1940-2013/ ქირურგი
გარდაბნის მკვიდრმა, ზემფირა იოლჩევამ 1965 წელს წარმატებით დაამთავრა ბაქოში ნ. ნარიმანოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო-პროფილაქტიკური ფაკულტეტი და ექიმის კვალიფიკაცია მიიღო. იმავე წელს დაინიშნა გარდაბნის რაიონული საავადმყოფოს ექიმი-ქირურგის თანამდებობაზე.
იმ წლებში, როცა ზემფირა იოლჩევა პირველ ნაბიჯებს დგამდა მედიცინაში, ქალი ქირურგები საერთოდ არ ჰყავდათ ეთნიკური უმცირესობის წარმოდგენელებს. ამიტომ ზემფირას სურვილი, გამხდარიყო ქირურგი, საკმაოდ ხმამაღალი განაცხადი იყო და მას მრავალი წინააღმდეგობის დაძლევა და გადალახვა მოუწია.
ზემფირა იოლჩევა მუდმივად ცდილობდა აემაღლებინა პროფესიული კვალიფიკაცია. მის საოჯახო არქივში ინახება დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ 1966-1988 წლებში მან არაერთხელ გაიარა პროფესიული გადამზადების პრაქტიკული კურსები თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში.
ზემფირა იოლჩევას პაციენტის დიაგნოსტირება კარგად შეეძლო და უტყუარ დიაგნოზს სვამდა. მოგვიანებით მას ქირურგიის განყოფილებაც ჩააბარეს. ბოლოს, როცა კლინიკაში ხელმძღვანელის თანამდებობა შესთავაზეს, მან უარი თქვა: „მე ექიმი ვარ, ხელში უნდა მეჭიროს სკალპელი და არა პასტა.“
ზემფირა იოლჩევა გარდაიცვალა 2013 წელს.