პარტიული სიის ანალიზი
გირჩის პარტიული სიის შედგენის საკითხი ცალკე განმარტებას მოითხოვს: პარტიული სიის ფორმირებისთვის მათ გამოიყენეს ხმის ონლაინ მიცემის სისტემა. კერძოდ, “გირჩის” საიტზე რეგისტრირებულ მხარდამჭერებს შეეძლოთ, პარტიის მიერ შექმნილი ციფრული ფულის, GeD-ის (Georgian Dollar, ე.წ. “ჯედი”) დახმარებით ხმა მიეცათ სასურველი კანდიდატითვის. ამ ფულს მხარდამჭერები პარტიისთვის შემოწირულობის ჩარიცხვის ხარჯზე იღებენ. (100 GeD =1 USD)
სიის შედგენაში მონაწილეობდა 5000-მდე ადამიანი (გირჩის პორტალზე დარეგისტრირებული მხარდამჭერები), რომელებსაც, ჯამში, 131 მილიონი GeD ჰქონდათ საკუთრებაში. გადანაწილებისას კი – რაც მეტი ჯედი აქვს “გირჩის” წევრს საკუთრებაში, მით უფრო მეტი “წონა” აქვს მას.
იმის გამო, რომ “გირჩი” ეწინააღმდეგეოდა პარლამენტის მიერ პარტიებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტირების დაწესებას, მათ ეს წესი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
ცესკოში მათ მიერ წარდგენილი სია არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც, პარტიის პროპორციულ სიაში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს. ცესკომ ასეთი სია არ დაარეგისტრირა, ამიტომ, როდესაც პარტიას სია ხარვეზის გამო დაუბრუნდა, მათ მოუწიათ კანონის გათვალისწინება, რათა მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში. თუმცა, როგორც ცნობილია, მათ აქვთ შიდა პარტიული შეთანხმება, რომლის ძალითაც ქალები, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში უარს იტყვიან თავიანთ ადგილებზე და, შესაბამისად, ის სია იქნება მოქმედი, რომელიც მხარდამჭერების საშუალებით შედგა. ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან ინტერვიუს დროს ვიკითხეთ, თუ როგორ აპირებდნენ ამის განხორციელებას, როცა ერთი სქესის მეორეთი ჩანაცვლება კანონით დაზღვეულია. აღმონდა, რომ ყოველ მეოთხე ადგილას ჩასმული ქალები ჯერ ერთმანეთს დაუთმობენ ადგილს და მას შემდეგ, რაც მათ სიაში ქალი აღარ დარჩება, ადგილი კაცებს გაუთავისუფლდებათ.
პარტიის რეგისტრირებულის სია ამ ეტაპზე ასე გამოიყურება:
პარტიის პროპორციულ სიაში (129 რეგისტრირებული წევრი) სულ 32 ქალია (25%). სიის ათეულში 2 ქალია, ოცეულში - 5. პარტიის მიერ დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატებიდან არც ერთი არ არის ქალი.
პროგრამის ანალიზი
დოკუმენტი, რომელსაც კლასიკური საარჩვნო პროგრამის სახე ექნება, “გირჩს” არ აქვს. მათს საიტზე დევს მათი ხედვა რამდენიმე საკითხზე, რომელიც მათთვის საარჩევნო პროგრამაა. ეს ხედვა თემატურადაა დალაგებული და თითოეულ თემას გირჩის წევრი რომელიმე პოლიტიკოსი წარმოგვიდგენს.
სულ 7 თემატური საკითხია გამოყოფილი. მათ შორის, პრივატიზაციის, მართლმსაჯულების, განათლების, ეკონომიკური თავისუფლებისა და ნარკოპოლიტიკის გარდა, არის ისეთი ყოვლისმომცველი, ზოგადი და ამიტომ ცოტა ბუნდოვანი საკითხი, როგორიც არის “ნორმალური საქართველო”.
პრივატიზაციის, ეკონომიკური თავისუფლებისა და ნარკოპოლიტიკის თემების ქვეშ მოკლე აღწერაა იმ პრობლემური საკითხებისა, რომელთა დღის წესრიგში დასმასაც “გირჩი” ეცდება და რომელთა მოგვარების გზებიც აქვთ დასახული. შედარებით მეტი კონკრეტიკა გვხვდება მართლმსაჯულებისა და განათლების საკითხების ქვეშ.
რაც მთავარია, ამ ბმულის ქვეშ, რომელსაც “გირჩი”, როგორც თავის საარჩევნო პროგრამას, ისე აზიარებს, არსად არცერთხელ არ არის ნახსენები არც გენდერული თანასწორობა, არც უმცირესობებისა და არც ქალთა უფლებები. თუმცა, იმისთვის, რომ პარტიის ხედვა ამ საკითხებზე აგვესახა, “იკითხე პოლიტიკამ” გაანალიზა სხვადასხვა პლატფორმებზე პარტიის მიერ გადმოცემული ხედვები, რომელიც სხვადასხვა თემატურ საკითხს შეეხებოდა, მათ შორის პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობისა და უმცირესობების უფლებებს. ამასთან, პროგრამული საკითხების ანალიზისთვის “იკითხე პოლიტიკამ” ინტერვიუ ჩაწერა “გირჩის” წარმომადგენელთან, ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან.
პროგრამის თემატური საკითხები:
პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის საკითხის შესახებ “გირჩის” პასუხად partiebi.ge-ზე ვკითხულობთ: ვფიქრობთ, საკანონმდებლო ორგანოში უნდა იყვნენ პოლიტიკოსები სქესის მიუხედავად. ჩვენ გვაქვს „გირჩის“ პოლიტიკოსების შერჩევის მერიტოკრატიული სისტემა, რომლის მიხედვითაც ნებისმიერს აქვს წარმატების თანაბარი შანსი. პოლიტიკოს ქალთა უფლებებს ყველაზე მეტად არღვევს ე. წ. კვოტირება, რომელიც ახლახან მიიღო ქვეყნის პარლამენტმა. ეს კანონი გავასაჩივრეთ საკონსტიტუციო სასამართლოში და ყველაფერს გავაკეთებთ მის გასაუქმებლად.
რაც იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე პარტიამ ჩაასწორა საკუთარი სია, თუ გირჩის წარმომადგენლები პარტიაში მოხვდნენ, ისინი შესაძლოა ამ თემაზე ეთანამშრომლონ კვოტების მოწინააღმდეგე სხვადასხვა პარტიას (მაგ. ევროპულ საქართველოს, პატრიოტთა ალიანსს, ლეიბორისტებს და ა.შ.) კვოტების გაუქმების მიზნით.
პროგრამაში არსად არის ნახსენები გენდერული თანასწორობა. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, თავისთავადაც იძლევა დასკვენის გამოტანის საშუალებას, მით უმეტეს, რომ გირჩის პოზიცია ამ საკითხზე ზოგადად გაცხადებულია. “გირჩში” ამბობენ, რომ პირველი და მეორე ტალღის ფემინისტებმა უკვე მოიპოვეს კანონის წინაშე თანასწორეობა, ამიტომ, მათთვის ეს ბრძოლა დამთავრებულია. ისინი თვლიან, სახელმწიფოს როლი გენდერული თანასწორობის დაცვის საქმეში კანონმდებლობის დარღვევისას ეფექტური ღონისძიებებით უნდა განისაზღვროს, რომ კანონით ისედაც უზრუნველყოფილია თანასწორობა.
პარტიაში მიაჩნიათ, რომ თანაბარი ეკონომიკური მონაწილეობის მიზნით სახელწიფომ ხელშემწყობი პირობები არცერთ ჯგუფს არ უნდა შეუქმნას, რადგან, თანაბარი სასტარტო პირობები არ არსებობს და ყველანი სხვადასხვა გამოცდილებითა და უნარებით, ქონებითა და აზროვნებით შემოვდივართ ცხოვრებაში, ვიღებთ გადაწყვეტილებებს და იმ ყველაფერზე, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ინდივიდუალური პასუხისმგებლობა გვენიჭება. მაგალითად, “გირჩის” მეათე ნომრის, გიორგი ლომინაძის ბლოგში ვკითხულობთ, რომ დეკრეტული შვებულება პრობლემაა, რადგან ქალებს დამსაქმებლებისთვის ნაკლებად მიმზიდველად წარმოაჩენს.
ამის შესახებ ინტერვიუში ზურაბ ჯაფარიძესაც ვკითხეთ. ისიც მიიჩნევს, რომ თუკი სახელმწიფო კერძო სექტორს დაავალდებულებს დეკრეტული შვებულების ფული გადაუხადოს დასაქმებულს, მაშინ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება უმუშევრობა რეპროდუქციული ასაკის ქალებში. ის თვლის, რომ ნებისმიერი მსგავსი საკითხი დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დადებული ხელშეკრულებით უნდა გადაწყდეს.
კითხვაზე, თუ რა მექანიზმით შეიძლება უზრუნველველვყოთ ასეთ ვითარებაში ქალის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, ზურაბ ჯაფარიძე პასუხობს, რომ ღირებული კადრის შემთხვევაში კომპანია მის შენარჩუნებას ეცდება, ასევე, თუ მდიდარი ქვეყანა გვექნება, იქნება მეტი არჩევნი დასაქმებულისთვის და ის წავა იქ სადაც მას დეკრეტს აუაზღაურებენ.
პარტიაში არ სჯერათ გენდერული სახელფასო სხვაობის არსებობის, ხოლო სხვა თანაბარი ეკონომიკური მონაწილეობის ხელშემწყობ მექანიზმებზე, მაგ. ზრუნვის ტვირთის განაწილებასა და ა.შ. პარტიას პოზიცია არ დაუფიქსირებია.
რაც შეეხება გენდერულად დაბალანსებულ საგანმანათლებლო პროგრამების არსებობას, ამაზე გირჩი პროგრამულად არ საუბრობს. მათი მიზანი სავალდებულო სასკოლო განათლებისგან ბავშვების გათავისუფლებაა. ისინი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო მხოლოდ მშობლის ძალადობის შემთხვევაში უნდა ჩაერიოს მშობლისა და ბავშვის ურთიერთობაში და უნდა შეიქმნას ისეთი სისტემა, სადაც, ისეთი ბავშვებიც შეძლებენ ეროვნული გამოცდების ჩაბარებას, რომლებიც სკოლაში არ ივლიან.
ამ დებულების საწინააღმდეგო არგუმენტი თვითონ მოჰყავს ვახტანგ მეგრელიშვილს, რომელიც განათლების საკითხების შესახებ წერს პროგრამაში. კერძოდ ის, რომ სახელმწიფო რეგულაციების არსებობის გარეშე იქმნება ბევრი რელიგიური სკოლის შექმნის საფრთხე, რამაც თავის მხრივ, თეოკრატიული მმართველობის წახალისება შეიძლება გამოიწვიოს. ის ასახელებს ამ პრობლემას და მისი გადაჭრის გზად სასულიერო პირებთან და სხვადასხვა კერძო სკოლების მფლობელებთან მოლაპარაკებას მიიჩნევს, რაც ამ საკითხის მოგვარების გზას ბუნდოვნად ტოვებს.
ინტერვიუს ფარგლებში ზურა ჯაფარიძესთან დასმულ კითხვაზე, სადაც მშობლეთა ნაწილის განათლების საკითხებში სავარაუდო არაკომპეტენტურობა ვახენეთ და ვიკითხეთ, თუ როგორ უნდა იყოს ბავშვი დაცული უხარისხო განათლებისგან, თუკი სახელმწიფო გვერდზე გადგება და განათლების საკითხებში არ ჩაერევა, მან გვითხრა, რომ ბავშვები ახლაც უხარისხო განათლებას იღებენ სკოლებში და მშობლების შემთხვევაში უმრავლესობის კეთილ განზრახვებში მაინც შეიძლება ვიყოთ დარწმუნებულნი.
“გირჩს” ასევე არსჯერა ქალთა მიმართ ძალადობის. ისინი აღიარებენ, რომ ქალი უფრო ხშირად ხდება ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ ამას იმით ხსნიან, რომ კაცები ფიზიკურად უფრო ძლიერები არიან, და იმის შანსი, რომ კაცი ქალს მოერევა, სტატისტიკურად მაღალია.
საინტერესოა პარტიის პოზიცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადრეულ ასაკში ქორწინება და აბორტის უფლება. პარტიის მეათე ნომერი, გიორგი ლომინაძე, აბორტის წინააღმდეგია და ასევე, მისი ჩანაწერები, იმასთან დაკავშირებით, რომ “ბავშვობა მთავრდება იქ, სადაც ადამიანი შთამომავლობის შექმნის უნარს იძენს” შესაძლოა ასევე მივიჩნიოთ ადრეულ ასაკში ქორწინების წახალისებად.
ამის შესახებ ინტერვიუში ვკითხეთ ზურაბ ჯაფარიძესაც, რომელმაც გვიპასუხა, არ ემხრობა ადრეულ ასაკში ქორწინებას და არ მიესალმება ამის წახალისებას, თუმცა, ამის პრევენცია მხოლოდ ამ თემაზე ბევრი ლაპარაკითა და აგიტაციით წარმოუდგენია და სხვების გადაწყვეტილებებში ჩარევას სწორად არ მიიჩნევს.
გარდა ზემოთ თქმულისა, “გირჩის” წევრების მხრიდან საჯარო გამოსვლებსა და ბლოგებში იყო ტრანფობიური სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებიც.