1833-1895 / მწერალი
ბარბარეს ოჯახის გარეთ სხვა განათლება არ მიუღია, თუმცა სწორედ ის აღმოჩნდა ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი, რომელიც არ შეუშინდა საზოგადოების მხრიდან გაკიცხვას და სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა. იგი იბეჭდებოდა “ცისკარში”, “დროებაში”, “ივერიაში”, “კვალსა” და “ჯეჯილში”.
იგი იყო ერთადერთი ქალი, რომელმაც გაბედა და 1861 წელს, ქართული ენის მოდერნიზაციასთან დაკავშირებულ პოლემიკაში, ილია ჭავჭავაძეს შეეკამათა.
1867 წელს ქუთაისის თეატრში გათამაშდა ბარბარე ჯორჯაძის პიესა “რას ვეძებდი და რა ვიპოვე”, რომელიც მრავალი წელი იდგმებოდა სხვადასხვა თეატრის სცენაზე.
1874 წელს ექვთიმე ხელაძის სტამბამ დაბეჭდა “ქართული სამზარეულო და საოჯახო სამეურნეო ნაცადი ცნობანი”, სადაც ბარბარე მკითხველს ქართულ-ევროპული კერძების რეცეპტებსა და მომზადების წესებს აცნობდა.
90-იან წლებში “ქალთა საკითხის” გარშემო გამართულ პოლემიკას ბარბარემ სპეციალური წერილი “ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ” მიუძღვნა, რომელიც სამართლიანად მიიჩნევა ქართული ფემინიზმის მანიფესტად.