ქრისტინე /ჩიტო/ შარაშიძე

(1887-1973)

დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში, სახალხო მასწავლებლების გიგო შარაშიძის და ნინა ქიქოძის ოჯახში. დაწყებთი განათლება მიიღო ბახვის სოფლის სკოლაში. შემდგომში სწავლობდა ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიაში, საიდანაც გარიცხეს 1904 წელს მოსწავლეთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო.



იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი 1905 წლიდან. აქტიურად მონაწილეობდა 1905-1906 წლებში ტფილისში რევოლუციურ გამოსვლებში; ამზადებდა საგაზეთო ინფორმაციებს; 1905 წლის ნოემბერში, ტფილისში „სომეხ-თათართა შეტაკებების“ განმუხტვისას მონაწილეობდა ე.წ. „მფრინავ რაზმში“, რომელიც სამედიცინო დახმარებას უწევდა დაშავებულებს.



1907 წლიდან მუშაობდა ქუთაისში მარიამ ყაუხჩიშვილის კერძო გიმნაზიაში მასწავლებლად. 1910-1911 წლებში იყო ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის წევრი. 1917 წელს იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის და თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი.



1919 წელს არჩეული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით; შედიოდა პრეზიდიუმის სამდივნოში, ასევე იყო საბიბლიოთეკო, სარედაქციო და სახალხო განათლების კომისიის წევრი.



საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, პირველად დააპატიმრეს რამდენიმე დღით, ოზურგეთში, 1921 წლის აგვისტოში. 1922 წლის თებერვალში, საქართველოს ოკუპაციის 1 წლისთავის აღნიშვნისას დაგეგმილი ანტი-საბჭოთა დემონსტრაციების აღსაკვეთად საქართველოს სსრ-ს საგანგებო კომისიამ იზოლაციის მიზნით დაიწყო ანტი-საბჭოთა პარტიების ლიდერების და აქტიური წევრების დაპატიმრება; ქრისტინე შარაშიძე საგანგებო კომისიის #3090 ორდერით დააპატიმრეს 1922 წლის 17 თებერვალს, ქუჩაში; მე-10 პედაგოგიურ ტქნიკუმში (სადაც იგი მასწავლებლად მუშაობდა) მოსწავლეთა გაფიცვის გამო. დაკითხვაზე განაცხადა:



„. . . სასწავლებელში იყო გაფიცვა მოსწავლეებისა და თუ ვინ ხელმძღვანელობდა ამ გაფიცვას არ ვიცი და პირადათ მე არანაირი დამოკიდებულება ამ გაფიცვასთან არ მქონია. საქართველოში? არსებულ წესწყობილების წინააღმდეგ მე არ ვმუშაობ იმიტომ, რომ არსებული რეჟიმი პოლიტიკურ მუშაობას შეუძლებლათ ხდის. მე არც ის ვიცი არსებობს თუ არა ცენტრალური კომიტეტი მენშევიკურ პარტიისა და ეწევა თუ არა რაიმე მუშაობას. საქართველოში საბჭოთა ხელის უფლების განმტკიცებაზე შემიძლია ვსთქვა რომ აქ არის ხსენებული ძალა უფლება შემოსული რუსეთის წითელი ჯარის საშუალებით რომელიც წარმოადგენს რეალურ ძალას და მთავრობა შემდგარი ქართველებისაგან წარმოადგენს მხოლოდ ფიქციას და ბატონობა საქართველოში არის უცხო ხალხისა . . .“

საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია:



„. . .ძიების მიერ დადგინდა, რომ ბრალდებული წარმოადგენს არსებული წყობილების შეურუგებელ მტერს და ყოველგვარ ღონეს ხმარობს საბჭოთა წყობილების დასამხობად და მენშევიკების ბატონობის აღსადგენად. თავის ჩვენებებში გარკვევით ამბობს, რომ საბჭოთა წყობა და მთავრობა საქართველოში ფიქციაა . . .“



საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის პერიდიუმმა ქრისტინე შარაშიძეს 1922 წლის 23 მარტს 6 თვით იზოლაციის წესით დაპატიმრება მიუსაჯა, წინასწარი პატიმრობის ვადის ჩაუთვლელად. #2 გამასწორებელი სახლიდან (მეტეხის ციხე) ჩიტო სარაშიძე 1922 წლის 6 მაისს გაათავისუფლეს ავადმყოფობის გამო, ძმის შალვა შარაშიძის თავდებობის ქვეშ.



ამავე წლებში ორჯერ იყო დაპატიმრებული მისი მამა - გიგო შარაშიძე, 1922 წელს დააპატიმრეს მისი სიძე - ნიკოლოზ იოთამის ძე ქარცივაძე, რომელიც „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ (ე.წ. „პარიტეტული ომიტეტის“) თავმჯდომარე იყო; 1924 წლის სექტემბერში კი მისი ძმა, მწერალი-სატირიკოსი შალვა შარაშიძე (ფსევდონიმი „თაგუნა“). 1937 წელს ნიკოლოზ ქარცივაძე ხელმეორედ დააპატიმრეს და დახვრიტეს, ხოლო მისი მეუღლე - თამარ შარაშიძე შუა აზიაში გადაასახლეს.



1927-1931 წლებში სწავლობდა თსუ ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. 1924-1925 წლებში იყო მასწავლებელთა სახლის ქართული ენის კაბინეტის გამგე და საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმის თანამშრომელი 1917-1931 წლებში.



1934 წელს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების ბიბლიოთეკის თსუ-ში გადატანის გამო ჩაირიცხა უნივერსიტეტის შტატში, ხოლო 1935 წელს გაათავსუფლეს ბიბლიოთეკის გარშემო წარმოქმნილი კონფლიქტის გამო რექტორ ლევან აღნიაშვილის ბრძანებით.



1941-1964 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებასა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიაში. მომაზადა მნიშვნელოვანი შრომები ქართული ბეჭდვითი სიტყვის ისტორიის შესახებ. იყო უმნიშვნელოვანესი გამოკვლევების ავტორი ხევისა და სამხრეთ საქართველოს ისტორიის შესახებ.  დამუშავებული და შესწავლილი აქვს IX – XIX საუკუნის 1500-ზე მეტი ხელნაწერი.



„. . . რომელიმე ქვეყნის ბედნიერება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენათ მტკიცეთ, პატიოსნათ და შეგნებით ასრულებს თავის მოვალეობას თითოეული მოქალაქე - უბრალო მწყემსიდან დაწყებული ქვეყნის მმართველ პიროვნებამდე! თუ ისინი ერთგულად და პატიოსნათ ეპყრობიან თავის მოვალეობას, თუნდაც სულ მცირედი იყოს ეს მოვალეობა, მაშინ ასეთი ქვეყნის კეთილდღეობა და ბედნიერება უზრუნველყოფილია . . .“

გამოყენებული წყაროები:

დაკარგული ისტორია - მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ. SOVLAB, თბილისი, 2012 წ.