1859-1910 / მსახიობი
სამსახიობო კარიერა 16 წლის ასაკიდან გორში დაიწყო, მალევე მოიპოვა პოპულარობა თბილისშიც, 1879 წლიდან კი მუდმივმოქმედი დასის წევრი გახდა. უკვე 1880 წელს მისი პირველი ბენეფისი გაიმართა, რომლისთვისაც აკაკი წერეთელმა სპეციალურად დაუწერა პიესა. 1882 წელს დრამატურგ ავქსენტი ცაგარელის მეუღლე გახდა, მისი „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” და საგანგებოდ ნატოსთვის დაწერილი „ხანუმა” იმ პერიოდის თეატრალურ სცენაზე უდიდესი წარმატებით სარგებლობდა. ცაგარელი წლების მანძილზე დაუღალავად წერდა და თარგმნიდა ახალ-ახალ პიესებს მისთვის.
მეოცე საუკუნის დასაწყისში უკვე ნათელი გახდა, რომ ქართული თეატრის მოდერნიზაცია იყო საჭირო. ეს მტკივნეული ცვლილებები ნატოსაც შეეხო. იგი დასის წევრად აღარ აირჩიეს. ნატოს ისღა დარჩენოდა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაემართა სპექტაკლები. მისი მონაწილეობით გამართული საღამოები ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.
ნატო გაბუნია 1910 წლის 16 აგვისტოს, ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. სიკვდილამდე ერთი დღით ადრე, ქარელში, თავისი საყვარელი როლი - ხანუმა ითამაშა.