ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილი

(1862-1916)

ეკატერინე 1862 წლის 27 იანვარს დაიბადა თბილისში, ივანე ფორაქიშვილისა და ნატალია წილოსანის ოჯახში. მის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის მწიგნობარ ნატო სულხანიშვილს, რომლის მეცადინეობითაც გოგონამ წერა-კითხვა შეისწავლა და გაეცნო იმ პერიოდის საქართველოში გავრცელებულ საბავშვო ლიტერატურას.

მშობლების მონდომებით ეკატერინემ საფუძვლიანად შეისწავლა რუსული, ინგლისური და გერმანული ენები, რაც მას ეხმარებოდა საქართველოში ჩამოსულ ევროპელებთან საქმიან ურთიერთობაში (მარჯორი უორდროპი, არტურ ლაისტი, ბერტა ფონ ზუტნერი და სხვ.).

დავით სარაჯიშვილთან საკუთარი ბედის დაკავშირებამ ეკატერინეს უამრავი მეგობარი და თანამოაზრე შესძინა. რუსეთის იმპერიისა და პირველი რესპუბლიკის წლებშიც მათი ოჯახი ნაციონალური იდეის განვითარების, საგანმანათლებლო მოძრაობისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის ასპარეზად გადაიქცა. დავით ერისთავი, გრიგოლ ყიფშიძე, ეკატერინე გაბაშვილი, ნინო ყიფიანი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ივანე მაჩაბელი, რაფიელ ერისთავი, ნატო გაბუნია, პეტრე უმიკაშვილი და უამრავი სხვა ესწრებოდა აქ გამართულ პოლემიკებსა და მხატვრულ ნაწარმოებთა საჯარო წაკითხვა-განხილვას.

დავით სარაჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ (1911), ეკატერინე გახდა ოჯახის მდიდარი მეურნეობის, წარმოების და საქველმოქმედო საქმიანობის მთავარი ორგანიზატორი. რამდენიმე წელიწადში კი მან სამი მილიონი უანდერძა ქართული კულტურის შემდეგ ინსტიტუციებს:

1. 500 000 მანეთი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, ასევე 1000 მანეთის პროცენტიანი ქაღალდები.

2. 200 000 მანეთი ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას.

3. 150 000 მანეთი ქუთაისის თეატრის ასაშენებლად.

4. 25 000 მანეთი დრამატულ საზოგადოებას.

5. 50 000 მანეთი თბილისში პოლიტექნიკური ან სხვა უმაღლესი სასწავლებლის დასაარსებლად.

6. 30 000 მანეთი კავკავის (ორჯონიკიძე) ღარიბ მოსწავლეებს (განურჩევლად ეროვნებისა), სწავლის ქირის გადასახდელად.

7. 25 000 მანეთი საქართველოს საეთნოგრაფიო საზოგადოებას წიგნების გამოსაცემად.

8. 100 000 მანეთი თბილისის ქართულ დრამატულ საზოგადოებას.

9. 10 000 მანეთი სამიწათმომქედო სახელოსნოს ახალშენთა და თვშესაფართა საზოგადოებას.

10. 171 000 მანეთი სარაჯიშვილის ფირმის მუშა-მოსამსახურეებს.

11. 5 000 მანეთი ფილარმონიის საზოგადოებას.

12. 20 000 მანეთი ქართულ სიტყვაკაზმულ მწერალთა საზოგადოებას, ბელეტრისტული ნაწერებისათვის პრემიის დასანიშნავად.

13. 50 000 მანეთი ავლაბარში საპროფესიო სკოლის დასაარსებლად.

14. 10 000 მანეთი მოსკოვის ქართულ საზოგადოებას.

15. 10 000 მანეთი დიდუბის ტაძარს.

16. 5 000 მანეთი რუსეთის მევენახეობისა და მეღვინეობის საზოგადოების სადგურს ოდესაში.

17. 200 000 მანეთი ქირურგიული საავადმყოფოს ასაშენებლად თბილისში.

ამავე ანდერძში ეკატერინემ მიუთითა, რომ ორი მილიონის ღირებულების ქარხნები და დაწესებულებები მათი ლიკვიდაციის შემდეგ წერა-კითხვის გამავრცელებელ, ისტორიულ-ეთნოგრაფიულ და თბილისის დრამატულ საზოგადოებებს უნდა გადასცემოდა.

`ჩვენს ქუთაისს, რომელიც ქველმოქმედთა ყურადღებას დღემდის სრულიად არ იყო ჩვეული, ეკატერინეს წყალობით ამიერიდან ეძლევა საშუალება განახორციელოს დიდი ეროვნული საქმე _ ააშენოს ახალი თეატრი. აჰა, განხორციელდა დიდი ხნის ოცნება ქუთაისელებისა! ვინ იცის, თუ არა მადლიანი ეკატერინე სარაჯიშვილი, არ ეღირსებოდა ამ ტკბილ ოცნებას ოდესმე განხორციელება“ _ წერდა გაზეთი „საქართველო“ 1916, #202).

1916 წლის ზაფხულში, კისლოვოდსკიდან თბილისისკენ მომავალ ეკატერინეს აცნობეს, რომ სამხედრო საჭიროებისთვის აუცილებელია მისი სახლის ჩამორთმევა. ამ მოულოდნელმა ამბავმა მოუსწრაფა მას სიცოცხლე და ძმის, ადამ ფორაქიშვილის, ხელში დალია სული.

11 აგვისტოს ეკატერინე დიდუბის პანთეონში, დავით სარაჯიშვილის გვერდით დაკრძალეს.

 

ბიბლიოგრაფია:

 

1.     ნინო ჩიხლაძე, ღვაწლმოსილი ქართველი მანდილოსნები, თბილისი, 1976