ერთი ჩვეულებრივი გოგონა ვიყავი, პასუხისმგებლიანი და მოწესრიგებული. ინსტიტუტიც წარმატებით დავამთავრე და ჩემი სპეციალობით (ინჟინერ კონსტრუქტორი) ოთხი წელი ვიმუშავე. გარდამავალ პერიოდში ჩემს სპეციალობაზე მოთხოვნა აღარ იყო და მეც დიასახლისად ვიქეცი, თერთმეტი წელი თბილისში მხოლოდ შვილების აღზრდით ვიყავი დაკავებული. შემდეგ ისე მოხდა, რომ სოფელში მომიწია საცხოვრებლად გადასვლა. აქ ცხოვრებამ ჩემი თავი სხვა მხრიდან დამანახა. დრო დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ მხოლოდ ჩემი თავისა და ოჯახისთვის არ უნდა მებრძოლა, რომ ბევრი რამ შემიძლია. მალევე შემოვიკრიბე თანამოაზრეები და გავერთიანდით, რათა სოფელში ცხოვრება გაგვეხადა უფრო საინტერესო, შეგვეცვალა გარემო.
ახლა, როცა თვალს ვავლებ ჩვენს პირველ პროექტს, ვფიქრობ, ამ ექვს წელიწადში როგორ გავიზარდეთ. ბევრ სირთულეს ვაწყდებოდით. აქტიურ ადამიანებს, მითუმეტეს ქალებს, მოსახლეობა კრიტიკულად გვაფასებდა, ჩვენს საქმიანობას სერიოზულად არ აღიქვამდა. ხშირად თავად ქალებიც კი არ გვიჭერდნენ მხარს. ჩვენ კი გეზი მაინც ახალგაზრდებისა და მოზრდებისკენ ავიღეთ. ვაწყობდით ფილმის ჩვენებებსა და დისკუსიებს, რაც სოფლის ახალგაზრდებისთვის უცხო ხილი იყო. თემები, რომლებსაც დისკუსიის დროს ვეხებოდით (ქალთა უფლებები, გენდერული ძალადობა, დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმები, ქსენოფობია, ჰომოფობია), მოზარდებს შემდეგ უკვე ოჯახის წევრებამდე მიჰქონდათ, მათთან იწყებდნენ საუბარს. მოგვიანებით მათი დედებიც შემოგვიერთდნენ და ასე გაჩნდა ქალთა კლუბიც.
მაშინ საერთოდაც არ ვფიქრობდი, რომ მე ფემინისტი ვიყავი, გულახდილად რომ ვთქვა, ამ ტერმინს პოზიტიურად არც აღვიქვამდი. თუმცა, რამდენიმე წელია, რაც ჩემს პოზიციას დავარქვი სახელი - დიახ მე ფემინისტი ვარ, ვიცავ ქალთა უფლებებს და მინდა მათ დავეხმარო, რომ გაძლიერდნენ. ამ ყველაფრისთვის ნამდვილად არ არის აუცილებელი პროექტი გქონდეს.
მაგალითად, ცოტა ხნის წინ ნასაკირალის თემში (გურია) მცხოვრები ეკომიგრანტი ქალები გავიცანი, ძალიან მაგარი ქალები, მრავალსულიანი (12-13 სულიანი) ოჯახების რძლები, რომლებსაც ვეხმარები კომპიუტერის სწავლაში და კვირაში სამ დღეს მათთან ვატარებ. ჩვენ მარტო კომპიუტერს არ ვსწავლობთ, მე მათ ვუყვები ჩემს გამოცდილებაზე, მინდა, რომ მათ თავიანთ თავში იპოვონ ძალა და ღიად თქვან უარი ქალების ჩაგვრაზე, გაზარდონ თავიანთი გოგონები ლაღები და თავისუფლები. შეიძლება ვერ შევცვალო თემის ცხოვრება, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამ ხუთი ქალის ცხოვრება ნამდვილად შეიცვლება, და შესაბამისად, შეიცვლება მათი ოჯახის წევრების ცხოვრება, შეიცვლება მათი შვილების მომავალი.
სოფელი ქალაქისაგან ძალიან განსხვავდება სოციუმის დაუწერელი კანონებით, რომელსაც მე არ ვემორჩილები. ხშირად, როცა სემინარებისა და ტრენინგების ჩასატარებლად გავდივართ სოფლებში, ადამიანებს ვუხსნი, რომ ჩემი ოჯახი გვერდით მიდგას და ზუსტად ამ თანადგომით მივაღწიე წარმატებას, რომ ჩვენ - მე და ჩემი მეუღლე, სახლშიც ვინაწილებთ შრომას და ამ ღირებულებებზე იზრდებიან ჩვენი შვილები. ცოცხალი მაგალითი ადამიანებისთვის შთამაგონებელია და ცვლილებები უფრო სწრაფად მიიღწევა.
დღეს მე ვცხოვრობ ღირებულებებით: არასოდეს დავჩაგრავ სუსტს და არასოდეს შევეგუები უსამართლობას; მინდა, მოზარდებს ჰქონდეთ განათლების მიღებისა და გართობის საშუალება; მინდა, აქ - ამ სოციუმში, სკოლამდელი ასაკის ბავშვებსაც აღიქვამდნენ პიროვნებებად; მინდა, ხანდაზმულებს ჰქონდეთ ღირსეული სიბერე; მე მინდა, ყველა შესახვევში მოციმციმე ჯვრების ნაცვლად, ბედნიერ და გაღიმებულ ადამიანებს ვხვდებოდე.
მე ვიბრძვი ცვლილებებისთვის, ამიტომაც ვთვლი თავს ფემინისტად.