ჟინვარი - თავისუფალ ქალთა ეკოსოფელი სირიაში

პროექტს „ფემინსტრიმი” ქალთა ფონდი საქართველოში და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი წარმოგიდგენთ.

ნინი ხუროშვილი პოდკასტი:

ამ პოდკასტში ვისაუბრებ ჩრდილოეთ სირიაში (ქურთისტანში) არსებულ თავისუფალ ქალთა ეკოსოფელ – ჟინვარზე. წარმოდგენილი ინფორმაცია ეფუძვნება სოფლის მანიფესტსა და ერთ–ერთ მაცხოვრებელთან ჩაწერილ ინტერვიუს.

ნინო ხუროშვილის პორტრეტი

ამ პოდკასტში ვისაუბრებ ჩრდილოეთ სირიაში (ქურთისტანში) არსებულ თავისუფალ ქალთა ეკოსოფელ – ჟინვარზე. წარმოდგენილი ინფორმაცია ეფუძვნება სოფლის მანიფესტსა და ერთ–ერთ მაცხოვრებელთან ჩაწერილ ინტერვიუს.

ახლო აღმოსავლეთში ქალთა რევოლუცია რამდენიმე ათასწლეულის წინ დაიწყო მდინარე ევფრატის, ტიგროსის, ხაბურისა და ზაპის ნაპირებზე. ბუნებაზე, რაციონალობასა და სხვადასხვა ეთიკურ მოდელებზე დაყრდნობით, ქალები ისტორიულად მნიშვნელოვან ცხოვრების წესს ავითარებდნენ. მათ მიერ შექმნილი სოციალური ისტორია, დღემდე არის შემორჩენილი ათამდე გამოქვაბულში. იერარქიული სოციალური და პოლიტიკური სტრუქტურებით წარმოქმნილი დაბრკოლებების, რეპრესიებისა და უარყოფის მიუხედავად ქალთა მოძრაობა დღემდე ცოცხლობს და ალტერნატრიულ განვითარების გზად კომუნალურ ცხოვრებას გვთავაზობს. კომუნალური ცხოვრების წესისა და სტილის დაბრუნება ძალისხმევას მოითხოვს, რათა დღევანდელი გამოცდილებები და ინტელექტუალური მდგომარეობა, შესაბამისობაში მოვიდეს აწ უკვე განვლილ ისტორიასთან.

ჟინვარი, ქურთულად ქალთა საცხოვრებელ სივრცეს ნიშნავს. ამჟამინდელი პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, თავისუფალ ქალთა პირველი ეკოსოფელი, სირიაში ისტორიულად დაგროვილი გამოცდილებების გაცოცხლებასა და მათთან დაკავშირებას ცდილობს.

ერთი მხრივ, ეს დიდი პოლიტიკური სიახლეა, რომელიც აბდულა ოჯალანის მიერ შემუშავებულ კონცეფციას ეფუძვნება, ხოლო მეორე მხრივ, იდეოლოგიაა, რომელიც სათავეს ქურთი ქალების ისტორიული რეზისტენციიდან იღებს.

ჟინვარი - თავისუფალ ქალთა ეკოსოფელი სირიაში ► ნინი ხუროშვილის პოდკასტი - ფემინსტრიმი/Feminstream

video-thumbnailWatch on YouTube

საზოგადოება სოციალური ცხოვრებისთვის საწყისი მოცემულობაა. ჩვენ, ადამიანები მუდმივ კავშირში ვართ ერთმანეთთან, გარემოსა და ბუნებასთან. სწორედ ამ კავშირების საშუალებით არის შესაძლებელი გადარჩენა და განვითარება. დღევანდელ სოციალურ ცხოვრებას კი, დაკარგული აქვს მნიშვნელობები. საზოგადოება დიდ დანაკლისს განიცდის ქალების ჩაგვრის ისტორიითა და პოლიტიკით. ამიტომ ჩვენ, წარსულში ვეძებთ იმ ქალების სიბრძნეებს, შემოქმედებას, რწმენებსა და თვითშეგნებებს, რომლებიც საფუძველს უყრიდნენ თვითკმარ საზოგადოებრივ ცხოვრებას.

ჩვენ, ამ მიწასთან ისტორიულად დაკავშირებული ქალები, ცხოვრებას თვისობრივი ტრანსფორმაციებით ვიწყებთ, რათა გავაცნობიეროთ თუ ვინ ვართ დღეს, როგორ ვცხოვრობთ და როგორ უნდა ვიმოქმედოთ მომავალში. ვეყრდნობით იმ ქალების გამოცდილებებს, რომლებიც გამოსავლის მოსაძებნად ინკლუზიურობის, კომუნალური ცხოვრებისა და საერთო მიზნების პრინციპებიდან ამოდიან, რაც თავის მხრივ რევოლუციური პროცესია.

ჟინვარი - თავისუფალ ქალთა ეკოსოფელი სირიაში ► ნინი ხუროშვილის პოდკასტი - ფემინსტრიმი/Feminstream

video-thumbnailWatch on YouTube

ჩვენ, ქურთები, გარემოცულნი ვართ სისტემატიური ომებით, კულტურული და ეთნიკური გენოციდით. სწორედ ამ მიზეზების გამო, ჩვენს მიწაზე წინააღმდეგობა იზრდება. დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით ვაშენებთ ისეთ საცხოვრებლებს, რომლებიც შეესაბამება ქალის ისტორიულ და ადგილობრივ არქეტიპს. ჩვენთვის მისაბაძი ინიციატივა იყო უმოჯას ქალთა ეკოსოფელი აფრიკაში, კენიაში, რომელიც ადგილობრივი ქალების მიერ არის წამოწყებული და სოციალური პრობლემების გადაჭრის საუკეთესო მაგალითად იქცა.

ჟინვარი - თავისუფალ ქალთა ეკოსოფელი სირიაში ► ნინი ხუროშვილის პოდკასტი - ფემინსტრიმი/Feminstream

video-thumbnailWatch on YouTube

თავიდან ბევრი იდეა არსებობდა თუ სად უნდა აშენებულიყო ჟინვარი. საბოლოოდ, ქურთ ქალთა რევოლუციამ ამ იდეებს თავი მოუყარა და მჩაგვრელი კულტურისგან თავისუფალი უტოპია როჟავაში განათავსა.

ჟინვარის საფუძვლის შემქმნელმა ადგილობრივმა ქალებმა 2017 წელს დააარსეს თვითმმართველი საბჭო, რომელიც გეგმავდა მოსამზადებელ სამუშაოებს: ეძებდა მიწას, ესაუბრებოდა ადგილობრივ მოსახლეობას რეგიონში და შეიმუშავა სოფლის მმართველობითი სისტემა.

წარმოიდგინეთ, ქალთა პირველი ეკოსოფელი ახლო აღმოსავლეთში, ქალების მიერ ქალებისთვის აშენებული. იცით ამას რას შევადარებდი? წყალში დიდ საგანს რომ ჩააგდებ და ბევრ ტალღას გამოიწვევს. რა თქმა უნდა, მსგავსი კომუნის წამოწყება თავიდანვე სირთულეებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ რეგიონში მაცხოვრებელი ქალების მხარდაჭერამ ჩვენი სოციალური ურთიერთობები საგრძნობლად გააძლიერა. ძალიან ბევრი კაცი გარშემო, აგდებულად და არასერიოზულად უდგებოდა ჩვენს საქმიანობას. გვეუბნებოდნენ, რომ ვერ ავაშენებდით სახლებს, რომ ეს ჩვენთვის შეუძლებელია, იმიტომ რომ ქალები ვართ, მაგრამ ჩვენ შევქმენით ალტერნატიული რეალობა: დავაგეგმარეთ და ავაშენეთ 30-მდე საცხოვრებელი სახლი, სამკურნალო ცენტრი, საგანმანათლბლო აკადემია, სკოლა და საერთო სამზარეულო, რამაც ბევრი კაცის დამოკიდებულება საგრძნობლად შეცვალა.

ბოლო პერიოდში, თურქეთისა და მასთან მოკავშირე ისლამური ჯგუფების მხრიდან, მუდმივად ხორციელდებოდა შეტევები როჟავაზე, რის გამოც რეგიონში დიდი შიში სუფევს. ომის პარალელურად განსაკუთრებული ზიანი მოაქვს ქალაქების ოკუპაციას და ჩვენი სამეურნეო ველების გადაწვას, რაც ადგილობრივ ეკონომიკაზე კრიზისულად აისახება და ხალხს საცხოვრებელი ადგილის შეცვლას აიძულებს. სოციალური სისტემების ნგრევა ყველაზე მეტად ქალებსა და ბავშვებს აზიანებს. ომის მსხვერპლ ქალებს დაუყოვნებლივ სჭირდებათ სარეაბლიტაციო სივრცე.

გვჯერა, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების წესი პირდაპირ კავშირშია ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან. მიმდინარე წლის მარტში გავხსენით სამკურნალო ცენტრი, რაც სოფლის დაარსებამდე აუხდენელი ოცნება იყო. როდესაც ვსაუბრობთ ბუნებრივ მკურნალობაზე, არ ვგულისხმობთ მხოლოდ მცენარეებით განკურნების მეთოდებს, არამედ სოციალური ცხოვრების გაუმჯობესებასაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამოვიკვლიოთ და შევისწავლოთ მკურნალობის ჰოლისტური მიდგომები, რაც მოიცავს როგორც, ფიზიკური ტკივილების განკურნებას, ასევე ურთიერთობების გამოსწორებას ერთმანეთთან, ბუნებასთან და ა.შ.

უამრავი ქალი სხვადასხვა ჩივილით მოდის ჩვენთან. მათი ტკივილები დაკავშირებულია მძიმე ოჯახურ შრომასთან, მუდმივ სტრესსა და შფოთთან. ეს არიან ქალები, რომლებიც ზრუნავენ მთელს ოჯახზე და საპასუხოდ არავინ ზრუნავს მათზე. სამკურნალო ცენტრი სივრცეა, სადაც ქალები ერთმანეთს ხვდებიან და ესაუბრებიან ყოველდღიურ ცხოვრებისეულ პრობლემებზე, უზიარებენ გამოცდილებასა და ცოდნას, რისი საშუალებაც მათ სხვა სივრცეებში იშვიათად ეძლევათ. სოციალური დანიშნულების გარდა, ასევე მნიშვნელოვანია, სამკურნალო ცენტრის საგანმანათლებლო მიმართულება. უხუცესი ქალები, რომლებიც ფლობენ ტრადიციული წამლობის ცოდნას, ხშირად მართავენ საუბრებსა და სემინარებს განკურნების მეთოდებსა და ჯანმრთელობის შესახებ.

ზოგი ფიქრობს, რომ ახლო აღმოსავლეთი ზედმეტად მოწყვეტილია ე.წ. განვითარებას. დასავლეთის ინდივიდუალისტური და დანაწევრებული საზოგადოებრივი ცხოვრების წესი რადიკალურად განსხვავდება ჟინვარის ყოველდღიურობისაგან. დღევანდელ საზოგადოებებს გააზრებული არ გვაქვს, თუ რამხელა ქაოსში ვცხოვრობთ და რამდენად ზედაპრულად ვუდგებით ძირეულ პრობლემებს. აქ კი, ჩვენ ვცდილობთ ჩავუღრმავდეთ საზრისებს და ჰოლისტური მეთოდების გამოყენებით გავაანალიზოთ და გავუმკლავდეთ არსებულ სიძნელეებს. კომუნალური ცხოვრება დაბრკოლებების ერთად გადალახვის სივრცესა და საშუალებას იძლევა.

ჩვენ მიერ სახლების მშენებლობა მნიშვნელოვანი რეზისტენციის აქტია ძალადობისა და ომის წინააღმდეგ. როჟავაში არსებობს ტალახის აგურითა და მიწით, ეკოლოგიური სახლების ერთობლივი მშენებლობის ტრადიცია. მოცემული მდგომარეობიდან გამომდინარე, რეგიონში ახალი საცხოვრებელი სივრცეების შექმნის სასწრაფო საჭიროებაა. ქურთი უხუცესების დახმარებით, ვცდილობთ ეს საქმიანობა განვავითაროთ.

ჟინვარი - თავისუფალ ქალთა ეკოსოფელი სირიაში ► ნინი ხუროშვილის პოდკასტი - ფემინსტრიმი/Feminstream

video-thumbnailWatch on YouTube

ჩვენი დედებისგან დანატოვარი ცოდნების გამოყენებით ვქმნით ადგილობრივ ეკონომიკას. ძირითადად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ვეწევით. მოგვყავს სხვადასხვა კულტურა, ვაცხობთ პურს ადგილობრივი და მეზობელი სოფლის მცხოვრებლებისთვის. ვზრდით და ვუვლით ცხოველებს და ვაწარმოებთ რძის პროდუქციას.

ადგილობრივი ბავშვები ჟინვარის დაწყებით სკოლაში იღებენ განათლება. ჟინეოლოგია – ანუ მეცნიერება ქალების შესახებ, შეისწავლის ქალების ყოფასა და ისტორიას. ის 2008 წლიდან იღებს სათავეს და აკრიტიკებს დღევანდელი სოციალური მეცნიერებების მიდგომებს სახელმწიფოსთან, იერარქიასა და კაპიტალთან.

ჟინეოლოგიის საშუალებით ქალები ჟინვარის აკადემიაში სწავლობენ სოციალური და მეცნიერული განკურნების მეთოდებს და იღრმავებენ ცოდნას ხელოვნებაში, პროდუქციის წარმოებაში, ეკოლოგიაში, ეკონომიკაში, ჯანმრთელობაში, დემოგრაფიაში, ისტორიასა და თავდაცვაში.

ჟინვარი სამომავლოდ გეგმავს განავითაროს ეკოლოგიური თვითმდგრადობისა და კომუნალური ცხოვრების საკითხები. ვაპირებთ, გავაუმჯობესოთ სკოლა, ავაშენოთ, სამედიცინო ლაბორატორია, პატარა კაფე და სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის. ასევე, ვგეგმავთ მზის და თერმულ ენერგიებზე გადასვლას და წყლის ირიგაციის სისტემის განვითარებას.

ჟინვარი - თავისუფალ ქალთა ეკოსოფელი სირიაში ► ნინი ხუროშვილის პოდკასტი - ფემინსტრიმი/Feminstream

video-thumbnailWatch on YouTube

პანდემიის პერიოდში, როდესაც ყველაფერმა შეწყვიტა მუშაობა და ხალხი იზოლაციაში მოექცა, ნათლად დავინახეთ თუ რა ხდება დიდ ქალაქებში, როგორ არის ხალხი ბუნებასა და ერთმანეთს მოწყვეტილი. რეალურად, არავის აღმოაჩნდა პანდემიასთან გამკლავების უნარი და რესურსები, რადგან არსებულ სახელმწიფოებრივ სისტემებს სოციალური საფუძვლები არ გააჩნია. ჩვენთან სოციალური ურთიერთობები და ყოველდღიური საქმიანობები უწყვეტად მიმდინარეობდა, ამიტომ ცხოვრება არ შეფერხებულა და შექმნილ ეკონომიკას სერიოზული ზიანი არ განუცდია.

გვჯერა, რომ ჩვენი მიზნები ფასეულია. ქალებისთვის თავისუფალი სივრცეების შექმნით, შეგვიძლია გადავჭრათ ჩრდილოეთ სირიაში არსებული ეკოლოგიური, სოციალური და სხვა დიდი პრობლემები. როჟავაში ქალების სოფლის აშენება მნიშვნელოვანი ისტორიული ნაბიჯია, ზოგადად, ქალთა ემანსიპაციის ისტორიაში.

სირიის სამოქალაქო ომის პარალელურად, ჟინვარის მიზანია შექმნას ძალადობისგან თავისუფალი, მშვიდობიანი თანასაცხოვრებელი სივრცე. ქაოსს ყოველთვის მოაქვს ინოვაცია, ამ ქაოსის შემდეგ როჟავაში იბადება ლიბერალური და დემოკრატიული ცხოვრება, სადაც გამოსავლების ძიების პროცესს პირველ რიგში ქალები უძღვებიან.

ჟინვარი წარმოადგენს თვითორგანიზებად საზოგადებას, რომელიც მიესალმება განსხვავებული ღირებულებების, ისტორიების, რწმენების, ენისა თუ ასაკობრივი ჯგუფების ქალებს.