სარეცხი მანქანა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ უამრავი ქალი დარჩა მკერდის გარეშე. არ მაქვს სტატისტიკა, მაგრამ ვხედავ. ბევრს ვკითხე, შეამჩნიეს თუ არა. ზოგიერთმა ქალმა ცალი ძუძუ მოიჭრა, ზოგიერთს ორივეს მოშორება დასჭირდა. მხოლოდ მცირე ნაწილმა შეძლო მკერდის სიმრთელის შენარჩუნება და მავნე წანაზარდები ამოიკვეთა. მოვრჩეთ ამ სევდიან ამბავს, აქ მთავარი სხვა რამ არის: საყოველთაო ჯანდაცვის გარეშე ეს ქალები დაიღუპებოდნენ.

სოფლად მცხოვრები ქალები - მათ შორის ბევრია ისეთი, ვისაც წინა აბზაცი მიემართება - იღვიძებენ გამთენიისას, 5 საათზე. მიდიან აუნაზღაურებელ სამუშაოზე ყანაში, ბოსტანში, ვენახში, ხილის ბაღში. სახლში მოსულები უბრუნდებიან აუნაზღაურებელ შრომას: აშიშხინებენ ტაფებს, ანაწავრებენ საკვებს, დგანან სარეცხ ნიჟარასთან, ჯამ-ჭურჭელს რეცხავენ. არიან ისეთებიც, რომლებიც ყანის, ვენახის, ბოსტნის მოვლის შემდეგ, დილის 9 საათისთვის, მიდიან ანაზღაურებად სამსახურში - სკოლაში, გამგეობაში, ბიბლიოთეკაში, საწარმოში - ზესტაფონში, ჭიათურაში, კაზრეთში - და იქიდან დაბრუნებულები იწყებენ ოჯახის ყველა წევრის ჭუჭყიანი ტანსაცმლის რეცხვას. ან სამსახურის ნაცვლად, რაიონული ცენტრის ბაზარში მიდიან სოფლის პროდუქტის გასაყიდად, სახლში მობრუნებულები კი იწყებენ ოჯახის ყველა წევრის ჭუჭყიანი ტანსაცმლის რეცხვას.

ეს ბავშვობისდროინდელი ხატია: თავდახრილი და ბეჭებში მოხრილი ქალი სხვადასხვა ზომის ბინძურ ტანსაცმელს რეცხავს. მეტი მინიშნება საჭირო არ არის, გასაგებია, რა ხატიც არის თავდახრილი ქალი. მეჩვენება, რომ საჭმელს როგორმე გააკეთებს, ჭურჭელსაც უცებ გაავლებს, მაგრამ ტანსაცმლის, თეთრეულისა და ფარდების, წყლით უსაშველოდ დამძიმებული ამ ძონძების რეცხვის პროცესი არასდროს მთავრდება. ამაზე მოკლედ ვლაპარაკობ ერთ ქალთან, რომელიც სოფლელ ქალებთან მუშაობს. ვასკვნით: სარეცხი მანქანა, პირველ რიგში, სარეცხი მანქანა არის საჭირო ქალებისთვის დროის გამოსათავისუფლებად, მოცალეობითი დროისთვის, ფიქრის დაწყებისთვის. საჭირო არის ტოტალური შრომისგან ქალების გაფიცვა.

ქველმოქმედებას, როგორც პრობლემის მოგვარების გზას, როგორ ვუყურებ, ეს სხვა და გრძელი ამბავია, მაგრამ ისეთი მოცემულობებიც არის ხოლმე, როდესაც ენერგია უნდა მივმართოთ იმაზე, რაც შესაძლოა, ქველმოქმედებად დაარეგისტრირონ. როდესაც სისტემის გარდაქმნაზე ვლაპარაკობთ ან სისტემის გარდაქმნისთვის ვმოქმედებთ, პატარა ამბებიც უნდა გვახსოვდეს ხოლმე. თითო ქალაქელმა მდიდარმა ქალმა სოფლად მცხოვრებ თითო ღარიბ ქალს რომ სარეცხი მანქანა უყიდოს, ეს არაჩვეულებრივი იქნება. ან, შესაძლოა, ერთი მანქანა საკმარისი იყო სოფლის 5 ოჯახისთვის. ჩვენ ამას ურთიერთდახმარება დავარქვათ, ან უკეთ - დახმარება, საპასუხო დახმარების მოლოდინის გარეშე.

უკვე მესმის ლეგიტიმური კრიტიკა: რეცხვის საქალებო საქმედ გამოცხადება უკვე ჩაგვრის მანქანის ნაწილია; აუნაზღაურებელია რეცხვა მანქანით თუ ხელებით; სარეცხი მანქანა არ არის ინსტრუმენტი ქალების ჩაგვრის გიგანტური მანქანის წინააღმდეგ; რომ მდიდარი ქალაქელი ქალი, რომელსაც სარეცხი მანქანისა და საშრობისთვის ცალკე ოთახი აქვს, ასევე რეპრესირებულია. მე ვიზიარებ ამას, მაგრამ შეუძლებლად მეჩვენება უმცირესი თავისუფალი დროის გარეშე ფიქრის დაწყება საკუთარ უფლებებზე, პოლიტიკურ მონაწილეობაზე, თვითორგანიზებაზე. იქნებ, ახალ თავისუფალ დროს, ქალებმა იზრუნონ მეტი თავისუფალი დროის გაჩენაზე.  მაგალითი: საქართველოში არის სოფლები, სადაც საერთოდ არ არის საბავშვო ბაღი; ქალებს შეეძლოთ, სარეცხისგან გამოთავისუფლებული დრო გამოიყენებინათ თვითორგანიზებული საბავშვო ბაღის შესაქმნელად; მათ შეეძლოთ, მორიგეობით ეზრუნათ ერთმანეთის შვილებზე; საბავშვო ბაღების გაჩენა მათ ყოველდღიურ მძიმე შრომას მცირედით შეამსუბუქებდა. ინფანტილურია? შეიძლება.

უკიდურესად მიჭირს ამ რუბრუკისთვის სიტყვების თავმოყრა. ოთხ ვარიანტზე ვფიქრობდი. ერთი ქალთა მოძრაობას შეეხებოდა; მეორეში ვციტირებდი ალ. ბადიუს და ციტატას ვამახინჯებდი - თუ გვინდა ქალთა საკითხებზე ვილაპარაკოთ, ქალებმა და კაცებმა უნდა ჩაატარონ ორი სხვაგასხაგვარი ოპერაცია: ლაპარაკის დაწყებამდე, კაცები ჯერ უნდა გახდნენ ქალები, ხოლო ქალები ჯერ უნდა გახდნენ კაცები და შემდეგ გახდნენ ქალები; მესამე ვარიანტიც მქონდა, უფრო კაცებზე: კაცების ნაწილი, რომელიც ყელმოღერებული წერს რუბრიკისთვის "რატომ არ მეშინია ფემინიზმის" და არანაირი უხერხულობის გრძნობა არ უჩნდება: არ უჩნდება უხერხულობა, შეაქოს ქალთა ამჟამინდელი ძალისხმევა - თითქოს შექება და ძაგება ამ კონტექტსში განსხვავებული იყოს: ვერ ხედავს, რომ თუ გაქვს შექების უფლება, გაქვს ძაგების უფლებაც; მეოთხე იყო ენცენსბერგერის ერთ ლექსზე, სადაც კომუნისტი ქალი ასაერთოებს საკუთარ, პრივატიზებულ საწარმოო საშუალებებს.

წინამდებარე წერილი მეხუთე ვარიანტია, სადაც ვცდილობდი მომეშორებინა ეს სახე: თავდახრილი ქალები რეცხავენ სხვადასხვა ზომის ჭუჭყიან ტანსაცმელს.