თავისუფალი დემოკრატების პროგრამის ანალიზი

პარტიამ ‘ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები’ საკუთარი პროგრამა ამომრჩეველს არჩევნებამდე ერთი თვით ადრე წარუდგინა. პროგრამა ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს პარტიისათვის, საიდანაც ის, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, ამომრჩევლებისათვის საკუთარ სამოქმედო სივრცეს განსაზღვრავს. სტრუქტურულად, ‘თავისუფალი დემოკრატების’ პროგრამა სხვა პარტიების პროგრამებისაგან დიდად არ განსხვავდება. პროგრამა დაყოფილია ქვეთავებად და თითოეულ ქვეთავში პარტია შესაბამის თემას განიხილავს.

საინტერესოა, რომ პროგრამის განხილვა ‘იდეოლოგიით’ იწყება, რომელშიც პარტია საკუთარ იდეოლოგიას არ აცხადებს. ამ თავის ანალიზის შემდეგ ჩემთვის გაუგებარია პარტია სოციალ-დემოკრატია თუ ლიბერტარიანელი. ერთადერთი საკითხი, რომელსაც პარტია მკაფიოდ უსვამს ხაზს, დემოკრატიისაკენ, ხალხის მმართველობისაკენ სწრაფვაა. დემოკრატია, როგორც ასეთი, იდეოლოგიას არ წარმოადგენს. დემოკრატია მართვის ერთ-ერთი ფორმაა და უპირისპირდება, მაგალითად, ერთპიროვნული მმართველის დიქტატს. თუმცა ის, თუ როგორი იდეოლოგიით იქნება შთაგონებული ‘თავისუფალი დემოკრატების’ დემოკრატიული მმართველობა, პროგრამის ამ ნაწილის წაკითხვის შემდეგ კვლავ ბუნდოვანი რჩება. ‘თავისუფალი დემოკრატები’ ღიად აცხადებენ, რომ მოქალაქეებთან პოლიტიკურ იდეოლოგიაზე საუბარს პარტიის შემდგომი განვითარება სჭირდება: ‘პარტიის შემდგომი განვითარება საშუალებას გვაძლევს, მოქალაქეებთან პირდაპირი დიალოგით გავიგოთ მათი სატკივარი და ნათლად ავუხსნათ, რა იდეოლოგიური ღირებულებების, პოლიტიკური მიზნების მატარებელნი ვართ და როგორ შევძლებთ მათი პრობლემების მოგვარებას’.                                             

პროგრამის პირველი თავი იმითაც არის საინტერესო, რომ სტილისტურად განსაზღვრავს, გარკვეულ პოლიტიკურ ტონს აძლევს სრულიად პროგრამას. პოლიტიკური პარტიის პროგრამის მკითხველი ელის, რომ იდეოლოგიის დონეზე გაცხადებული საკითხები პროგრამის დანარჩენ ქვეთავებში უფრო ვრცლად იქნება განხილული. პროგრამის ამ ნაწილში ვკითხულობთ: ‘პარტიის პოლიტიკური მსოფლმხედველობა ეფუძნება ქალის და კაცის თანაბარ ჩართულობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, პოლიტიკურ თუ პარტიულ პროცესებში’.

განცხადება გენდერული თანასწორობის შესახებ პარტიის პოლიტიკური იდეოლოგიის ნაწილში მიუთითებს, რომ პარტია, მინიმუმ პროგრამულ დონეზე, გაითვალისწინებს გენდერულ უთანასწორობას და შემოგვთავაზებს შესაბამის ბერკეტებს და მექანიზმებს, რაც უზრუნველყოფს ყველა გენდერული იდენტობის მქონე ადამიანის თანაბარ ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში. სამწუხაროდ, ‘თავისუფალი დემოკრატების’ პროგრამის არცერთი ნაწილი არ ითვალისწინებს ქალებისათვის ხელშეწყობას თანაბარი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ჩართულობისათვის. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავუშვათ, რომ პარტია არ აღიარებს ქალების არათანაბარ მდგომარეობას გენდერული ნიშნით პრივილეგირებულ მამაკაცებთან მიმართებით და არ ფიქრობს, რომ რაიმე დამატებითი ნაბიჯის გადადგმაა აუცილებელი გენდერული თანასწორობისათვის. ამ ვარაუდის საფუძველს ისიც მაძლევს, რომ აქამდე განხილულ პროგრამებს შორის ‘თავისუფალი დემოკრატები’ ერთადერთი პროგრამაა, რომელიც არცერთ პროგრამულ განაცხადს სპეციალურად ქალების მიმართ არ შეიცავს.

გენდერული თანასწორობისადმი მსგავსი დამოკიდებულება დამახასიათებელია ქართული პოლიტიკისათვის, ამიტომ ამ დამოკიდებულებაზე ოდნავ ვრცლად ვისაუბრებ. გენდერული თანასწორობისათვის ხელშეწყობა ნიშნავს, პირველ ყოვლისა, გენდერული უთანასწორობისა და ქალთა ჩაგვრის აღიარებას, იმის აღიარებას, რომ სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები ისტორიულად მოქმედებენ ისე, რომ გამორიცხავენ ქალების და კაცების თანაბარ ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში. ამისგან განსხვავებით, ხშირად მოვისმენთ აზრს, რომ გენდერული თანასწორობა ნიშნავს რომ გენდერზე, როგორც კონცეპტზე ყურადღება საერთოდ არ უნდა გავამახვილოთ და ეს ვაღიაროთ ჭეშმარიტ გზად გენდერულად თანასწორი განცხადებებისაკენ. ამგვარი შეხედულება სიმართლეს არ შეესაბამება და მეტიც, გენდერული ჩაგვრისკენ და უთანასწორობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც აუჩინარებს მთლიანად პრობლემას და მასთან ერთად,  ქალთა ფემინისტურ ბრძოლას თანაბარი მონაწილებისა და უფლებებისათვის.

პროგრამის ეკონომიკური ნაწილი მემარჯვენე ეკონომიკის საჭიროებას უსვამს ხაზს. ‘თავისუფალი დემოკრატები’ ფიქრობენ, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის ბაზრის ბუნებრივი წონასწორობის და თავისუფალი ბიზნესგარემოს ხელშეწყობა აუცილებელია. პარტია უფრო შორსაც მიდის და ბიზნესში რეინვესტირებულ კაპიტალს მოგების გადასახადისგან მთლიანად ათავისუფლებს, რაც ეკონომიკურ დონეზე ბიზნესისათვის სრული თავისუფლების მინიჭებას გულისხმობს. ეს გულისხმობს, რომ ბიზნესის მწარმოებლებს, ანუ ადამიანებს რომლებსაც იმდენი შემოსავალი აქვთ, რომ მიღებული მოგების ანუ კაპიტალის ხელახლა დაბანდებას ბიზნესში მიზანშეწონილად თვლიან, პარტია შეღავათს უწესებს. ეს ამავე დროს გულისხმობს, რომ ბიზნესი ნაკლებად დააფინანსებს სოციალურ პროგრამებს და საშუალო და მაღალი კლასი გათავისუფლებული იქნება სოციალური პასუხისმგებლობისგან. გასათვალისწინებელია, რომ კერძო ბიზნესის სოციალური ტვირთი ისედაც ძალიან დაბალია ან არ არსებობს ქალთა საკითხებთან მიმართებაში. მაგალითად, მხოლოდ დამსაქმებლის კეთილ ნებაზე არის დამოკიდებული მისცემს თუ არა ქალს ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას, რაც უარყოფითად აისახება ქალთა ეკონომიკურ ჩართულობაზე .

პოლიტიკა, რომელსაც ‘თავისუფალი დემოკრატები’ სოციალური პროგრამის დაგეგმვისას ატარებენ განსხვავდება მათი მკვეთრად მემარჯვენე ეკონომიკური პრინციპებისგან. განცხადება, რომ ‘თავისუფალი დემოკრატების’ ეკონომიკური პრინციპები ‘ბიზნესის კეთების თავისუფლებას ემყარება’ წინააღმდეგობაში მოდის მათსავე განცხადებასთან მინიმალური ხელფასის შესახებ, რომელიც ბიზნესს ავალდებულებს დასაქმებულს საათში მინიმუმ 3 ლარი გადაუხადოს. პარტიის სოციალური პოლიტიკა ძირითადად შემწეობის გაცემას, ‘ვაუჩერიზაციას’ და სოციალურად დაუცველთა უკეთესი ბაზების შექმნას გულისხმობს. თუმცა იმ პირობებში, როდესაც პარტია ბიზნეს სექტორს სოციალური პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს, ბუნდოვანია თუ სად უნდა იქნეს მოძიებული რესურსები სოციალური შემწეობისათვის, რომელიც ამგვარი სოციალური პოლიტიკის პირობებში ერთჯერად დახმარებას წარმოადგენს და არა ზოგადად სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ გადადგმულ ნაბიჯს.

რაც შეეხება ‘თავისუფალი დემოკრატების’ პარტიულ სიას, ამ შემთხვევაში პარტია იცავს გენდერულ ბალანსს, რაც აუცილებელია კანონით დადგენილი ფინანსური დანამატის მისაღებად. პარტიის მიერ წარდგენილი 66 მაჟორიტარი კანდიდატიდან 9 ქალია. პროპორციული სიით წარდგენილი 200 კანდიდატიდან ქალი 65-ია. გამსვლელ პოზიციებზე თუ ვიმსჯელებთ, პარტიის პირველ ოცეულში 7 ქალია წარმოდგენილი.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ‘თავისუფალი დემოკრატების’ პოლიტიკური იდეოლოგია თავად პარტიის მიერ გაცხადებული არ არის და მისი ამოკითხვა შეუძლებელია იმ ეკონომიკური და სოციალური განცხადებებიდან რომელსაც პარტია აკეთებს მათი წინააღმდეგობრივი ბუნების გამო. ასევე ბუდნოვანია პარტიის პოზიცია გენდერულ საკითხებთან მიმართებაში, თუმცა მოცემული პროგრამული განცხადებების გენდერული ანალიზი გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ საბაზრო ეკონომიკისთვის დამახასიათებელი კაპიტალისისტური ლოგიკის პირობებში გენდერული უთანასწორობა გაიზრდება, და უფრო მეტად გაიზრდება ქალთა ეკონომიკური უთანასწორობა, რაც პარტიის მიერ დეკლარირებული სოციალური პოლიტიკის პირობებში ქალებს ერთჯერადი სოციალური დახმარების ანაბარა დატოვებს.

 

*სტატია მომზადებულია პროექტ ‘იკითხე პოლიტიკას’ ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პოზიციას.                 

                       

 


 [g1]ისიც ხომ არ მივაყოლოთ, რომ ბიზნესი ისედაც გათავისუფლებულია პასუხისმგებლობისგან, როგორიც მაგალითად დეკრეტული შვებულებაა და რაც ქალებზე ისედაც ცუდად აისახება?