1849-1932 / საზოგადო მოღვაწე, მწერალი
ანასტასია შვეიცარიასა და საფრანგეთში გაეცნო თანამედროვე პედაგოგიურ იდეებს. სამშობლოში დაბრუნებულმა (1881-1884) გაზეთებში “დროება” და “ივერია” გამოაქვეყნა მოთხრობებისა და პუბლიცისტური წერილების სერია.
შემდგომ წლებში, თავის თანამოაზრეებთან ერთად დაუღალავად იღვწოდა პედაგოგთა გადამზადებისა და გოგონათა განათლების გასაუმჯობესებლად. 1890 წელს მის მიერ დაარსებულ-გამოცემული ჟურნალები “ჯეჯილი” და “კვალი” გასაბჭოებამდე საგანმანათლებლო მოძრაობის უმნიშვნელოვანესი საყრდენია.
1891 წელს ანასტასია გ. წერეთელზე ქორწინდება და მასთან ერთად 1893-1904 წლებში “კვალის” რედაქტორ-გამომცემელია. იმავე წლიდან იწყებს საბავშვო ბიბლიოთეკა-სამკითხველოების გახსნას თბილისში. 1908 წელს აფუძნებს ქალთა ახალ საზოგადოებას “განათლება” და ქალთა საშუალო სასწავლებელს ყაზბეგის ქუჩაზე. “განათლება” იმდენად სახელმოხვეჭილი იყო, რომ მეცენატთა ყურადღებაც მიიპყრო. სწორედ მათი დახმარებით გახდა შესაძლებელი ქალთა საშუალო სკოლის, პროფესიული განყოფილებებისა და სამხატვრო-სახელოსნო სასწავლებლის შენახვა-შენარჩუნება.