“ჩვენი ბრძოლა ქალზე ძალადობის წინააღმდეგ, გენდერული თანასწორობისთვის, ღირსებისთვის, სამართლიანობისა
და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაა”.
ამონარიდი „ქალთა მოძრაობის“ მანიფესტიდან
რთულია, რომელიმე კონკრეტული დღე მივიჩნიოთ საქართველოს „ქალთა მოძრაობის“ შექმნის დღედ. დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ „ქალთა მოძრაობა“ შეიქმნა მას შემდეგ, რაც ათეულობით ქალს დაეუფლა განცდა, რომ შეუძლებელია ჩვეულებრივად ცხოვრების გაგრძელება, ქალებზე ძალადობის სამწუხარო ინფორმაციად მიღება და ერთმანეთთან მხოლოდ შეშფოთების გამოხატვა.
2014 წლის 17 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის ლექტორის, მაკა წივწივაძის მკვლელობა ის ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რამაც დაგროვილი პროტესტი ახალ სოციალურ მოძრაობად აქცია. ქალები, რომლებსაც საკუთარი წვლილის შეტანა სურდათ თანასწორობისთვის ბრძოლაში, სოციალური ქსელის - ფეისბუკის საშუალებით იმავე საღამოს დაუკავშირდნენ ერთმანეთს. შეხვედრაზე, სადაც ქალთა მოძრაობის დაფუძნება გადაწყდა, 45-ზე მეტი ქალი მივიდა. გადაწყდა, რომ ეს ახალი მოძრაობა მხოლოდ ქალებს გააერთიანებდა, რათა სწორედ ქალების თვალსაზრისი გამხდარიყო მოძრაობის სახის, ინტერესებისა და მუშაობის სტილის განმსაზღვრელი. ქალებს სჭირდებოდათ სივრცე, სადაც მათ საშუალება მიეცემოდათ ერთმანეთთან გახსნილად ესაუბრათ ყველა პრობლემაზე. იქვე დაიგეგმა პირველი კამპანია - 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, საქართველოც უნდა შეერთებოდა. „ქალთა მოძრაობის“ წევრების აზრით, მნიშვნელოვანი იყო სოლიდარობის გამოხატვა იმ ქალების მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიდნენ ძალადობას: მათ უნდა სცოდნოდათ, რომ ისინი მარტო არ იყვნენ მოძალადის პირისპირ და მათ გვერდით ბევრი ქალი იყო, რომელიც მათი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და მშვიდად ცხოვრების უფლებას დაიცავდა.
20 ოქტომბერს „ქალთა მოძრაობის“ ოფიციალური გვერდიც შეიქმნა, სადაც განისაზღვრა მოძრაობის არსი: “ქალთა მოძრაობა არ არის პოლიტიკური პარტია, არ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, არც საქველმოქმედო ფონდი - ეს არის მოძრაობა, რომელმაც გააერთიანა ყველა ის ქალი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობა, ქალების უფლებები და ვინც უკიდურესად შეშფოთებულია მიმდინარე წლის მანძილზე მომხდარი სულ მცირე 24 ქალის მკვლელობით, გახშირებული ძალადობით ოჯახში და ქალების მუდმივი ჩაგვრით საქართველოში”. „ქალთა მოძრაობა“ სამოქალაქო ინიციატივაა.
„ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე!“
მოძრაობის ჩამოყალიბებასა და მის არსზე ფიქრის პარალელურად, გრძელდებოდა ინტენსიური მუშაობა 25 ნოემბრის აქციაზე. კამპანიის დაგეგმვაში აქტიურად ჩაერთვნენ რეგიონებში თემის ლიდერი ქალები, რომლებიც ერთმანეთს საკუთარ რესურსს სთავაზობდნენ. თბილისში დაიწყო მუშაობა მოძრაობის პირველი აქციის იმიჯებზე, მთავარ გზავნილებსა და მედია-კამპანიაზე. შეიქმნა ფეისბუკ გვერდი “25 ნოემბერი და მეტი”, სადაც 2015 წლის ნოემბრის მონაცემებით, ქალაქში და სოფლად მცხოვრები სხვადასხვა პროფესიისა თუ ინტერესის 841 ქალია გაერთიანებული. ეს გვერდი იქცა მოძრაობის აქტივისტი ქალებისთვის ერთმანეთთან სწრაფი კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებად.
„ქალთა მოძრაობის“ ოფიციალური პრეზენტაცია 2014 წლის 17 ნოემბერს კლუბ “ფრონტლაინ ჯორჯიაში” შედგა, სადაც მოძრაობის წევრმა ქალებმა მანიფესტის ტექტი წაიკითხეს. 25 ნოემბერს კი, „ქალთა მოძრაობამ“ გამართა პირველი აქციები “ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე!” ქალები 23 ქალაქში[1] მოითხოვდნენ მათ მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითხის საზოგადოებისა და ქვეყნის ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულ თემად ქცევას.
ამავე დღეს დაიწყო პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება, რომელიც მიმართავდა ხელისუფლების სამივე შტოს და მოითხოვდა დროული, ქმედითი და ეფექტიანი პოლიტიკის გატარებას ქალზე ძალადობის და გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. პეტიციაზე, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის 16 დღიანი კამპანიის ბოლო დღეს, 10 დეკემბერს, „ქალთა მოძრაობამ“ პარლამენტის კანცელარიას ჩააბარა, 6 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.
19 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა პეტიციის მიხედვით შექმნილ რეკომენდაციებს, „ქალთა მოძრაობასთან“ ერთად შეიქმნა საკომიტეტო სამუშაო ჯგუფიც.
„მეტი ქალი პარლამენტში“
მეორე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც „ქალთა მოძრაობამ“ დღის წესრიგში დააყენა, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდა იყო. მოძრაობის წევრებს მიაჩნდათ, რომ პატრიარქალურ კულტურაში ქალის მიმართ არსებული სტერეოტიპების, კულტურული ნორმებისა და ტრადიციების შესაცვლელად საჭირო იყო ქალების პოლიტიკაში მეტი ჩართულობის ხელშეწყობა. მათ მიაჩნდათ, რომ პოლიტიკაში მეტი ქალის მოსვლა (1) ქართულ პოლიტიკას ქალის პრობლემების მიმართ უფრო მგრძნობიარეს გახდიდა, (2) მეტი ყურადღება დაეთმობოდა ქალზე, მისი უფლებების დაცვასა და შესაძლებლობების უკეთ რეალიზებაზე ზრუნვას, (3) გაუმჯობესდებოდა ჯანდაცვისა და განათლების სისტემები.
სწორედ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის მოთხოვნით, 8 მარტს, ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, „ქალთა მოძრაობამ“ მსვლელობები საქართველოს 23 ქალაქში გამართა. მსვლელობების მთავარი გზავნილი იყო “მეტი ქალი პოლიტიკაში”. თუ „ქალთა მოძრაობის“ პირველ აქციაზე სპიკერები მხოლოდ მოძრაობის აქტივისტები იყვნენ, 8 მარტის მარშს შეუერთდა რამდენიმე პოლიტიკური პარტია, სიტყვით გამოვიდნენ ქალი პოლიტიკოსებიც.
„ქალთა მოძრაობამ“ საქართველოს ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის რეფორმის გატარება და დროებითი, სპეციალური ზომის მიღება მოთხოვა, რომელიც პოლიტიკური პარტიების პროპორციულ სიებში კვოტების სისტემის შემოღებას გულისხმობდა, რათა 2016 წლის პარლამენტში 150 წევრიდან სულ მცირე 38 ქალი ყოფილიყო[2].
„ქალთა მოძრაობის“ გამოწვევები
არსებობის ერთი წლის განმავლობაში მოძრაობის როგორც ძლიერი, ასევე სუსტი მხარეები გამოჩნდა. შექმნის დღიდან, „ქალთა მოძრაობა“ თვითრეგულირებადი დინამიური ორგანიზმია და დამოკიდებულია იმ ქალებზე, ვინც თავად გამოიჩენენ ინიციატივას და საკუთარ რესურსს უსასყიდლოდ გაიღებენ საერთო მიზნისთვის. სწპრედ ესაა მოძრაობის ძლიერი მხარე: სხვადასხვა ინტერესის მქონე ქალთა გაერთიანება ერთ პლატფორმაში, რაც მობილიზების კარგი შესაძლებლობაა საერთო მიზნების მისაღწევად.
მიუხედავად იმისა, რომ მმართველობითი რგოლისა და იერარქიული სტრუქტურის არქონა მოძრაობის ერთ-ერთი ხიბლია, ამავდროულად, ის მოძრაობის ერთ-ერთი სისუსტეცაა. საბოლოოდ, მოძრაობის სტრატეგიული განვითარება და კონკრეტული მიზნების მიღწევა მაინც მხოლოდ უფრო აქტიური წევრების ნებაყოფლობით ჩართულობაზე, მათ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ამიტომ, შედარებით აქტიური წევრების რესურსების, უპირველესად, დროის უქონლობა ან შემცირება ართულებს მოძრაობის მუშაობას. ამავდროულად, დროდადრო მოძრაობის წევრებისთვის ბუნდოვანი ხდება თუ ვინ და როგორ იღებს გადაწყვეტილებას მოძრაობის დღის წესრიგის განსაზღვრისას; უჩნდებათ კითხვები, თუ ვინ შეიძლება ისაუბროს მათი სახელით. ისევ შედარებით აქტიური წევრების მცდელობის მიუხედავად, დღემდე ვერ მოხერხდა მოძრაობის სტრუქტურის შექმნა.
მიუხედავად იმისა, რომ გენდერზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თავიდანვე გახდნენ „ქალთა მოძრაობის“ წევრები, საწყის ეტაპზე არ იყო მარტივი გენდერული კვოტების საკითხებზე პარლამენტთან მომუშავე „ტასკ-ფორსში“[3] შემავალ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ურთიერთობა. აქტიური კამპანიისა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აქციების გამართვის შემდეგ, ქალთა ახალი მოძრაობა სწრაფად გახდა პოპულარული, შეძლო მხარდამჭერთა წრის გაფართოვება და, რაც მთავარია, მეტი ქალის ჩართვა. სწორედ ამიტომ, ის ხელისუფლებისთვის ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. მუშაობის მრავალწლიანი, მაგრამ ნაკლებად საჯარო გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც „ტასკ-ფორსში“ შედიოდნენ, მოძრაობა კონკურენტად აღიქვეს. აქტივისტებს კი მიაჩნდათ, რომ მოძრაობა არ შეიძლება ვისიმე კონკურენტი ყოფილიყო, რადგან მისი მთავარი ამოცანა საერთო მიზნის მისაღწევად ყველა შესაძლო რესურსის ჩართვა იყო. აქტივისტების აზრით, „ქალთა მოძრაობამ“ ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა უფრო აქტიურ, მეტად საჯარო ეტაპზე გადაიყვანა.
„ქალთა მოძრაობის“ ერთი წელი - შედეგები
მოძრაობის შექმნიდან ერთი წლის შემდეგ, მთავარ მიღწევად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ ქალთა უფლებები, გენდერული თანასწორობა, ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდის საკითხები საზოგადოების დღის წესრიგში დადგა. ამ საკითხებზე უფრო მეტმა ქალმა დაიწყო ფიქრი და მუშაობა.
ცოტა უფრო კონკრეტულად კი, „ქალთა მოძრაობის“ შექმნიდან ერთი წლის თავზე საქართველოს პარლამენტის „ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში“ მოსმენა გაიმართა. მოძრაობის წევრებმა მოისმინეს მათ მიერ პარლამენტში შეტანილი პეტიციის საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულების შუალედური ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ჯანდაცვის, განათლების, შინაგან საქმეთა სამინისტროებმა რიგი რეკომენდაციები შეასრულეს, ნაწილზე კი მუშაობას აგრძელებენ. რეკომენდაციების ჯეროვანი შესრულების თაობაზე დასკვნას კომიტეტი „ქალთა მოძრაობასთან“ ერთად მოამზადებს. სხვადასხვა სამინისტრომ „ქალთა მოძრაობას“ კონკრეტული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგისთვის სამუშაო ფორმატები შესთავაზეს. ნელ-ნელა ქართული პოლიტიკა ქალთა საკითხების მიმართ იცვლება და უფრო მგრძნობიარე ხდება.
„ქალთა მოძრაობა“ ქალებისათვის აღმოჩნდა ის პლატფორმა, სადაც ერთმანეთისთვის ცოდნის გაზიარებისა და პრაქტიკული დახმარების გარდა, მათ შეძლეს საერთო მიზნის მისაღწევად გაერთიანება, ერთმანეთისთვის სოლიდარობის გამოხატვა და იმის დაჯერება, რომ ერთად, ქალები შეცვლიან ქვეყანას უკეთესობისკენ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ, თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქისთვის. შეცვლიან სწორედ ისე, როგორც მათ შეცვალეს ციხეში პატიმარი ქალების ყოფა სასჯელაღსრულების მინისტრთან აქტიური მუშაობის შედეგად, როგორც შეცვალეს გენდერის სამაგისტრო პროგრამის ორი სტუდენტი გოგოს ცხოვრება, როცა რამდენიმე დღეში შეაგროვეს მათი სასწავლო წლის დასაფარი თანხა.
სწორედ განათლებისა და არჩევანის უფლების მოთხოვნით აღნიშნავს „ქალთა მოძრაობა“ დაარსების პირველ წელს. ვინაიდან ადრეულ ასაკში გოგონების გათხოვების ოფიციალური სტატისტიკა არ არის ცნობილი, „ქალთა მოძრაობა“ ხელისუფლებისგან პრობლემის მასშტაბის განსაზღვრას და გოგონებზე სექსუალური ძალადობისგან პრევენციის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავებას მოითხოვს. 2015 წლის 25 ნოემბრის აქცია-ფერფორმანსი ჩაივლის გზავნილით: “ნუ გაათხოვებ! მიეცი გოგონებს ის, რაც ეკუთვნით: საკუთარი ცხოვრება, არჩევანი, სწავლა, დამოუკიდებლობა!”
ნუ გაათხოვებ! - Georgian Women's Movement
Watch on YouTubeვიდეო: საინფორმაციო რგოლი ადრეული ქორწინების შესახებ
შენიშვნები:
[1] თბილისი, ზუგდიდი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი, თელავი, ახალციხე, ნინოწმინდა, ახალქალაქი, მარნეული, დუშეთი, გარდაბანი, დმანისი, წყალტუბო, გორი, ბოლნისი, გურჯაანი, რუსთავი, ქობულეთი, წნორი, ხაშური, ბორჯომი, სიღნაღი
[2] კერძოდ, ქალთა მოძრაობამ მოითხოვა ცვლილებების შეტანა საარჩევნო კოდექსში, რომლის მიხედვითაც პოლიტიკურ პარტიებს საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული პარტიული სიების წარდგენისას, სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა ყოლოდათ, რითაც დაიცავდნენ სქესთა 50 %-იან ბალანსს. ამავე დროს, პარლამენტისა და საკრებულოს წევრის მანდატზე უარის თქმის შემთვევაში, წევრი უნდა შეეცვალა სიაში მომდევნო იმავე სქესის წარმომადგენელს. თუმცა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2015 წლის 18 ნოემბერს მხარი დაუჭირა ალტერნატიულ კანონპროექტს, რომლის მიხედვით პროპორციულ სიაში ყოველ მომდევნო სამ კანდიდატს შორის, ერთი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. ქალთა მოძრაობა აგრძელებს პოლიტიკურ სივრცეში თანასწორობისთვის ბრძოლას.
[3] სამუშაო ჯგუფი