ზემფირა იოლჩევა

1940-2013/ ქირურგი  

ზემფირა იოლჩევა დაიბადა ქ. გარდაბანში 1940 წლის 31 იანვარს სამხედრო კომისრის, ნადირ იოლჩიევის და დიასახლისის უდრატ რუსტამოვას ოჯახში. მამა, ნადირ იოლჩიევი, სხვადასხვა წლებში მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობაზე.

ზემფირა იოლჩევა ხელნაწერ მოგონებებში წერს, რომ მამამისმა, ნადირ იოლჩიევმა იქორწინა   17 წლით უმცროს გოგონაზე, გუდრატ რუსტამოვაზე, რომელიც მაშინ 14 წლისა იყო.  

როგორც შემდეგ მათმა თანაცხოვრებამ აჩვენა, ნადირ იოლჩიევს საკმაოდ ძვირი დაუჯდა გუდრატ რუსტამოვაზე ქორწინება, რადგანაც გუდრატი თავმოყვარე, ჯიუტი და საკუთარი ინტერესების კარგი დამცველი აღმოჩნდა. სწორედ დედის დამსახურება იყო წარმატება, რასაც ზემფირა იოლჩოიევამ მიაღწია თავის ცხოვრებაში.

ზემფირა იოლჩევამ გარდაბნის საშუალო სკოლა დაამთავრა წითელ მედალზე 1959 წელს.

ოჯახის არქივში ინახება აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ნ. ნარიმანოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტში ზემფირა იოლჩევას მიერ 1959 წლის 31 მაისს ჩაბარებული დოკუმენტების ნუსხა და ამავე წლის 9 სექტემბერს ზემფირა იოლჩევას სახელზე გაცემული იმავე ინსტიტუტის სტუდენტური ბილეთი. ეს მოვლენა ზემფირას ცხოვრებაში იმდენად მნიშვნელოვანი ყოფილა, რომ მას შენახული აქვს ბაქო-თბილისის მატარებლის ბილეთი, რომლითაც უკვე სტუდენტი, გამარჯვებული ბრუნდებოდა ბაქოდან მშობლიურ ქალაქში.

ამ დროს მისი მშობლები უკვე დაშორებულები იყვნენ. ზემფირა ყოველგვარი მომზადების, რეპეტიტორებისა და იმ დროს არსებული საკმაოდ მაღალი კორუფციის ფონზე, მამის თანამდებობისა და ფინანსური შესაძლებლობების ჩარევის გარეშე გახდა სტუდენტი.

ზემფირა იოლჩევა სტუდენტობის პერიოდში ცხოვრობდა სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში, რისი მოწმობაც ასევე ოჯახის არქივში ინახება.

სტუდენტობის ზემფირა იოლჩევა ტოლს არ უდებდა თანაკურსელ ბიჭებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, უმრავლესობას შეადგენდნენ კურსზე. ის ასევე გაწევრიანდა  სპორტულ ორგანიზაციაში ,,ბურევესტნიკ"-ში და იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში. სტუდენტობის პერიოდში მას სამჯერ ჰქონდა მოპოვებული  დელეგატის მანდატი პარტიულ ახალგაზრდულ კონფერენციაზე. შემდგომში საქართველოშიც არაერთხელ აქვს მიღებული საპატიო წევრის წოდება ახალგაზრდულ ფესტივალებზე, როგორც აქტიურ მონაწილესა და როგორც ორგანიზატორს.

ზემფირამ 1965 წლის 30 ივნისს წარმატებით დაამთავრა ბაქოში ნ. ნარიმანოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო-პროფილაქტიკური ფაკულტეტი და  ექიმის კვალიფიკაცია მიიღო. იმავე წლის 5 აგვისტოს დაინიშნა გარდაბნის რაიონული საავადმყოფოს ექიმი-ქირურგის თანამდებობაზე.

1965 წლის 25 ივნისს ზემფირა იოლჩევა აყვანილი იქნა სამხედრო კომისარიატის აღრიცხვაზე და  მიენიჭა სამხედრო-სამედიცინო წოდება - ,,უმცროსი ლეიტენანტი - მესამე რანგის დანაყოფი“. ხოლო 1973 წლის 21 მაისს – ლეიტენანტის წოდება. უფროსი ლეიტენანტის სამედიცინო-სამხედრო წოდება კი 1979 წლის 16 მაისს მიიღო. მის სამხედრო ბილეთში ასევე ფიქსირდება სამობილიზაციო გაწვევის დამადასტურებელი მოწმობებიც. სამხედრო ბილეთში არის სპეციალური ჩანაწერები, სადაც ჩანს მისი აქტიური ჩართულობა საერთო სამხედრო საქმიანობაში, მათ შორის სამივლინებო და სავალდებულო გამოცხადებები. 

ზემფირა იოლჩევა არ კმაყოფილდებოდა მიღებული განათლებით და ხშირად გადიოდა საკვალიფიკაციო სპეციალურ კურსებს. ასე მაგალითად. საოჯახო არქივში ინახება 1966 წლის 29 ივნისს გაცემული დახასიათება, ხელმოწერილი ნ. ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის ლ. თავართქილაძისა და ამავე საავადმყოფოს ტრავმატოლოგიის განყოფილების გამგე ღლონტის მიერ, სადაც წერია, რომ ზემფირა იოლჩევამ 1966  წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით კვალიფიკაცია აიმაღლა აღნიშნულ კლინიკაში და ასისტენტის სახით ატარებდა 

ოპერაციებს, წერდა ავადმყოფების  ისტორიებს, მოიხვეჭა კარგი ავტორიტეტი, კარგად აითვისა ქირურგიის ძირითადი საფუძვლები. ასევე 1966 წლის ნოემბრის თვეში გაცემულია ცნობა მასზედ, რომ თბილისის ჰემატოლოგიის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიარა სისხლის გადასხმის სპეცილიზირებული კურსი. საოჯახო არქივში ინახება მოწმობა, ხელმოწერილი პროფესორ გ. ხუნდაძის მიერ, მასზედ რომ 1968 წლის იანვარ-მაისის პერიოდში ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტში ზემფირა იოლჩევამ გაიარა ქირურგიის სპეციალიზაციისა და დახელოვნების პრაქტიკული და თეორიული კურსი და მიიღო შეფასება ფრიადი. ასევე 1980  და 1988 წლის ჩანაწერები  თბილისის ექიმთა გადამზადების ინსტიტუტის სპეციალურ წიგნაკში კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ.

პარალელურად ზემფირა იოლჩევას 1969 წელს ირჩევენ გარდაბნის რაიონის მშრომელთა  საბჭოს დეპუტატად.  ასევე 1978 წლის 13 თებერვლიდან 3 მაისამდე გადის მძღოლის მომზადების კურსს ,,დოსააფის" სასწავლო ცენტრში და იმავე წლის 3 მაისს იღებს მართვის 

მოწმობას.ზემფირა იოლჩევამ მეუღლე, ზაქარია ახმედოვი  საავადმყოფოში გაიცნო, ზაქარია სასწრაფოს მანქანაზე მძღოლად მუშაობდა და ზემფირას პროფესიონალიზმით მოხიბლული მთელი ცხოვრება ცოლისთვის ღირსეული მეუღლე იყო, არასდროს შეუქმნია პრობლემა, რომ ზემფირას სამსახურსა და ოჯახს შორის არჩევანი გაეკეთებინა, პირიქით, ზემფირა იგონებს, რომ მორიგეობიდან სახლში დაბრუნებულს კართან ხვდებოდა და სთხოვდა დაესვენა, თვითონვე უმზადებდა ვახშამს, უვლიდა ხუთ შვილს და ყველანაირ პირობას უქმნიდა ცოლს, რომ საყვარელი საქმე ეკეთებინა.

სამსახურში ავტორიტეტის მოპოვება არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა აზერბაიჯანელი ქალისთვის, საზოგადოება ჯერ ისევ ძალიან მკაცრი იყო ეთნიკური უმცირესობის მიმართ და ზემფირა იოლჩევასაც მოუწია იმის მტკიცება, რომ აზერბაიჯანელი ეროვნების ქალი კარგად გაართმევდა თავს ქირურგის რთულ  პროფესიას. იმ წლებში, როცა ზემფირა იოლჩევა პირველ ნაბიჯებს დგამდა მედიცინაში, ქალი ქირურგები საერთოდ არ ჰყავდათ ეთნიკური უმცირესობის წარმოდგენელებს. ამიტომ ზემფირას სურვილი, გამხდარიყო ქირურგი, საკმაოდ ხმამაღალი განაცხადი იყო.

,,დიაგნოზის მერცხალი“ – ასე დაარქვეს ზემფირას მოსკოვიდან ჩამოსულმა სამედიცინო ექსპერტებმა, როცა 1985 წელს გარდაბნის თბოელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქების შემდეგ მიყვანილი პაციენტების მკურნალობა მას მარტოს მოუწია. ზემფირა იმ პერიოდისთვის ერთადერთი ექიმი იყო გარდაბნის რაიონულ საავადმყოფოში. საწარმოს აფეთქება იმდენად მასშტაბური იყო, რომ რაიონულ საავადმყოფოს მოუწია ყველა პალატა გაეთავისუფლებინა და პაციენტების ნაწილი სხვა საავადმყოფოებში გადაემისამართებინათ. თბოელექტროსადგურის აფეთქებას მაშინ ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა.

ზემფირა იოლჩევას პაციენტის დიაგნოსტირება  კარგად შეეძლო და უტყუარ დიაგნოზს სვამდა. მოგვიანებით მას ქირურგიის განყოფილებაც ჩააბარეს. ბოლოს, როცა კლინიკის ხელმძღვანელის თანამდებობა შესთავაზეს, მან უარი თქვა: „მე ექიმი ვარ, ხელში უნდა მეჭიროს სკალპელი და არა პასტა.“ 

ზემფირა იოლჩევა გარდაიცვალა 2013 წლის 17 ოქტომბერს, ქალაქ მცხეთის საავადმყოფოში,  ოპერაციის შემდგომი გართულებით.

წყაროდ გამოყენებულია ზემფირა იოლჩიევას ოჯახის არქივში შენახული საბუთები, ფოტოები, გაზეთები და მედლები. ასევე, ზემფირა იოლჩიევას ხელნაწერი რვეული ავტობიოგრაფიით და მისი შვილების მონათხრობი.

 

წყაროები:

ბრძანება ექიმის თანამდებობის დანიშვნაზე. 1965 წ. #106

ადგილობრივი გაზეთი. 1967 წ. სტატია ზემფირა იოლჩევას შესახებ. 6 აგვისტო, #91 (3322)

სოც-შეჯიბრში გამარჯვების მედალი. 1974 წ. სსრკ.

საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო. დახასიათება. 29 ივნისი, 1965 წ. #347/19

პაციენტის მშობლის წერილი ჯანდაცვის მინისტრისადმი. 1985 წ.

გადაწყვეტილება მუშაობის სტაჟის განსაზღვრის შესახებ. საპენსიო საქმის #44-26-00750. 27.09.2007 წ.

პირადი ხელნაწერები. პირადი არქივი. დაუზუსტებელი წლები.

მაია ფელიშვილი. 2017 წ. ინტერვიუ ზემფირას ქალიშვილთან.