დღეს მსოფლიოში ყოველი მეხუთე დეპუტატი – ქალია[1], სომხეთში კი ათ დეპუტატზე მხოლოდ ერთი ქალი მოდის. თუმცა, რესპუბლიკის ეროვნულ კრებაში ქალთა წარმომადგენლობის ეს მოკრძალებული შედეგი მხოლოდ მას შემდეგ დადგა, რაც პარტიებისთვის საარჩევნო კოდექსში გენდერული კვოტები დააწესეს. კვოტების დასაცავად მნიშვნელოვან როლს ქალთა ორგანიზაციები ასრულებენ.
კვოტირების პრინციპი გაეროს მონაცემებით მსოფლიოს ქვეყნების ნახევარში რაიმე სახით მაინც გამოიყენება, რაც, ბუნებრივია, არ გამორიცხავს ამ ზომის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც კითხულობენ: „ვინაა დამნაშავე იმაში, რომ მამაკაცი პირველი მიდის ფინიშთან?” კვოტის მომხრეები, როგორც წესი, ამ კითხვაზე კითხვითვე პასუხობენ ხოლმე: „ვინაა დამნაშავე იმაში, რომ მამაკაცებს გზა გაკვალული აქვთ, ხოლო ქალებს წინაღობები ხვდებათ?“ და მიუხედავად იმისა, რომ სომეხ პოლიტიკოსებს ამ წინაღობების მოსახსნელად კვოტების აუცილებლობა აშკარად ესმით, კვოტების რაოდენობა და მათი გამოყენების მექანიზმები დღესაც მწვავე დისკუსიის საბაბია.
სურვილს, რომ თავი დაიცვან მოულოდნელობებისგან, რომლებიც ქალებისგან ელით და რომელთა მართვაც შემდეგ შეუძლებელი იქნება, ყოველი არჩვენების წინ იქამდე მივყავართ, რომ იწყება ვაჭრობა კვოტების ოპტიმალური, ანუ მამაკაცებისთვის უსაფრთხო რაოდენობის შესახებ. უკანასკნელად, ასეთი დებატების შედეგად 2012 წლის არჩევნების წინ სომხეთის საარჩევნო კოდექსში 20%-იანი კვოტა შემოიღეს. თანაც, რესპუბლიკის ქალთა ორგანიზაციების აქტიური ლობირების შედეგად კვოტების გენდერულად კორექტული ფორმულირება გავიდა: „პარტიულ სიებში ერთი სქესის წარმომადგენლობა არ უნდა გასცდენოდა 80%-ს“. სხვა საქმეა ის, რომ საარჩევნო კოდექსის ეს მუხლი საკმაოდ არაკორექტულ დაზუსტებასაც შეიცავდა იმის შესახებ, რომ კვოტის მოქმედება ვრცელდება „მეორე პოზიციდან დაწყებული ყოველ შემდგომ ხუთეულზე“ (2-6, 2-11, 2-16, და ასე შემდეგ მთელ სიაში). 2012 წელს არჩევნებში მონაწილე პარტიებმა[2] ეს რეკომენდაცია სიტყვა-სიტყვით გაიგეს და ქალები სიებში მეექვსე ადგილამდე არ ჩაუსვამთ. შესაბამისად, პირველ გამსვლელ ხუთეულში, როგორც პარტიებში ამბობენ, „წმინდა ხუთეულში“ მხოლოდ ოთხი ქალი მოხვდა. ქალთა ორგანიზაციების ვერც ერთი მცდელობა, შეეცვალათ კანონის ეს, მათი აზრით, დისკრიმინაციული მიდგომა, წარმატებით ვერ დასრულდა.
"ჯენტლმენები არიან, ადგილი კი არ არის“
ერთი ჩემი კოლეგა სამოქალაქო სექტორიდან კვოტების შემოღების აუცილებლობას ცნობილი ანეკდოტით ხსნიდა: „ავტობუსში ქალი ავიდა. მიმოიხედა და თავისუფალი ადგილი არ არის – ყველგან ახალგაზრდა მამაკაცები სხედან. ქალს რამდენიმე გაჩერების მანძილზე იმედი ჰქონდა, რომ რომელიმე ადგილს დაუთმობდა. თუმცა, ამაოდ ელოდა. ბოლოს გაბრაზებულმა წამოიყვირა: „ნუთუ აქ არავინაა ჯენტლმენი?!“ ერთ-ერთმა მგზავრმა, რომელიც ადგილიდან არც დაძრულა, უპასუხა: „ჯენტლმენები არიან, ადგილი კი არ არის!“
ეს ანეკდოტი თვალსაჩინოდ აღწერს პარლამენტს, სადაც დიდი უმრავლესობა მამაკაცებს აქვთ დაკავებული, რომლებიც, თუკი ამის შესახებ დაჟინებით არ ვუკიჟინებთ, სულაც არ აპირებენ გენდერული თანასწორობის იდეა აღიარონ. კვოტების მოწინააღმდეგეთა საყვარელი არგუმენტია, რომ კვოტირება ხელოვნური პროცესია, ისინი კი, თურმე, ბუნებრივ განვითარებას ემხრობიან. თუმცა, აღმოჩნდა, რომ სომეხი ამომრჩეველი ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო პროგრესულია, ვიდრე პოლიტიკოსები. 2011 წელს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით[3] გამოკითხულთა 57% ქალებისათვის კვოტების შემოღებას ემხრობოდა, თანაც, მათთვის ოპტიმალური იყო 20-50% პროცენტიანი კვოტა. გამოდის, რომ დღეს საზოგადოებას სურს პარლამენტში გაცილებით უფრო მეტი ქალი იხილოს, მაგრამ პარტიები არ არიან მზად ქალები საკუთარ სიებში ჩასვან.
რესპუბლიკის საარჩევნო კოდექსში კვოტები ქალებისთვის პირველად 15 წლის წინ გაჩნდა, როცა კვოტირების, როგორც „საბჭოთა წარსულის“ ნარჩენის ათწლიანი უარყოფის შემდეგ ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ქალები პარლამენტში ვერ ხვდებოდნენ და ეს ერთნაირად ეხებოდა როგორც პროპორციულ, ისე – მაჟორიტარულ სიებს[4].
თუმცა, მანამდეც, სომხეთის პარლამენტის ისტორიაში იყო ერთი წარუმატებელი პოლიტიკური ექსპერიმენტი: 1995 წელს ხელისუფლების ღია მხარდაჭერის შედეგად სომხეთის პირველი მოწვევის ეროვნულ კრებაში ქალებს 190-იდან 12 მანდატი, ანუ 6,3% შეხვდათ. რვა ქალი არჩვენების წინ შექმნილი ქალთა პარტიის სიით აირჩიეს, ხოლო დანარჩენი ოთხი – მაჟორიტარული სისტემით გავიდა. სამწუხაროდ, მათი ამომრჩევლის იმედები არ გამართლდა – პარლამეტის ქალთა ფრაქცია, როგორც თავიდან იყო ჩაფიქრებული, სახელისუფლებო პარტიის დანამატად იქცა. იქ შემავალ ქალებს რაიმე სახის პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონიათ და შესაბამისად, ვერც შეძლეს დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება და მით უმეტეს, – ქალთა უფლებებზე საუბარი. „ჩვენ ფემინისტებს გვეძახდნენ, თუმცა მუდმივად ძლიერი მამაკაცის ხატს ვუწევდით პროპაგანდას“ – აღიარა მოგვიანებით ამ ფრაქციის ერთმა წევრმა.
შემდგომმა პრაქტიკამაც დაგვანახა, რომ მაქსიმუმი იმისა, რაც შეიძლება მამაკაცებმა ქალებს საკუთარი ნებით დაუთმონ, 131-იდან ოთხი მანდატია, ანუ, 3% – ასეთი იყო ქალთა წარმომადგენლობა სომხეთის პარლამენტში 1999 წელს. თანაც, პარტიული სიებით მხოლოდ ორი ქალი გავიდა. პირველად საარჩევნო კოდექსში პარტიულ სიებში სწორედ მაშინ შეიტანეს 5%-იანი კვოტა ქალებისთვის. 2003 წელს მესამე მოწვევის ეროვნული კრებაში, ამ არა მხოლოდ დისკრიმინაციული, არამედ, ქალებისთვის დამამცირებელი დათმობის შედეგად ქალ დეპუტატთა რაოდენობამ შვიდს მიაღწია 131 პარლამენტის წევრიდან (5,3%). მაჟორიტარული სისტემით კი მხოლოდ ერთი ქალი აირჩიეს.
ქალთა ორგანიზაციების ბრძოლა კვოტების ზრდისათვის იმით დამთავრდა, რომ 2007 წელს ქალებისთვის უკვე 15%-იანი კვოტა მოქმედებდა, და თანაც – პრინციპით, რომ სიაში ყოველი მეათე ქალი უნდა ყოფილიყო. კამათისას, ღირდა თუ არა ამ პრინციპის მხარდაჭერა, გადამწყვეტ არგუმენტად იქცა კლასიკური მაგალითი 2003 წლის არჩევნების პრაქტიკიდან: ერთ-ერთმა პარტიამ (რომლის სახელწოდება საკმაოდ დემოკრატიულად ჟღერს) 70 კაციანი სია წარმოადგინა, ქალთა კანდიდატურები კი 67-ე ადგილიდან, უკანასკნელ ოთხ პოზიციაზე იყო გადანაწილებული. სწორედ ამიტომ, ქალთა ორგანიზაციები იბრძოდნენ, რათა საარჩვენო კოდექსს ისე დაეზღვია ქალები, რომ ჯენტლმენებს ისინი სიის უკანა ადგილებზე არ გადაესროლათ. 2007 წლის საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ 12 ქალი, ანუ, 9,2% გავიდა და ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ძალიხსმევა ისევ არ იყო საკმარისი. ამ არჩევნების შემდეგ ქალთა ორგანიზაციებმა პარლამენტს მაშინვე გაუგზავნეს წინადადებები კვოტების სრულყოფისათვის.
“გენდერული კვოტები თვითმიზანი არ არის, ისინი აღიარებულ და ეფექტურ მექანიზმად ითვლება ქვეყნის პარლამენტში ორივე სქესის სამართლიანი წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად“ – ამბობს ჯემა ასატრიანი, „უმაღლესი განათლების მქონე ქალების ასოციაციის“ პრეზიდენტი, და გვიყვება, რომ 2008 წელს მათ საპარლამენტო ფრაქციებში და კომისიებში 23 ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი მიმართვა გააგზავნეს, საარჩვენო კოდექსში შესატანი ცვლილებების აუცილებლობის შესახებ. მიმართვაში ნათქვამი იყო, რომ საარჩევნო კოდექსში უნდა შევიდეს გენდერულად კორექტული ფორმულირება იმის შესახებ, რომ „საარჩევნო სიაში არ უნდა იყოს 70%-ზე მეტი ერთი სქესის პირი და ამას გარდა, სიაში ქალთა და მამაკაცთა კანდიდატურების თანმიმდევრობა არ უნდა აღემატებოდეს სამ პოზიციას“. ამას გარდა, ქალთა ორგანიზაციები მოითხოვდნენ, რომ „პარტიული სიიდან ამოღების ან დეპუტატის მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, ქალის ადგილი ისევ აუცილებლად სიით მომდევნო ქალს დაეკავებინა“.
კვოტების შესახებ საკუთარი მოსაზრებები საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ექსპერტებმაც გამოთქვეს. „მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად ქალთა წარმომადგენლობა ახალ პარალმენტში გაუმჯობესდა, 15%-იანი სავალდებულო კვოტა ქალებისთვის საკმარისად ეფექტური არ არის, რადგანაც ის პარლამენტში ქალთა რიცხვის რეალურ ზრდას ვერ უზრუნველყოფს“ – განაცხადა 2007 წლის საპარლამენტო არჩვენების ეუთოს მონიტორგინის მისიის ექსპერტმა გენდერის საკითხებში კლაუდია ვილერმა[5]. 2009 წელს ასეთივე რეკომენდაცია გასცა CEDAW კომიტეტმა და მოუწოდა „მონაწილე სახელმწიფოს დააჩქაროს საარჩევნო კოდექსში 15%-იანი კვოტის ზრდის პროცესი და შეისწავლოს მისი 20%-მდე გაზრდის შესაძლებლობა[6].
ამ ძალისხმევის შედეგად საარჩევნო კოდექსში გენდერული კვოტა 20%-მდე გაიზარდა, თუმცა, 2012 წლის არჩვენების შედეგად დღეს ქვეყნის პარლამენტში მხოლოდ 14 დეპუტატი ქალია, ანუ, 10,7%. ორი მათგანი მაჟორიტარული წესითაა არჩეული, და ორივე – სახელისუფლებო პარტიის სიიდან. პოლიტიკური პარტიის წევრი ქალები, რომლებსაც ჩვენ არჩევნების შემდეგ ვესაუბრეთ, თანხმდებიან იმაზე, რომ კვოტების გარეშე გაცილებით უარესი შედეგი დადგებოდა, და როგორც ჩანს, მათ აქვთ ამის თქმის რეალური საფუძველი.
„შორი გზიდან მოიარე...“
დღეს მსოფლიოს ერთპალატიან პარლამენტებში ქალთა რაოდენობა საშუალოდ 22,4%-ია, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებს აქვთ – 13,1%.[7] საინტერესოა, რა დრო დასჭირდება სომხეთს, რომ მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს მიაღწიოს, იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ დღეს გაერომ თამასა დააწესა: 50/50 – 2030 წლამდე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში გენდერული კვოტა 5-იდან – 20%-მდე გაიზარდა, ქალების რიცხვი კი 3%-იდან 10, 7%-მდე, ცხადია, რომ ცდა დიდხანს მოგვიწევს. ამ ტემპით დღევანდელ მსოფლიო მაჩვენებლამდე მისაღწევად, სულ მცირე, 50 წელი დაგვჭირდება, ხოლო ქალებისა და მამაკაცების თანაბარ წარმომადგენლებამდე, სულაც – 100 წელი... ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ არ შეიძლება მათემატიკაში ცნობილი სინერგიული ეფექტის გამორიცხვაც, და მაშინ გენდერული თანასწორობა გაცილებით უფრო ადრე დადგება, მაგრამ ცხადია, ამის გარანტიას ვერავინ მოგვცემს. ჯერ კი მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ, რადგანაც ადგილობრივი პოლიტიკოსები ისევ ერთგულებენ პრინციპს „შორი გზიდან მოიარე“ - მათ სულაც არ აღელვებთ ის ფაქტი, რომ ქალები, რომლებიც სომხეთის მოსახლეობის 52%-ს შეადგენენ, პარლამენტში ადგილების მხოლოდ 10%-ს იკავებენ.
კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი კვოტების ეფექტურობას უკავშირდება. რატომ ხდება, რომ არჩევენების შემდეგ დე-ფაქტოდ ვიღებთ ორჯერ ნაკლებს იმ ზღვარზე, რომელსაც კვოტა დე-იურად აწესებს? მსოფლიო პრაქტიკაში, გაეროს მონაცემთა მიხედვით[8] სხვა სურათია – 59-იდან 17 ქვეყანაში, სადაც 2012 წელს გაიმართა არჩვენები და კვოტებს იყენებდნენ, ქალებმა საპარლამენტო ადგილების 27% მიიღეს, იმ დროს, როცა ქვეყნებში, სადაც კვოტები არ ყოფილა, ქალებს მხოლოდ ადგილების 16% შეხვდათ. თუმცა სომხეთში, იმავე 2012 წელს კანონით დამტკიცებული 20%-ანი კვოტების პირობებში, როცა არჩვენებში მონაწილე პარტიების სიებში საშუალოდ 22,6% იყო ქალი - პარლამენტში მხოლოდ 10,7% მოხვდა. მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტორიც, რომ ქალების წარმომადგენლობის გაზრდისთვის კანონით დაწესებული კვოტა ქალების მხრიდან მანდატებზე უარის თქმის პრაქტიკით ნიველირდებოდა.
ქალების შევიწროვების ეს მექანიზმი არჩევნების შემდეგ მალევე გამოჩნდა – როცა პარლამეტში პარტიული სიებით გასული ქალები ერთი მეორის მიყოლებით უარს ამბობდნენ მანდატებზე საზოგადოებისთვის უცნობი მიზეზებით, მათ ადგილს კი მამაკაცები იკავებდნენ. პირველად ეს მექანიზმი 2007 წელს გამოვლინდა, ხოლო 2012-ში კიდევ უფრო დაიხვეწა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელებიც ცდილობდნენ ამ პრაქტიკას შეწინააღმდეგებოდნენ, 2012 წლის არჩევნების წინ სოციალური ვიდეორგოლი მოამზადეს და პარლამენტში მოხვედრილ ქალებს მოუწოდებდნენ, არ ეთქვათ უარი მანდატებზე, რადგან ისინი პარლამენტს სჭირდებოდნენ. მათ პარტიების ხელმძღვანელებსაც მიმართეს - არ მოეხდინათ ქალებზე ზეწოლა. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა მექანიზმმა ამჯერადაც იმუშავა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მათ 26 ქალის განცხადება მიიღეს, რომლებიც უარს ამბობდნენ მანდატებზე, ქალების ადგილი კი პარლამენტში მამაკაცებმა დაიკავეს და ასე აუარეს გვერდი გენდერულ კვოტებს.
აღსანიშნავია, რომ მანდატებზე უარი მამაკაცებსაც უთქვამთ, მაგრამ ჩვენი დაკვირვებით აშკარაა, რომ ისინი, როგორც წესი, არჩევანს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობის სასარგებლოდ აკეთებენ. ქალების უარის უმრავლეს შემთხვევაში კი მოტივი გაუგებარია. თანაც ქალები, რომლებმაც ეს ნაბიჯი გადადგეს, ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე უარს აცხადებენ და საჯაროდ არაფერს ხსნიან. საფუძვლიანია ეჭვი, რომ ამ გადაწყვეტილებას თავად კი არა, პარტიაში იღებენ, როგორც ჩანს, წინასწარი მოლაპარაკების საფუძველზე. აქ კი ჩნდება კითხვა: რატომ თანხმდებიან სიაში ყოფნაზე ქალები, რომელთათვისაც ყველაფერი თავიდანვე ცნობილია, ამგვარად ხომ საკუთარი თავის და კვოტის მექანიზმის დისკრედიტაციას ახდენენ?
დღეს, როცა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები საჯარო განხილვის საგანია, რესპუბლიკის ქალთა ორგანიზაციები და ექსპერტები არა მხოლოდ კვოტების გაზრდას ლობირებენ, არამედ აღნიშნული მექანიზმის აკრძალვასაც ცდილობენ კანონში შესატანი ცვლილებით: მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში ქალის ადგილი სიით მომდევნო ქალმა უნდა დაიკავოს. საუბარია იმაზეც, რომ კვოტა პარტიულ სიებისთვის კი არა, პარლამენტის დე ფაქტო შემადგენლობისთვის განისაზღვროს.
შემდეგი საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 2017 წელს ჩატარდება. ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, მზად არის თუ არა პოლიტიკური ისტებლიშმენტი მიიღოს სამოქალაქო სექტორის რჩევები და რეალურად გაზარდოს გენდერული კვოტა. ცხადი მხოლოდ ერთია –50/50-იანი ზღვარი ადგილობრივი პარტიებისთვის ჯერ ადრეა – უპირველესად შიდაპარტიული დემოკრატის დეფიციტის გამო, რომლის გარეშეც ქალების წინსვლა შეუძლებელია. ამას გარდა, მაღალი კვოტების დაწესების შემთხვევაში პარტიებს აუცილებლად დაუდგებათ სერიოზული პრობლემა და კარგად მომზადებული ქალების დეფიციტიც გაჩნდება. თუმცა, ქვეყანაში ბევრია განათლებული, ჭკვიანი, აქტიური ქალი, რომელთაც მამაკაცებზე არანაკლებად შეუძლიათ საპარლამენტო მოღვაწეობა. და თუკი ისინი პარტიებში არ არიან, ეს თვით პარტიების პრობლემაა. შეიძლება, სწორედ კვოტები დაეხმაროს პარტიებს, გადახედონ საკადრო პოლიტიკას.
შენიშვნები:
[1] პარლამენტთაშორისო კავშირის მონაცემები.
[2]2012 წელს ნაციონალური კრების არჩვენებში რვა პოლიტიკური პარტია ერთ ბლოკად გამოდიოდა.
[3]ქალთა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მონაწილეობის გენდერული თავისებურებები, საზოგადოებრივი კვლევის ცენტრი „კავკასია“, ერევანი, 2011.
[4] საპარლამენტო არჩვენები სომხეთში შერეული, პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ტარდება, მანდატები 90/41 – ნაწილდება, ხოლო კვოტა მხოლოდ პროპორციულ სიას ეხება.
[5] ეუთოს მონიტორინგის მისიის 2007 წლის საპარლამენტო არჩვენების ანგარიშიდან.
[6] ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის პერიოდული ანგარიშის დასკვნითი შეფასებიდან (2009 წლის თებერვალი).
[7] პარლამენტთაშორისო კავშირის ოფიციალური საიტი http://www.ipu.org/english/home.htm
[8] გაეროს ქალთა კომიტეტის ანგარიში: „ქალები პოლიტიკაში –2012“.