1872-1922/ პოეტი/ქველმოქმედი
ანეტა დადეშქელიანი დაიბადა თავად ალექსანდრე (ვამეხ) დადიანისა და თავადიშვილ მავრა (მატა) წერეთლის ოჯახში, სამეგრელოში, ჯვარში, 1872 წელს. დადიანების ეს შტო სახლობდა ჯვარში, ზუგდიდის მაზრაში[i]. აქ ისინი გადმოსულნი იყვნენ მარტვილიდან[ii]. ანეტას მამა იმდროინდელი არისტოკრატიის ტიპური წარმომადგენელი იყო. ის 1870-იან წლებში დაქორწინდა იმერელ თავადიშვილზე მავრა (მატა) წერეთელზე, რომელიც გახლდათ თავად როსტომ წერეთლის ასული, ანუ, აკაკი წერეთლის და. ანეტა დედით ადრე დაობლდა და ის აღსაზრდელად წაიყვანეს დედულეთში როსტომ წერეთლის ოჯახში, სადაც მის განათლებაზე ზრუნავდა ბიძა – აკაკი წერეთლი. აკაკის განსაკუთრებით უყვარდა ერთადერთი დისშვილი და მისი დამსახურებით ანეტამ იმ დროისათვის საუკეთესო განათლება მიიღო.
1888 წელს ანეტა დაქორწინდა სვანეთის მთავართა შთამომავალზე, ჯანსუღ (გიორგი) დადეშქელიანზე (1858-1921 წწ.).
ანეტასა და ჯანსუღის ოჯახი პერიოდულად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს, იმის მიხედვით, თუ სად მსახურობდა ჯანსუღი. ჯანსუღს კი ნამსახურობის ვრცელი ნუსხა ჰქონდა: ის იყო ცნობილი სამხედრო და ადმინისტრაციული ხელმძღვანელი სხვადასხვა წლებში, სხვადასხვა რეგიონებში. მან სამხედრო სამსახური დაასრულა გენერალ-მაიორის ჩინით[iii]. ჯანსუღი მსახურობდა საქართველოშიც და იყო ზუგდიდის, რაჭის და სხვ., მაზრების უფროსი. სწორედ ამ წლებს უკავშირდება მისი მონაწილეობა საქართველოს ამა თუ იმ მხარის კულტურულ განვითარებაში. მას მხარში ედგნენ მეუღლე – ანეტა და ძმები. ანეტა და ჯანსუღი საქართველოში ყოფნის დროს, ძირითადად, ცხოვრობდნენ ანეტას მამულში სამეგრელოში, ჯვარში; ხოლო ზაფხულობით – სვანეთში, ეცერის თემში, ბარშის დადეშქელიანთა რეზიდენციაში. ეს რეზიდენცია XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან XX საუკუნის 20-იან წლებამდე წარმოადგენდა სვანეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრს. შემონახულია მრავალი მოგზაურის, მოხელის, მწერლისა და მეცნიერი მოგონება ბარშის რეზიდენციაში დადეშქელიანთა მასპინძლობისა და მასპინძელთა კეთილშობილი ბუნების შესახებ. მოგონებებში იხსენიებიან ანეტასა და ჯანსუღის მცირეწლოვანი ვაჟიშვილებიც[iv]. ბარშის რეზიდენციას XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან სათავეში ედგა ანეტას უფროსი მაზლი თათარყანი, ექვთიმე თაყაიშვილის მეგობარი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, მეცნიერი[v]. მაზლის პატივსაცემად დაარქვა ანეტამ უფროს ვაჟიშვილს სახელად თათარყანი (ივანე), რომელიც დაიბადა 1890 წელს (26 ივნისს), ხოლო ანეტას უმცროსი ვაჟი – ალექსანდრე (შინაურობაში, საშკა) – დაიბადა 1893 წელს. მშობლებმა შვილებს კარგი განათლება მისცეს. ანეტას ორივე ვაჟი დაიღუპა პირველ მსოფლიო ომში. ჯერ დაღუპულა თათარყანი და ეს ამბავი რომ მომხდარა, მისი უმცროსი ძმაც ომში წასულა. ალექსანდრე გამოჩენილი მამაცობისათვის 1915 წლის 1 ოქტომბერს დაუჯილდოებიათ, 1916 წლის 4 ივლისს კი დაღუპულა გერმანიის ფრონტზე[vi].
სიცოცხლის ბოლო პერიოდში ანეტა და ჯანსუღი მეტად მძიმე დღეში აღმოჩნდნენ, უშვილ-ძიროდ, უნუგეშოდ[vii]. შემონახულია, ჯანსუღის ერთი განცხადება, რომელშიც იგი პენსიის დანიშვნას ითხოვს, შვილები ომში დამეღუპა და არავისგან შემწეობის იმედი არა მაქვსო[viii]. 1917 წელს თებერვლის რევოლუციის დროს ანეტა და ჯანსუღი იმყოფებოდნენ საგვარეულო მამულში ეცერის თემის სოფელ ბარშში. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მოხდა სამწუხარო ფაქტი: „გლეხობამ კაცისთავზე ფიცი მიიღო. – ერთმანეთს შეჰფიცეს, დადიშქელიანი ან სხვა ვინმე არ შემოეშვათ სვანეთში მფლობელად. ხალხის მრისხანებას წინდაწინ მიუხვდა ეცერის სასახლის უკანასკნელი მაიორიტული მემკვიდრე, დაღესტნის ყოფილი გუბერნატორი ჯანსუღ დადიშქელიანი, ... საცხოვრებლად სამეგრელოში გადავიდა. აღელვებულმა გლეხებმა ჯავრი სასახლეზე იყარეს. შეესიენ შენობებს და დაანგრიეს“[ix]. ალი დავითიანის საარქივო მასალის მიხედვით, ჯანსუღი და ანეტა რევულუციის შემდეგ საბოლოოდ გადასახლდნენ ანეტას მამულში სოფელ ჯვარში, კერძოდ, ჯვარზენში, სადაც ანეტას ბიძაშვილებიც ცხოვრობდნენ[x]. ჯვარში ანეტა და ჯანსუღი ცხოვრობდენ დღევანდელი მუსიკალური სკოლის ადგილას მდგარ დადიანთა სახლში. ეს სახლი გამოირჩეოდა თავისი არქიტექტურითა და იქვე ეზოში მდგარი ასწლოვანი კაკლის ხე, რომლის ჩრდილშიც აკაკის ჰყვარებია დასვენება. სახლიდან დაახლოებით ას მეტრში იყო წმიდა გიორგის (ჯეგეს) ეკლესია, IX-X საუკუნეების ნაგებობა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ანეტას მიწა შეუწირავს ამ ეკლესიისათვის, ხოლო დანარჩენი მამული ანდერძით გადაუცია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის. რასაკვირველია, ამ ანდერძს არ ეწერა ასრულება საბჭოთა ოკუპაციის გამო. გასაბაჭოების შემდეგ ჯვარის დადიანებს ჩამოერთვათ ქონება, საცხოვრებელი სახლიც, რომელიც ბოლშევიკებმა დაანგრიეს და მისი ნაშალი მასალით ააგეს სკოლა. ამ დროს დაკარგულა ანეტას მდიდარი არქივის ნაწილი.
ჯანსუღის გარდაცვალების სავრაუდო თარიღია 1921 წელია. 1922 წელს კი ანეტაც გარდაცვლილა. სავრაუდოდ, ორივე მათგანი დაკრძალულია ჯვარის წმიდა გიორგის (ჯეგეს) ეკლესიაში, რომლის გამშვენებაზე ზრუნავდა ეს ოჯახი. მათი საფლავების ზუსტი ადგილმდებარეობა არქეოლოგიური შესწავლის გარეშე არ დგინდება, რადგანაც ბოლშევიკებმა ეკლესია დაანგრიეს 1932 წელს და ამ დროს გავერანდა საფლავებიც[xi].
ჯვარში ტარიელ დადიანის ოჯახში დაცულია მოგონებები ანეტას, ჯანსუღისა და მათი შვილების შესახებ, შემონახულია სურათები, რომლებზეც გამოსახულნი არიან ანეტა და ჯანსუღი, მათი შვილები (თათარყანი, ალექსანდრე), აკაკი წერეთელი, ომში დაღუპული თათარყანის ჩამოსვენების ამსახველი ფოტო და სხვ[xii].
ასეთი რთული ცხოვრებისა და უმძიმესი ტრაგედიის მიუხედავად, ანეტა დადეშქელიანის მოღვაწეობა მრავალმხრივი იყო. ის აქტიურად მონაწილეობდა კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობაში: ასწვლიდა წერა-კითხვას სვანეთისა და სამეგრელოს მოსახლეობას, ახლოს იყო რიგით მოსახლეობასთან, მეუღლესთან ერთად ცდილობდა დაბალი სოციალური ფენებისათვის ცხოვრების შემსუბუქებას[xiii]. ამავე დროს, ცოლ-ქმარი ჩართულნი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საქმიანობის მუშაობაში. მონაწილეობდნენ მათ ღონისძიებებში[xiv].
ცნობილია, სვანეთში დიდი ხნის განმავლობაში არ იყო სკოლები და დადეშქელიანები ცდილობდნენ სკოლის გახსნას და ამ მხრივაც თვალსაჩინოა ანეტას წვლილი, ის მხარში ედგა მაზლს, თათარყანს, ადგილობრივი სკოლის შექმნის, მასწავლებელებზე ზრუნვის, მოსახლეობაში წერა-კითხვის გავრცელების საქმეში. მათ 1899 წელს ეცერში გახსნეს სასწავლებელი კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების მისიონერ-ინსპექტორის მამინაიშვილის დახმარებით[xv]. ეცერის სკოლაში, დაარსების პირველსავე წელს, თავი მოუყრია ორმოცდაათამდე მოწაფეს სწავლის მსურველთა სიმრავლის შედეგად 1901 წელს ეცერის სკოლა ორკლასიანად გადაკეთდა. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ანეტას. ორკლასიან სკოლაში სწავლობდა 65 შეგირდი. ეთნოგრაფიული მასალით, დადეშქელიანთა სახლში ანეტა და ოლღა (მოსოსტრ დადეშქელიანის მეუღლე) ეცერელ გოგონებს წერა-კითხვას, ჭრა-კერვასა და ქარგვას ასწავლიდნენ. თათარყანი და ანეტა ცდილობდნენ სკოლაში ქართული ენის სწავლების გაძლიერებას. 1901 წლის 10 ივლისს ბატონ მამინაიშვილმა თავად თათარყანის სახლში მოიწვია კრება, რომელმაც დააარსა წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის „ძმობა“. „ძმობის“ მიზანი იყო ღარიბ მოწაფეთათვის მატერიალური დახმარების გაწევა და შორს მცხოვრებ შეგირდთა დაბინავება სასწავლებლის მახლობლად. კრების დასკვნით, სკოლებთან უნდა დაარსებულიყო საწყობები, სადაც იქნებოდა შეკრებილი სასწავლო ნივთები[xvi]. უკვე 1902 წელს ეცერის სკოლაში 90-მდე მოწაფე სწავლობდა. თავი იჩინა საინტერესო სტატისტიკურმა ინფორმაციამაც: 1902 წლისათვის ზემო სვანეთში 13 სკოლა იყო, აქედან 7 საეკლესიო და 6 სამინისტრო. საეკლესიო სკოლებში 300 მოწაფე სწავლობდა, სამინისტროში კი მხოლოდ 100-მდე[xvii]. მიზეზი საეკლესიო სკოლებში მოსწავლეთა სიმრავლისა აიხსნება იმ გარემოებით, რომ საეკლესიო სკოლებში მშობლიურ (ქართულ) ენაზე წერა-კითხვას ასწავლიდნენ, რაც სამინისტრო სკოლებში აკრძალული გახლათ[xviii]. 1902 წელს ბალს ქვემო სვანეთში გამოცდები თავად მამინაიშვილს ჩაუბარებია. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს ფარის და ეცერის სასწავლებლებმა. მოგზაური მ. ა. შოსტაკის დაკვირვებით, ის ეცერის თემში, თათარყან დადეშქელიანის რეზიდენციაში, შესწრო გამოცდების დასასრულს, „აქ მოწაფეების დიდი სიმრავლეა, სხვა სკოლებში კი მოწაფეები მხოლოდ იძულებით და კანტიკუნტად დაიარებიან“[xix].
რუსეთის რეაქციულმა ძალებმა, რომელთა მიზანი იყო აფხაზეთში, სვანეთსა და სამეგრელოში ქართული ენის აღმოფხვრა, დაიწყეს სვანეთის სკოლებიდან ქართული ენის გამოდევნის პროცესი. ამგვარმა ანტიქართულმა მოძრაობამ სვანეთის მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია და მოსწავლეთა რიცხვი მკვეთრად შემცირდა, ეცერის სკოლაშიც კი მოწაფეთა რაოდენობა 15-მდე დავიდა: „მიზეზი სწავლის შეფერხების არის ახლად მოგონილი უკუღმართი პროგრამა... მისის შინაარსის გაგონებით ისე დაშინდნენ სვანეთში, რომ ერთი მეხუთეთი მოსწავლეც არ დაიარება სკოლაში“[xx]. ეროვნული ინტერესების დასაცავად ლეჩხუმის მაზრის თავად-აზნაურთა კრებამ (1903 წლის 28 მარტი) თავად ლევან დადეშქელიანის თხოვნით მიიღო გადაწყვეტილება:
„მომავალ საგუბერნიო თავად-აზნაურთა კრებაზედ შუამდგომლობა აღიძრას იმის შესახებ, რომ სვანეთში, როგორც საქართველოს ერთ მხარეს, თვით ქართული ტომით დასახლებულს, არ მოისპოს პირველს დაწყებისს სკოლებში ქართული ენა“[xxi].
ანეტას ინიციატივით ორკლასიანი სასწავლებელი გაიხსნა სამეგრელოშიც, ჯვარში. ანეტამ სკოლა თავისთან, დადიანების სახლში მოაწყო. სკოლამ იარსება გასაბჭოებამდე.
ამავე დროს, ანეტა იყო ნიჭიერი პოეტი და მთარგმნელი, მისი ლექსები გამოქვეყნებულია იმდროინდელ ქართულ პერიოდულ პრესაში („ივერია“, „ჯეჯილი“). XIX საუკუნის მიწურულისათვის ქართველ საზოგადოებაში განსაკუთრებით ცნობილი იყო ანეტას ლექსი „გაზაფხული“:
„მიდის ზამთარი, მიიპარება,
თან მისდევს თოვლი, მიჰყვება ქარი
და საქორწილოდ მომზადებულსა
გაზაფხულს ხელში უპყრია ქნარი.
რომ ტკბილის ჰანგით გამოაფხიზლოს
ბუნება ზამთრით მიძინებული
და უცნაურის, მხიბლავის ძალით
აუთამაშოს სული და გული.
აჰა, მერცხალი ტკბილად ჭიკჭიკებს,
ეს გაზაფხულის წინამორბედი,
და ნაზი იაც მორცხვად თავს იხრის,
რომ დედამიწას უქადოს ბედი!
დღემდის მიწასთან გასწორებული
ვაზი ამდგარა ლხენით მტირალი...
და მათის ჭვრეტით გატაცებული
სახნისს იფერავს მუშა საწყალი.
თანაც იმღერის: „დრომ მოიტანა,
აწ შრომის ოფლი უნდა დავღვარო“.
ღმერთო, აკურთხე მისი მარჯვენა,
და უწინამძღვრე მას, მაცხოვარო“[xxii].
გამოქვეყნებულია ანეტას სხვა ლექსიც, რომელსაც ჰქვია „ზამთარი“:
ცას გადაეკრა შავი ღრუბელი,
საზარელის ხმით ზუზუნებს ქარი!
თითქოს გვაფრთხილებს ამ თავიდგანვე:
„დაემზადეთო! მოდის ზამთარი“.
გაბრუებულა ტყე და მინდორი,
გაშიშვლებულა მთლად მთა და ბარი...
დაიწყო თოვა, – ხმელს დედამიწას
თავს ეხურება თათრი ზეწარი.
შეკრთენ ჩიტები! ფრთა ჩამოყარეს,
ეძებენ მხოლოდ თავის-შესაფარს.,
მუშებიც სახლში დაბრუნებულან,
კერას უსხედან დამშვიდებით გარს.
თბებიან და თან გულით ნატრობენ,
კეთილს გაზაფხულს, მოსავლიანსა.
ცეცხლიც გუზგუზებს, თითქო ბანს აძლევს
გლეხების სურვლის გულ-ნაღვლიანსა“[xxiii].
გარდა მხატვრული მნიშვნელობისა, ლექსებში გამოსჭვივის ანეტას მსოფლხედვის ის ასპექტებიც, რას მას ხალხთან აახლოებდა: ფიქრი და ზრუნვა მშრომელ ადამიანებზე, ხედვა მათი გულისნადების, სევდისა თუ სიხარულისა.
ბუნებრივია, რომ ანეტა განიცდიდა ბიძის, აკაკი წერეთლის პოეზიის ძირითადი მოტივების გავლენას. მათ სულიერი კავშირი სხვა მხრივაც მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იყო: აკაკი რამდენჯერმე სტუმრობდა დისწულს როგორც სვანეთში (ეცერში), ასევე სამეგრელოში (ჯვარში). შემონახულია ფოტოსურათები და აკაკის პუბლიკაციები. ანეტა და ჯანსუღი შვილებითურთ ხშირი სტუმრები იყვნენ საჩხერისა. აკაკი მეგობრობდა ანეტას მაზლ თათარყანთანაც და არსებობს მისი ლექსები მიძღვნილი თათარყანისადმი. ცნობილია მიტროფანე ლაღიძის (1869-1960 წწ.) მოგონება, რომელშიც იგი მოგვითხრობს აკაკი წერეთლის პოემის „გამზრდელის“ შექმნის ისტორიას და პოემის ფოლკლორულ საფუძვლად ასახელებს ჯანსუღ დადეშქელიანის მონათხრობს: „შემდეგ გამოვეცი „თამარ მეფე“, „გამზრდელი“, „გამზრდელის“ ამბავი აკაკის უამბო ჯანსუღ დადეშქელიანმა. ეს ნამდვილი ამბავია“[xxiv].
ამრიგად, ანეტა დადეშქელიანის პიროვნება არის ერთგვარი მაგალითი არისტოკრატი ქალის როლის ახლებურად წარმოჩენისა ქართულ საზოგადოებრივ ასპარეზზე. ანეტა დადეშქელიანი, ოჯახთან ერთად, ადგილობრივი თემის (ეცერი, ჯვარი) სოციალური თუ კულტურული ცხოვრების ცენტრში იმყოფებოდა და განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საზოგადოების მოდერნიზაციის საქმეში. ანეტა მხარში ედგა ქართულ პატრიოტულ აზრს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და ეხმარებოდა მას ნივთიერადაც და თავადაც მონაწილეობდა საგანმანათლებლო პროცესში. მისი ღვაწლი იმდროინდელი ქართული საზოგადოების განათლებისა და სოციალური პრობლემების წინ წამოწევისა და ამ გზით ღირებულებათა ცვლის პროცესში, საკმაოდ მნიშვნელოვანია. ის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ქართველი ქალებისა, რომელთა შრომამ, ხშირად უჩინარმა, დიდი როლი შეასრულა ქართული საზოგადოების განვითარების საქმეში.
[i] ამჟამინდელი ქ. ჯვარი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი.
[ii] კ. ბოროზდინი, სამეგრელო და სვანეთი, 1854-1861, მოგონებანი, თარგმნილი თ. სახოკიას მიერ, სახელმწიფო გამომცემლობა, 1934.
[iii] ჯანსუღი მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში, აგრეთვე, პირველ მსოფლიო ომში, ეკავა მაღალი თანამდებობები, მაგალითად, იყო ყარსის (1907-1908 წწ), შემდეგ კი დაღესტნის სამხედრო გუბერნატორი. ჯანსუღს დამთავრებული ჰქონდა ტფილისის კლასიკური გიმნაზია. 1876 წლიდან მსახურობდა ჯარში. მონაწილეობდა ოსმალთაგან არტაანის გათავისუფლებისათვის გამართულ ბრძოლებში (რუსეთ-თურქეთის ომის დროს) და 1877 წლის 5 მაისს დაჭრილა არტაანის ციხის შტურმით აღების დროს, რასაც მოჰყვა მისი პირველი სამხედრო ჯილდო. ჯანსუღი დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლებით: საპატიო ლეგიონის ორდენით, წმიდა ანას მეორე და მესამე ხარისხის ორდენებით, წმიდა ვლადიმერის მესამე და მეოთხე (ბაფთით) ხარისხის ორდენებით, წმიდა სტანისლავის მეორე და მესამე ხარისხის ორდენებით.
[iv] ერთ-ერთი ვრცელი აღწერილობა ანეტას მეუღლის ოჯახის შესახებ დაგვიტოვა მღვდელმა პოლიევქტოს კარბელაშვილმა (1855-1936 წწ.), რომელმაც 1903 წელს ზაქარია ფალიაშვილთან და ალექსანდრე ხანახაშვილთან ერთად იმოგზაურა სვანეთში (მღვდელი პოლიევქტოს კარბელაშვილი, სვანეთში ორი კვირით, – გაზეთი „ივერია“, #258, 11 ნოემბერი, 1904 წ.). ამ კუთხით, მნიშვნელოვანია წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის, ნიკო მარისა და სხვათა მოგონებებიც (Православие на Кавказе, Обозрение сванетских приходов. Из Записок преосвященного Гавриила епископа имеретинского. Из журнала Православное Обозрение, январь, М., 1867. Отчеть Общества Возстановления Православного христианства на Кавказе за 1873 г. Тифлис 1875 г. Марр Н. Я., Из поездок в Сванию, Христианский Вопрос, т. II, вып. I, С. Пет., 1913).
[v] თათრყანმაც, გიმნაზიის დასრულების შემდეგ, სამხედრო გაანთლება მიიღო, დაამთავრა საკავალერიო სასწავლებელი რუსეთში, მიაღწია იმპერატორის ლეიბგვარდიის პოლკოვნიკის ჩინს, რის შემდეგაც გადადგა სამხედრო სამსახურიდან და დასახლდა მამულში ეცერის თემის სოფელ ბარშში. თათარყანი ძალიან ცნობილი პიროვნება იყო იმდროინდელ ქართულ საზოგადოებაში. გამორჩეული ყოფილა გარეგნობითაც და მონაწილეობდა ქუთაისის თეატრალური საზოგადოების მიერ დადგმულ „ვეფხისტყაოსნის“ სცენებში, ტარიელის როლში. შემონახულია ფოტოსურათიც. სამეცნიერო თვალსაზრისით, განსაკუთრებით ფასეულია თათარყანის ერთი სტატია, რომელიც მას 1909 წელს გამოუგზავნია ექვთიმე თაყაიშვილისათვის მეტად მნიშვნელოვან ეთნოგრაფიულ არტეფაქტთან - სარიტუალო პურების საბეჭდავთან ერთად. სტატიის სახელია „შენიშვნა შესახებ სიტყვისა „დასტაგისა“. სტატია გამოქვეყნდა თ. დადეშქელიანის გარდაცვალების შემდეგ 1913 წელს (თ. დადეშქელიანი, შენიშვნა შესახებ სიტყვისა „დასტაგისა“, ძველი საქართველო, ტ. II, ტფ., 1913). ამ სტატიისა და ნივთის მეცნიერული ანალიზი იხ. სტატიაში – რ. გუჯეჯიანი, ერთი ეთნოგრაფიული ნივთის შესახებ (დასტაგი-დაგი-ლადგი), – კრ., ეთნოლოგიური ძიებანი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, III, თბ., 2007. გვ. 322-334. მნიშვნელოვანია თათარყანის მეორე ისტორიული ნარკვევიც, რომელიც ეხება საქართველოს სამხედრო ისტორიას (თათარყან დადეშქელიანი, მოკლე განხილვა საქართველოს მხედრობის, 1089-1122 წ.წ. – გაზეთი ,,ივერია“, 1883 წ., N 10).
[vi] თემურ ამყოლაძე, იქვე, გვ., 403.
[vii] ამ პერიოდისათვის უკვე გარდაცვლილნი იყვენ ანეტას მაზლები: თათარყანი, ლევანი და ალექსანდრე. ცოცხალია მხოლოდ ოთარი, რომელიც, ძირითადად, პეტერბურგსა და ევროპაში ცხოვრობდა და საქართველოში, შედარებით, იშვიათად იმყოფებოდა.
[viii] თემურ ამყოლაძე, იქვე, გვ., 403.
[ix] ალი დავითიანი, განახლებული სავნეთი, – ჟურნალი „მნათობი“, @11, 1957 წ. გვ., 88.
[x] ალი დავითიანის საარქივო მასალა, სვანეთის ისტოიული ამბები, M 94, – არქივი დაცულია ივანე ჯავახიშვილის ს ახელობის სიტორიისა დ აეტნოლოგიის ინსტიტუტში.
[xi] ვრცლად იხ. ზურაბ სამუშია, დანგრეული ეკლესია ჯვარიდან გვიხმობს (წერილი რედაქციას) , – ჟურნალი „ისტორიანი“, 2012 წლის აპრილი, #4/16.
[xii] ტარიელ დადიანის არქივი, - არქივი დაცულია ქალაქ ჯვარში, ჯურხა ტარიელის ძე დადიანის ოჯახში.
[xiii] ცნობილია, რომ საქართველოში მუშაობის დროს ჯანსუღი ეხმარებოდა სტიქიით დაზარალებულებს (სამეგრელო, იმერეთი, სვანეთი), ამ მხრივ აქტიურობდა მისი ძმა თათარყანიც. მაგალითად, 1894 წელს უამინდობის გამო სვანეთში, რაჭასა და ლეჩხუმში შიმშილობა ჩამოვარდა, გავრცელდა საქონლის ჭირიც და მოასახლეობამ დაკარგა შემოსვალის მთავარი წყარო. გაზეთ „ივერიის“ წერილიდან ცნობილი ხდება, რომ ამ წელს თათარყანმა სვანეთის სოფლები შემოიარა, დააზუსტა პრობლემური ვითარება, მოსახლეობას ასწავლა საქონლის ჭირთან გამკლავების წესები, შემდეგ კი დასავლეთ საქართველოს შეძლებულ მოსახლეობას, ნათესავ-მეგობრებს დახმარება სთხოვა და საბოლოოდ სვანეთის გაჭირვებულ მოსახლეობაში დაარიგა 1369 ფუთი სიმინდი. ორი წლის შემდეგ, 1896 წელს იგივე დახმარება შეჭირვებულ მოსახლეობას გაუწია ჯანსუღმა (თემურ ამყოლაძე, დადეშქელიანების ამბავი, მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა, ქუთაისი, 2014. გვ., 334). საინტერესო ინფორმაციაა დაცული მიხეილ გავაშელიშვილის (რივნის თაველის) რამდენიმე წერილში, რომლებსაც ის რაჭიდან უგზავნიდა გაზეთ „ივერიას“. მისი ინფორმაციით, ჯანსუღს, რაჭის მაზრის უფროსად დანიშვნისთანავე, შეუკრებია ადგილობრივი გლეხობა და დეტალურად გასაუბრებია პრობლემების თაობაზე („ივერია“, 21 აგვისტო, #171, 1897, გვ., 2-3). არსებობს სხვა წერილიც, რომელშიც ვკითხულობთ, რომ რაჭის მოსახლეობა დიდ სინანულს გამოთქვამს მათი მაზრის უფროსის, ჯანსუღის სხვაგან გადაყვანის გამო („ივერია“, 20 აგვისტო, #178, 1899, გვ., 2).
[xiv] მაგალითად, ჯანსუღი იხსენიება ამ საზოგადოების სასარგებლოდ ოლღა ჭავჭავაძისა და ეკატერინე სარაჯიშვილის მიერ მოწყობილი კონცერტის ანგარიშში (გაზეთი „ივერია“, 3 მარტი, #48, 1902). ერთი ფაქტიც: ჯანსუღი ხელმძღვანელობდა ბიბლიოთეკებისათვის პრესისა და წიგნების გამოწერის საქმეს (მაგალითად, რაჭაში). ცნობილია, რომ მან ონის სამკითხველოსათვის გამოიწერა პერიოდული პრესა („ივერია“, 15 აპრილი, #79, გვ., 4).
[xv] ცხუმარში სწავლა მიმდინარეობდა თავად ბექირბი დადეშქელიანის სახლში, მანვე შესწირა მიწის ნაკვეთი სკოლას და მომდევნო წელს სასწავლებელს უკვე თავისი საკუთარი შენობა გააჩნდა. ასევე, ეცერის სკოლაც თავიდან მოსოსტრ დადეშქელიანს შეუფარებია, შემდეგ მიწის ნაკვეთი გამოუყვია თავად თათარყან დადეშქელიანს და სასწავლო პროცესი დამოუკიდებელ ნაგებობაში გაგრძელებულა. თავად თათარყანისთვის შემდგომში სვანეთის სკოლების საპატიო მზრუნველობის წოდება მიუნიჭებიათ (დ. ანტონიძე, – გაზეთი „ცნობის ფურცელი“, 21 სექტემბერი, #1588, 1901 წ).
[xvi] დ. ანტონიძე, – გაზეთი „ვერია“, 5 ოქტომბერი, #215, 1901 წ.
[xvii] გაზეთი „ცნობის ფურცელი“, 8 ივნისი, 1902 წ.
[xviii] „ცნობის ფურცელი“, 3 აგვისტო, 1902 წ.
[xix] М. А. Шостак, По Рачи и Сванети, ИКОРГО, т. №1, 1903 г.
[xx] „ივერია“, 26 ივნისი, #137, 1903 წ.
[xxi] `ივერია~, 10 აპრილი, #77, 1903 წ.
[xxii] გაზეთი „ივერია“, მარიამობისთვე 9, ოთხშაბათი, #168, 1889.
[xxiii] „ჯეჯილი“ საყმაწვილო სურათებიანი ჟურნალი, #1890.
[xxiv] მიტროფანე ლაღიძე, შეხვედრები დიდ პოეტთან, – კრებული „მოგონებები აკაკიზე“, შემდგენლები: შ. ბარამიძე, ა. ლომიძე, თბ., 1990. გვ., 284.