნაკლებობა წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ ქალებისთვის შეიძლება რთული იყოს მოძველებული სასოფლო-სამეურნეო მანქანების მართვა, ისინი ხშირად სოციალურ დაბრკოლებასაც აწყდებიან: ქართული რეალობისთვის უჩვეულოა ქალი, რომელიც ამ ტიპის ტექნიკას მართავს. ამდენად, ორმაგი ბარიერი არსებობს: პირველი, ძველი მანქანების არსებობა ზღუდავს მათ წვდომას ტექნიკაზე და მეორე - სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ ქალებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მართვა არ შეუძლიათ.
ზოგადად, ფერმერები საუბრობენ სასოფლო-სამეურნეო კონსულტაციისა და ცოდნის ნაკლებობაზე. არ არსებობს საკმარისი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების გაზრდის საშუალებას იძლევა. მაგალითად, სპეციალისტები თანხმდებიან, რომ აუცილებელია სოფლის მეურნეობაში ენერგოეფექტური სისტემების დანერგვა, რომელიც, ერთი მხრივ, რესურსებზე (ენერგო და წყლის რესურსები) ნაკლებ დამოკიდებული იქნება და მეორე მხრივ, შეაფერხებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ნიადაგის დეგრადაციას. თუმცა, შესაბამისი პროგრამების არსებობის შემთხვევაშიც, ქალებს წვდომა შეზღუდული აქვთ, რადგან ისინი ჩართულები არიან საოჯახო საქმიანობაში, ან ხშირად, მათი მონაწილეობა მამაკაცი ოჯახის წევრის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ოჯახის ყოველდღიურ საჭიროებებზე, როგორიცაა კვება, რეცხვა, დასუფთავება - მეტწილად ქალები არიან პასუხისმგებელი. ამიტომ, მათზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ენერგორესურსების შეზღუდულობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ქალებს ხელი არ მიუწვდებათ თბილ წყალსა და ენერგოეფექტურობის სიკეთეებზე, შრომითი ტვირთი მნიშვნელოვნად იზრდება, ეს კი ზეგავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე: საოჯახო სამუშაოებისთვის ცივი წყლის გამოყენება, გასათბობად თუ ყოველდღიური საოჯახო საქმიანობისთვის შეშის (ანუ, ბიომასის) მოგროვება დიდ დროს მოითხოვს და მძიმე ფიზიკურ შრომას უკავშირდება. მეორეს მხრივ კი, ბიომასის შეგროვებას არ აქვს ეკონომიკური ღირებულება, რაც აუფასურებს ქალის შრომას.
გასათბობად ბიომასის გამოყენება, ხშირ შემთხვევაში, სიღარიბესთან არის დაკავშირებული. საქართველოში, სოფლად მცხოვრები ოჯახის ხარჯების დიდ წილს (დაახლოებით 30%) სწორედ ენერგო ხარჯები შეადგენს. საშუალოდ, წელიწადში ერთი ოჯახი 10-12 მ3 შეშას მოიხმარს, რაც წელიწადში 3.4 მილიონს შეადგენს. ამ მონაცემებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, თუ ოჯახის შემოსავალი გაიზრდება, მაშინ ის გადავა სხვა ენერგო-რესურსების გამოყენებაზე, რაც ბიომასის გამოყენებას 16%-ით შეამცირებს[2]. ოჯახის ენერგო ხარჯების შემცირებისთვის ენერგოეფექტურობას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მაგალითად ცნობილია, რომ სახლის მარტივად დათბუნებით და ენერგოეფექტური ღუმელის წყალობით ყოველწლიური ხარჯი საშუალოდ 30-40%- ით მცირდება.
სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერებისა და ზემოაღნიშნული ზიანის შერბილების თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განახლებადი ენერგო ტექნოლოგიების დანერგვას. მზის და ქარის სისტემები მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიულ ტექნოლოგიებად არის აღიარებული, რომელსაც შეუძლია დააკმაყოფილოს როგორც ერთი კონტრეტული ოჯახის თუ თემის ენერგეტიკული მოთხოვნები, ისე თითოეული მოსახლე ენერგეტიკის მწარმოებლად და გამყიდველად აქციოს. მსოფლიოს ბევრი ქვეყნის გამოცდილება და მაგალითი ადასტურებს, რომ ხშირად, სწორედ ქალები ხდებიან ამ ტექნოლოგიების მთავარი მხარდამჭერები, რომლებიც გარდა იმისა, რომ მათ ყოველდღიურ შრომას უმსუბუქებს, გამართული ენერგეტიკული სისტემის არსებობის შემთხვევაში, წარმატებულ მცირე მეწარმეებადაც აქცევს ხოლმე.
წინააღმდეგ შემთხვევაში, იქმნება ის სიტუაცია, რაც დღეს საქართველოში გვაქვს - სოფლად მცხოვრები მოსახლეობა ძირითადად საშეშე მერქნის რესურსებზეა დამოკიდებული, რის გამოც პერმანენტულად იჩეხება ტყეები. Global Forest Watch-ის მონაცემებით, ბიომასის დიდი ოდენობით გამოყენების გამო საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 7700 ჰექტარი ტყე იჩეხება[3], რაც იწვევს მიწის დეგრადაციას. ეს უკანასკნელი კი, სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და შემოსავლის შემცირებასთან ერთად, ბუნებრივი კატასტროფებისგან დაცვის ან შედეგების შერბილების ფუნქიას ვეღარ ასრულებს. საქართველოში ბოლო 5 წლის განმავლობაში წყალდიდობის, მეწყერის, ტყის ხანძრისა და გვალვის შედეგად გამოწვეული ზარალი 180 მილიონ აშშ დოლარზე მეტია. ამ მონაცემებს ემატება წლევანდელი სტიქიის ზიანი, რაც დაახლოებით 40 მილიონ აშშ დოლარად იქნა შეფასებული.
ბუნებრივი კატასტროფები გენდერულ ჭრილში
კლიმატის ცვლილებით განპირობებული ბუნებრივი კატასტროფები განარჩევს სქესსა და ასაკს. ასევე, მას განსხვავებული ზეგავლენა აქვს მოხუცსა და ახალგაზრდაზე. სქესი და ასაკი ყველაზე ძლიერი ინდიკატორია იმისა, თუ როგორ განიცდის კატასტროფას ინდივიდი: ვინ გადარჩება და ვინ - ვერა.
როდესაც სხვადასხვა მონაცემებს ვუყურებთ, ვხედავთ, რომ გენდერული განზომილების უგულვებელყოფა არ შეიძლება. კვლევები გვიჩვენებს, რომ მსოფლიო მასშტაბით, ბუნებრივი კატასტროფების დროს 14-ჯერ მეტი დაღუპული ქალი, ბიჭი და გოგოა, ვიდრე მამაკაცი[4]. რიგ შემთხვევებში, ამის მიზეზი ისაა, რომ გოგონებს ნაკლებად ასწავლიან ქმედით, ფიზიკურ აქტივობებს, შესაბამისად, მათ ნაკლებად გააჩნიათ სტიქიასთან გამკლავების უნარ-ჩვევები[5]. მეორე მხრივ, რაც უფრო ძლიერია გენდერული როლების ტრადიციული გამიჯნვა, მით უფრო მაღალია კაცების მიმართ მოთხოვნა და მოლოდინი, გმირული საქციელი ჩაიდინონ. ისინიც, როგორც „ძლიერი სქესის“ წარმომადგენლები, ქალებთან შედარებით უფრო დიდ რისკზე მიდიან[6].
საქართველოს მაგალითი რომ განვიხილოთ, 2015 წლის 13-14 ივნისს, თბილისში მომხდარი წყალდიდობისას 161 ოჯახი დაზარალდა, აქედან 299 კაცი და 377 ქალია, 0-დან 5 წლამდე ბავშვი - 66, 6-დან 17 წლამდე მოზარდი - 65. იმის მიუხედავად, ქალები და ბავშვები რიცხობრივად სჭარბობენ თუ არა კაცებს, სტიქიის შემდგომ პერიოდში საჭიროებების შეფასების დროს აუცილებელია გენდერული ასპექტის გათვალისწინება: გარდა საკვების, ტანსაცმელის და სხვადასხვა საოჯახო ნივთებისა, ქალებისთვის და ბავშვებისთვის სპეციფიური ნივთები უკიდურესად მნიშვნელოვანია საბაზისო ჰიგიენის შესანარჩუნებლად. ასეთია, მაგალითად, ქალისა და ბავშვის საფენები. სანიტარიისა და ჯანრმთელობის პრობლემებთან ერთად, ქალები განიცდიან დიდ ფსიქოლოგიურ სტრესს, რადგან სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელი ოჯახის წევრების გამოკვებასა და მოვლაზე. ჩვეული ოჯახური პირობების დაკარგვის შედეგად ქალების შრომითი დატვირთვა კიდევ უფრო იზრდება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ამ კატასტროფიდან ძალიან ცოტა დრო გავიდა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულების ტენდენცია არ იცვლება - 13 ივნისის ტრაგედიიდან ძალიან მალე, სხვადასხვა ჯგუფები ვერეს ხეობის ახლებურად განაშენიანების გეგმებზე ალაპარაკდნენ. მიუხედავად იმისა, ამ იდეის განხილვა გაგრძელდება თუ არა, მისი გაჟღერებაც საკმარისი ინდიკატორია ღირებულებების შესაფასებლად.
მაშინ, როდესაც გარემოზე ზემოქმედების მოკლევადიანი შედეგების გათვალისწინებაც კი არ ხდება, ცხადია, სრულად არის იგნორირებული სოციალური და გენდერული ასპექტები. თუმცა, ამ სტატიაში სწორედ იმის ჩვენებას შევეცადეთ, რომ გარემოსა და კლიმატის ცვლილება განსხვავებულად ეხება ქალებს და ამის უგულვებელყოფა მხოლოდ აღრმავებს მათ მოწყვლადობას. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სტიქიების მასშტაბებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ახალი სტრატეგიებია საჭირო, რომლებიც ქალების მაღალ ჩართულობას და კომპლექსურ მიდგომას უზრუნველყოფს. არსებულ სოციალურ პირობებში ქალებს ნაკლები გავლენა აქვთ მსგავსი სტრატეგიების შემუშავებაზე, რაც შესაბამისად ზღუდავს მათ როლს კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესზე. აუცილებელია, ქალებს მიეცეთ მეტი შესაძლებლობა, რათა საკუთარი მდგრადი მომავალი განავითარონ.
[1] სითბოს შემცველი გაზები, რომელთა გამოყოფა, ძირითადად, წიაღისეული საწვავის დაწვით ხდება.
[2] Empower Women - Benefit for All, Gender Livelihood and Socio Economic Study, Baseline Report, July 2014, WECF
[4] პეტერსონი, 2007
[5] Disaster and gender statistics, International Union For Conservation Of Nature
[6] ბრედშოუ, 2004