‘ეროვნული ფორუმი’ როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი უკვე 10 წელია რაც საქართველოს პოლიტიკის ფორმირებაში იღებს მონაწილეობას. პარტია წარმოდგენილი იყო 2012 - 2016 წლების მოწვევის პარლამენტშიც, როგორც კოალიცია ‘ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’ ერთ-ერთი სუბიექტი. ‘ეროვნულმა ფორუმმა’ კოალიცია 2016 წლის აპრილში დატოვა და 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებში, კენჭს დამოუკიდებელ სუბიექტად იყრის.
‘ეროვნული ფორუმი’ ერთ-ერთი პარტიაა იმ 8 პარტიას შორის, რომელმაც წარმოადგინა პროგრამული დოკუმენტი. ‘ეროვნული ფორუმი’ ‘ქართული ოცნების’ მსგავსად ერთსა და იმავე დოკუმენტში აანალიზებს პოლიტიკურ სიტუაციას და მხოლოდ ამის შემდეგ საუბრობს საკუთარ პროგრამულ დაპირებებზე. თუმცა, ‘ქართული ოცნებისაგან’ განსხვავებით ‘ეროვნული ფორუმი’ სიტუაციის ანალიზისას ძირითადად ხაზს უსვამს იმ ფაქტორებს, რომლებიც, პარტიის თვალთახედვით, ნეგატიურად მოქმედებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.
ეროვნული ფორუმის პროგრამიდან რაიმე პოლიტიკური იდეოლოგიის ამოკითხვა შეუძლებელია. ეკონომიკური და სოციალური პროგრამები არც მკვეთრად მემარჯვენეა, არც მემარცხენე და არც ცენტრისტული. მათ არ გააჩნიათ ერთი, თანმიმდევრული პოლიტიკური იდეოლოგია გარდა ეროვნული, ‘ქართული’ იდეისა, რომლითაც პროგრამა თავიდან ბოლომდე არის განსაზღვრული.
საინტერესოა რომ თავად ‘ეროვნული იდეის’ არსი ამომრჩევლისთვის და პარტიისათვისაც უცნობია. სწორედ ამიტომ, ‘ფორუმი’ მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ძალის მთავარი ამოცანა ეროვნული იდეის ჩამოყალიბებაა. პარტია ძლიერი ქართული ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას უპირისპირებს იმ პროცესებს, რომლებიც გლობალიზაციის პირობებში, ‘ეროვნული ფორუმის’ აზრით, ქართველი ერის გაქრობას გამოიწვევს. პარტიის მთავარი ამოცანაა დაიცვას ქართული ტრადიციები და ღირებულებები და შეეწინააღმდეგოს უცხო და მიუღებელი იდეოლოგიების გავრცელებას.
საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის განხილვის შედეგად, არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობიდან გამოსავლად ‘ეროვნული ფორუმი’ გვთავაზობს სხვადასხვა სფეროში თანამედროვეობის შესაფერის, სწრაფ განვითარებაზე ორიენტირებულ რეფორმას, რომელიც “შეიძლება დაიგეგმოს და განხორციელდეს მხოლოდ მაღალი კომპეტენციის მქონე კადრებით, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების, საერთაშორისო გამოცდილების ღრმა ცოდნით და მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებზე სწრაფი რეაგირების უნარით,” რაც შესაძლოა საიმედოდ ჟღერდეს, თუმცა, როგორც ცნობილია, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მოხვედრა კაცებისთვის უფრო მარტივია, ვიდრე ქალებისთვის, რის შედეგადაც ვიღებთ პოლიტიკას და ბიზნესს, როგორც ექსკლუზიურად კაცების საქმეს.
‘ეროვნული ფორუმი’ სტუდენტების პოლიტიკურ აქტივობას პრობლემად მიიჩნევს. სამაგიეროდ გვთავაზობს, რომ შემუშავდება და ამოქმედდება სტუდენტური დასაქმებისა და ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამები, მათ შორის ბიზნეს-კომპანიების საგადასახადო წახალისების გზით. ერთის მხრივ, ეს შესაძლოა კარგი ინიციატივა იყოს, მაგრამ, მეორეს მხრივ, ცნობილია თუ როგორი დაუცველია საქართველოში დღეს ადამიანი სტაჟირებისას ან ნახევარ განაკვეთზე მუშაობისას, განსაკუთრებით კი, მომსახურების სფეროში. აქ დასაქმებულ ადამიანს მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ უწევს რამდენიმე ადამიანის საქმის შეთავსება, ხოლო მისი შრომითი უფლებები სრულიად უგულვებელყოფილია. ვფიქრობთ, რომ მეტი სიფრთხილეა საჭირო ამგვარი ინიციატივის წამოყენებისას, რადგან შესაძლოა სტუდენტური დასაქმებები და ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამები გახდეს შრომითი უფლებების დარღვევის კიდევ ერთი პლატფორმა.
‘ეროვნული ფორუმი’ პროგრამაში დემოკრატიული მმართველობის საჭიროებას უსვამს ხაზს, რომელიც თავისუფლების ცნებაზე იქნება დამყარებული, ‘თავისუფლების’ ცნება კი პარტიას ასე ესმის: “თავისუფლება გამორიცხავს ქაოსსა და უწესრიგობას. ჭეშმარიტად თავისუფალ პიროვნებად განიხილება მხოლოდ ისეთი ადამიანი, რომელსაც შეგნებული აქვს, რომ ის ცხოვრობს საზოგადოებაში და მისი მოქმედების თავისუფლება შეზღუდულია სხვა ასეთივე ადამიანების თავისუფლებით”. თავისუფლების ამგვარი განმარტების დემოკრატიის საფუძვლად წარმოდგენა ცალსახად პრობლემურია, რადგან ის არ აღიარებს ხსენებული შეზღუდვებში უთანასწორობის შესაძლებლობას. მაგალითად, ქალებს (სხვა გენდერულ ჯგუფებთან ერთად) და მამაკაცებს თავისუფლებაზე არათანასწორი წვდომა აქვთ. ‘თავისუფლება’, როგორც კონცეპტი, ისეთი სოციალური და ძალაუფლების სისტემების პროდუქტია, როგორიც არის პატრიარქატი, კაპიტალიზმი, ეთნიკური წარმომავლობა და პრივილეგია. ისტორიულად, ქალების თავისუფლება მეტად არის შეზღუდული სწორედ იმ „ეროვნული ღირებულებების“ სახელით, რაზეც ამ პარტიის პროგრამა არის დაშენებული.
პროგრამაში პირდაპირ ვკითხულობთ: “ჩვენ ამოვდივართ იმ ფაქტიდან, რომ საშუალო სტატიტიკური ოჯახი შედგება ოთხი წევრისგან – დედა, მამა და ორი შვილი, მამა მუშაობს, დედა შვილებს უვლის.” იმის გათვალისწინებით, რომ მთელ პროგრამაში ქალის როლი მხოლოდ დიასახლისი-დედის სტატუსით არის განსაზღვრული, ვფიქრობთ, რომ სწორედ ქალების თავისუფლებას ემუქრება ყველაზე მეტად „თავისუფლების“ კონცეპტის საზოგადოებრივ ინტერესებთან დაკავშირება და მისაღებ შეზღუდვებზე აქცენტირება.
ამ ღირებულებებზე დაფუძნებული იდეოლოგიის მიხედვით, ქალის ნებისმიერი აქტივობა რომელიც მიზნად რეპროდუქციას ან რეპროდუქციულ შრომას არ ისახავს, ეროვნული პროექტის მიღმა რჩება. რეპროდუქციულ შრომაში იგულისხმება ქალის აუნაზღაურებელი შრომა, საოჯახო საქმეები და ბავშვის მოვლის ვალდებულება. ეს განცხადება ქალების გენდერული ჩაგვრის, მათი სექსუალობისა და რეპროდუქციის კონტროლის კიდევ ერთი მაგალითია. გარდა იმისა, რომ ოჯახსა და აუნაზღაურებელ შრომაზე მიჯაჭვა ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური მორჩილების წინაპირობაა, ქალისათვის მხოლოდ ‘დედის’ როლის მორგება აუჩინარებს ყველა იმ ქალის გამოცდილებას, რომელიც არ არის დედა და მარგინალიზებას უკეთებს ლბტ ქალების გამოცდილებას.
მოულოდნელი არ უნდა იყოს, რომ ‘ეროვნული ფორუმის’ პროგრამა ერთადერთია აქამდე განხილულ პროგრამებს შორის, რომელიც არსად არ აღნიშნავს საკუთარ მისწრაფებას გენდერული თანასწორობისაკენ და პოლიტიკურ პროცესებში ქალების და კაცების თანაბარი მონაწილეობისაკენ. არც ერთი პროგრამული ნაბიჯი ან დაპირება არ მიესადაგება მხოლოდ ქალებს და პროგრამაში არ გვხდება არც ერთი მექანიზმი, რომელიც ქალთა გენდერული ჩაგვრისაგან გათავისუფლებას და მათ გაძლიერებას მოემსახურება. პირიქით, ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერება, ‘ეროვნული ფორუმის’ პროგრამის წაკითხვის შემდეგ აღიქმება როგორც გლობალიზაციისა და უცხო, ‘არაქართული’ იდეოლოგიების შედეგი, რომელსაც პარტია ღიად უპირისპირდება.