პროფესიით ჟურნალისტი ვარ. სხვადასხვა საკითხების გარდა, ქალების თემებზე ვმუშაობ. ხშირად ვხვდები ქალებს, რომლებსაც წლების მანძილზე ერთი და იგივე პრობლემა აქვთ: საშინაო შრომის დაუფასებლობა, ბავშვების აღზრდის პასუხისმგებლობა, მეუღლეებთან, ოჯახის წევრებთან უთანხმოებები ან მარტოობაში ყველაფრის კეთება. ესაა ტვირთი, რომლისგანაც ქალები ვერ ახერხებენ განთავისუფლებას.
ქალები ხშირად მიყვებიან საკუთარ ამბებს. თითოეულ ისტორიაში დიდი ტკივილი და გულისწყვეტაა, რომ მათ ვერ შეძლეს გახდნენ დამოუკიდებლები და თავად განაგონ საკუთარი ცხოვრება. რეგიონებში და სოფლად მცხოვრები ქალების დიდ ნაწილს აქვს ელემენტარული სურვილები - წავიდეს თეატრში, მეგობრის დაბადების დღეზე, იყიდოს დიდი ხნის წინ შეთვალიერებული კაბა, ფეხსაცმელი. ეს ქალები დამოკიდებულნი არიან ქმრის შემოსავალზე, ოჯახის სხვა წევრების სურვილებზე. ხოლო თუ მარტონი, შვილებთან ერთად ცხოვრობენ - შვილების სურვილები, უფრო სწორად, აუცილებლობებია პრიორიტეტი. ასე გადის მათი ახალგაზრდობის წლები და ქალის ტვირთი უცვლელი რჩება. ამ ქალებს წარმოდგენაც კი არ აქვთ, რას ნიშნავს მართო საკუთარი ცხოვრება. იყო უფრო გაბედული და თუნდაც სახლში, შინა მეურნეობაში მოითხოვო შრომის თანაბარი გადანაწილება. მარტოხელა დედებმა კი, რომლებიც ქმრებმა იმიტომ მიატოვეს, რომ მათ რომელიმე შვილი ავად ჰყავთ, არ იციან, თუ რა სახელმწიფო სერვისები არსებობს მათ დასახმარებლად.
თვითმმართველობებში, საკრებულოებთან არსებობს „გენდერის საკონსულტაციო საბჭოები“, რომელთა ერთ-ერთ მოვალეობა, დამტკიცებული დებულების მიხედვით, გენდერული ბიუჯეტის დაგეგმვა და მისი ლობირებაა. გენდერული ბიუჯეტი ითვალისწინებს, რომ ქალებსა და კაცებზე თანაბრად გადანაწილდეს ყველა ის მომსახურება, რასაც თვითმმართველობა გაუწევს მოქალაქეებს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, გენდერულ ბიუჯეტზე მუშაობა, ბენეფიციარებთან შეხვედრებისა და მათი საჭიროებების გაუთვალისწინებლად ხდება. სწორედ აქ იკარგება ქალთა ხმა, მათი სურვილები. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ფემინისტურ ხედვებსა და იდეოლოგიაზე ძალიან მცირე და, უმეტეს შემთხვევაში, არანაირი ინფორმაცია არ აქვთ თვითმმართველობების წარმომადგენლებს.
ქალებისთვის საკუთარი უფლებების მოთხოვნა და გასაჯაროება შეზღუდულია. ამ შეზღუდვას მათ უწესებს და ასწავლის საზოგადოება, ხოლო შემდეგ ქალებიც ხდებიან მათი გამტარები. ხშირად, ქალებს აღარ რჩებათ ძალა, გამოვიდნენ „მოწყვლადი ჯგუფის“ სტატუსიდან და თავად გახდნენ მებრძოლები. ბევრი მათგანი გაუცხოებულია ფემინისტური იდეებისგან, გათავისებული აქვს დამკვიდრებული კლიშეები და ქალური სოლიდარობის ნაცვლად, ეთიშება სხვა ქალებს.
სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, ადილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს ჰქონდეთ მზაობა გაითავისონ ფემინისტური ხედვები; არ ეშინოდეთ ფემინისტური იდეოლოგიის გაზიარების; და უსმენდნენ ქალებს, მათ საჭიროებებს, რაც აუცილებლად უნდა აისახოს გენდერულ ბიუჯეტში.