როგორ ვებრძოლოთ საქართველოში სექსუალურ შევიწროებას სამართლებრივი მექანიზმებით?

 

„კონკრეტულ შემთხვევაში შევიწროება ვლინდება ისეთ ფორმებში, როგორებიცაა: არასასიამოვნო მზერა, შეურაცხმყოფელი ხუმრობა ან შენიშვნა, მიუღებელი კომენტარი, პირის იზოლირება, უსამართლო კრიტიკა, არასასურველი ფიზიკური კონტაქტი, უხამსი შეთავაზება. ამიტომ, მიზანშეწონილია, შევიწროების განმარტების დროს აქცენტი გაკეთდეს სწორედ ამ მახასიათებლებზე. აქვე, სასამართლო მიუთითებს, რომ ყველა მინიშნება, შეთავაზება, კომპლიმენტი, შენიშვნა და ა.შ., ნეგატიური შეიძლება სულაც არ იყოს. მაგრამ, ზოგიერთი კომპლიმენტი უტაქტოა, ადამიანს უხერხულ მდგომარეობაში აგდებს და მასში სირცხვილის განცდას აჩენს. უფრო მეტიც, სავსებით შესაძლებელია, რომ ხელმძღვანელი პირები ძალაუფლების მოპოვების შემდეგ ნაკლებად უწევენ ანგარიშს გარშემომყოფთა ემოციებს და დასაქმების ადგილებზე იმპულსურად არღვევენ ეთიკურ ნორმებს“. - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილება. პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში სასამართლომ სექსუალურ შევიწროებაზე იმსჯელა და დაადგინა კიდეც[1].

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ 2017 წელს ჩატარებულმა ეროვნულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ყოველ მე-5 ქალს (20%) განუცდია სექსუალური შევიწროება ცხოვრების განმავლობაში[2]. მიუხედავად ამ ქმედების სიხშირისა, სექსუალური შევიწროება რჩება ქალთა დისკრიმინაციის ერთ-ერთ ყველაზე დაფარულ ფორმად, რომელიც ქალებს მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებულ მდგომარეობაში აყენებს და მიზნად ისახავს ან იწვევს საჯარო სივრციდან მათ განდევნას. სექსუალურ შევიწროებაზე საუბარი მსხვერპლთათვის სტიგმას უკავშირდება – ხშირ შემთხვევაში თავად ქალებს ადანაშაულებენ, რომ ისინი იტყუებიან, მათ „მოეჩვენათ“, ან თავად „გამოიწვიეს“ მსგავსი მოპყრობა. შევიწროების ჩამდენთათვის კი საქართველოს კანონმდებლობა სანქციას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ამგვარი ქმედებები უმეტესწილად ყოველგვარი რეაგირების გარეშე რჩება და ქალები შევიწროების ფაქტებზე საქართველოში კვლავ გაჩუმებას ამჯობინებენ.

საქართველოში სექსუალური შევიწროება საჯარო განხილვის საგანი პირველად 2016 წლის აპრილში გახდა, ხოლო შემდეგ, 2018 წლის მარტში, როდესაც, 3 პრეცედენტული საქმის მეშვეობით, ქალებმა სხვადასხვა სფეროში სექსუალური შევიწროების შესახებ საუბარი დაიწყეს. მათ სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს როგორც დამსაქმებელი ტელეკომპანიაში, ისე საჯარო უწყების ხელმძღვანელი და არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი. ამასთანავე, 2017 წლის გაზაფხულზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ „ფეისბუკის“ მეშვეობით აწარმოებდა კამპანიას, რომლის დროსაც 80-ზე მეტმა ქალმა სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით საზოგადოებას თავისი გამოცდილება გაუზიარა[3].

ზემოხსენებული საქმეებიდან, პირველ შემთხვევაში, 2018 წლის იანვარში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „იმედის“ ტელეწამყვანის, შალვა რამიშვილის მიერ სექსუალური შევიწროების ჩადენა დაადგინა და მის დაქვემდებარებაში დასაქმებული თათია სამხარაძისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დაავალა. სასამართლოს თანახმად, მოპასუხემ მოსარჩელეს შესთავაზა სექსუალური კავშირი კარიერულ წინსვლაში დახმარების სანაცვლოდ, რაც დასტურდებოდა მათ შორის საუბრის ჩანაწერითა და მოწმეთა ახსნა-განმარტებებით. სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული უხამსი შეთავაზების შემდეგ მოსარჩელემ სამსახური დატოვა[4]

მეორე შემთხვევაში, სახალხო დამცველმა, 2017 წლის მაისში, საჯარო რეესტრის ხელმძღვანელის, პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან რეესტრის თანამშრომლის, ეკატერინე მესხიძის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა და აღნიშნული ქმედების მომავალში თავიდან აცილების შესახებ რეკომენდაციები გამოსცა. სახალხო დამცველის თანახმად, შევიწროება გამოხატული იყო ფამილარული, სექსისტური გამონათქვამებით, სექსუალური შინაარსის კომენტარებითა და ფიზიკური ძალადობის მუქარით, რაც პირს სამუშაო ადგილას ღირსების შემლახველ გარემოს უქმნიდა.

საჩივრებს არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორის საკითხზე, სახალხო დამცველი ამჟამად განიხილავს.

პაპუნა უგრეხელიძემ, ასევე ზემოთხსენებული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, 2018 წლის ივნისში, პატივისა და ღირსების შელახვის საკითხზე, სასამართლოს მიმართეს იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც მათ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ. საქმეებს ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს[5].

ფემინისტური სამართლის თეორიები სექსუალური შევიწროების შესახებ

ფემინისტური სამართლის თეორიების თანახმად, სამუშაო ადგილასა და საჯარო სივრცეში ქალების სექსუალური შევიწროება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალური მექანიზმი, რომელიც ემსახურება ქალების დაქვემდებარებულ მდგომარეობაში დატოვებას, ხელს უშლის მათი პოტენციალის სრულად რეალიზებას, შრომითი ურთიერთობების დაწყებასა და შენარჩუნებას. სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების ხასიათი, ხშირად, სექსუალური შინაარსის არ არის: მის საფუძველს წარმოადგენს მამაკაცური ძალაუფლებისა და პრივილეგიის ხელახალი განმტკიცება დასაქმებულ ქალებზე, რომლებმაც თავიანთი „ბუნებრივი ადგილი“ (ანუ საშინაო სივრცე) დატოვეს და შრომით ბაზარზე მამაკაცების კონკურენტები გახდნენ[6].

ისევე, როგორც სხვა გენდერული დანაშაულებისა და გენდერულად მოტივირებული ქმედებების შემთხვევაში, სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენა უმეტესწილად ხდება მამაკაცის აღქმისა და სტანდარტების გათვალისწინებით, რომელთა თანახმადაც, ხშირად, ჩადენილი აქტი არა აკრძალული ქმედება, არამედ ურთიერთობის მიღებული ფორმაა. აღნიშნული დასკვნა ქალის მიერ იმავე ქმედების აღქმის სათანადო შეფასების გარეშე კეთდება, არ არის გათვალისწინებული არსებული გენდერული უთანასწორობის კონტექსტი და ძალაუფლების არათანაბარი გადანაწილება მამაკაცებსა და ქალებს შორის[7].

რატომ არ არის საქართველოში სექსუალურ შევიწროებასთან ბრძოლის ეფექტური სამართლებრივი მექანიზმები?

ისტორიულად, საქართველოს კანონმდებლობა დასჯადად არ აღიარებდა გენდერული ნიშნით ჩადენილ ისეთ ქმედებებს, რომელთა მსხვერპლები ძირითადად ქალები არიან (ასეთი იყო, მაგალითად, ადევნება[8], ოჯახში ძალადობა, ქალის სასქესო ორგანოს დასახიჩრება, ქორწინების იძულება, კვლავ რჩება სექსუალური შევიწროება და გაუპატიურება, სადაც განმსაზღვრელი, სქესობრივ კავშირზე ქალის თანხმობის არარსებობაა). 2017 წლის მაისში, საქართველომ ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) რატიფიცირება მოახდინა, რომელმაც სახელმწიფო დაავალდებულა, ჰქონდეს სექსუალურ შევიწროებასთან, ისევე როგორც სხვა გენდერულ დანაშაულებთან, ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმები.

სტამბოლის კონვენციის თანახმად, სექსუალური შევიწროება არის მსხვერპლისთვის მიუღებელი სექსუალური ხასიათის ნებისმიერი ფორმის ვერბალური, არავერბალური ან ფიზიკური ქცევა, რაც მიზნად ისახავს ან იწვევს ადამიანის ღირსების შელახვას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს[9]. კონვენციიდან გამომდინარე, სექსუალური შევიწროება ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა[10].

2016 წელს, სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებამდე, სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტის ინიცირება რესპუბლიკელმა დეპუტატებმა თამარ კორძაიამ და თამარ ხიდაშელმა მოახდინეს. კანონპროექტი შევიწროების ჩამდენთათვის ჯარიმას ითვალისწინებდა. 2016 წლის ივნისში პარლამენტმა მას მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭირა[11].

კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, 2017 წელს, მთელ რიგ კანონებში კონვენციის მოთხოვნები აისახა, თუმცა ცვლილებათა პაკეტში სექსუალური შევიწროების საკითხი საერთოდ არ იყო გათვალისწინებული. სექსუალური შევიწროების რეგულირების მოთხოვნით, 2017 წლის შემოდგომაზე „ქალთა მოძრაობამ“ 1000 ადამიანის ხელმოწერილი პეტიციით პარლამენტს მიმართა. პეტიციის თანახმად, „საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება მოიცავს: სექსუალური ხასიათის კომენტარებს, უხამს ხუმრობებს, მიშტერებას, სტვენას, ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნას, რომელიც უარის შემდეგაც გრძელდება. ასევე, სხეულზე შეხებას უნებართვოდ, გენიტალიების ჩვენებას და სხვა. სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროება ხშირად გამოიხატება სექსუალური შინაარსის არასასურველ კომპლიმენტებში, ხუმრობებში, პორნოგრაფიის ჩვენებაში, უფროსის მხრიდან სექსუალური ურთიერთობების მოთხოვნაში დაწინაურების ან სამსახურიდან არგაგდების სანაცვლოდ და სხვა. სექსუალური შევიწროების ამკრძალავი კანონმდებლობის არარსებობა იწვევს მოძალადეთა დაუსჯელობას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას“[12]

პეტიციის წარდგენის შემდგომ, სექსუალური შევიწროების საკითხს, მსოფლიო #metoo კამპანიასთან ერთად, მედიის მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო. თუმცა, საზოგადოებისგან მას არაერთგვაროვანი და რიგ შემთხვევებში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა, რაც განპირობებული იყო ღრმად დამკვიდრებული პატრიარქალური შეხედულებებითა და ქალთა გამოცდილებების იგნორირებით. სექსუალური შევიწროების თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებები დღემდე არ განხორციელებულა. თუმცა, საერთაშორისო ვალდებულებებისა და ეროვნულ დონეზე ქალთა და ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების მოთხოვნის შესაბამისად, სექსუალურ შევიწროებაზე პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო ამჟამად საკანონმდებლო პაკეტს ამზადებს.

როგორ შეიძლება, პირმა სექსუალური შევიწროება დაამტკიცოს დღეს მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით?

ტერმინი „სექსუალური შევიწროება“ დღეს საქართველოს კანონმდებლობაში არ გვხვდება. კანონმდებლობა სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ ქმედებებს არასრულყოფილად განსაზღვრავს[13], შემოფარგლავს მათ მხოლოდ შრომითი ურთიერთობებით (არ ეხება საჯარო სივრცეში, ქუჩაში, განათლების, სპორტის და სხვ. სფეროებში ჩადენილ ქმედებებს) და არ ითვალისწინებს ქმედებაზე სამართლებრივი რეაგირების მექანიზმებს. მოქმედი ანტიდისკრიმინაციული კანონი[14], საერთაშორისო სტანდარტების საპირისპიროდ, სექსუალურ შევიწროებას დისკრიმინაციის ფორმად არ მოიაზრებს.

ზემოხსენებული საკანონმდებლო ხარვეზების გათვალისწინებით, პირისთვის, რომელიც სასამართლოში ან სახალხო დამცველთან ჩივის სექსუალური შევიწროების საკითხზე, საქმის წარმატება მთლიანად დამოკიდებულია ამ ორგანოების მიერ მოქმედი კანონმდებლობის პროგრესულ განმარტებაზე, საერთაშორისო სტანდარტების ჭრილში. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზები შესაძლებლობას აძლევს სასამართლოსა და სახალხო დამცველს, არ დააკმაყოფილონ შევიწროების მსხვერპლის მოთხოვნა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმეში მყარი მტკიცებულებები არსებობს.

მნიშვნელოვანია, სექსუალური შევიწროების მსხვერპლმა სასამართლოს ან სახალხო დამცველს ანტიდისკრიმინაციულ კანონზე დაყრდნობით მიმართოს, ვინაიდან, აღნიშნული კანონის გამოყენების შემთხვევაში, მხოლოდ ისეთი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება აქვს, რომლებიც სექსუალური შევიწროების ვარაუდის საფუძველს იძლევა. შესაბამისად, მას არ აქვს სექსუალური შევიწროების დამტკიცების ვალდებულება. პირს, რომელსაც ედავებიან შევიწროებაზე, ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ მას შევიწროება არ განუხორციელებია[15]

არის თუ არა სექსუალური შევიწროების მხილება მოძალადის პატივისა და ღირსების შელახვა?

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოში იჩივლოს, თუ მიაჩნია, რომ მისი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია ილახება და სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა[16]. შესაბამისად, თეორიულად შესაძლებელია, რომ იმ პირს, რომელიც სექსუალური შევიწროების თაობაზე საჯაროდ საუბრობს ან ჩივის, სავარაუდო შევიწროების ჩამდენმა სასამართლოში უჩივლოს და მოსთხოვოს გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა, რაც, მისი აზრით, ღირსების შემლახველია.

ზემოხსენებულის მიუხედავად, პატივისა და ღირსების შელახვის თაობაზე ამგვარი დავა, სექსუალური შევიწროების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, წარუმატებლობის მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დგას. მართალია, სექსუალური შევიწროების შესახებ კანონმდებლობა კონკრეტულ რეგულირებას არ ითვალისწინებს, თუმცა სიტყვისა და გამოხატვის შესახებ საქართველოს კანონს შეუძლია მათი დაცვა, ვინც სექსუალურ შევიწროებაში მოძალადეებს ამხელს. კანონის თანახმად, აზრის (შეფასებითი მსჯელობის) გამოთქმა არავითარ პასუხისმგებლობას არ იწვევს (აბსოლუტური პრივილეგია)[17], მაშინ როდესაც, არსებითად მცდარი, პირისთვის დამაზიანებელი ფაქტის გავრცელება იწვევს პასუხისმგებლობას[18]. ამ კუთხით, საჯარო პირები[19] უფრო ნაკლები დაცვით სარგებლობენ და მეტი თმენის ვალდებულება აქვთ, ვიდრე კერძო პირებს. როდესაც საეჭვოა, განცხადებას აზრის სტატუსი უნდა მიენიჭოს თუ ფაქტის, მას ენიჭება აზრის სტატუსი, ანუ მის გამავრცელებელს არ შეიძლება აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების გამო პასუხისმგებლობა დაეკისროს[20].

მნიშვნელოვანია, რომ სხვა ქმედებებისგან განსხვავებით, სექსუალური შევიწროების დროს, მსხვერპლის მიერ შევიწროების სუბიექტური აღქმა და ანალიზი დიდწილად ქმნის სექსუალური შევიწროების ფაქტს. ეს ნიშნავს, რომ შევიწრობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლმა ეს ქმედება შევიწროებად შეაფასა და არა მისთვის მისაღებ ქცევად. სტამბოლის კონვენციის თანახმად, შევიწროება მსხვერპლისთვის არასასურველი, მიუღებელი ქცევაა, რომელიც მას სექსუალური ხასიათის მტრულ გარემოს უქმნის[21]. მოძალადის განზრახვის არარსებობა, შეევიწროებინა პირი, არ არის განმსაზღვრელი იმისათვის, რომ ქმედება სექსუალურ შევიწროებად დაკვალიფიცირდეს – შესაძლოა, პირისთვის ქალის მიმართ ღირსების შემლახველი ქმედება საზოგადოებაში მიღებულ ქცევად მიიჩნეოდა, რაც მის მიერ სექსუალური შევიწროების ჩადენას არ გამორიცხავს. შესაბამისად, სექსუალური შევიწროების შემთხვევაში, სავარაუდო მსხვერპლის აზრი (მის მიერ მოვლენის აღქმა და შეფასება) დიდწილად განაპირობებს იმას, დადგინდება თუ არა საქმეზე სექსუალური შევიწროება. ამიტომ, როცა შევიწროების მსხვერპლს ცილისწამების გამო უჩივიან, მის მიერ გადმოცემულ ინფორმაციაზე სექსუალური შევიწროების შესახებ, „აზრისთვის“ მინიჭებული მაღალი დაცვის გარანტიები უნდა გავრცელდეს.

დაბოლოს, შევიწროების მსხვერპლს, კანონის თანახმად, ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება შევიწროების საკითხზე სახალხო დამცველის ან სასამართლოსთვის მიმართვის გამო[22]. სასამართლოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება ასევე ის ფაქტები და გარემოებები (ამ შემთხვევაში, სექსუალური შევიწროება), რომლებზეც სახალხო დამცველის ანტიდისკრიმინაციულმა მექანიზმმა იმსჯელა და დაადგინა[23].

გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის დამკვიდრებული პრინციპია[24], რომ გენდერული ძალადობის შემთხვევაში, სავარაუდო მოძალადის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და სხვა უფლებების დაცვის ინტერესი ვერ გადაწონის ქალის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის უფლებას. შესაბამისად, სექსუალური შევიწროების და ქალთა მიმართ ძალადობის სხვა დაფარულ ფორმებზე საუბრისას, არსებითია, ყველა ზომა იქნეს მიღებული, რათა არ მოხდეს მსხვერპლ ქალთა ხელახალი ვიქტიმიზაცია სავარაუდო მოძალადის უფლებების დაცვის კონტექსტში და სასამართლო პრაქტიკამ არ შექმნას სექსუალური შევიწროების მხილებისთვის გამყინავი ეფექტი.

საქართველოში სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო რეგულირება და მისი აღსრულების ეფექტური მექანიზმების შექმნა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა ქალთა სტრუქტურული დისკრიმინაციის უხილავი ფორმების გამოაშკარავების, პრევენციისა და ქალებისთვის დაცვის გარანტიების უზრუნველსაყოფად, რაც არსებითი თანასწორობის მიღწევისთვის ძირეული ნაბიჯია.

 

შენიშვნები:

[1] თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილება. მოსარჩელე: თამარ სამხარაძე. მოპასუხე: შალვა რამიშვილი. საქმე აწარმოა არასამთავრობო ორგანიზაციამ „საფარი“. (*მოსარჩელისა და მოპასუხის ვინაობის დასახელება ხდება საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გამო).

[2] ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში: ანგარიშის ძირითადი მიგნებების მიმოხილვა, 2017, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, იხ: http://www2.unwomen.org/-/media/field%20office%20georgia/attachments/publications/2018/national%20study%20on%20violence%20against%20women%202017.pdf?la=ka&vs=1053

[3] იხ. კამპანიის „რა მოხდა ქუჩაში“ „ფეისბუკის“ გვერდი: https://www.facebook.com/whathappenedinthestreet/

[4] აბზაცი 3.2.1 და 3.2.2.

[6] იხ. Bulazik, M., Sexual Harassment at the Workplace. Radical America. July-August, 1978.

[7] იხ. მაგ. N. Levit & R. Verchick, A Premier Feminist Legal Theory, 2nd ed. New York University Press, გვ. 11-40 და 67-75.

[8] სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის თანახმად, ადევნება არის „პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის“.

[9] ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ, მუხლი 40.

[10] სექსუალური შევიწროება ქალთა მიმართ ძალადობის ფორმაა, თუმცა იგი განსხვავდება სექსუალური ძალადობისგან, რომელიც თავისი არსით უფრო მძიმე ქმედებაა (იხ. სტამბოლის კონვენცია, მუხლი 36).

[12] იხ. მაგ. http://www.newposts.ge/?l=G&id=156220-სექსუალური%20შევიწროება,%20პარლამენტი

[13] იხ. გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონი, მუხლი 6.1.ბ და საქართველოს შრომის კოდექსი, მუხლი 2.4.

[14] საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, 02/05/2014, 2391-IIს.

[15] იხ. საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, მუხლი 8.2.

[16] საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლები 18.2 და 18.3.

[17] სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი, მუხლი 4.1.

[18] სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი, მუხლი 13-14.

[19] საჯარო პირი – პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება (მუხლი 1.ი).

[20] იხ. ზემოთ, მუხლი 7.5.

[21] სტამბოლის კონვენცია, მუხლი 40.

[22] სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი, მუხლი 5.1.ბ.

[23] იხ. საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ.

[24] A.T. v. Hungary. CEDAW, No. 2/2003, para. 9.3.