გენდერული დემოკრატია - სწორედ ახლა და სწორედ აქ

 

გენდერული დემოკრატია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდისთვის არ არის მხოლოდ  გენდერულ პროექტებში ზოგადად დასახული მიზანი. იდეალის გარდა, ეს ფონდისთვის ორგანიზაციული პრინციპიცაა.

გენდერული დემოკრატია სქესთა შორის თანასწორობის მიღწევას გულისხმობს. ეს პირველადი მიზანი და აუცილებელი წინაპირობაა შემდგომი ამოცანისთვის -  გავცდეთ  ფორმალური თანასწორობის ფარგლებს  და მივაღწიოთ მრავალფეროვნების აღიარებას, რაც თანასწორი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფასაც ნიშნავს. 

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდს შემუშავებული აქვს ინსტრუმენტი,  რომელსაც „პროგრამების გენდერულად ორიენტირებული დაგეგმვა და შეფასება“ ეწოდება. ამ ინსტრუმენტის საშუალებით გენდერული დემოკრატია ინტეგრირებულია ყველა პროგრამის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.

გასული წლის მუშაობის შეფასების დროს ჩვენი ბიუროს სტატისტიკით დავინტერესდით - ვახერხებთ თუ არა გენდერული დემოკრატიის პრინციპის დაცვას ჩვენი სხვადასხვა საქმიანობის დროს? შედეგები იმდენად იმედისმომცემი აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტეთ უფრო ფართო საზოგადოებისთვისაც გაგვეზიარებინა და გვეჩვენებინა, რომ პროგრამების გენდერულად დაგეგმვა კარგი საშუალებაა გენდერული იერარქიების და გენდერული როლების ტრანსფორმაციისთვის, რომელიც ასე მყარადაა ფესვგადგმული კერძო თუ საჯარო ინსტიტუციებში.

ჰონორარები

პირველ რიგში, საინტერესოა ვნახოთ როგორ არის გადანაწილებული სხვადასხვა პროექტებში გაცემული ჰონორარების რაოდენობა 2013 წლის მანძილზე. ჰონორარი სულ 135 ადამიანზე გაიცა:

 

 

მიუხედავად თვისობრივად განსხვავებული მიმდინარე პროექტებისა, გაცემული ჰონორარების მიხედვით გენდერული ბალანსი თითქმის სრულყოფილად არის დაცული - 49% ჰონორარებისა გაცემულია ქალებზე, ხოლო 51% მამაკაცებზე.

თანასწორი ანაზღაურების პრინციპი

გენდერული ბალანსის გარდა, მნიშვნელოვანი ნიუანსია საშუალო ჰონორარების შედარება - რამდენად დაცულია თანასწორი ანაზღაურების პრინციპი? გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ჰონორარი მომხსენებლების კვალიფიკაციისა და ღონისძიების ფორმატის მიხედვით განისაზღვრება, შესაძლებელი იყო გარკვეულ განსხვავებას ჰქონოდა ადგილი.

 

 

მიღებული შედეგი თვალნათლივ აჩვენებს, რომ სათანადო ყურადღების შემთხვევაში, სხვადასხვა სფეროებში მაღალი კვალიფიკაციის ქალი სპეციალისტების  შერჩევა შეიძლება, რაც სათანადოდ აისახება გაცემულ ჰონორარებზე.

საჯარო დებატები

2013 წლის ზოგადი სტატისტიკური  შედეგებიდან აუცილებელია ცალკე გამოვყოთ საჯარო დებატების პროექტი. საჯარო დებატებს ბიოლის ფონდი 2004 წლიდან მასპინძლობს და დღეს დებატები თბილისის გარდა ბათუმსა და ქუთაისშიც ტარდება. ფონდის ორგანიზებით წელიწადში 30-მდე დებატი იმართება, თითოეულ ღონისძიებას კი საშუალოდ 3 მომხსენებელი და 1 მოდერატორი ჰყავს. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე, საინტერესო იყო გვენახა, თუ რამდენად ვახერხებთ გენდერული ბალანსის დაცვას მომხსენებლებს შორის?

 

როგორც ვხედავთ, საჯარო დებატებმა ოდნავ განსხვავებული სურათი აჩვენა. ამ შემთხვევაში მამაკაცების რაოდენობა მთელი 18%-ით აღემატება ქალებისას. საინტერსოა აღვნიშნოთ, რომ დებატების სტატისტიკა გენდერულად მეტად დაბალანსებულად გამოიყურება იმ შემთხვევაში, თუკი მონაცემებიდან ამოვიღებთ საჯარო მოხელეებს: 45% ქალი, 55% მამაკაცი. უფრო რომ დავკონკრეტდეთ, დებატებში მონაწილე საჯარო მოხელეებიდან მხოლოდ 6 იყო ქალი, ხოლო 16 მამაკაცი.

ვფიქრობ, ეს მონაცემი ძალიან მნიშვნელოვანია და ყურადსაღებია: დებატების სტატისტიკაზე აისახა ის რეალობა, რასაც ვერტიკალური გენდერული სეგრეგაცია ქვია. მიუხედავად იმისა, რომ როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებშიც მოიძებნება განათლებული და კვალიფიციური ქალები, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ისინი მაინც ნაკლებად არიან წარმოდგენილები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბიოლის ფონდი ყოველთვის საზოგადოებრივი ინტერესის, კვალიფიკაციისა და მრავალფეროვანი წარმომადგენლობის პრინციპით არჩევს საჯარო დებატების გამომსვლელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ მოყვანილი მონაცემები ჩვენი ბიუროს ერთი წლის მუშაობას ასახავს, ვფიქრობთ, დადებითი მაგალითია იმისა, თუ რამდენად რეალური და შესაძლებელია გენდერული ბალანსის დაცვა ჩვენი საქმიანობის სხვადასხვა ეტაპებზე. იმედია, ამ მცირე სტატისტიკის გაზიარებით კიდევ ერთხელ წარმოვაჩინეთ, რომ გენდერული დემოკრატია უნდა დავინახოთ არა როგორც შორეული მიზანი, არამედ პრინციპი, რომლის მიღწევაც სწორედ ახლა და სწორედ აქ შეიძლება.