პანდემიით გამოწვეულმა კარჩაკეტილმა ცხოვრებამ განსაკუთრებული სიმძაფრით დააყენა ოჯახური თანაცხოვრების, ოჯახის შიგნით პირადი სივრცის პოვნის, მშობლობისა და საშინაო შრომის გადანაწილების პრობლემა. „ფემინისტი დედის“ პოდკასტები „ფემინსტრიმზე“ ამ საკითხებს შეეხება. დღევანდელ პოდკასტში ოჯახის, როგორც პატრიარქალური ინსტიტუტის, ანალიზს შევეცდები და მიმოვიხილავ ოჯახში ძალადობის იმ ფორმებს, რომლებიც დაფარული და ხშირად, ტრადიციული ღირებულებების სახელით, გამართლებულიც კი არის.
ამ ტექსტის მზადება 17 მაისს დავიწყე, როცა მსოფლიოში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე აღინიშნება. თუმცა, საქართველოში 2014 წლიდან ამ დღეს „ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესაც“ აღნიშნავენ. მისი დაწესება მოჰყვა 2013 წლის 17 მაისს თბილისში მომხდარ ძალადობრივ აქტს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც გადაწყვიტეს ჰომო და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე საჯაროდ, ქუჩაში აღენიშნათ. ამ პროცესებში ჩართული ყველა მხარისათვის ნათელია, რომ ოჯახის სიწმინდის აღნიშვნა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ და მისმა მხარდამჭერმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა დაუპირისპირეს ადამიანთა გარკვეული ჯგუფის უფლებებისთვის ბრძოლის დღეს. სხვა შემთხვევაში, შესაძლებელი იყო ის ოჯახის საერთაშორისო დღის თარიღისთვის დაემთხვიათ, რომელიც სულ რაღაც ორი დღით ადრე, 15 მაისს 1993 წლიდან აღინიშნება. გაეროს ვებგვერდზე ამ დღის დაწესების ისტორიას თუ გადავხედავთ, თვალში მოგვხვდება ტერმინები „ოჯახების წინაშე მდგარი სოციალური და ეკონომიკური პრობლემები“, „ოჯახის შიგნით არსებული გენდერული უთანასწორობა“, „არათანაბრად გადანაწილებული საშინაო შრომა“ და ა.შ.. საინტერესოა, რა შინაარსსა და მნიშვნელობებს ეძღვნება ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღე საქართველოში?
„არქიმნდრიტი იოანე (კეკელიძე): ჩვენ ვიცით რომ ოჯახი რომ მტკიცე იყოს, სიყვარული რომ მტკიცე იყოს, ამისათვის არის საჭირო სარწმუნოება. ჭეშმარიტი, მართლმადიდებლური სარწმუნოება.
დეკანოზი საბა ჭიკაიძე: რადგან ოჯახი არის საზოგადოებრივი ერთეული, საზოგადოებრივი უჯრედი… ღმერთმა ინებოს რომ ოჯახები ყოველთვის, მუდამ ქრისტიანული ზნეობით, ქრისტიანული მორალით განმტკიცებული ყოფილიყოს და ეს ტრადიცია არ მოშლილიყოს ჩვენს ქვეყანაში არასოდეს.
ამირან ჭაბუკიანი: ჩვენც, როგორც ბაიკერები, მივყვებით. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ოჯახის სიწმინდე შევინარჩუნოთ. ეს გამოწვევა არის ყველასთვის, რომ აუცილებელია ოჯახის სიწმინდე, პირველ რიგში!“
ეს იყო ნაწყვეტი საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ 17 მაისის სიუჟეტიდან. ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის ძირითად წყაროდ მართლმადიდებლური სარწმუნოების გამოცხადების თავისთავადი ეთიკური პრობლემურობის გარდა, ისიც საყურადღებოა, რომ არსად არავინ გვიხსნის, კონკრეტულად რა გამოწვევებზეა საუბარი და საერთოდ რა უნდა ვიგულისხმოთ სიტყვაში „სიწმინდე“?
ოჯახი - თავშესაფარი თუ ჩაგვრის ველი? ► თამთა თათარაშვილის პოდკასტი - ფემინსტრიმი/Feminstream
Watch on YouTubeთუმცა, თავი რომ დავანებოთ რიტორიკულ შეკითხვებს, ყველამ მშვენივრად ვიცით, რას მიიჩნევენ გამოწვევად და რისგან „იცავენ“ ოჯახებს მართლმადიდებელი აქტივისტები. მაგრამ მე არ ვაპირებ ახლა ჰომოფობიის პრობლემასა და სიძულვილზე საუბარს. მე მინდა ჩავუღრმავდე იმ საკითხს, თუ რატომ მიემართა ოჯახი და მისი დაცვისთვის ბრძოლის რიტორიკა ადამიანთა ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის წინააღმდეგ. რა არის ოჯახი? რას ვგულისხმობთ სიწმინდესა და სიმტკიცეში? და რის ფასად ხდება ოჯახის შექმნა, ან მისი სიმტკიცის შენარჩუნება?
ტრადიციული გაგებით, ოჯახი არის ჰეტეროსექსუალი წყვილისა და მათი შვილებისგან შექმნილი ადამიანთა ერთობა, რომელსაც შესაძლოა, ემატებოდეს წყვილის მშობლებთან თანაცხოვრება. კიდევ უფრო გაფართოებულ ოჯახში მოიაზრება ოჯახური კლანი, ხალხური ენით, სანათესაო, რომელიც ხშირ შემთხვევებში ძალიან მჭიდრო ურიერთობაშია დაქორწინებულ წყვილთან, ქმნის მათ უშუალო გარემოცვას და დგას მათი უკვე ხსენებულ, „ტრადიციულ“ ღირებულებთან შესაბამისობის სადარაჯოზე. ამგვარი დასკვნების საფუძველს ამ საზოგადოებაში ცხოვრების გამოცდილების გარდა ზეპირი ისტორიებიდან მიღებული მასალა მაძლევს, რომელიც „ფემინისტი დედის დღიურების“ საწარმოებლად 2017 წელს, საქართველოს რეგიონებში ჩავწერე დედობისა და ჰეტერო ქორწინების გამოცდილების მქონე ქალებთან.
ოჯახის ერთ-ერთი, ძირითადი ფუნქცია მომავალი თაობის აღზრდაა, ოღონდ მხოლოდ „ტრადიციულად“ მონათლული ღირებულებების შესაბამისად, ასევე, ოჯახის სხვა წევრებისთვის კომფორტისა და დასვენების სივრცის შექმნა („ფეხების დაბანის“ მეტაფორის თანახმად). საინტერესოა, რომ ყველა ამ ფუნქციის პრაქტიკაში აღსრულება ოჯახში მცხოვრებ ქალ(ებ)თანაა დაკავშირებული და მათ უპირველეს და ბუნებრივ მოვალეობად მიიჩნევა.
ჩემ მიერ ჩაწერილ ინტერვიუებში დედებმა ამიხსნეს, რომ გოგონასა და ბიჭის აღზრდა სრულიად განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს. გოგოს მუდმივად კონტროლი და ჩარჩოებში ჩასმა სჭირდება. ბიჭს კი პირიქით, თუკი გავაკონტროლებთ, მას დავთრგუნავთ. დედები ადრეული ასაკიდანვე ერიდებიან ბიჭების ცხოვრებაში ჩარევას, რომ ის „ქალაჩუნად“ არ იქცეს. ბიჭებისთვის კონფლიქტის გადაჭრისა და მორიგების უნარების სწავლების მაგივრად, ამჯობინებენ მათ დატოვებას ერთმანეთის პირისპირ, სადაც კონფლიქტის ბედი „ძლიერმა“ უნდა გადაწყვიტოს. სოციალიზაციის ამგვარი პრაქტიკით ყალიბდება „მანდილოსანი“ და „ვაჟკაცი“ ჩვენს ტრადიციულ საზოგადოებებში.
ამ ინტერვიუებში ქალები მათ მიერ ოჯახის შექმნის, სხვანაირად რომ ვთქვათ „გათხოვების“, თითქმის იდენტურ ისტორიებსაც მიყვებოდნენ. კონკრეტულ ეტაპზე მათ ცხოვრებაში ჩნდებოდა მამაკაცი, რომელმაც ისინი საცოლედ შეარჩია, ან ასეთ მამაკაცს პოულობდნენ გოგოს/ქალის ნათესავ-ახლობლები. შედეგად, მოკლე პერიოდში ქალი ისე იცვლიდა ოჯახურ სტატუსს, რომ თავად ეს კარგად გაცნობიერებულიც არ ქონდა. რაც მთავარია, ხშირ შემთხვევაში, დაქორწინების ორომტრიალში ისინი ძირითადად ობიექტის როლში იყვნენ: მათ ნაცვლად სხვა – ნათესავი, მშობელი, მომავალი მეუღლე – იღებდა გადაწყვეტილებას. შეიძლება ამ სცენარსა და ქორწინების მომენტში ქალების ასაკი განსხვავებული იყო, მაგრამ უცვლელად რჩებოდა ოჯახის შექმნის გადაწყვეტილების მიღებაში ე.წ. საზოგადოებრივი აზრის უაღრესად დიდი როლი.
გამოდის, ქალისთვის ოჯახის შექმნა მისი ჩარჩოებში მოქცეული ცხოვრების ერთ-ერთი ეტაპია, სულაც, მას „ათხოვებენ“, „პატრონს აბარებენ“ სწორედ იმ მიზნით, რომ სექსუალურად მომწიფებული ქალი (ხშირად გოგონაც კი, არასრულწლოვანთა ქორწინების შემთხვევებში) არ ამოვარდეს ამ „ჩარჩოებიდან“. ქორწინება იქცევა ქალისთვის აქტიური სექსუალური ცხოვრების დაწყების ლეგიტიმაციად. დღემდე, გინეკოლოგებისთვისაც კი, ქალის პირველი სექსუალური აქტი და გათხოვება სინონიმებია. აქვე, იმასაც დავამატებ, რომ შესაძლებელია ეს სურათი ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ იცვლება, რადგან ცალკეულ ქალს თავისი პირადი წინააღმდეგობის სტრატეგიები აქვს შემუშავებული და იბრძვის საკუთარ სექსუალობაზე კონტროლის მოსაპოვებლად, მაგრამ ეს ბრძოლები ხშირად ინდივიდუალურ ბრძოლებად რჩება და ამ პროცესს სწორედაც რომ „ბრძოლა“ ჰქვია, რადგან საზოგადოებრივი აზრი დიდწილად ისევ კონსერვატიულია და კიცხავს ქალებს, რომლებიც თავის სექსუალურ ცხოვრებას თავად აკონტროლებენ.
ოჯახში ძალადობასა და კონტროლს სხვადასხვაგვარი სახე შეიძლება ჰქონდეს და თუკი მეზობლის სახლიდან ქალის ან ბავშვების სასოწარკვეთილი კივილი არ გვესმის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ ძალადობა არ ხდება.
საკუთარი ოჯახური ცხოვრების მაგალითზე რომ ავხსნა, მეც გარკვეული დრო დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ჰეტერონორმატიული ოჯახი, რაც არ უნდა „თავისუფლად მოაზროვნე“ ადამიანებმა შექმნან, ის, იმ სტრუქტურული მოდელით, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, მის შიგნით შრომის გენდერული გადანაწილებით, განსაკუთრებით, ოჯახში ბავშვის გაჩენის შემდეგ, თავისთავად არის მაკონტროლებელი ჩარჩო, უფრო მეტად ქალებისთვის.
ჩვენი ოჯახური გამოცდილების კულტურული შემადგენელი, ანუ ჩვენი წარმოდგენები იმაზე თუ რა არის ოჯახი, როგორია იდეალური ოჯახი და ვის რა როლი აქვს მის შიგნით ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული აღმოჩნდა. ჩემი ქმარი აღზრდილია მკაცრად პატრიარქალურ ოჯახში, გადაწყვეტილებების მიმღები მამითა და საშინაო შრომის მკვეთრად გენდერული გადანაწილებით – მამაკაცი – გარეთ, ქალი – სახლში. მე უფრო ლიბერალურ ოჯახში გაზრდილი, სადაც საშინაო შრომას უფრო იმწუთიერი საჭიროების მიხედვით ანაწილებდნენ, ვიდრე გენდერული ნიშნით. რასაკვირველია, განსხვავებულ მოლოდინთა თანაცხოვრებამ კონფლიქტები გამოიწვია და ხშირად, ამ კონფლიქტების პროცესში სრულიად არარელევანტური ხდებოდა სიყვარულსა და ამაღლებულ გრძნობებზე ლაპარაკი. რადგან ყოფითი ხასიათის პრობლემა ყოფით და პრაქტიკულ გადაჭრას ითხოვდა.
ჩვენი ურთიერთობის გადარჩენაში პიროვნული თვისებებისა და ემოციური კავშირის გარდა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ გარემოებამ, რომ ხსენებული კულტურული შემადგენლის გარდა, სხვა ყველა შემადგენელი მეტ-ნაკლებად თანაბარი და მსგავსი იყო ჩვენს შორის. ერთი ასაკის, უკვე ზრდასრული ადამიანები ვიყავით ოჯახის შექმნის დროს. ერთმანეთის მსგავსი განათლების დონითა და ინტელექტუალური შესაძლებლობებით.
თანდათანობით, მრავალი უკმაყოფილების, კამათისა და მსჯელობის შემდეგ ჩვენ ერთად მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჩვენთვის ნაცნობი ოჯახური მოდელები არ არის უნივერსალური და ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი, ინდივიდუალური მოდელი შევქმნათ, რომელიც არანაირად არ არის ჩვენი გენდერული იდენტობის განმსაზღვრელი. ანუ, ჩემი ქალობა არ განისაზღვრება, მაგალითად, კარგად გახამებული თეთრეულით და არც მისი კაცობა შეიცვლება, თუკი სარეცხს თავად გაფენს თოკზე.
ერთი წუთით დავუშვათ, რომ მე, ჩემს ქმართან შედარებით უფრო ახალგაზრდა ვყოფილიყავი და შესაბამისი ინტელექტუალური ან სოციალური რესურსი არ მქონოდა დაგროვილი.
რასაკვირველია, კონსერვატიულად განწყობილი მსმენელი ნიშნის მოგებით ჩაიცინებს და მიპასუხებს – უამრავ კონფლიქტს აიცილებდით თავიდან, რადგან ყველას თავისი ადგილი ეცოდინებოდა ოჯახში, შენ- მორჩილი, საკუთარი ბედით კმაყოფილი ცოლი იქნებოდი, ხოლო ის „კაცური კაცი“, რომელიც ხელს არ გაისვრიდა ქალის საქმითო. ალბათ, სწორედ ეს არის, ის „წმინდა და მტკიცე ოჯახი“, რომლის სიწმინდესა და სიმტკიცეს ქალის მორჩილების, გაჩუმებისა და განვითარებაზე უარის თქმით ვინარჩუნებთ.
მორჩილებაა ერთ-ერთი ძირითადი თვისება, რომელზეც შენდება „ტრადიციული“ ქართული ოჯახი, რაც ქალის გარდა ბავშვსაც ეხება. ბავშვები მშობლების/ ოჯახის საკუთრებად არიან მიჩნეული და შესაბამისად, თავისუფალი თვითგამორკვევის უფლება ჩამორთმეული აქვთ. თავად 5 წლის შვილის დედა ვარ და საკუთარი გამოცდილებით კარგად ვიცი, რომ ჩვენთან ბავშვის დისციპლინირებაში არა მხოლოდ მისი დღის რეჟიმი და ზრდილობიანი მანერები მოიაზრება, არამედ მისი გენდერული გამოხატულებაც, რომელიც არანორმატიულობის შემთხვევაში უნდა დაითრგუნოს და ჩაჩუმდეს, ანდა მოიკვეთოს ოჯახიდან, როგორც არასასურველი გამონაზარდი. ეს არის ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცისთვის გაღებული საფასური – ადამიანის თავისუფალ და სრულფასოვან განვითარებაზე უარის თქმა, მათი ჩაგვრა, მორალური თუ ფიზიკური ტანჯვისათვის გაწირვა. ამ ყველაფერში კი ბრალი არა იმდენად ინდივიდუალურ ოჯახებსა თუ მოძალადეებს მიუძღვით, რამდენადაც იმ მდიდარ და ძალაუფლების მქონე რელიგიურ ინსტიტუტს და მათ მხარდამჭერ და წამქეზებელ სახელმწიფოს, რომლებიც „წმინდა“ ოჯახის მჩაგვრელ იმიჯს მთელი ძალებით ასაზრდოებენ და ადამიანთა არამარტო ზნეობრივი, არამედ ფიზიკური გადარჩენის ლამის ერთადერთ სტრატეგიად სახავენ.
ოჯახის შიგნით ადამიანების განსხვავებული ასაკი, სქესი, გენდერული თუ სექსუალური იდენტობა განაპირობებს მათ განსხვავებულ გამოცდილებებს და თუკი სიყვარულით სავსე ოჯახზე გვინდა საუბარი, ესე იგი განსხვავებულ გამოცდილებათა თანაცხოვრების გზებზეც უნდა ვისაუბროთ. თუმცა, სიყვარული ვერ იქნება ერთადერთი გარანტი ოჯახური იდილიისა. რადგან ოჯახებში მიმდინარე თითქმის ყველა პროცესი დამოკიდებულია და განსაზღვრული მის გარეთ არსებული კულტურული, სოციალური, ეკონომიკური პირობებით და თუკი ოჯახის სიმტკიცის დაცვა რომელიმე ინსტიტუტისა თუ ადამიანთა ჯგუფის მიზნებში შედის, უპრიანი იქნება მათ ოჯახების სოციალურ კეთილდღეობაზე, ოჯახებს შიგნით სხვადასხვაგვარი უთანასწორობის წარმოშობის მიზეზებსა და მათი აღმოფხვრის გზებზე ისაუბრონ.