არ შემშლია. ზუსტად ამაზე ვაპირებ დაწერას - რომ ფემინიზმი საშიშია; და რომ უნდა იყოს საშიში. ძალიან მომწონს წელს პარიზში ჩატარებული ფემინისტური მსვლელობისას ერთ პოსტერზე გაჟღერებული ეს მოწოდება - „MAKE FEMINISM A THREAT AGAIN“.
დიახ, თუ ფემინიზმი საშიში აღარ არის, დროა, ის ისევ საშიში გავხადოთ. თუკი არ გვინდა, რომ ფემინიზმი საშიში იყოს, ან იმედი გვაქვს, რომ ეს შესაძლებელია (მანამ, სანამ ფემინიზმს კიდევ აქვს რამე საკეთებელი), რაღაც ფუნდამენტურ ჭეშმარიტებას ვივიწყებთ ან ვჩქმალავთ. ამას წინათ კი ერთმა ფემინისტმა მითხრა - ხალხი რომ არ შევაშინოთ, ფემინიზმს ნუღარ ვახსენებთ, ისე ვაკეთოთ ფემინიზმის საქმეო.
ხალხისა არ ვიცი, მაგრამ მათ შეშინებას ვეცდები, ვინც ფიქრობს, რომ ფემინიზმის არ ეშინია. თუ არ გამომივა, ამ რუბრიკის ორი გამორჩეულად კარგი პოსტის გადაკითხვისკენ მაინც გიბიძგებთ.
***
ასეთი რამ (შეშინების ცდა) აქ ერთხელ უკვე გააკეთა გიორგი მეგრელიშვილმა, როცა ფემინისტი კაცებისგან რადიკალური სიჩუმე მოითხოვა.
გაჩუმება თუ დუმილი, როგორც ფემინისტი კაცის ვალდებულება - ეს ერთი ყველაზე სტაბილურად დაბრუნებადი თემაა, როგორც კი ფემინისტი ქალები და კაცი ფემინისტები ერთმანეთთან ფემინიზმზე იწყებენ ლაპარაკს.
ამ ვალდებულების სასარგებლო ყველაზე ძლიერი არგუმენტი ძალიან ზუსტად აქვს გიორგის ჩაჭერილი: პრივილეგია - ჰერპესივით - გაქვს ან არ გაქვს. ეს მყარი ფაქტია. თუ გაქვს, ვერსად წაიღებ. და შენი ლაპარაკი, შენი ზრახვებისაგან დამოუკიდებლად, გადაფარავს ნაკლებად პრივილეგირებულისას. პრივილეგირებულის ლაპარაკი, თქმულის შინაარსისა და მთქმელის განზრახვისგან დამოუკიდებლად, მის პრივილეგიას აძლიერებს - თანაც, ზოგჯერ პარადოქსულად, მით უფრო აძლიერებს, რაც უფრო ეფექტურად აღწევს თავის მიზანს. და თუ მართალია, რომ - და კერძოდ ამაში ბოლომდე და უპირობოდ ვეთანხმები გიორგის - ქცევის რადიკალიზმი მისი შედეგებით უნდა შევაფასოთ და არა მისი ფორმით, მაშინ კაცისგან ყველაზე რადიკალური ფემინისტური აქტი გაჩუმება და ქალისთვის მოსმენაა.
როგორც ვთქვი, ეს არგუმენტი ყველაზე ძლიერად მიმაჩნია პრივილეგირებულთა სიჩუმის მოთხოვნის სასარგებლოდ (განსხვავავებით, მაგალითად, არგუმენტისაგან, რომ კაცი ფემინისტი ვერ იქნება). მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ის გადამწყვეტი არგუმენტია. რატომ არა, ცოტა გვიან ვიტყვი. წინასწარ მხოლოდ ამას გავამხელ: როგორი საშიშიც არ უნდა ჩანდეს, მისი შედეგები არ არის საკმარისად საშიში.
მანამდე კი უნდა გავჩერდე იმაზე, თუ რა არ არის ეს არგუმენტი და რა არ არის რადიკალური სიჩუმის მოთხოვნა.
***
პრივილეგია, სინამდვილეში, სულაც არ არის ჰერპესივით. ის ჰერპესისგან რადიკალურად განსხვავდება ყველაზე მთავარი ამბით - ჰერპესი გვტანჯავს, პრივილეგია კი ანალიტიკურად, სიტყვის მნიშვნელობის ძალით - არ არის მტანჯველი. ეს ბაზისური ამბავი იოლად გვავიწყდება სწორედ პრივილეგირებულებს და განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო მისი მუდმივად და უწყვეტად ხსოვნისთვის.
თუ კითხვას აგრძელებთ, ამაზე უნდა დამთანხმდეთ: პრივილეგია არ გვტანჯავს; რომ გვტანჯავდეს, არ იქნებოდა პრივილეგია.
შეიძლება მითხრათ, რომ ამით ტანჯვის სპეციფიკურ ცნებას გახვევთ თავს. შეიძლება ასეცაა. ტანჯვის ცნება, რომელიც აქ რელევანტურია, გამორიცხავს სინდისის ქენჯნას. აქ რელევანტური ცნება გამორიცხავს ყველა მოდუსს ცნობიერებისა, რომელიც შიგნით, საკუთარი თავისკენაა შებრუნებული. ტანჯვის რელევანტური ცნება არ არის ტკბილ-მწარე. ის მწარეა.
მოკლედ, პრივილეგიის ჰერპესთან შედარება კარგი იმიტომაა, რომ ორივე ობიექტურია, და არა იმიტომ, რომ ორივე მტანჯველია.
***
ვფიქრობ, სწორედ ეს არის მთავარი აცდენა ვახუშტი მენაბდის პასუხში სათაურით „მათთვის ვისაც ჰერპესი გვტანჯავს“, რომლის ზოგად თეზისსაც - სიჩუმის, რაგინდ რადიკალურის, არასაკმარისობაზე - როგორც ვთქვი, მეც ვეთანხმები.
ვახუშტი მენაბდე გიორგი მეგრელიშვილის მოთხოვნას ისე კითხულობს, თითქოს სიჩუმე აქ პრივილეგირებულთა სასჯელად თუ მათი დანაშაულის გამოსყიდვის შეუძლებლობის სიმბოლოდ იყოს ჩაფიქრებული; თითქოს ეს იყოს უმოქმედობის - როგორც „პასუხისმგებლობის სპეციფიკური ზომის“ - მოთხოვნა; თითქოს მისი მიზანი კათარზისი იყოს; მოკლედ, თითქოს მთელი ეს ლაპარაკი პრივილეგირებულებსა და მათ ხვედრზე იყოს.
არადა, ლაპარაკი ჩაგრულებზეა.
სიჩუმის მოთხოვნა თვითგვემის მოთხოვნა კი არ არის, არამედ კონკრეტული წინადადებაა - კონკრეტული პროექტია - ფემინისტურ ბრძოლაში კაცების მონაწილეობისათვის. ის სწორედ კონკრეტული სახით მოქმედების, და არა უმოქმედობის წინადადებაა. თუ მას არ ვეთანხმები, იმიტომ, რომ დასახული მიზნის მისაღწევად საუკეთესო საშუალებად არ მიმაჩნია. მაგრამ არსებითია, რომ მისი შეფასების კრიტერიუმი უნდა იყოს მისი შედეგები ჩაგრულთათვის და არა მათთვის, ვისაც გაჩუმება მოსთხოვეს (თუნდაც მართალი იყოს, რომ გაჩუმება მტანჯველია და ვერც ვერაფერს გამოისყიდის - მისი მიზანი, ბოლოს და ბოლოს, არც კაცებისთვის შვების მოტანაა და არც გამოსყიდვა. სხვათა შორის, ესეც საინტერესოა, ვინ გაბედავდა გაჩუმების ტანჯვისა და ჩაგვრის ტანჯვის სასწორზე დადებას).
ფოკუსის ამ წანაცვლებასთან მჭიდრო კავშირშია ის, რომ ჩემთვის და ვახუშტი მენაბდისთვის „პასუხისმგებლობის“ სემანტიკაც სხვადასხვაა - მისთვის, როგორც ჩანს, პასუხისმგებლობა იმავე ველშია, რომელშიც სასჯელი და ზღვევინება; ჩემთვის კი ის, პირველი და ძირითადი მნიშვნელობით, მოქმედების ვალდებულებასთან დგას ახლოს.
აქ ვახუშტიმ შეიძლება მისაყვედუროს, რომ უსამართლოდ შემოვაბრუნე მისი ნათქვამი - თვითონაც ხომ სწორედ იმას ედავება გიორგის, რომ მისი წინადადება არ შეიცავს მოქმედების, ცვლილების, უკეთესი და უფრო სამართლიანი სამყაროს შენების კონსტრუქციულ პროექტს.
მაგრამ სწორედ აქაა ჩვენ შორის განსხვავება - რას ვხედავთ გიორგის მოთხოვნაში.
ვინც მასში სასჯელისა და გამოსყიდვის წინადადებას ხედავს, მისთვის მთავარი საზრუნავი პრივილეგირებულთა ხვედრია - მათი ტანჯვა თუ სინდისის ქენჯნა. მისთვის მთავარი კითხვა - კითხვა, რომელსაც, მისი აზრით, სიჩუმის მოთხოვნა პასუხობს - იმას ეხება, თუ როგორაა პრივილეგირებულისთვის შესაძლებელი, შეინარჩუნოს მთლიანობა, მაინც იყოს კარგი. მე არ ვამბობ, რომ ეს კითხვა თავისთავად უკანონოა ან უინტერესო. მაგრამ მთავარი კითხვა, ვფიქრობ, ჩაგრულებს ეხება. რა უნდა ქნას ფემინისტმა კაცმა? როგორ უნდა იყოს კაცი ფემინისტი? ეს კითხვა უპირველესად იმაზეა, თუ რა შეიძლება კაცმა ფემინიზმის მიზნის - ქალთა ჩაგვრის შემცირების თუ მოსპობის - მისაღწევად გააკეთოს. სწორედ ამ კითხვის პასუხია გიორგის წინადადება. და, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა მას, ძალიან მნიშვნელოვანია, ის შევაფასოთ, როგორც ამ და არა რომელიმე სხვა კითხვის პასუხი.
***
ახლა იმაზეც, თუ რატომ ვერ იქნება გაჩუმება კაცის ფემინისტობისთვის რეცეპტი. ძალიან მოკლედ - იმიტომ, რომ ასეთი რეცეპტები არ არსებობს. და რაგინდ მტანჯველადაც უნდა გვეჩვენებოდეს ის, ბევრ შემთხვევაში დუმილი ძალიან ადვილი გამოსავალია. ბევრ შემთხვევაში, პრივილეგირებულთა დუმილი შეიძლება ჩაგვრის შენარჩუნებას და პრივილეგიის გაძლიერებას ემსახურებოდეს. ისიც იოლი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება იგივეს აკეთებდეს პრივილგირებულთა მიერ ჩაგრულთა მდუმარედ სმენა - რადგან ამასობაში ვახუშტიმაც და მეც დავივიწყეთ, რომ გიორგი მხოლოდ გაჩუმებას კი არ სთხოვს კაცებს, არამედ გაჩუმებას ქალებისთვის მოსასმენად (და ვინ იტყვის, რომ ეს კიდევ უფრო მტანჯველად არ მოეჩვენება ვინმეს?).
თუ მართალია, რომ ქმედების შეფასების კრიტერიუმი მისი შედეგები უნდა იყოს და არა მისი ფორმა, მაშინ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ცალკე იქნება გადასაწყვეტი, რა არის გასაკეთებელი, რადგან გულუბრყვილობა უნდა იყოს ფიქრი, რომ რომელიმე ტიპის ქმედებას ყველა კონტექსტში ერთი და იგივე შედეგები ექნება. ხოლო თუ ამას ვაღიარებთ, აშკარა უნდა იყოს, რომ ფემინისტობა, კაცისგანაც და ქალისგანაც, წარმოუდგენლად დიდ ძალისხმევას მოითხოვს - მოითხოვს მუდმივ სიფხიზლეს კონკრეტულ კონტექსტში საკუთარი ქმედების შესაძლო შედეგების მიმართ; ეს კი, თავის მხრივ, კეთილი ნების გარდა, მაქსიმალურ ცოდნასაც გვავალდებულებს. რადგან არცოდნა - ჩაგვრის სტრუქტურების შესახებ არცოდნა - უკვე დიდი ხანია, რაც არცოდვა აღარ არის.
ამასთან, ამ ვალდებულებებით ხელმძღვანელობა არაფრის გარანტია არ არის. ყოველთვის გვაქვს იმის რისკი, რომ რაგინდ კეთილი ზრახვებით, რაღაცას დავაშავებთ - რაღაცას ვერ გავითვალისწინებთ, რაღაც არ გვეცოდინება, ან დრო არ გვექნება რაღაცის გასააზრებლად. მოკლედ, შეიძლება არ გაგვიმართლოს - მორალში იღბალი (moral luck) სულაც არ არის ცნება, რომელიც ფილოსოფოსებმა თავის შესაქცევად გამოიგონეს. მაგრამ იმის რისკი, რომ რაღაცას გავაფუჭებთ, პასუხისმგებლობისგან (მოქმედების ვალდებულებისგან) არ გვათავისუფლებს.
დუმილის მოტივაცია ზოგჯერ შეიძლება სწორედ ასეთი რისკებისგან თავის დაზღვევის ცდა იყოს, მაგრამ აქაც გვაქვს დიდი განსხვავება: ეს მოტივაცია შეიძლება იყოს კონკრეტულ შემთხვევაში შეცდომის დაშვების განსაკუთრებული საფრთხის გაცნობიერება, ან კიდევ - უშეცდომობისა და კრიტიკის მიმართ იმუნურობის პერვერსიული ნატვრა. ამაო ნატვრა, რადგან სიჩუმე ისევეა მოქმედება, როგორც ნებისმიერი სამეტყველო აქტი.
ესაა ერთი მნიშვნელოვანი აზრი, რატომაცაა ფემინიზმი საშიში. ის ძნელია. ის დანაღმულ ველზე სიარულია. მართალია, ეს არ არის ის აზრი, რომელიც ზემოთ ფოტოზე გამოსახულ მოწოდებაში იგულისხმება, მაგრამ მინდა, რომ ამ აზრზეც ვიფიქროთ.
***
ბოლოს პრივილეგირებულთა კათარზისის კითხვაზეც ვიტყვი, რომელიც, მართლა საბოლოო ჯამში, სულაც არ განსხვავდება მთავარი კითხვისგან. არა, რადგან მისი მომტანი მხოლოდ და მხოლოდ უსამართლობის დაძლევისაკენ რეალური ცვლილებები შეიძლება იყოს - გაჩუმებით იქნება მიღწეული, მოსმენით, ლაპარაკით თუ რამე სხვა ქმედებით.
„მე ვერ დავმალავ ჩემს ბრაზს იმისთვის, რომ შენ სინდისის ქენჯნისგან დაგიცვა...“ - სწერდა ოდრი ლორდი დებს, თეთრკანიან ფემინისტებს. „შენი სინდისის ქენჯნა არ არის ჩემს ბრაზზე პასუხი; ის შენს საკუთარ ქმედებებსა თუ უმოქმედობაზე პასუხია. თუ ის ცვლილებას გამოიწვევს, მაშინ შეიძლება სასარგებლოც იყოს, რადგან მაშინ ის უკვე აღარ არის სინდისის ქენჯნა - მაშინ ის ცოდნის დასაწყისია“.