ბავშვობის მოგონებები, რომლებიც ჩემს დღევანდელ საქმიანობასაც ხშირად ეხმიანება, ფოტოკადრებად შემომრჩა. ზოგჯერ მათ ნაწყვეტი ფრაზებიც მოჰყვება. ყველაზე ხშირად მახსენდება ფრაზა - „ბიჭის გამო გაჩენილი“. ამას იმ გოგოებს ეძახდნენ, რომლებსაც მხოლოდ დები ჰყავდათ და მრავალშვილიანი ოჯახებიდან იყვნენ. ეს აქტიური ბულინგის თემა იყო ჩემი მეგობრებისთვისაც, რომლებსაც პატარა ძმები ჰყავდათ. ბიჭის დაბადების შემდეგ, ოჯახებმა „შვებით ამოისუნთქეს“, რძლებმა კი, თამამად გაუსწორეს თვალი დედამთილებს და სამეზობლოს. შერეული ემოციები მახსენდება, მწყინდა მათ მაგივრად და მიხაროდა ჩემი სამი უფროსი ძმის არსებობა, ეს „ტიტული“ მეც რომ არ მერგო.
დაახლოებით მაგ დროს გავიგე სიტყვა „აბორტი“ და ვიცოდი, რომ ეს იყო მეთოდი, რომლითაც ბიჭის დაბადება იყო შესაძლებელი. დღემდე მახსოვს ის შიში, მეზობელი ქალების საუბრის მოსმენისას რომ დამეუფლა, რომლებიც ყვებოდნენ, როგორ გაიკეთეს ორი ან მეტი აბორტი, როგორ არ უნდოდათ გოგო. მახსოვს, თავბრუ დამეხვა და გარეთ გამოვედი. მიხაროდა, რომ მე გადავრჩი. მაშინ დაახლოებით 7 წლის ვიქნებოდი.
თინეიჯერობის ასაკში უფრო აქტიურად მესმოდა ის, რასაც მაშინ „კონტროლს“ ვეძახდით. ჩემი კლასელი ძმას უთანხმებდა რა ჩაეცვა, ჩემს საუკეთესო მეგობარს ბევრგან არ უშვებდნენ, რადგან მამა იყო წინააღმდეგი. რამდენიმე მეგობარი გოგონა მიყვებოდა, რომ სანამ ძმა არ დაიბადა, „ზრდიდნენ როგორც ბიჭს“ და სხვა.
მაშინ, რა თქმა უნდა, ამ მოვლენის სახელდებას ვერ ვაკეთებდი. ვერც იმას ვხვდებოდი, რა იყოს ის, რაც არ მომწონდა, ან რაც არ მინდოდა რომ მომხდარიყო. 18 წლისამ მუშაობა ქალთა ორგანიზაციაში დავიწყე და რაღაცეებს მაშინ დავარქვი სახელი. მათ შორის, ჩემს პროტესტსაც. თანდათან ვერთვებოდი უფლებადაცვით საქმიანობაში და უკვე ვიცოდი, რომ „ბიჭის გამო გაჩენილი“ გოგოები გენდერული ნიშნით სქესის სელექციას „გადაურჩნენ“, რომელსაც, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი გოგო ვერ გადაურჩა. პატრიარქალური კულტურა ჩვენზე ძალადობდა, დაბადებამდეც.
ამ გადმოსახედიდან, საზოგადოება კვლავ ცხოვრობს სტერეოტიპულ დამოკიდებულებებში, სადაც უპირატესობა ბიჭს ენიჭება, ხოლო გენდერული ნიშნით სქესის სელექცია მხოლოდ ბავშვობის მოგონება არაა და დღემდე აქტუალურია. იმ პერიოდებს, რომლებიც ჩემში თანასწორობას უკავშირდებოდა, რამდენიმე ეტაპად ვყოფ.
პირველი - როცა მიკვირდა და მეშინოდა იმის, რაც ჩემს გარშემო ხდებოდა, რაზეც დედები საუბრობდნენ, რისთვისაც ბავშვები ერთმანეთს ჩაგრავდნენ; გადარჩენილი გოგო რომ ვიყავი.
მეორე - როცა პროტესტი გამიჩნდა - არ მომწონდა ის, რაც ჩემი მეგობრებისგან მესმოდა; მინდოდა ჩემი მეგობარიც დარჩენილიყო ჩემთან, მინდოდა ის ჩაეცვათ, რაც მათ უნდოდათ და არა მათ ძმებს. მინდოდა, ისე წავსულიყავით სასეირნოდ, რომ არ ეფიქრათ უფროს ძმებზე, მეზობლის ქალებსა და ბიძაშვილებზე.
მესამე - როცა სახელდება მოვახდინე. როცა ყველაფერს სახელი დავარქვი - ჩაგვრას, აბორტს, სტერეოტიპსა და თანასწორობას.
მეოთხე - როცა ძალიან მეტკინა ყველა ქალის გამო, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა, ყველა გოგოს გამო, რომელსაც „ბიჭის გამო გაჩენილი“ დაერქვა, ყველას გამო, რომელიც მისი სქესის, ორიენტაციის თუ იდენტობის გამო დაიჩაგრა, როცა მე ვერ დავეხმარე.
და ბოლოს, როცა აღარ მეშინია!