ელისაბედ /ლიზიკო/ ქავთარაძე

 (1906 -1988 )

დაიბადა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წვერის ქაიხოსრო იასონის ძე ქავთარაძის ოჯახში. დაამთავრა ქალაქ თბილსის ქალთა მე-2 გიმნაზიის ტექნიკუმი.

1922 წლიდან სწავლობდა თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე. იყო საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი. აქტიურად იყო ჩაბმული არალეგალურ ანტისაბჭოთა საქმიანობაში. 1924 წელს იყო ახალგაზრდა მარქსისტთა თბილისის ორგანიზაციის რაიონული კოლექტივის წევრი; 1924 წლის აგვისტოს აჯანყებისას იყო სამხედრო ორგანიზაციის კურიერი.

დააპატიმრეს 1928 წლის 16 აგვისტოს, სოხუმში, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სტაჟიორად იყო მივლენილი აფხაზეთის ასსრ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიაში. ბრალდება თავდაპირველად უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ანტისაბჭოთა შინაარის ინფორმაციის გადაცემა იყო, თუმცა იგი თბილისში, რესპუბლიკის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს განკარგულებაში გადმოაგზავნეს ახალაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის და „მენშევიკური ცეკას“ საქმესთან დაკავშირებით; ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის დაპატიმრებული ხელმძღვანელებისაგან ძიება ცდილობდა დაედასტურებინა პოლიტიკურად მოტივირებული დასკვნა, ქართული ანტი-საბჭოთა პარტიების უცხო სახელმწიფოების სამხედრო დაზვვერვასთან თანამშრომლობის შესახებ, რისთვისაც იყენებდა რეპრესიულ მეთოდებს და ამავე ანტი-საბჭოტთა პარტიების გადაბირებულ და ზეწოლის შედეგად გატეხილი წევრების ჩვენებებსა და „აღიარებებს“.ოფიციალურად, ძიება ლიზა ქავთარაძეს არალეგალური ახალგაზრდა მარქსისტების ორგანიზაციის კოლექტივის, რაიკომის, ტფილისის კომიტეტის და ცეკას წევრობას, აქტიურ ანტისაბჭოთა საქმიანობას, არალეგალური პროკლამაციების ბეჭდვა-გავრცელებას და "მენშევიკების" საზღვარგარეთის ბიუროს რწმუნებულებთან ურთიერთობას უყენებდა ბრალად.

ლიზა ქავთარაძის საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია:

„...დაკითხვისას, ბრალდებულმა ქავთარაძემ წაყენებულ ბრალში არსებითად თავი დამნაშავედ ცნო, საკმარისად ღირებული ცნობები მისცა ძიებას მისი საქმიანობის შესახებ და დაასახელა რიგი აქტიური პირები ვისათანაც კავშირი ჰქონდა, თუმცა უნდა აღინოშნოს, რომ მას შეუძლია უფრო ამომწურავი ცნობების მოცემა, მაგრამ მას არასდიდებით არ სურს ამის გაკეთება და რამდენიმე ადამიანის „გაშიფვრა“, ასევე არ ასახელებს სტეკლოგრაფის (კუსტარული საბეჭდი მანქანა) ადგილსამყოფელს, რომელიც თავად დაამზადა.“

ლიზა ქავთარაძე გადაასახლეს 1929 წლის დასაწყისში, სამი წლის ვადით ტომსკის ოლქში. სასჯელის ვადის დასრულების შემდეგ, სსრკ-ში არსებული პრაქტიკის გამოყენებით ორჯერ გაუხანგრძლივეს გადასახლების (დიდ ქალაებში და ამიერკავკასიის ფარგლებში ცხოვრების უფლების აკრძალვის საშუალებით) ვადა.

თბილისში დაბრუნდა 1936 წელს. ხელმეორედ დააპატიმრეს 1940 წლის 15 მაისს და გადაასახლეს ყაზახეთში - აკმოლინსკის ბანაკში. საქართველოში დაბრუნდა 1956 წელს.

მუშაობდა იურისტ-ეკონომისტად, ეწეოდა კერძო პედაგოგიურ საქმიანობას, წერდა პუბლიცისტურ ნარკვევებს, თარგმნიდა ქართულ ნაწარმოებებს რუსულ ენაზე.

1987 წელს აირჩიეს „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ გამგეობის წევრად.

 

წყაროები:

  1. ლიზიკო ქავთარაძე - 28 წელი გულაგში. პეგასი, 2008 წელი.
  2. შსს არქივი (მე-2 განყოფილება), ფონდი #6, საქმე #28538
  3. დაკარგული ისტორია - მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ. SovLab, თბილისი, 2012 წელი.