პარტია ‘ახალ მემარჯვენეებს’ საკუთარი პროგრამული განაცხადი არ გაუსაჯაროვებიათ. მათ სპეციალურად ამ კვლევისათვის მოგვცეს პროგრამა, სადაც საკმაოდ ლაკონურად არის გაწერილი ‘ახალი მემარჯვენეების’ დამოკიდებულება პარტიისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მიუხედავად იმისა, რომ პარტია კენჭს ‘პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის’ საარჩევნო ბლოკის სახელით იყრის, მაინც საინტერესოდ მივიჩნევთ ამ კონკრეტული პარტიის პროგრამის ანალიზს.
მემარჯვენე პარტიები, ზოგადად, შედარებით ლიბერალურ განათლების პოლიტიკას ატარებენ, ვიდრე ცენტრისტული ან მემარცხენე-სოციალისტური პოლიტიკური სუბიექტები. ამ შემთხვევაში არაა გასაკვირი, რომ პარტია ‘ახალი მემარჯვენეების’ პროგრამა მემარჯვენე პლატფორმიდან საკმაოდ დეტალურად აღწერს განათლების რეფორმისათვის აუცილებელ ნაბიჯებს, რომელთა შორისაა ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობა, განათლების სისტემის მაქსიმალური დეცენტრალიზაცია, სამეცნიერო ცენტრების წახალისება და უმაღლესი სასწავლებლების მიმართ შესაბამისი მაღალი სტანდარტების დაგეგმვა. საინტერესოა ის, რომ პარტიის პროგრამის იმ ნაწილში, სადაც განათლებაზეა საუბარი, არაფერია ნათქვამი ამ სფეროში არსებულ რამდენიმე პრობლემაზე, რომელიც გენდერული ფაქტორით არის განპირობებული, და რაზეც შედარებით ვრცლად შეიძლებოდა საუბარი დეცენტრალიზებული, ლიბერალური პოლიტიკის პირობებში - მაგალითად სკოლებში სექსუალური განათლების შემოღებაზე, რაც, მიჩნეულია რომ კარგი ბერკეტია ადრეული ქორწინების წინააღმდეგ საბრძოლველად.
საქართველოში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ საჯარო სკოლებში ბავშვთა ჩართულობის დონე ერთნაირად მაღალია გოგოებისთვის დაბიჭებისთვის, რაც საბჭოთა დაწყებითი განათლების სავალდებულო ხასიათის ინერციად შეიძლება ჩავთვალოთ[1].სამაგიეროდ, საბაზისო განათლების მიღების საფასური (სახელმძღვანელოები, ტანსაცმელი და მსგავსი ‘დამალული ხარჯები’) წარმოადგენს ბარიერს, რის გამოც ბევრი დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახი ვერ ატარებს ბავშვს სკოლაში. ეს პრობლემა ორმაგად მძიმდება გენდერული ნიშნით, რადგან ოჯახები, რომლებსაც დაბალი ეკონომიკური აქტივობის გამო არ აქვთ საშუალება ყველა ბავშვს თანაბარი განათლება მისცენ, ამჯობინებენ სკოლაში მამრობითი სქესის ბავშვების გაშვებას2. ეს პრობლემა უფრო გამოხატულია სოფლად და რეგიონებში ვიდრე დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში. ამ ფონზე, ნებისმიერი საგანმანათლებლო რეფორმა რომელსაც პარტია 2016 წლის მოწვევის პარლამენტში შემდგომი ოთხი წლის მანძილზე გაატარებს, ვერ უზრუნველყოფს დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახის ქალი წევრების თანაბარ ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესებში.
ამასთან, თუ განათლებას დავუკავშირებთ სამუშაოს მოძიებას და სამსახურზე ხელმისაწვდომობას, ნათელია რომ ქალები მიღებული განათლების და დასწავლილი უნარ-ჩვევების გენდერული სპეციფიკიდან გამომდინარე ხშირად ამჯობინებენ სახლში აუნაზღაურებელ შრომასა და ბავშვის მოვლას, რაც შეიძლება იყოს ქალთა დაბალი ჩართულობის ერთ-ერთი ფაქტორი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გენდერული როლები და არაპროპორციულად მძიმედ გადმოსული ზრუნვის, მოვლის და საოჯახო საქმეთა ტვირთი ქალებს ხელს უშლით როგორც უმაღლესი განათლების მიღებაში, ასევე ამ განათლების სათანადოდ გამოყენებაში, რაც წარმაოდგენს კიდეც ქალებისათვის კარიერული წინსვლის, საკუთარი შესაძლებლობების გააზრებისა და საკუთარი თავის სრულყოფისათვის მნიშვნელოვან ბარიერს.
ამ მძიმე სოციალური და საგანმანათლებლო ფონის მიუხედავად, პარტია ‘ახალი მემარჯვენეები’ მტკიცედ აცხადებს რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის დასაქმების მიზნით საჭიროა ხელი შეუწყონ თავისუფალ ბაზარსა და კონკურენციას, რომელშიც დაბალი შემოსავლის მქონე, გენდერული ნიშნით ჩაგრული ქალები, რა თქმა უნდა, არათანაბარ ბრძოლაში ჩართულნი აღმოჩნდებიან და კიდევ უფრო გაღრმავდება სოციალური და კულტურული ნაპრალი განათლებასა და დასაქმებას შორის. რაც თავის მხრივ ქალთა ეკონომიკურ მდგომარეობაზე და პოლიტიკურ წარმომადგენლობაზე უარყოფითად აისახება.
‘ახალი მემარჯვენეების’ პროგრამული თეზისებიდან ცალკეა გამოყოფილი ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდისაკენ მიმართული სამოქმედო გეგმა. ფემინისტური თვალსაზრისით, თანასწორობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია ჩანაწერი სამოქმედო გეგმაში, რომლის მიხედვითაც პარტია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სისტემის დახვეწას გეგმავს, რათა ბავშვის აღზრდა არ გახდეს შემაფერხებელი ფაქტორი დედის პროფესიული და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის. მართალია, მხოლოდ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ქალთა ჩართულობის ზრდას ვერ უზრუნველყოფს (ზოგიერთ მიზეზზე განათლებისა და დასაქმების შესახებ პროგრამის განხილვისას ვისაუბრე), მაგრამ კარგია, რომ პარტია ქალებთან მიმართებაში აქცენტს ქალების მიერ გაწეულ აუნაზღაურებელ სამუშაოზე - ზრუნვის ვალდებულებაზე აკეთებს.
პროგრამის ამავე ნაწილში პარტია გამოდის ინიციატივით “დაწესდეს ყველა დონის (საპარლამენტო, ადგილობრივი თვითმმართველობის) საარჩევნო სიების შედგენის სავალდებულო წესი, რომელიც უზრუნველყოფს კანდიდატთა ყოველ ათეულში განსხვავებული სქესი წარმოდგენილი იყოს არანაკლებ 33%-სა, ამასთან განსხვავებული სქესი წარმოდგენილი უნდა იყოს ყოველ სამეულში.” ანუ, პარტია გვთავაზობს სავალდებლო გენდერულ კვოტებს, მაგრამ ძალიან საინტერესო ფრაზის გამოყენებით - ‘განსხვავებული სქესი’.
ფრაზა ‘განსხვავებული სქესი’ პარტიულ სიებთან დაკავშირებით ‘ახალ მემარჯვენეებს’ პირდაპირ აქვთ გადმოტანილი ორგანული კანონიდან ‘მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’, სადაც კანონი თანაბრად იცავს პოლიტიკურ გაერთიანებებში ერთმანეთისგან განსხვავებული სქესის 70%-30% იან დაყოფას და აწესებს დანამატს საბაზო დაფინანსების 30%-ის ოდენობით, თუმცა ‘ახალი მემარჯვენეების’ პროგრამის კონტექსტში ფრაზას ‘განსხვავებული სქესი’ გენდერული თანასწორობისაგან განსხვავებული მნიშვნელობა ენიჭება. რადგან, როდესაც პარტია წინასაარჩევნო პროგრამაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით დაწესებული სპეციალური ზომების შესახებ საუბრობს, აშკარაა, რომ არანაკლებ 33%-იანი წარმომადგენლობა ქალებს მიემართება და სიმპტომურია მათი ‘განსხვავებულ სქესად’ სახელდება, რაც გამოდგება იმის საილუსტრაციოდ, რომ ქალები მართლაც ‘განსხვავებულ სქესს’ წარმოადგენენ ‘ძირითადად’ მასკულინურ, პოლიტიკურ სისტემაში. ამასთან, ეს კონკრეტული ფრაზა კარგი მაგალითი შეიძლება იყოს თუ როგორ შეიძლება გახდეს ერთ კონტექსტში გენდერულად დაბალანსებული ნარატივი მიზოგინიური, მისთვის სხვა პოლიტიკური კონტექსტის მიცემის შემდეგ.
იმას, რომ ქალთა საკითხები პარტიისათვის მეორეხარისხოვანია ადასტურებს ‘ახალი მემარჯვენეების’ მიერ გაკეთებული კოალიციური არჩევანიც. როგორც ჩანს, პარტია, რომელიც პროგრამულ განაცხადში გენდერული კვოტების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს, მზად არის, პირველივე შემოთავაზების შემთხვევაში ‘გაწიროს’ ‘განსხვავებული სქესის’ ინტერესები და პირველი ოცეული მხოლოდ ‘ძირითადი’ სექსის წარმომადგენლებით შეავსოს. შეგახსენებთ, რომ კოალიცია ‘პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის’ პროპორციული სიის ოცეულში, რომელშიც პარტია ‘ახალი მემარჯვენეების’ წევრებიც შედიან, არც ერთი ქალი არ არის. ამ მონაცემით ეს კოალიცია ლიდერობს ყველა წარმოდგენილ პარტიასა თუ პოლიტიკურ ბლოკს შორის - მის მიერ წარდგენილ პროპორციულ სიაში 197 კანდიდატიდან მხოლოდ 34 ქალია. ‘იკითხე პოლიტიკას’ დაკვირვებით, მაჟორიტარული ოლქები, ხანდახან, შეიძლება იყოს ერთადერთი შანსი ქალი კანდიდატებითვის, იბრძოლონ პარლამენტში მოსახვედრად, მაგრამ კოალიციას არც ამ ასპექტში აქვს გენდერულად დაბალანსებული სურათი - 71 მაჟორიტარიდან მხოლოდ 8 მათგანია ქალი. კოალიციის ამგვარი ‘წარმომადგენლობითი’ პროპორციული და მაჟორიტარული სიების შემდეგ, მასში შემავალი პარტიების და მათ შორის ‘ახალი მემარჯვენეების’ ხედვა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის შესახებ ნათელია და არც მომავალი მოწვევის პარლამენტში უნდა ველოდოთ მათგან ამ მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებების ინიცირებას და მხარდაჭერას.
ავტორის კომენტარი:
"ახალი მემარჯვენეები" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად არ იღებენ და გაერთიანებულები არიან ბლოკში "საქართველო ხალხისათვის - პაატა ბურჭულაძე", ამიტომ გთავაზობთ ბლოკის სიის ანალიზს, რომელიც ბლოკში მიმდინარე ცვლილებების გამო, ამ დროისთვის უცნობია, როგორ ფორმას მიიღებს საბოლოოდ.