გადაწყვეტილება მიღებულია. არ ვიცი, რამდენად სწორია, მაგრამ მივიღე და უკვე მშვიდად ვარ.
ბილეთი ავიღე, ჯიბის ფულიც რაღაცნაირად მოვაგროვე. ეს ყველაფერი მარტივად არ მომხდარა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე დაბრკოლება მხვდებოდა, მაგრამ დანებება არ მჩვევია და იტალიაში ემიგრაციისთვის მოვემზადე.
ბევრჯერ ვარ ნამყოფი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ყველა მგზავრობისას ვღელავდი, მაგრამ ეს განცდა, როცა ემიგრაციაში მიდიხარ, სულ სხვანაირი აღმოჩნდა. არავინ გავიყოლე აეროპორტში, არ მინდოდა ზედმეტი ემოციები. მარტივად გავიარე რეგისტრაცია, საპასპორტო შემოწმება.
თვითმფრინავში ჩავჯექი თუ არა, იქიდან დაიწყო ჩემი, როგორც ემიგრანტის ფიქრები. რამდენი ხანი უნდა დავრჩე, რამდენი მეყოფა ჩემი პრობლემების მოსაგვარებლად?
ღამის 2 საათზე უკვე ბერგამოში ვარ. ეს ის ქალაქია, სადაც 1 თვის შემდეგ ყოველდღიურად ათასობით ადამიანი დაიღუპება COVID-19-ის ვირუსით. ტაქსის მძღოლთან შეთანხმებული ვიყავი. შევხვდით. ჩემ გარდა კიდევ 5 ქალი იყო, ჩავსხედით მანქანაში და მილანისაკენ გავემართეთ. ტაქსის მძღოლმა ყველა დაარიგა მისამართებზე. ბოლოს მეც მიმიყვანა.
დაიწყო ახალი ცხოვრება. სახლი, სადაც მივედი, ჩემი მეგობრისაა, ერთი გოგოსი, რომელიც უკვე 15 წელია მილანში ცხოვრობს, უკვე აეწყო და ოჯახიც აქ ჰყავს.
ჩემ გარდა ოთახში კიდევ 7 ქალია, აქედან ნაწილი მუშაობს, ნაწილი კი სამსახურს ელოდება.
საქართველოდან სანამ წამოვიდოდი, სოციალურ ქსელში დავემატე ჯგუფებში „იტალიაში მცხოვრები ქართველობა“, „მილანის ქართველობა“. აქ ქალები წერდნენ. ერთმანეთს ეხმარებოდნენ. ვფიქრობდი, არც მე გამიჭირდება-მეთქი. სახლიდან ემიგრაციას და იქ მცხოვრები ქალების ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით უყურებს ბევრი და არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი. ნეტა რა არის სირთულე? იცი, რისთვის მიდიხარ, უნდა იმუშაო. კარგად გადაგიხდიან. ამაზე ფიქრობ და წარმოდგენებში ხატავ შენი ემიგრაციაში ცხოვრების სურათებს.
პირველი შიში: ხვდები ადამიანებს, რომლებსაც არ იცნობ. ახალი სოციუმი ცოტათი გაშინებს და გთრგუნავს. აქ არავინ გიცნობს. უნდა დაივიწყო შენი წინა ცხოვრება, ის, რაც კი აქამდე გიკეთებია და სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყო. ამის გააზრებისას პირველი შიშიც დამეუფლა. ვიყავი ჩემს ქვეყანაში, ვაკეთებდი ჩემთვის საყვარელ საქმეს, დავტოვე ყველაფერი და იმისთვის, რომ ფინანსური პრობლემები დამეძლია, უნდა დამეწყო საქმის კეთება, რომელიც თითქოს ძალიან ადვილი, ძალიან ადამიანური და საჭიროა, მაგრამ განსხვავებულია და არც კი იცი, როგორ გაითავისო.
მეორე შიში. გაქვს იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებსაც არ ესმით შენი „ენა“, გინდა, მათ გაუგო, გაგიგონ, მაგრამ ამისთვის დროა საჭირო, სურვილიც. აქ თავიდან გავიაზრე, როგორი ენით ვსაუბრობთ, რატომ არ ესმით ხშირად ჩვენი მათ, ვისაც ვესაუბრებით. როცა საქართველოში სოფლად მცხოვრებ ქალებს ვესაუბრებოდი, ვცდილობდი, მათ ტყავში შევმძვრალიყავი და იქიდან მესაუბრა მათთან. ნაწილობრივ ვახერხებდი. ხშირად კი, ალბათ, თავსაც ვიტყუებდი, რომ ჩემი ესმოდათ. აქ, სრულიად უცხო მიწაზე, მივხვდი, რამდენად დავცილდით ადამიანები ერთმანეთს, ერთმანეთის არ გვესმის. ნეტავ როგორია ის ენა, რომლითაც ერთმანეთს დაველაპარაკებით და გავუგებთ?
სხვადასხვა ფენის, სხვადასხვა გამოცდილების ადამიანებს გვიწევს ერთ სივრცეში ცხოვრება. ეს როგორც ციხეში, ისე ხდება. იძულებული ხარ, შენი ემოციები, შენი აზრები ჩაახშო. დაცინვის ობიექტად არ იქცე. ყოველ შემთხვევაში მანამდე მაინც, სანამ თავს სხვა ადამიანებს არ გააცნობ.
ემიგრაციაში ყოფნა გაძლიერებაცაა. მარტო ხარ. მხოლოდ თავად შეგიძლია გაუმკლავდე დაბრკოლებას, მოძებნო ოპტიმალური გზები, თუ როგორ გააგრძელო ცხოვრება. ტვინი უფრო აქტიურად მუშაობს. თუმცა ეს გაძლიერება ჰგავს ნივთიერების მიღებას, რომელიც სწრაფად ააქტიურებს ყველა რესურსს ორგანიზმში. მერე კი ერთბაშად გფიტავს და განადგურებს.
სანამ წამოვიდოდი, დავიწყე იმ ტექნიკების სწავლა, რაც შეიძლება ხანდაზმულის მოვლისთვის დამჭირვებოდა. თუმცა, არასოდეს იცი, სად მოხვდები, რა საჭიროებები ექნება შენი ზრუნვის ობიექტს – ჩაწოლილი იქნება თუ არა, გონებრივი შეზღუდვები ექნება თუ ფიზიკური. ეს მცირე ჩამონათვალია. როცა მომვლელად მუშაობ, მისი ცხოვრებით უნდა იცხოვრო, საკუთარი ცხოვრებისთვის მხოლოდ ის წუთები გრჩება, როცა ან პირადი ჰიგიენით ხარ დაკავებული, ან სადილს ამზადებ. ისევ მეშინია.
ჯერ კიდევ მაშინ, როცა კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია საგანგაშო არ იყო, ახალგაცნობილმა ქართველმა სამსახური შემომთავაზა, „მე სხვაგან გადავდივარ და ჩემს ბებიასთან მიგიყვანო“. სიხარულით დავთანხმდი. ფულიც დამიმთავრდა. მაშინ ეს არ მაშინებდა. იტალიის წითელ ჯვარს ყველა მსურველისთვის ჰქონდა დახმარება, მიდიოდი და არავინ გეკითხებოდა, ვინ ხარო. არც საბუთს გთხოვდნენ, არც პასპორტს. იღებდი დახმარებას, მადლობას აქეთ გიხდიდნენ. შვებაა, რომ არავინ შიმშილობს. ხანდახან ფიქრობ, „საკვები ხომ იქაც მქონდა“.
ის ინფორმაცია, რასაც ტრენინგების (ხშირად თავადვე ვატარებდი) და საკითხავი მასალების საშუალებით ვეცნობოდი არალეგალურ მიგრაციაზე, თითქოს მე არ მეხებოდა. ეს ცოდნა სადღაც გაქრა, დავკარგე. სამსახური დავიწყე ისე, რომ არც მისამართი ჩავიწერე, არც ტელეფონი მქონდა. 74 წლის ბებიასთან დავიწყე მუშაობა. მადარდებდა ენის არცოდნა. თან მქონდა რვეულები, სადაც საჭირო სიტყვები მეწერა. ოთხი დღე ვიმუშავე, კვირას დავისვენე. ისე გაიწელა დრო, საუკუნედ მეჩვენა. ბებია, რომელიც სამი დღის განმავლობაში დაძინებამდე მეხუტებოდა და მკოცნიდა, მეოთხე დღეს სხვა ადამიანად გარდაიქმნა. ვერ ვერეოდი, ხელით მეხებოდა. იქ ვეღარ დავრჩებოდი. ღამით მარტომ დავტოვე მისი სახლი.
მხოლოდ გაგონილი თუ მქონდა, რას ნიშნავდა ალცჰაიმერის დაავადება. მერეღა დავიწყე გაცნობა, ინფორმაციის მოძიება. საკმაოდ ბევრი რამ გავიგე და ვიფიქრე, ადრე რომ მცოდნოდა, იქნებ სხვა გზები მეძებნა და მას სხვანაირად დავხმარებოდი-მეთქი.
მომვლელად მუშაობის პირველი გამოცდილება კრახით დასრულდა. შიში გამიძლიერდა. ჩემს თავზე ვბრაზობდი. რატომ დავტოვე საყვარელი საქმე? ყოველდღე ვუსვამდი საკუთარ თავს ამ კითხვას. მერე ვიხსენებდი, რომ 4-დღიან სამუშაოში იმდენი ავიღე, რასაც თვეშიც ვერ გამოვიმუშავებდი ხელფასის სახით. პასუხს სწრაფად ვპოულობდი – პრობლემებს მოვაგვარებ და დავუბრუნდები ჩემს ოჯახს-მეთქი.
***
დღეები გადის. ადამიანებს ვეცნობი. ჩემ გვერდით სძინავთ. მიყვებიან თავიანთ ცხოვრებაზე. წლებია, უკვე აქ ცხოვრობენ, მიყვებიან ყველაფერს და ჩემი მოლოდინები იმის შესახებ, რომ ორ წელიწადში ყველა პრობლემას მოვაგვარებ და შინ დავბრუნდები, ნელ-ნელა ქრება.
დაიწყო ვირუსის შემოტევაც, ყოველდღიურად იზრდებოდა გარდაცვლილების რიცხვი, და ეს ხდებოდა აქვე, მილანიდან 60 კმ-ში, ბერგამოს საავადმყოფოში. იმ ქალაქში, სადაც ჩამოვფრინდი.
ჩაკეტილ სივრცეში ვართ, ათასგვარ ინფორმაციას ვეცნობით ინტერნეტით. ჩემი მეგობარი სამსახურიდან დაბრუნებისთანავე შემოდის და გვიყვება, თუ რა საშიში ვირუსია გავრცელებული და რამდენი ადამიანი კვდება დღეში. თავი საშინელებათა ფილმში მგონია. იწყება კარანტინი, რაც იმას ნიშნავს, რომ გარეთ გასვლა, გარკვეული გადაუდებელი საჭიროების გარეშე, იკრძალება. ქუჩებში გამოჩნდნენ პოლიციელები, კარაბინერები და სამხედროები, რომლებიც ადამიანების გადაადგილებას აკონტროლებდნენ.
წარმოუდგენელი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით ყველა. დასაქმებულები სამსახურებში ვეღარ მიდიან, რადგან უმრავლესობას არ აქვს ხელშეკრულება. ვერც მაღაზიებში მივდივართ საკვების და წყლის მოსატანად. ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომელიმე ცუდად არ გახდეს და საავადმყოფო არ დასჭირდეს, ან წამალი, რადგანაც ექიმის და რეცეპტის გარეშე წამალს არავინ მოგცემს აფთიაქში. დაუცველობა მაშინებს. შეწყდა წითელი ჯვრის დახმარებებიც. მინიმუმ რამდენიმე თვით სამსახურის შოვნის ყველანაირი პერსპექტივაც გაქრა. ზოგს წნევა აქვს, ზოგს ნერვებმა უმტყუნა. ვდარდობთ ბინის ქირაზე. საჭმლის ფულიც ნელ-ნელა გვითავდება. არასოდეს გამჭირვებია რესურსების მოძიება და ამჯერადაც მივმართეთ ქართველთა სათვისტომოს, მან ჩვენ შესახებ შეატყობინა ადგილობრივი ეკლესიის მოძღვარს, რომელმაც ჩვენი კომუნა არაერთხელ უზრუნველყო პროდუქტით. იცით, რა იყო უცნაური? ვინაიდან დახმარებაზე ეკლესიის მრევლი ზრუნავდა, არავის გახსენებია, რომ უსახსროდ დარჩენილ ქალებს შეიძლება დაგვჭირვებოდა ჰიგიენური საშუალებები: საფენები, საპონი, კბილის პასტა. არავინ იფიქროს, რომ უმადურები ვართ. საყიდლებზე ალბათ მამაკაცები გაუშვეს, რომლებმაც, უბრალოდ, ვერ მოიფიქრეს, რა სჭირდებათ ქალებს. მადლიერებასთან ერთად, მოკრძალებულად აღვნიშნავ, რამდენად განსხვავებული საჭიროებები გვაქვს ქალებს და რამდენად უხილავია ეს.
გამახსენდა, რომ 2008 წლის ომის დროს, თბილისში, 22-ე სკოლაში დევნილები შეასახლეს. იქვე ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანი ცხოვრობდა. პირველი, რაც გააკეთა, ის იყო, რომ ქალები ჯგუფ-ჯგუფად აიყვანა სახლში და დაბანა შესთავაზა. ამის საშუალება სკოლაში არ ჰქონდათ. დევნილებისთვის იძებნებოდა თავშესაფარი, საკვები, საბნები, ლეიბები, მაგრამ არავის გაახსენდა, თუ რა პირველადი საჭიროებები ჰქონდათ ქალებს. ჩემი ახლობლის სამოთახიან ბინაში მთელი დღეების განმავლობაში ქალების ნაკადი არ წყდებოდა. მას არც არსად უხსენებია ეს ამბავი, ახლა კი გამახსენდა და გული ამიჩუყდა.
ზიმბარდოს ექსპერიმენტის შესახებ მქონდა წაკითხული, ჩაკეტილ სივრცეში ადამიანებს ნერვები ეძაბებათ, ძალაუფლების ხელში აღების ცდუნებას კონფლიქტები მოსდევს, რის გამოც ხშირია უთანხმოება, იზრდება ძალადობის რისკებიო. პატარა ოთახში 6-8 ქალს ერთად გვიწევს ცხოვრება. ჩემს გამოცდილებას მივმართე – ყოველდღიურად ვუყვებოდი მათ კონფლიქტების მართვაზე, ოჯახში ძალადობაზე, ქალთა ქონებრივ უფლებებზე, გენდერულ თანასწორობაზე, გენდერულ იდენტობაზე. გავაგრძელე იმაზე მუშაობა, რასაც ამდენი წელი ვაკეთებდი საქართველოში. ხშირად „პრაფესორასაც“ მეძახდნენ ამის გამო, თუმცა ერთი რამ ნათლად ვიცი, შეიძლება ჩვენ, ადამიანებს განსხვავებული გამოცდილება და ცოდნა გვქონდეს, მაგრამ არავინ არის არავისზე მეტი ან ნაკლები, ყველანი ერთ დიდ ნავში ვსხედვართ და უნდა ვისწავლოთ სინქრონულად ნიჩბების მოსმა, რომ არ დავიღუპოთ აღელვებულ ზღვაში. მე ბევრი რამ ვისწავლე მათგან, იმედია, ისინიც სწავლობენ ჩემგან.
ტელეფონის ეკრანიდან დღეში ზოგჯერ ათჯერ ვხედავ შვილებს. მინდა, არ გამოვტოვო, რასაც ისინი განიცდიან – სიხარული იქნება თუ სევდა. რთულია, როცა შვილი გეუბნება, ჩამოდი, ერთად დავძლევთ სირთულეებსო. შენ მაინც ჯიუტად პასუხობ, რომ ცოტას კიდევ მოითმენ, იქნებ უკან დასაბრუნებელ ბილეთის ფულთან ერთად ცოტა დანაზოგის ჩამოტანაც მოახერხო. თან გულის სიღრმეში იცი, რომ ამას წლები დასჭირდება. თვალს არიდებ შვილებს, რომელთაც ვერ შეუქმენი სწავლის და ნორმალური ცხოვრების პირობები.
აქ ერთი პატარა ზურგჩანთით ჩამოვედი. ველოდი, რომ სწრაფად მოვაგვარებდი ჩემს პრობლემებს. ახლა კი ჩემს თავს და ემიგრაციაზე მოფიქრალ ყველა ქალს ვეუბნები, რომ ეს არის, ალბათ, ყველაზე რთული, გაუმართლებელი და დაუსრულებელი გზა. უკან დაბრუნების შემდეგაც კი, შესაძლოა, ვერ გაწყდეს მარტოობის და მონატრების გრძელი ჯაჭვი – შესაძლოა ვეღარასოდეს დაიბრუნო ის ადგილი, რომელიც ნამდვილად შენი იყო. შესაძლოა, გაუცხოება იმდენად ყოვლისმომცველი იყოს, რომ უკან დაბრუნება გაფიქრებინოს იქ, სადაც არავინ გელოდება.
ემიგრანტი ქალი. როცა ამ სიტყვათაწყობას google-ის საძიებო სისტემაში წერ, ფოტოებს გიგდებს. ძირითადად, ქალს ჩემოდნით ხელში. მართალიცაა. ერთ ჩემოდანში ჩატეული მოსიარულე მარტოსული ქალი ხდები, რომელიც არც მიწისა ხარ და არც ცის.
5 მაისს სამი თვე ხდება, რაც მილანში ვარ და ვუყურებ როგორ იცვლება მსოფლიო.
შევიცვალე მეც. შეიცვალა ჩემი ფიქრები, სურვილები. ჩემი საქმის კეთება მინდა. მინდა, ჩემს ეზოში, საღამოს, დაღლილს, ჰამაკში წამოწოლილს ჩამეძინოს და საყვარელმა ადამიანმა თბილი პლედი გადამაფაროს, განა დიდ რამეს ვითხოვ.
ასე მარტივდება ჩვენი ოცნებები ემიგრაციაში ყოფნის დროს.