გოგოდ ყოფნა

Teaser Image Caption
N.B.

მას მერე, რაც სამყაროს ფართო თვალებით დავუწყე ყურება, ვაღიარე, რომ სამყაროს ქალებად და კაცებად დაყოფა არის პატარასულიანობა. ჩვენმა ღმერთმა/ღმერთებმა დედამიწაზე ადამიანთა მოდგმას სული მოგვცა - გონებრივი სული, როგორც ინდივიდს და არა როგორც კაცს ან ქალს.

ღრმა ბავშვობიდან კი მახსოვს რა სიბეჯითით და ერთგვარი ინერციითაც ცდილობდა ჩვენი საზოგადოება კაცების და ქალების ყალიბად ჩამოესხა სამყაროს სიკეთეები.  და მეც ასეთი ფრაზებით გამძღარი გონებით ვიზრდებოდი - გოგო ხარ და ცელქობა არ შეგშვენის, გოგო ხარ და მანქანებით არ უნდა თამაშობდე, გოგო ხარ და ფეხბურთი რა შენი საქმეა, გოგო ხარ და ბიჭებთან ერთად არ უნდა თამაშობდე. რომ წამოვიზარდე გოგო ხარ და არ შეგშვენდის ლოგიკა არსებობის სხვა სპექტრშიც გაიშალა - იურისტობა ქალის პროფესია არ არის, პატრონს რომ ჩაბარდები, მერე რაც გინდა ის აკეთე, ხშირად ნუ დადიხარ ბიჭებთან ერთად, ბიჭი ხომ არა ხარ სახლში გვიან რომ შემოდიხარ. არადა სულ მიკვირდა, ორგანულად ვერ ვიაზრებდი რატომ შეიძლება განვსხვავდებოდეთ გოგოები ბიჭებისგან ინტერესებში. გოგოდ ყოფნის სევდები ხშირად მაწვალებდნენ, სიბრაზით თითებს ვიკვნეტდი, როცა მიხსნიდნენ - პატიოსანი გოგო სახლში 10 საათზე შემოდის.

როგორ მიხარია და ვემადლიერები საკუთარ თავს, რომ არ დავუჯერე მშობლებს, ახლობლებს, და გვიან ღამემდე ვმუშაობდი, სახლშიც მხოლოდ მაშინ შევდიოდი, როცა საქმეს ვამთავრებდი. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, საკუთარ ნიჭებსაც ვერ აღმოვაჩენდი, საკუთარ ადგილს ამ უზარმაზარ სამყაროში ვერ ვიპოვნიდი.

ჰოდა, ახლა, როცა სახლში ღამე გვიან დაბრუნებების ხარჯზე ვიპოვე ჩემი საქმე და ვარ ინდივიდი სპეციფიური ცოდნებით, მაქვს შესაძლებლობა და ერთგავრი ვალდებულებაც, რომ სხვა ქალებს და გოგოებს ვუთხრა: სამყაროში უნიკალური ადგილის საპოვნელად ღირს ბავშვობიდან ჩაბეჭდილი სტერეოტიპული ფრაზების ამოძირკვა და მოშორება.

და ჩემი, როგორც თავისუფალი ახალგაზრდა ქალის სინდისის პასუხიმგებლობაა ვილაპარაკო და ვიმოქმედო ქალებისთვის, ქალებთან ერთად და, თუ საჭიროა, იმ ქალების მაგიერ, ვისაც დღეს სასწავლებლად უცხოეთში არ უშვებენ იმიტომ, რომ გოგოა; ვისაც სახლში სიტყვიერ/მორალურ/ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ იმიტომ, რომ  ეკონომიკურად დაუცველი ქალია; ვისაც საჯარო სასახურებიდან დევნიან ქალის სიწმინდის დაცვის სახელით; ვისაც ათხოვებენ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ.

ჩვენს საზოგადოებაში თუკი ვინმეს არ უნდა ქალების გაძლიერება, ეს ის კაცები არიან, რომლებსაც არ ეთმობათ სტატუსის, სიკეთეებისა და ძალაუფლების გაყოფა ქალებთან - ხან რელიგიის, ხარ ქართული ტრადიციის და ხანაც ისტორიის სახელით.

ამას წინათ, ერთი ჩემი ნაცნობი ბიჭი შექებას ცდილობდა და მითხრა - „ზოგჯერ არიან შენსავით ძლიერი, მამალი ქალები.“

და სანამ ასეთ ფრაზებსა და დამოკიდებულებებს გავიგებ ან ვიგრძნობ ჩვენს სივრცეში, მე ვიქნები ფემინისტი და ვიტყვი, რომ დიახ, ძლიერიც ვარ, ჩემს საქმესაც ვაკეთებ, ჩემს პოზიციასაც ვიცავ, ვკამათობ კიდეც, მაგრამ არა როგორც კაცი, არამედ როგორც ინდივიდი და ქალი, რომელსაც სჯერა, რომ სამყაროს ყველა სიკეთე ღმერთმა ადამიანებისთვის თანაბრად შექმნა.