პარტიული სია
სულ რაღაც ერთი წლის პოლიტიკური პარტიის “ლელო საქართველოსთვის” მაჟორიტარულ სიაში 7 ქალია, მთელი სიის 23%. პროპორციულ სიაში 42 ქალია - 30%. პროპორციული სიის ათეულში 3 ქალია, ოცეულში - 5.
პროგრამის ანალიზი
იმ პარტიებს შორის, რომელთა ანალიზიც “იკითხე პოლიტიკამ” გააკეთა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, “ლელოს” გენდერულად ყველაზე დაბალანსებული პროგრამა აქვს. Შეიძლება ითქვას, რომ პარტიის პროგრამა ქალთა საკითხების მიმართ მგრძნობიარეა. Ის განსხვავებული საჭიროების ჯგუფად გამოყოფს ქალებს და მათთვის ცალკეულ საარჩევნო დაპირებებსა და პოსტულატებს აყალიბებს. მიუხედავად ამისა, “ლელოს” პროგრამაში არსად არ არის გაცხადებული პარტიის სწრაფვა გენდერული თანასწორობისაკენ.
პარტიის ფოკუსი და ინტერესი ქალების კონომიკურად გაძლიერებაზე გადის (,,ლელოს'' ხედვაა - ძლიერი და ეკონომიკურად ძლიერი ქალი). მისასალმებელია, რომ ეს რიტორიკა ხშირად ეყრდნობა სახალხო დამცველის, საქსტატის და გაეროს განვითარების ფონდის კვლევებს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კვლევები გენდერული თანასწორობის სოციალურ ასპექტებზეც საუბრობს, პარტია გენდერული თანასწორობის საკითხზე საუბრისას ფოკუსს მაინც ეკონომიკურ გაძლიერებაზე აკეთებს.
ყველა სხვა პარტიის პროგრამისგან განსხვავებით, “ლელოს” წინასაარჩევნო პროგრამა მეტნაკლებად ინტერსექციურია. ის ესაუბრება შშმ, მრავალშვილიან და მარტოხელა ქალებს და ცდილობს მათი პრობლემების იდენტიფიცირებას. პარტიის პროგრამა ასევე საუბრობს სახელფასო სხვაობის აღმოფხვრაზე, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მასტიმულებელ პროგრამებზე, მათ შორის ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალებისთვის და შშმ ქალებისთვის მათზე მორგებული ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფაზე.
ამასთან, პარტიის წარმომადგენელი (მედეა მეტრეველი, “ლელოს” ქალთა საბჭოს ხელმძღვანელი), “იკითხე პოლიტიკასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ პარტია ხედავს და აღიარებს განსხვავებული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანების პრობლემებს. მიუხედავად ამისა, გენდერის სამართლებრივი აღიარების საკითხზე პარტია პოზიციას არ აფიქსირებს, მხარს არ უჭერს ერთი და იგივე სქესის ადამიანების ქორწინებას, ხოლო პარტიის ლიდერი მამუკა ხაზარაძე თვლის, რომ ლგბტ+ პირთა უფლებები საქართველოში “ძალიან კარგადაა დაცული”.
შეიძლება ვივარაუდოთ რომ “მარშალის გეგმა” გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ქალების მიღმა, ცალსახა პოზიციების დაფიქსირების პასუხისმგებლობის აღებას ერიდება რათა ამომრჩევლის მაქსიმალურად ფართე გამა მოიზიდოს. პროგრამაში ქალების ცალკე განსხვავებული სოციალურ ჯგუფად გამოყოფა თავისთავად საინტერესოა, ამ კუთხით მოცემული რიგი პოსტულატები ასპირაციულია (მაგ.: შრომის თანაბარი ანაზღაურება, მეტი ქალი ქვეყნის მართვის სათავეებთან…) მაგრამ არა იმდენად კონკრეტული, რომ ქალების (ან სხვა ჯგუფების) ცალკე ჯგუფად განხილვა პოლიტიკური კეკლუცობის მიღმა განვიხილოთ.
პარტიები.ჯე-ზე განთავსებული კითხვარი, აგრეთვე ინტერვიუ პარტიის ქალთა საბჭოსთან ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას გაცილებით კვეთრად აყალიბებს, ხშირად გაცილებით შორს მიდის და ზოგჯერ, უპირისპირდება კიდეც პროგრამას, განსაკუთრებით რიტორიკის დონეზე.
საარჩევნო პროგრამას, საჯარო რიტორიკასა და სხვადასხვა პლატფორმაზე გაკეთებულ განაცხადებს შორის უზუსტობები და ხშირად, ურთიერთგამომრიცხავი პოსტულატები ა) დამაბნეველია ამომრჩევლისთვის რომელიც ცდილობს დანამდვილებით იცოდეს პარტიის პოზიცია ამ საკითხზებზე ბ) ტოვებს პარტიის ერთსულოვნების ნაკლებობის შთაბეჭდილებას და გ) კითხვის ქვეშ აყენებს პარტიის პოზიციას ამ კრიტიკული საკითხების მიმართ.
პროგრამის თემატური საკითხები:
მიუხედავად პროგრამაში ქალთა პრობლემატიკის გათვალისწინებისა, პროგრამის თემატურ საკითხებში გენდერული თანასწორობის საკითხები ინტეგრირებული არ არის. თუმცა პარტიები.ჯე-ზე გამოტანილი პროგრამა უფრო სრულყოფილია. აქ გენდერული უთანასწორობის საკითხები უფრო ცალსახადაა გამოყოფილი. მაგ. პარტიის კულტურული პროგრამაში პარტია ამბობს “გავაიოლებთ შემოქმედებით ინდუსტრიებში ჩართულობას კულტურის სფეროს ნებისმიერი ასაკობრივი და სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებისთვის, შშმ პირებისთვის, საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფისთვის, ქალებისთვის, ლგბტ თემის წარმომადგენლებისთვის. “
“მარშალის გეგმის” ეკონომიკური ნაწილი არ ასახავს ქალების/ლგბტ+ პირების გაძლიერების გეგმას. ეკონომიკური გეგმა არ მოიაზრებს რომელიმე კონკრეტულ სოციალურ ჯგუფს. პროგრამის ძირითადი ფოკუსია “ძლიერი საშუალო ფენა, ძლიერი სახელმწიფო”.
“მარშალის გეგმა”, ცალკე, და არა ეკონომიკურ ნაწილში, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს მოიაზრებს, მათ შორის ქალებსაც (არა ლგბტ+ პირებს). ქალების, როგორც ცალკე გამოყოფილი სოციალური ჯგუფის პროგრამა მოიცავს ზოგად ეკონომიკურ პოსტულატებს:
- ქალებში სიღარიბის დაძლევა და მათი ეკონომიკურად გაძლიერება
- მეტი მეწარმე ქალი
- შრომის თანაბარი ანაზღაურება.
პროგრამაში ამ ეკონომიკური მიზნების მიღწევის გზებზე საუბარი არაა. თუ ზემოთ ჩამოთვლილ მიზნებს ზოგადი ეკონომიკური განვითარების პოსტულატებთან ერთად წავიკითხავთ (რაც ამ ანალიზის მცდელობა უფროა ვიდრე პროგრამის მიზანი), მაშინ შეიძლება მსჯელობა, რომ ეკონომიკური განვითარების გეგმა ქალებს ცალკე სამიზნე ჯგუფად მოიაზრებს.
რაც შეეხება სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებს (სრჯუ) პარტია გვპირდება, რომ, შშმ ქალებისა და გოგონებისთვის უსაფრთხო სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით იარსებებს გენდერულად მგრძნობიარე სამედიცინო მომსახურება, რაც შესაძლოა მოიცავდეს სრჯუ-საც. თუმცა, სხვა საკითხები, რაც დაკავშირებულია ზოგადად ქალების ინფორმირებულობასა და სერვისებზე მისაწვდომობასთან, პარტიის ხედვაში გათვალისწინებული არ არის. ამ ფონზე, განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ პარტია იძლევა დაპირებას ტრანსსპეციფიური ჯანდაცვის სერვისების დანერგვის შესახებ.
ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით პარტია საინტერესო, პრევენციულ პოლიტიკას აყალიბებს და ამბობს, რომ ქალთა მიმართ ძალადობასთან უკომპრომისო ბრძოლის მიზნით, “ოჯახში ძალადობასა და ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებული საკითხები ინტეგრირდება სასწავლო გეგმებში”. Ასევე, პარტიის ქალთა პროგრამის პრეზენტაციაზე ლელომ ისაუბრა ქალებისა და ბავშვების დაცვის ვალდებულებაზე შეიარაღებული კონფლიქტებისას.
პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი ქალები ხშირად ჩანან პარტიის შეხვედრებზე, მათ შორის სატელევიოზიო სივრცეებში, თუმცა ისინი ნაკლებად მიმართავენ ქალ ამომრჩევლებს და ხშირად სხვადასხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან, საკითხებზე საუბრობენ. მაგალითად, ლელოს ინიციატივა მეშახტებს საკმაოდ პროგრესული ხედვაა, რაზე საუბარსაც ხშირად პოლიტიკური პარტიები ერიდებიან, თუმცა საინტერესოა რომ ამ თემაზე პარტიის ორი ქალი საუბრობს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ლელო გამოეხმაურა ქალაქ ზუგდიდში, ლელოს ქალი წევრების მიმართ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის ლაშა გვასალიას საჯარო მუქარას მათი პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. საინტერესოა, რომ აქციაზე ძირითადად პარტია ქართული ოცნების ფაქტორზე აკეთებდა აქცენტს და არ საუბრობდა პრობლემის ზოგად, ინტერ-პარტიულ, კულტურულ და პატრიარქალურ განმსაზღვრელებზე. Ამ საკითხზე ქალი მაჟორიტარი კანდიდატების გამოსვლები საარჩევნო კამპანიის ნაწილად უფრო იკითხებოდა, ვიდრე, ქალების საჯარო და პოლიტიკური სივრციდან განდევნის კოორდინირებულ მცდელობაზე ხაზგასმად, თუმცა მისასალმებელია პარტიის მიერ ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის ბარიერებზე მცირე ფოკუსიც კი და ამ ფაქტის ძალადობად დაკვალიფიცირება.