‘იკითხე პოლიტიკა’ ფიქრობს, რომ ქალების რეპრეზენტაცია საჯარო სივრცეში უნდა გაიზარდოს, ვინაიდან კერძო სივრცეში პრობლემის გადატანა მათი განხილვის და გადაწყვეტის გზებზეც ახდენს გავლენას. ამასთან, იკითხე პოლიტიკა ფიქრობს რომ მხოლოდ რეპრეზენტაცია კი არა, საჯარო სივრცე უნდა გახდეს უფრო ფემინური - ანუ ქალთა პრობლემების, ხედვის და საკითხების მიმართ მგრძნობიარე და წარმომადგენლობითი.
არსებობს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის სხვადასხვა გზა: ერთ-ერთი არის გენდერული კვოტების სისტემა, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტიურად შემოვიდა სხვადასხვა ფემინისტური ჯგუფის ძალისხმევით. ჩვენ გვგონია, რომ კვოტების შემოღება, თავისთავად არც კარგია და არც ცუდი და რომ არცერთ მოცემულობაში არ შეიძლება იყოს ეს სისტემა ცალსახად ცუდი ან კარგი.
რა არის გენდერული კვოტების სისტემა?
გენდერული კვოტა, რომელიც დაწესებულია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისათვის, არის ქალთა გაძლიერებისკენ მიმართული, ისტორიული უსამართლობის გამოსწორების ერთგვარი მცდელობა. ისტორიულ უსამართლობად ვთვლით იმას, რომ ქალის გენდერული როლი შეზღუდული იყო კერძო სივრცეში და ‘პოლიტიკის კეთება’ (რომელიც, რატომღაც მიჩნეულია, რომ ბინძური საქმეა) მთლიანად კაცის პრეროგატივაა. ამას ებმება განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის, საჯარო სივრცეებში თანაბარი შეღწევის, თანაბარი ანაზღაურების და სხვა პრობლემები, რასაც ირიბად დიდი გავლენა აქვს ქალთა ფიზიკურ წარმომადგენლობაზე საჯარო სივრცეში.
რა არის პოლიტიკა / პოლიტიკური?
პოლიტიკა არ არის მარტო ის, რაც ხდება პარლამენტში, მინისტრთა კაბინეტებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ჩვენ გვჯერა, რომ პოლიტიკურია წინააღმდეგობის, თვითგანვითარების, თვითგამოხატვის ყველა აქტი. პოლიტიკურია ყველა აქტი, რომელიც ნებას გამოხატავს გარდაქმნისათვის. პოლიტიკურია ყოველდღიური გადაწყვეტილებები საოჯახო შრომის განაწილების შესახებ, ზრუნვის განაწილების შესახებ, ემოციური შრომის შესახებ. პოლიტიკურია გადაწყვეტილება საჯარო ან კერძო სივრცეში მონაწილეობის შესახებ. პოლიტიკურია ხელოვნება, როგორიც არ უნდა იყოს ის. ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი ქმედება, იმისდა მიუხედავად, გარღვევაა ყოველდღიურობაში თუ უბრალოდ არსებული სოციალური რეალობის უმტკივნეულო გადმოტანა - პოლიტიკურია რადგან თუ პერსპექტივაში განვიხილავთ, ამგვარი ქმედებების ერთიანობას მოაქვს შედეგი.
თუმცა, არსებულ პოლიტიკურ სისტემაში გადაწყვეტილებების მიღებისა და განვითარების პროცესებზე გავლენის ბერკეტი განთავსებულია რამდენიმე სივრცეში. და ამ სივრცეებში ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობა ძალიან დაბალია. მაგალითად, თუ 2012 წლის მოწვევის პარლამენტში ქალები მხოლოდ 12% იყვნენ, პარტიების წინასაარჩევნო სიების გენდერული ანალიზი საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ შემდეგი მოწვევის პარლამენტში ეს რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება.
კვოტები მუშაობს ზუსტად ამ უკვე შექმნილი პატრიარქალური სისტემის შიგნით, პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად. ფიზიკური რეპრეზენტაციისათვის, გენდერული თანასწორობის მოდელის ერთგვარ ფორმირებას ახდენს.
გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით ძირითადად ორი კითხვა ჩნდება.
პირველი: ამართლებს თუ არა ეს ‘გენდერული თანსწორობის მოდელი’ არსებული პოლიტიკის სხეულის შიგნით? ანუ, მართლა მონაწილეობენ ქალები პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში? და თუ მონაწილეობენ, იღებენ ისინი ქალებისათვის სოლიდარულ გადაწყვეტილებებს ქალთა საკითხებზე, თუ აგრძელებენ პატრიარქალურ ლოგიკას და ხდებიან მარიონეტები პატრიარქალური პოლიტიკის სისტემაში?
და მეორე: იმ შემთხვევაშიც კი, თუ სრულფასოვნად მონაწილეობენ და იღებენ ქალებისათვის "სასარგებლო" გადაწყვეტილებებს (დავუშვათ, ქალთა 50%-იანმა შემადგენლობამ პარლამენტში წამოწია და მხარი დაუჭირა ორსულობის შვებულების, აბორტის, ქორწინების, ქონების განკარგვის და ქალებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებს პარლამენტში), რამდენად წარმოადგენს ეს პოლიტიკოსი მაღალი წრის ქალი მთელი დანარჩენი ქალების პრობლემებს? ანუ დაიცავს ვიცე-პრემიერი ქალი სოფლად მცხოვრებ ქალთა უფლებებს? სოციალურად დაუცველ სოფლად მცხოვრებ ქალთა უფლებებს? სოციალურად დაუცველ სოფლად მცხოვრებ ბისექსუალ ქალთა უფლებებს? სოციალურად დაუცველ, სოფლად მცხოვრებ, ეთნიკურად არა-ქართველ, ბისექსუალ ქალთა პრობლემებს?
მოკლედ, კვოტების მოწინააღმდეგეებს მრავალი არგუმენტი აქვთ კვოტების გენდერულ ესენციალიზმზე, ბინარულ ლოგიკაზე და ნაკლებად ინტერსექციურ რეპრეზენტატიულობაზე დაყრდნობით. რთულია? დიახ. ამიტომ, სანამ კაცები გადაწყვეტენ, საჭიროა თუ არა, რომ ქალი პოლიტიკოსი საერთოდ არსებობდეს და რიგი საკითხების გადაწყვეტის უფლება ჰქონდეს, უნდა მივიღოთ კანონი, რომელიც ამ უთანასწორობას ფორმალურად მაინც დაძლევს. ამასთან, რა თქმა უნდა, აუცილებელია, ვიკამათოთ საჯარო სივრცეში წარმოდგენილი ქალი პოლიტიკოსის წარმომადგენლობის ლიმიტების შესახებ.
“იკითხე პოლიტიკა” ფიქრობს, რომ ყველა ამ მოცემულობის გათვალისწინებით კვოტები კარგი მცდელობაა ისტორიული უთანასწორობის გასათანაბრებლად (ქალთა საჯარო სფეროში მონაწილეობას ვგულისხმობთ) მაგრამ დროებითია. კვოტების სისტემას სჭირდება სხვა ფემინისტური ინსტრუმენტების დროულად ამოქმედებაც, რათა მოხდეს რეალური გაძლიერება და გვქონდეს შედეგი. მოკლედ, მხოლოდ კვოტები საჯარო სივრცეში გენდერული დისბალანსის სურათს არ ცვლის. ხოლო ‘იკითხე პოლიტიკა’ შეიძლება განვიხილოთ ერთ-ერთ ასეთ ფემინისტურ ინსტრუმენტად.