(1890-1978)
მარიჯანი (მარიამ ტყემალაძე) 1890 წელს თბილისში დაიბადა. თბილისის ქალთა სასწავლებლის დასრულების შემდეგ მარიჯანმა სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიურ-ფილოსოფიურ ფაკულტეტზე გააგრძელა.
ქართულ მწერლობაში მარიამ ტყემალაძე 1916 წელს გამოჩნდა, როდესაც დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი „ტბა”. პირველი ლექსების კრებული კი 1921 წელს გამოიცა. თავისი დებიუტით მარიჯანმა მალე მიიქცია ყურადღება, როგორც ნიჭიერმა პოეტმა, რომელიც არ ერიდებოდა ექსპლიციტურად ეწერა ეროტიული გრძნობების, სხეულებრივი და სულიერი შეგრძნებების და, ზოგადად, ქალის სექსუალობის თემებზე. 1920-იან წლებში ეროტიული ლექსების სახით მიმოწერა ჰქონდათ მარიჯანსა და იოსებ გრიშაშვილს. გრძნობისმიერი ემოციების გარდა, ორივე მათგანი ამ ლექსებში ეხებოდა სოციალურად მტკივნეულ საკითხებს, რაც პატრიარქალურ კლუტურასთან და სექსუალობის თემებთან იყო კავშირში.
აღსანიშნავია, რომ ავტორის 20-იანი წლების შემოქმედება არ არის საფუძვლიანად შესწავლილი და იგი სერიოზულ კვლევას საჭიროებს.
მარიჯანის ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტია ესე წიგნიდან: „შემთხვევითი თემები”, რომელიც 1925 წელს დაიწერა. ამ ტექსტის ნაწილი მხოლოდ ახლახანს გამოქვეყნდა. ავტორი ესეში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, როგორიცაა ქალი მწერლის, შემოქმედის თემა, მისი პირადი განცდები. ამ ტექსტში უკვე იგრძნობა მარიჯანის, როგორც ხელოვანის შფოთვა მომძლავრებული ტოტალიტარული სისტემის მისამართით, რომელიც, პირველ რიგში, ადამიანების ინდივიდუალობას უქმნიდა საფრთხეს.
“ადამიანი გაითქვიფა კოლექტივში. წინათ ის, როგორც პიროვნება, ძლიერი იყო. ის იყო ბელადი. ის ჰქმნიდა ეპოქას. ეხლა ეპოქა ჰქმნის პიროვნებას. დრო ჰქმნის ბელადებს. მე კი მინდა რომ თვით დროც შევაჩერო”. ესეში იგრძნობა ავტორის შიშიც მოსალოდნელი საფრთხეებისადმი: “ადამიანი ყველაფერს ვერ უმკლავდება. ხშირად უბრალო ბაცილა უფრო გამძლეა, ვიდრე სრულყოფილი ქმნილება – ადამიანი.” “შემთხვევით თემებში” ფემინისტური თემატიკაც მნიშვნელოვანია, თუმცა აქ მარიჯანი არათანმიმდევრული და ხშირად წინააღმდეგობრივია.
მარიჯანის საბჭოთა ბიოგრაფები საერთოდ უარყოფდნენ მისი 20-იანი წლების შემოქმედებას. მწერლის მოღვაწეობის ათვლის თარიღად ისინი 1926 წელს მიიჩნევდნენ. სწორედ ამ წელს გამოქვეყნდა მარიჯანის საბავშვო პოემა “ნელი ცირკში”. მიიჩნეოდა, რომ ამ პოემამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა პოეტის შემოქმედებითი გეზი - მან საბავშვო მწერლობაში დაიწყო მუშაობა. 1930-იან წლებში შექმნილი ტექსტები მთალიანად საბავშვო პოეზია და პროზაა.
მოგვიანებით, ერთ-ერთ არასაბაშვო ლექსში მარიჯანი წერდა: “ლექსების გარდა იარაღი არა მქონია.” ალბათ, საბავშვო პროზასა და პოეზიაზე არჩევანის გაკეთება მისი მხირდან სწორედ იარაღი იყო, ოღონდ თავდაცვის იარაღი, რომ გადარჩენოდა 1930-იანი წლების რეპრესიებს, რასაც უამრავი შემოქმედი ემსხვერპლა საქართველოში. 60-იან წლებში უკვე ხანშიშესული მარიჯანის პოეზიას თუ გადავხედავთ, ვიგრძნობთ, რომ 30-იანი წლები და ზოგადად, ტოტალიტარული სახელმწიფოს მიერ ჩახშობილ ინდივიდუალური შემოქმედის ხმა ის თემაა, რომელიც მას აწუხებს. მარიჯანი, ისევე როგორც ყველა დანარჩენი მისი თანამედროვე, ხარკს იღებდა სისტემისა და მისი პროპაგანდული საქმიანობისთვის. საბავშვო პროზასა და პოეზიაში მწერალს ხშირად უხდებოდა საბჭოთა მოსწავლეთა, პიონერთა და ოქტომბრელთა ყოველდღიურობის, მათი სასიკეთო საქმეების ასახვა სწავლასა და შრომაში, მაგრამ ქმნიდა ისეთ ტექტსტებსაც, სადაც შემოქმედებითი მოქნილობით ახერხებდა თავი აერიდებინა იდეოლოგიური წნეხისათვის. ერთ-ერთი ასეთი ტექსტია „მამიდას თეოს მარანი”.
მოგვიანებით, 60-იან წლებში გამოიცა მისი რამდენიმე არასაბავშვო პოეტური კრებული, სადაც მარიჯანი უკვე ახერხებდა შეფარვით, მაგრამ მაინც გაეანალიზებინა მტკივნეული წარსული. გარდა ლექსებისა და საბავშვო ლიტერატურისა, მარიჯანი მუშაობდა თარგმანებზეც. ძირითადად თარგმნიდა რუსულ ლიტერატურას. 70-იანი წლების დასაწყისში იგი შრომის წითელი დროშის ორდენითაც დაჯილდოვდა. მარიჯანი 1978 წელს გარდაიცვალა.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია;
2. მარიჯანი “ლექსები”, 1921 წელი;
3. მარიჯანი “წიგნიდან: შემთხვევითი თემები”, 1925 წელი.