ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - პროგრამის ანალიზი

ერთ-ერთი პირველი წინასაარჩევნო პროგრამა, რომელიც საზოგადოებისათვის გასაჯაროვდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქმედო გეგმაა. ‘იკითხე პოლიტიკამ’ გააანალიზა პროგრამა ფემინისტური კუთხით, რაც გარკვეულ საკითხებზე მგრძნობელობის და ხედვის აბსოლუტურად განსხვავებული სისტემაა.

რადგან ფემინისტურ კითხვაზე მიდგა საქმე, რამდენიმე სიტყვით მის აუცილებლობაზეც ვილაპარაკებ. ჩვენი პროგრამები არსებული პოლიტიკური სისტემის ნაყოფია, რომელიც მთლიანად ჰეტერო-მასკულინური ცნობიერებით არის ნაკარნახევი. ჰეტერო-მასკულინურ სისტემაში მოიაზრება რეალობა, სადაც ჰეტეროსექსუალ მამაკაცებს აქვთ პრივილეგია მხოლოდ ბიოლოგიური სქესის გამო და სადაც ამ პრივილეგიასთან ერთად ქალთა უთანასწორობის და ჩაგვრის მანქანა მოქმედებს იმგვარად, რომ ამას ვერავინ ამჩნევს. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენს საზოგადოებაში ქალთა ჩაგვრა ნორმალიზებულია და ამაში განსაკუთრებულს ვერავინ ვერაფერს ხედავს. ვერ ხედავენ ეკონომიკური უთანასწორობის მძიმე შედეგებს ქალებთან მიმართებაში, არ ჩანს რატომ არ გვაქვს ‘თანაბარი შესაძლებლობები’ ან საერთოდ, რაიმე სახის შესაძლებლობა. პოლიტიკური პარტიების პროგრამები გენდერული ჩაგვრის მიმართ ბრმაა. სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი ფემინისტური კითხვა.

იდეოლოგიურად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროგრამა მკაცრად მემარჯვენე ლიბერალურია და სტრუქტურულად სხვა პროგრამებისაგან დიდად არ განსხვავდება. არსებული პროგრამებიდან ერთ-ერთია, რომელიც ქალთა საკითხებს ცალკე ქვეთავად გამოჰყოფს, თუმცა ბავშვთა უფლებებთან ერთად. ქალების და ბავშვების ერთად დაჯგუფება ძალიან საინტერესო სიმპტომია. ქალების და ბავშვების ერთ კლასად აღქმა  ძველი ფემინისტური საკითხია, რადგან ძალიან ხშირად ამ სისტემაში ეს ორი ჯგუფი ერთად მოიაზრება - ერთი და იმავე პოლიტიკური მოთხოვნით, უფლებრივი მდგომარეობით და ა.შ. ბავშვი პოლიტიკის სუბიექტი არ არის, ობიექტია. იგივე მიემართება ქალებსაც, როგორც ჯგუფს, პოლიტიკა მათ ზედმეტად ინფანტილურად აღიქვამს, რაც ქმნის “მამაკაცურ” პროგრამაში ქალებზე და ბავშვებზე ერთნაირად ზრუნვის, მათთვის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სამართლიანობის შექმნის ილუზიას.

 

ეკონომიკა და დასაქმება

ქალთა თანასწორობისთვის მებრძოლი ყველა ორგანიზაციისათვის ეკონომიკური საკითხები ბრძოლის მთავარი სცენაა, რადგან ეკონომიკური უთანასწორობა ისტორიული ჩაგვრის ისეთი პირდაპირი შედეგია, რომლის დანახვა და რაც მთავარია გაზომვა შეიძლება, ჩაგვრის სხვა უხილავი ფორმებისგან განსხვავებით. ამიტომ, აქ სალაპარაკო ბევრია. 

ნაციონალური მოძრაობა აპირებს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მცირე ბიზნესი (წლიური ბრუნვა 90,000 ლარამდე) არ დაბეგრონ. დაკვირვების შემთხვევაში შეიძლება ამ ცვლილების პოზიტიურად წაკითხვა - მცირე მეწარმეების უმეტესობას თვითდასაქმებული ქალები წარმოადგენენ[1], რომლებიც უამრავ სოციალურ წნეხთან ერთად საგადასახადო ვალდებულებისგან თუ გათავისუფლდებიან, კარგია.

ნაციონალური მოძრაობა პროგრამაში აცხადებს რომ “შეძლებულის და ღარიბის ერთნაირი კრიტერიუმით დახმარება უსამართლოა” და ეს მათ ლიბერალური ეკონომიკის დღის წესრიგში კარგად ეწერება. მაგრამ პროგრამის გენდერული მგრძნობელობა ეკონომიკურ მექანიზმებთან დაკავშირებით არ არსებობს, ის თანაბრად მიემართება ქალსაც და კაცსაც მიუხედავად იმისა, რომ გენდერული ჩაგვრა ქალებს ეკონომიკურად ასუსტებს. პროგრამაში არ გვხვდება არც ერთი სპეციფიური ინსტრუმენტი ან ინიციატივა რომელიც ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ იქნება მიმართული.

პროგრამის ეკონომიკური ნაწილი სოფლის მეურნეობის გაძლიერებას გვპირდება, თუმცა არაფერს ამბობს შინამეურნეობებში მომუშავე ქალთა დაკნინებულ გენდერულ როლზე, ცუდ ქონებრივ და უფლებრივ მდგომარეობაზე. არაფერს ამბობენ, მაშინ, როდესაც დადგენილია, რომ თუ ოჯახური სასოფლო მეურნეობები ქალთა თანაბარი ქონებრივი და უფლებრივი ჩართულობით ხორციელდება, ეკონომიკური აღმავლობის ბევრად კარგი მაჩვენებელი შეიძლება გვქონდეს. პროგრამა ამავე ნაწილში ამბობს:

“ზემოთ ნახსენები ეკონომიკური და სოციალური ინიციატივები გააუმჯობესებს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მატერიალურ მდგომარეობას და სოციალურ კეთილდღეობას.”

სოციალური გაუმჯობესება, იმ ფონზე, რომ პროგრამის სოფლის მეურნეობის ნაწილში გენდერის შესახებ ერთი წინადადებაც არ არის გაწერილი, უიმედოა.

დასაქმების მნიშვნელობას ეკონომიკისათვის პროგრამის ქვე-სათაურშიც ესმება ხაზი, ძირითადი აქცენტი კი სამუშაო ადგილებისა და დაცული ბიზნეს გარემოს შექმნაზეა და არაფერია ნათქვამი მაგალითად ქალების და კაცების ხელფასებს შორის სხვაობის საკანონმდებლო დონეზე რეგულირებაზე, ქალების კარიერული წინსვლისათვის უხილავი ბარიერების მოსპობაზე და ა.შ. ამ შემთხვევაში ყველა ის მექანიზმი, რომელიც პროგრამულად დასაქმების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არის გაწერილი, ქალებს ისევ ნაკლები ხელფასით, დასაქმებისათვის ნაკლებად ხელმისაწვდომ გარემოში დატოვებს.

 

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა კლასობრივად დიფერენცირებულია, ანუ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ამბობს რომ სოციალური სერვისებისა და მატერიალური დახმარების მისაღებად უნდა გავითვალისწინოთ ინდივიდის მატერიალური მდგომარეობა და შეჭირვებულებს მეტად დავეხმაროთ, ვიდრე მაღალი შემოსვლის მქონეთ. თუმცა პროგრამის ამ ნაწილში არ იკითხება არც ერთი ინსტრუმენტი რომელიც ქალებისკენ, როგორც გენდერული ჯგუფისკენ იქნებოდა მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ ქალები საჭიროებენ გენდერულად მგრძნობიარე სერვისებს, რომელიც იქნებოდა თავისუფალი ჯანდაცვის სფეროში გამეფებული გენდერული სტერეოტიპებისაგან  და მათ გენდერსა და სექსუალურ იდენტობაზე იქნებოდა მორგებული. მაგალითად, კარგი იქნებოდა  პროგრამაში ლბტ ქალების საჭიროებებზე მორგებული ჯანმრთელობის დაცვის სერვისების შეთავაზება. ამგვარი მომსახურება საქართველოში ხელმიუწვდომელია, რაც ძალიან ცუდად აისახება ლესბოსელ, ბისექსუალ და ტრანსგენდერი ქალების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ერთადერთი ჩანაწერი, რომელიც ქალებს ეხება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის, ორსულთა მეთვალყურეობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებაა. თუმცა ეს ჩანაწერი არაფერს ამბობს გარდა იმისა, რომ ეს სფეროები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ზემოთ ვკითხულობთ პუნქტებად ჩაშლილ მნიშვნელოვან ნაბიჯებს სახელმწიფო პენსიასთან და დაზღვევასთან დაკავშირებით, მაგრამ რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ პარტია მხოლოდ განცხადებით კმაყოფილდება. ეს ჩანაწერი ასევე ხელს უწყობს იმ გენდერული სტერეოტიპის გამყარებას რომ პოლიტიკური ყურადღების ღირსი მხოლოდ ის ქალები ხდებიან რომელიც ჩაბმულმი არიან რეპროდუქციულ სისტემაში როგორც დედები, მშობლები ან მომავალი დედები.

 

განათლება და ახალგაზრდობა

პროგრამაში განათლება ახალგაზრდობასთანაა დაჯგუფებული, რაც გვაფიქრებს პარტიის ეიჯისტურ შეხედულებებზე განათლებასთან დაკავშირებით. ახალგაზრდების აღზრდა და მათი სასურველ ინდივიდებად ჩამოყალიბება ამ პარტიის სამოქმედო გეგმის ნაწილია. წარმატების ლიბერალურ მოდელში მოხვედრა რომ ქალებს განსაკუთრებით უჭირთ და ბევრ კომპრომისად უჯდებათ  - ამ საკითხზე პარტია ყურადღებას არ ამახვილებს. პროგრამაში არაფერია ნათქვამი სექსუალური განათლების კუთხით ნაბიჯების გადადგმაზე. მაშინ, როდესაც ამგვარი განათლების გარეშე ახალგაზრდებს ვერ “გავუხსნით” კარს ევროპისკენ და ევროპული სასწავლებლებისკენ მაშინ, როდესაც ევროპული სასწავლებლებისკენ ნაციონალური მოძრაობა პროგრამულ დონეზე ისწრაფვის.

 

კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები

პროგრამის ამ ნაწილში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეთავი ქალთა და ბავშვთა უფლებების ნაწილია. გასულ წლებში ძალიან მძიმედ გამოხატულმა ფემიციდმა პარტიის პროგრამის ამ ნაწილში ჰპოვა გამოხმაურება და პარტია ქალთა საკითხებს ძირითადად ქალთა მიმართ ძალადობის შემცირების, ფემიციდის პრევენციისა და სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმას შეეხება, რაც თავისთავად, მისასალმებელია. მაგალითად, პროგრამაში ვკითხულობთ:

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში შევქმნით სპეციალიზებულ სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელი იქნება გენდერული ნიშნით და ოჯახში ჩადენილ დანაშაულზე რეაგირებაზე.”

ამგვარი სპეციალიზებული ერთეულის შექმნისათვის ქალთა მოძრაობა დიდი ხანია იბრძვის და ვფიქრობთ რომ პროგრამულად ამ საკითხის გაწერა შეიძლება იქნას აღქმული პასუხად ქალთა მოძრაობის ამ მოთხოვნაზე.

როგორც ცნობილია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გენდერული კვოტების შემოღებას მხარს არ უჭერს. ქალთა და ბავშვთა უფლებების ქვეთავში პარტია ალტერნატივად ქალთა პოლიტიკური ორგანიზაციის განვითარებას და ქალი აქტივისტების მობილიზაციას გვისახავს. ერთი რომელიმე პოლიტიკური პლატფორმის ქვეშ მოღვაწე ქალი აქტივისტების აქტივიზმი ვერასდროს გახდება გაძლიერებისაკენ და ჩაგვრისაგან გათავისუფლებისაკენ მიმართული. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ პარტიული აქტივის წევრ ქალებს დაბალი პოზიციებიდან გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებამდე ‘ასვლა’ უჭირთ ქონებრივი, უფლებრივი და სხვა უხილავი ბარიერების არსებობის გამო, რომელსაც საკუთარი გენდერის გამო აწყდებიან. ამის მაგალითად ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’ პარტიული სიაც გადმოდგება. პარტიის პროპორციულ სიაში მხოლოდ 48 ქალია 200 წევრიდან, ხოლო დასახელებული სამოცდაათი მაჟორიტარი კანდიდატიდან მხოლოდ ხუთია ქალი. ამასთან, გამსვლელ პოზიციაზე, ანუ პირველ ოცეულში მხოლოდ ექვსი ქალია.  ნათელია, რომ პარტიის შიგნითაც არსებობს ბარიერები ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით.

პარტია ასევე გეგმავს გენდერული თანასწორობის შესახებ საგანმანათლებლო კამპანიების განხორციელებას - თუმცა არ წერია როგორ, რა მიმართულებით ჩაატარებენ ამ კამპანიებს ან ვის ექნება წვდომა მათზე.

ასე რომ, ნაციონალური მოძრაობის განაცხადი, რომ ისინი გაატარებენ კამპანიას ‘გენდერული თანასწორობისათვის’ უფრო რიტორიკად იკითხება, ვიდრე რეალობად. თუმცა ეს რიტორიკა უსაფუძვლო არ არის. ის, რომ პოლიტიკოსებს აწყობთ საკუთარ კამპანიაში თუნდაც განცახდებების დონეზე ქალთა უფლებების გაწერა ნიშნავს რომ ზეწოლამ, ჩაგვრამ და ამ საკითხზე პოპულისტურ დისკურსში მსჯელობამ პიკს მიაღწია.

შენიშვნები:

[1] სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით მცირე ბიზნესში 148,374 ათასი ადამიანია ჩაბმული. ამ სტატისტიკის გენდერული ანალიზი არ გვაქვს, თუმცა ბევრ სხვა კვლევაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მცირე ბიზნესში უმეტესად ქალები არიან დასაქმებულნი.

* სტატია მომზადებულია პროექტ ‘იკითხე პოლიტიკას’ ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პოზიციას.