ჩემი საყვარელი ფრანგი რეჟისორის, ანიეს ვარდას ფილმი - “ბედნიერება” რომ ვნახე, მახსოვს, ღამე გავათენე ფიქრში: რა შეუძლია ქალ რეჟისორს ისეთი, რასაც ვერ გააკეთებს მამაკაცი? სიცოცხლეს ხომ არ გრძნობს უფრო მძაფრად? ქალი ხომ ჯერ ატარებს სიცოცხლეს და შემდეგ ჩუქნის ახალ სიცოცხლეს სამყაროს... მაგრამ ეს მოსაზრება მალევე დავიწუნე - ანიეს ვარდა კარგ ფილმებს მანამდე იღებდა, სანამ დედა გახდებოდა. მას შემდეგ მაღიზიანებს ყველანაირი მსჯელობა ეგრეთ წოდებულ “ქალურ კინოზე”, ქალების, როგორც დედების განსაკუთრებულ მგრძნობიარობაზე, “დედის როლზე” და ა.შ. უფრო პირიქით - იმას რომ ვიხსენებ რამდენი ენერგია, რამდენი დრო დახარჯა დედაჩემმა ჩემი და ჩემის ძმის აღზრდაში, ჩემს თავს ვეკითხები ხოლმე: ცოტა ნაკლებად მზრუნველი რომ ყოფილიყო, ხომ გახდებოდა კარგი იურისტი, ხომ გამოადგებოდა ქვეყანას, როგორც შესანიშნავი ადვოკატი, მაგალითად... რატომ ჩაჯდა სახლში და რატომ იყო დაკავებული მხოლოდ შვილების აღზრდით? გარდა ამისა, ცოტა ნაკლებად მზრუნველი რომ ყოფილიყო, უფრო დამოუკიდებელი ხომ ვიქნებოდი? ადამიანებს, განსაკუთრებით ქალებს, ხომ არ მოვთხოვდი ამდენ ყურადღებას და... მზრუნველობას?
ბევრი მიფიქრია ასეთ ქალებზე, ასეთ კარგ დედებზე. რამდენი კარგი მხატვარი, ფილოსოფოსი, პოეტი... რა ვიცი, კიდევ ვინ: თუ გნებავთ, კარგი ტაქსის მძღოლი დაკარგა ასე სამყარომ. ისხდნენ და შვილებს ზრდიდნენ. ჰოდა, მე მინდა, რომ ეს ქალებიც თავისუფლები იყვნენ და მათი შვილებიც.
ამიტომ ვარ კვოტების მომხრეც. და არა იმდენად თანასწორობის, რამდენადაც მრავალფეროვნების გამო. მე ვერ ვიტან ერთფეროვნებას და არასდროს მომწონდა მხოლოდ კაცებით გავსებული სივრცეები, ის პარლამენტი, რომელიც 90-იანი წლების თბილისურ სახინკლეს უფრო ჰგავს, ვიდრე პარლამენტს. მოვა დრო, როდესაც არა მარტო კაცი და ქალი, არამედ... სხვებიც მოხვდებიან პარლამენტში. იმდენი “სქესი” იქნება, რამდენიც ადამიანია და მივაღწევთ იდეალურ მრავალფეროვნებას. მაგრამ სანამ ეს დრო დადგება, მინიმუმი მაინც შევძლოთ - “გავამრავალფეროვნოთ” ქალებით პარლამენტი. ვცადოთ. რა ვიცით, რა მოხდება? არაა საინტერესო?