მელანია ვოლ-ლევიცკა

1885-1937 / ოპერის მომღერალი

მელანია (ამელია) ვოლი დაიბადა ვარშავაში 1885 წლის 6 აპრილს. გიმნაზიის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო ჯერ გერმანიაში პროფესორ ფონ-ცურ-მიულენშენაუსთან, ხოლო შემდეგ ვარშავის მარია სობოლევსკას კერძო მუსიკალურ სკოლაში. 1908 წლის ზაფხულში კონცერტებით გამოდიოდა ბერლინის სინგაკადემიაში. მოგვიანებით, 1909 წელს სწავლობდა ვოკალს ლონდონში.

პროფესიული კარიერა დაიწყო როგორც კამერულმა მომღერალმა. არაერთხელ გამოსულა კონცერტებით ვარშავის ფილარმონიის სცენაზე.

1910 წლის 5 მაისს შედგა მელანია ვოლის დებიუტი, როგორც საოპერო მომღერლისა ვარშავის ოპერის სცენაზე. მომღერალმა შეასრულა „ჰრაბინას“ სატიტულო არია სტანისლავ მონიუშკოს ამავე სახელწოდების ოპერაში „ჰრაბინა“.

1912 წელს მელანია ვოლმა ჯვარი დაიწერა ვარშავის ოპერის რეჟისორზე ნიკოლაი სტეფან ლევიცკიზე, რომელიც ასევე იყო მისი პედაგოგი. 1913 წლის მაისში წყვილს შეეძინა ქალიშვილი ჰანნა. ქორწინების შემდეგ მელანია ატარებდა ორმაგ გვარს ვოლ-ლევიცკა.

პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ უსაფრთხოების მიზნით ლევიცკების ოჯახი ვარშავას ტოვებს და გადადის საცხოვრებლად კიევში. ერთი წლის განმავლობაში იგი გამოდის კიევის ოპერის სცენაზე.                 

1915 წელს წარმოშობით პოლონელი მომღერალი თბილისის ოპერის იმპრესარიოს მოწვევით ჩამოდის კიევიდან თბილისში ქალიშვილთან ერთად. ერთი წლის შემდეგ თბილისში ჩამოდის მისი მეუღლე ნიკოლაი ლევიცკიც, რომელიც ახლად დაარსებული თბილისის კონსერვატორიის პროფესორი ხდება და ასწავლის ვოკალს. 

მისი შვილიშვილი ნატალია დევდარიანი იხსენებს: „ბებია მიჩვეული იყო ევროპას და თავიდან ფიქრობდა, რომ სადღაც პროვინციაში მიდის, მაგრამ პირველივე დღეს, როცა აყვავებული გლიცინიებით სავსე გოლოვინის პროსპექტზე გაიარა, მოიხიბლა ოპერის შენობის არქიტექტურით, ხალხით. საღამოს დაესწრო კონცერტს ოპერაში და აღრფთოვანებული დარჩა თბილისური პუბლიკით, რამდენად ღრმად ესმოდათ საოპერო ხელოვნება. თანდათან ბებია მიეჩვია ახალ გარემოს. მან იცოდა ექვსი ევროპული ენა და ძალიან უნდოდა შეესწავლა ქართული, მაგრამ ვერ გადალახა ტიპიური ქართული ბგერები. მალევე დაუახლოვდა ქართველ საზოგადო მოღვაწეებს და მათთან ურთიერთობდა რუსულ ენაზე“.   

1916  წლის იანვარში გაიმართა მომღერლის ბენეფისი თბილისის ოპერის სცენაზე. „მიართვეს იმდენი ყვავილი, რომ სახლში ვერ ეტეოდა,“ იხსენებს მისი შვილიშვილი. უცნობია, რომელი ოპერით წარსდგა პოლონელი სოპრანო პირველად ქართული პუბლიკის წინაშე.

მელანია ვოლ-ლევიცკა იყო ერთ-ერთი პირველი შემსრულებელი ეთერის პარტიისა ზაქარია ფალიაშვილის ოპერაში "აბესალომ და ეთერი". მიუხედავად იმისა, რომ მან ქართული ენა არ იცოდა, დაიზეპირა ყველა არია ქართულად, რითაც პუბლიკა აღფრთოვანებული დარჩა. მელანიამ იმ დროისათვის თბილისის ოპერაში თითქმის ყველა მთავარი პარტია იმღერა და ნამდვილ პრიმადონად იქცა, რასაც ადასტურებს მაშინდელი პერიოდული გამოცემები და საოჯახო არქივში შენახული მასალა. მისი გვარი ყველგან მოხსენიებულია რუსული სტილით ლევიცკაია.  მაგალითად, შალვა კაშმაძის წიგნში „თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრი 1851-1921“ 1916-1917 წლების დასის სიაშია მოხსენიებული მელანია ვოლ-ლევიცკა: „ამავე სეზონში ყურადღებას იქცევდა დასში ახლადჩარიცხული სოპრანო ა.ს. ვოლ-ლევიცკაია, რომელიც წარმატებით გამოდიოდა ტატიანას („ევგენი ონეგინი“), მართას (რომსკი-კორსაკოვი „მეფის საცოლე“) და სხვა პარტიებში“.[1]

იგი ძალიან მალე ინტეგრირდა ქართულ საზოგადოებაში. მაშინდელი პერიოდული გამოცემებიდან ირკვევა, რომ აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებაში, რომელსაც ქართველი ხელოვანები აწყობდნენ მოსწავლე ახალგაზრდების დასახმარებლად. მაგალითად, გაზეთი „ვოზროჟძენიე“ 1920 წლის იანვარში აქვეყნებს ტექსტს: „არტისტული საზოგადოების“ დარბაზებში შაბათს, 1920 წლის 17 იანვარს, ტფილისის მეორე ვაჟთა გიმნაზიის მერვე კლასის უსახსრო მოწაფეთა სასარგებლოდ ეწყობა ბალ-კაბარე: 1) ლიტერატურული განყოფილება. მონაწილეობენ: პაოლო იაშვილი, ქუჩიშვილი, ჯაფარიძე, ტაბიძე გალაკტიონი და კამენსკი;

2) საკონცერტო განყოფილება. მონაწილეობენ მსახიობები: ქალბატონი ვოლ-ლევიცკაია, აგასოვა-კალანდაძე, ბ-ნი ზელინსკი, ინაშვილი.“[2]              

მისი რეპერტუარი მოიცავდა 35 ოპერაზე მეტს. მანონლესკო (ჟიულმასნეს "მანონი"), ევა (რიხარდ ვაგნერი "ნიურნბერგელი მომღერლები"), ანტონია (ჟაკ ოფენბახის "ჰოფმანის ზღაპრები"), ელზა (რიხარდ ვაგნერის "ლოენგრინი"), ტატიანა (პეტრე ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"), ჩესნიკოვა (სტანისლავ მონიუშკოს "საშინელი ვილა"), ჩიო-ჩიო-სანი (ჯაკომო პუჩინის "მადამ ბატერფლაი"), მიმი (ჯაკომო პუჩინის "ბოჰემა") და ა. შ.

1920-იანი წლების დასაწყისში მელანია ვოლი-ლევიცკას პირად ცხოვრებაში ცვლილებები ხდება. იგი დაშორდა მეუღლეს ნიკოლაი ლევიცკის და 1921 წელს ცოლად გაჰყვა ქართველ მეცნიერს, მიკრობიოლოგ გიორგი ელიავას.

1921 წლიდან, რაც ბოლშევიკური რეჟიმი დამყარდა მელანია ვოლ-ლევიცკა ჩვეულებრივ აგრძელებდა თავის საქმიანობას, ცვლილებები ხდება მის შემოქმედებით საქმიანობაში, მაგრამ ეს არ უკავშირდებოდა პოლიტიკური რეჟიმის ცვალებადობას (ვგულისხმობთ საბჭოთა ხელისუფლების დამკვიდრებას). გიორგი ელიავამ მოითხოვა, რომ მეუღლე თავისი გვარით გამოსულიყო სცენაზე, რის გამოც იშვიათი გახდა მისი გამოსვლები. უცნობი გვარი, ელიავა ვეღარ ავსებდა დაცლილი ოპერის თეატრის დარბაზს. მისი შვილიშვილი ნატალია დევდარიანი იხსენებს: „1920-იანი წლების დასაწყისში იტალიიდან ჩამოვიდა ცნობილი მომღერალი  ემილიო ვაგი, მას ჰყავდა მეუღლე ლიზა სპანიოლი, ასევე მომღერალი. მან და ბებიამ გადაწყვიტეს იტალიურ ოპერაში ერთად ემღერათ, მაგრამ იმ დღეს მოვიდა ისეთი წვიმა, თავსხმა ისეთი თბილისში, რომ იშვიათი იყო და არა თუ იმ დღეს ბილეთები არ გაიყიდა, ვინც შეიძინა ადრე იმათაც ვერ მოახერხეს წარმოდგენაზე მისვლა. ხალხი ვერ გადადიოდა გოლოვინის პროსპექტს, სადაც ნიაღვარი მოდიოდა... კონცერტები იყო, მაგრამ იშვიათად“.

ამელია ვოლ-ლევიცკა საბჭოთა „დიდი ტერორის" პერიოდში მიუღებელი ფიგურა აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ მისი წარმოშობა იყო მიუღებელი საბჭოთა რეჟიმისთვის ამას ემატებოდა მთავარი - გიორგი ელიავას ცოლობა, რომლის პირადი მტერიც იყო ლავრენტი ბერია.

გიორგი ელიავამ, რომელსაც ევროპული განათლება ჰქონდა მიღებული, თბილისში დააარსა ბაქტერიოფაგის ინსტიტუტი.

1937 წლის 22 იანვარს მელანია ვოლ-ლევიცკა მეუღლესთან ერთად დააპატიმრეს. საბჭოთა ხელისუფლებამ მათ საერთაშორისო ჯაშუშობა დააბრალა.

ოთხი თვის შემდეგ დააპატიმრეს მელანია ვოლ-ლევიცკას ქალიშვილი განნა ელიავა და ყაზახეთში გადაასახლეს. როგორც განნა ელიავა წერს თავის მემუარებში დედა-შვილი ერთმანეთს სრულიად მოულოდნელად შეხვდნენ ორთაჭალის ციხეში: „როცა დედა ვნახე ციხეში დაპატიმრებიდან ოთხი თვის შემდეგ, ახალგაზრდა ლამაზი ქალი, სრულიად მოხუცი და გამხდარი დამხვდა...“

ნატალია დევდარიანი, განნას შესახებ იგონებს: „დედა გადასახლებული იყო ცხრა წელი ყაზახეთში, როგორც „ხალხის მტრების“ შვილი. როცა გადასახლებიდან დაბრუნდა, არ ჰქონდა საცხოვრებელი, რადგან საბჭოთა მთავრობამ გაყიდა ყველაფერი კაპიკებში. დედა იხსენებდა ხოლმე, რომ რამდენჯერმე ფანჯრიდან დაუნახავს ქუჩაში უცნობი, რომელსაც ეცვა დედას პარიზში ნაყიდი კაბა. იზღუდებოდა ყველაფრით. დიდი სურვილი ჰქონდა შეესრულებინა რომანსები რადიოში, მაგრამ არ აძლევდნენ საშუალებას. ასეთი „საეჭვო ელემენტის“ მიშვება მიკროფონთან საშიში იყო, ვინ იცის, რას იტყვის „ხალხის მტრის“ შვილი, რა მოწოდებები ექნება“. 

მელანია ვოლ-ლევიცკა  1937 წლის 7 დეკემბერს დახვრიტეს. ბრძანებას პირადად სტალინი აწერს ხელს.                                     

1957 წლის აგვისტოში მელანია ვოლ-ლევიცკა მის საქმეში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო რეაბილიტირებულ იქნა.

 

შენიშვნები:


[1] შალვა კაშმაძე, „თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრი 1851-1921. „ხელოვნება“, 1950 წელი.  

[2]გაზეთი „ვოზროჟძენიე“ 1920 წლის 17 იანვარი.

 

გამოყენებული წყაროები:

  1. შალვა კაშმაძე „თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრი 1851-1921“, „ხელოვნება“, 1950 წელი.  
  2. ზეპირი ისტორია ჩაწერილი მაკა ხუციშვილის მიერ, 2014 წლის 3 ნოემბერი, თბილისი.
  3. განნა ელიავა „მოგონებები“, (გამოუქვეყნებელი).
  4. გაზეთი „ვოზროჟძენიე“, 17 იანვარი, 1920 წელი.