ბევრი ქალისგან განსხვავებით, კაცები ჯერ კიდევ არ ლაპარაკობენ სილამაზის სტანდარტების იმ წნეხზე, რომელიც მათ მენტალურ ჯანმრთელობასა და ზოგად კეთილდღეობაზე ახდენს დიდ გავლენას. ამ ტექსტით ავტორი ცდილობს, გაანალიზოს ეს ფენომენი და აღწეროს, თუ როგორ შეიცვალა მასკულინობის გაგება ბოლო პერიოდის საქართველოში და ამავდროულად, როგორ შეცვალა ამან კაცების სხეულებიც.
ნეტფლიქსის პოპულარული სერიალის უცნაური ამბების (Stranger Things) მეოთხე სეზონში ბევრისთვის საყვარელი პერსონაჟი ჯიმ ჰოპერი რვათვიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ სერიალის სხვა პერსონაჟებს ხვდება, რომლებიც მისი დანახვისას ერთ-ერთი პირველი იმას აღნიშნავენ, თუ როგორ გახდა. თავის შვილობილთან, თერთმეტთან შეხვედრის ემოციურ დიალოგშიც კი იმაზე ხუმრობენ, რომ ჰოპერი მსუქანი აღარ არის. სცენარში იმ პერსონაჟის განვითარებისას, რომელიც მაყურებელს, პირველ რიგში, თავისი მზრუნველი და ერთგული ხასიათის გამო უყვარს და რომლის გარეგნობაც, წესით, მეორეხარისხოვანია, შოუს შემქმნელებმა მაინც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მის წონაში მკვეთრ კლებაზე. ჰოპერის ეს თვალშისაცემი ფიზიკური ცვლილება შიმშილისა და მძიმე ფიზიკური შრომის შედეგია, ძალიან რომ ჰგავს იმ მკაცრ დიეტებსა და მუდმივი ვარჯიშისაკენ მოწოდებებს, რომლითაც „სრულყოფილი სხეულის“ მიღებას გვპირდებიან ხოლმე.
მეინსტრიმულ კულტურაში სულ უფრო აქტუალური ხდება სხეულის პოზიტიურად აღქმის (body positivity) მოძრაობა, რომელიც სილამაზის გაბატონებულ სტანდარტებს უპირისპირდება და ყველანაირი სხეულის მიმღებლობას უჭერს მხარს. ექსკლუზიურ და არარეალურ, უმრავლესობისთვის მიუღწეველ ნორმებს, რომლებიც მკაცრად ადგენს, როგორი სხეულია „ლამაზი“, პირველ რიგში, ქალები დაუპირისპირდნენ: პატრიარქალურ სამყაროში, სადაც ქალი მოსანადირებელ, ეგზოტიკურ არსებად და თავისი მშვენიერებით კაცის მუზად ითვლება, ყველაზე მეტად იგი სწორედ თავისი სხეულით განისჯება. თუმცა, ფემინიზმის დამსახურებით, ქალებმა ეტაპობრივად და სულ უფრო ხმამაღლა დაიწყეს იმ სტანდარტების დაგმობა, რომლებიც წარმოუდგენლად აზიანებდა როგორც მათ ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
რამდენად მოიცავს ეს პროცესი ყველა ქალს და როგორ იყენებს თანამედროვე კონსუმერული კულტურა მას ფინანსური სარგებლისთვის, ეს ამ განხილვის მნიშვნელოვანი და კრიტიკული ნაწილია, თუმცა ტექსტის მთავარი კითხვა სხვაა: სად არიან ამ პროცესში კაცები? ნუთუ ის პატრიარქალური რწმენა, ქალი სხეულთან, კაცი კი გონებასთან რომ იგივდება, ყველამ იმდენად გავითავისეთ, რომ კაცების სხეული სულ დაგვავიწყდა? ოღონდ ეს კითხვა მიემართება არა ქალებს, რომლებიც თავიანთი გამოცდილებიდან გამომდინარე დაუპირისპირდნენ დისკრიმინაციულ კულტურულ ნორმებს, არამედ კაცებს, განსაკუთრებით – ჰეტეროსექსუალ კაცებს, რომლებიც უმეტესწილად საერთოდ არ ლაპარაკობენ წნეხზე, რომელიც მათი სხეულების კონკრეტულ ყალიბში ჩამოსხმას ცდილობს.
პატრიარქალური კანონზომიერებით, კაცების ფიზიკური სხეულისა და მათი წარმოსახვითი კაცურობის აღქმის მთავარი ნიშანი პენისია – მასკულინურმა კულტურამ კაცობა უპირველესად სასქესო ორგანოთი განსაზღვრა. თუმცა, ძნელად თუ შეხვდებით კაცს, რომელიც ღიად იტყვის, როგორ დააზიანა იგი მასკულინობის ამ უნივერსალურმა კონსტრუქტმა. ის, რაც კაცებმა თავიანთი იდენტობის მთავარ საყრდენად აქციეს, მათივე სისუსტე აღმოჩნდა. მაგალითად, თუკი სურთ, რომ სხვა კაცი დაამცირონ, ამბობენ, რომ მას პატარა პენისი აქვს. როგორც წესი, „პატარა პენისში“ მისი რეალური ზომა კი არ იგულისხმება, არამედ ამით კონკრეტული პიროვნების „კაცობას“ აყენებენ ეჭვქვეშ. თუმცა, პენისის ზომაზე შფოთვა ბევრ კაცს მთელ რიგ ფსიქოლოგიურ პრობლემებს უქმნის როგორც სექსუალურ, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში[1]. პენისის ზომით კაცების პიროვნული თვისებებისა თუ მათი ქცევების ახსნა ძალიან ჰგავს იმას, როცა ჩვენსავე სოციუმში „გაუთხოვრობით“ ან „კლიმაქსით“ ქალების მარგინალიზებასა და ისტერიულებად შერაცხვას ცდილობენ. თავი რომ დავანებოთ სხეულის იმ კონკრეტული ნიშნით შეფასებას, რომელიც კაცების დიდი ნაწილისთვის მგრძნობიარე საკითხია, მსგავსი წარმოდგენები ისევ და ისევ პატრიარქალურ ფორმულას ამყარებს – თუ „პატარა“ პენისი რაღაც ცუდს ნიშნავს, ავტომატურად ვაღიარებთ, რომ „დიდი“ პენისი ყოველთვის უკეთეს კაცს ეკუთვნის. სამწუხაროდ, სხვადასხვა სივრცეში ხშირად მოვისმენთ, როგორ ხსნიან ყველანაირ პრობლემას პატარა პენისით, როგორ დასცინიან ყოფილ პარტნიორებს ამის გამო. რამდენიმე წლის წინ აქტუალური სოციალური კამპანიაც კი მთლიანად ამ წარმოდგენას ეყრდნობოდა: კამპანია ურბანულ გარემოში ეკოლოგიურ პრობლემებს აპროტესტებდა, მისი სლოგანი კი ასე ჟღერდა: „დიდი ჯიპი = პატარა ჭუჭუ“. შესაძლოა, ეს ვინმემ პატრიარქალურ წესრიგთან მისივე ღირებულებებით დაპირისპირებად ჩათვალოს, თუმცა, თუკი პატრიარქატისგან განსხვავებით ყველანაირი სხეულის მიმღებლობაზე ვთანხმდებით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაცის სხეულიც სხეულია და მასზე ქილიკით შესაძლოა ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობას ვაზიანებდეთ.
პატრიარქალურ კულტურაში სხვა არაერთი ინდიკატორი არსებობს, რომლითაც კაცობა განისაზღვრება ხოლმე: მაგალითად, სიმაღლე და ფიზიკური სიძლიერე. განვიხილოთ პატრიარქატის ფავორიტი პროექტი – ჰეტერონორმატიული ოჯახი: ჰეტეროსექსუალი წყვილი წარმატებულად რომ შეფასდეს, აუცილებელი წინაპირობაა, რომ კაცი ქალზე მაღალი იყოს. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა გავიგე, როგორ კიცხავდნენ ერთ პატარძალს, რომელიც ქორწილში სიძეზე მაღალი იყო – დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი მაინც ჩაეცვა, სხვაობა უფრო ნაკლები იქნებოდაო. ფიზიკური მახასიათებლების შეფასება, როგორც წესი, მხოლოდ გემოვნებისა და ესთეტიკის საკითხად მიიჩნევა, თუმცა სხეულებზე ჩვენი წარმოდგენები ბევრ რამეს ამბობს იმ კულტურულ ნორმებსა და გენდერულ წესრიგზე, რომელიც ამ „ინდივიდუალურ“ თუ „ობიექტურ“ გემოვნებას რეალურად განსაზღვრავს: ის, რომ ჰეტერონორმატიულ წყვილში კაცი ქალზე მაღალი უნდა იყოს (წინააღმდეგ შემთხვევაში, მათზე ეცინებათ ან „შეუფერებელ წყვილს“ უწოდებენ), ძალაუფლებრივი მიმართების ზოგად მოდელად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამის გამო, კაცებს არ სიამოვნებთ თავიანთზე უფრო მაღალ ქალებთან ურთიერთობა. ამავდროულად, ქალებსაც უჭირთ ამ მოდელზე უარის თქმა: ჰეტეროსექსუალი ქალებიც ხშირად დაუფარავად აღნიშნავენ, რომ თავიანთზე დაბალ კაცს პარტნიორად ვერ განიხილავენ.
სიმაღლესთან ერთად, კაცებისთვის მნიშვნელოვანია ფორმაში ყოფნაც. მათ უპირველესად სიძლიერე მოეთხოვებათ და ამის შესახებ მაშინვე ეჭვები ჩნდება, თუკი გარკვეულ წონას გადასცდები. თანამედროვე სამყაროში სიმსუქნესთან ბრძოლა ჯანმრთელობაზე ზრუნვით ინიღბება. სინამდვილეში კი, ჭარბი წონა სიზარმაცესა და უპასუხისმგებლობასთან იგივდება, რაც კაპიტალისტური სამყაროს მოქალაქისთვის ყველაზე ცუდი მახასიათებელია. შესაბამისად, ამ წარმოდგენისგან არც კაცები არიან თავისუფალნი: თვალშისაცემი ღიპი ავტომატურად წყალს უყენებს პატრიარქატის მიერ მამაკაცზე შექმნილ ძლიერი მონადირის ხატს. საინტერესოა, რომ ჭარბწონიანი კაცის სხეული ფემინურად აღიქმება ხოლმე. ხშირად გაიგონებთ ფრაზებს: „ქალზე დიდი ძუძუები გაქვს“, „რამხელა მუცელი გაქვს, მერამდენე თვეში ხარ?“, რაც კიდევ ერთხელ ააშკარავებს მასკულინობის გაგებაში ზოგადად ქალურობის ზიზღს.
ჩემი წერილის მომდევნო ნაწილებში შევეცდები, უფრო კონკრეტულად აღვწერო ის ძირითადი ტენდენციები, რომლებსაც ქართული მასკულინობა სხეულის შესახებ აწარმოებს. მათში იმ საერთო პრობლემას მოვნიშნავ, რომელიც კაცებს კვლავაც ხელს უშლის, რომ სხეულის ინდივიდუალურ გამოცდილებებზე ღიად ილაპარაკონ.
ტრადიციული მასკულინობა
ვინაიდან კაცობის გაგება გამუდმებით იცვლება, თანამედროვე მოცემულობასთან სხვაობის ხაზგასასმელად, ტრადიციულ მასკულინობას ვუწოდებ კაცურობის იმ ფორმებს, რომლებიც საქართველოში ყველაზე თვალშისაცემი 30 წელს გადაცილებულ კაცებშია. სიმბოლურად, შეგვიძლია მოვიაზროთ კაცების ზოგადი ჯგუფი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე პერიოდში დაიბადა, რადგან, რეალურად, ბოლო სამ ათწლეულში, განსაკუთრებით კი 2000-იანების შემდეგ, მასკულინობამ გარკვეული ცვლილება განიცადა საქართველოში. ვინც ბავშვობა ან მოზარდობა ამ პერიოდში განვლო, მათი ინიციაცია და კაცობის ჩამოყალიბება შედარებით განსხვავებულად განვითარდა.
ტრადიციულ მასკულინობაში კაცის სხეულთან დამოკიდებულებას საუკეთესოდ გამოხატავს ქართულ ენაში დამკვიდრებული ჟარგონი „პიჟონი“. „თბილისის ფორუმზე“ 2011 წელს დაწერილ კომენტარში ერთ-ერთი მომხმარებელი ამ სიტყვას შემდეგნაირად განმარტავს: „გარეგნობას რომ უფრო დიდ ყურადღებას უთმობს, ვიდრე კაცობას“. ეს განმარტება კარგად ხსნის როგორც ამ სიტყვის მნიშვნელობას, ისე ქართულ მასკულინობაში კაცის სხეულთან ზოგად დამოკიდებულებას – კაცი თავის სხეულზე ზედმეტად არ უნდა ზრუნავდეს. ამაში ძირითადად იგულისხმება ჩაცმის სტილი, რომელიც უნდა იყო სადა და მოკრძალებული, ვარცხნილობასა და აქსესუარებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
დღეს ბევრისთვის სასაცილოა, რომ ქალის მორალურად შესაფასებლად მისი კაბის სიგრძეს ზომავდნენ. შეიძლება, ბევრისთვის კიდევ უფრო სასაცილო იყოს იმის გაგება, რომ ხანდახან მსგავსი ლოგიკა ვრცელდება ზოგიერთ კაცზეც, თუკი ზაფხულის ცხელ დღეებში შორტის ჩაცმას გადაწყვეტენ. ისინი, ვინც გამბედაობას იჩენენ და შარვლის ნაცვლად უფრო თავისუფალ სამოსს ირგებენ, ისეთ შუალედურ ვარიანტს ირჩევენ, როგორიცაა ე.წ. ბრიჯი – შედარებით მოკლე შარვალი, რომელიც კოჭებს სცდება, მაგრამ მუხლებს ფარავს. ზოგიერთ კაცში მარტივი შესამჩნევია შფოთვა, რომელიც თავისი სხეულის მიმართ აქვს. ეს შფოთვა რატომღაც კონკრეტულად ფეხებს შეეხება, თორემ მათი ნაწილი შეიძლება წელზევით შიშველი თამამად დაიარებოდეს.
იგივე ეხება ფერებსაც: არსებობს კაცური ფერები, რომლებიც მუქი და არათვალშისაცემია. უფრო ღია და ნათელი ფერები არაკაცური, ქალურია. ანალოგიური ლოგიკა ვრცელდება საყურეებსა და პირსინგებზეც. განსაკუთრებით 17 მაისის ან პრაიდის კვირეულის პერიოდში, ჰომოფობიური ნიშნით არაერთ ბიჭს დასხმიან თავს საყურის გამო. ქართული ტრადიციული მასკულინობისთვის საყურე ფემინურობის ნიშანია, რაც გენდერის მოღალატედ გაქცევს. ამიტომ, დღემდე საქართველოში პირსინგის ტარება გარკვეულწილად ისევ გამბედაობას მოითხოვს. ბევრმა იცის, რომ სხვადასხვა სივრცესა და პერიოდში ან უნდა დამალოს ეს აქსესუარი, ან იქ და იმ დროს უბრალოდ არ უნდა გამოჩნდეს, რადგან შეიძლება საფრთხე დაემუქროს. ასეთი ადგილი არც ისე იშვიათად არის ოჯახი: ბევრი ბიჭი, მათ შორის ჰეტეროსექსუალი, ოჯახის წევრებთან ყოფნისას საყურეს იხსნის.
მოდერნული მასკულინობა
ტრადიციულ და მოდერნულ მასკულინობას შორის გამყოფ ხაზად საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვება ავიღე, თუმცა არა ამ მოვლენის პოლიტიკური მნიშვნელობის გამო. მოდერნული მასკულინობა მეტწილად განსაზღვრა გლობალიზაციის პროცესში საქართველოს ჩართვამ, ინტერნეტის და სოციალური მედიის ხელმისაწვდომობამ და ჩვენს კულტურაში დასავლური პოპკულტურის დიდი დოზით შემოჭრამ.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს საერთო ამ ორი ტიპის მასკულინობას შორის: კაცის ძლიერი სხეულის ფეტიში. მეტიც, მოდერნულმა მასკულინობამ ეს ფეტიში სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა. ვარჯიშის კულტურის მასობრივი გაპოპულარულებით თვალშისაცემად დაკუნთული სხეული კაცის ერთადერთ სასურველ მოდელად იქცა. ამის გამო გაირიყა არა მხოლოდ მსუქანი, არამედ გამხდარი სხეულებიც – კუნთის, გამოკვეთილი ფორმების გარეშე კაცის სხეული არ ფასობს. სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე უამრავი ვიდეო და ფოტოისტორია ვრცელდება, თუ როგორ მოინდომეს კონკრეტულმა კაცებმა და დაუღალავი შრომის შემდეგ როგორ დაიკლეს ან მოიმატეს წონაში და რადიკალურად შეცვალეს დაკუნთული სხეულით თავიანთი ცხოვრება. ხშირად, მსგავსი შედეგის მისაღწევად, საკმარისი არაა კვების მკაცრი რაციონი და გულმოდგინე ვარჯიში, ამიტომ სხეულის კონკრეტული ფორმების მისაღებად სხვადასხვა ტიპის დანამატსაც იღებენ. ტრადიციული მასკულინობისთვის კაცის „ძლიერი სხეული“ გარკვეულწილად ყოფითი საჭიროებით აიხსნებოდა: კაცს უფრო მეტად უწევდა ფიზიკური შრომა და ხშირი ძალადობრივი დაპირისპირებების ალბათობის გამო გადარჩენისთვის მზაობა. ამის საჭიროება დღეს შედარებით ნაკლებია, თუმცა ოფისებში მომუშავე ან ინსტაგრამის ცნობილ მომხმარებლებს კვლავ აქვთ სურვილი, რომ დაკუნთული სხეული ჰქონდეთ. მოდერნული მასკულინობისთვის ასეთი სხეული უფრო ესთეტიკის საგანი და თანამედროვე სამომხმარებლო ბაზარზე თავის დამკვიდრების საშუალებაა.
რამდენადაც ტრადიციულისგან განსხვავებით მოდერნული მასკულინობისთვის სწორედ ესთეტიკური ნაწილია მნიშვნელოვანი, დღეს იშვიათად მოკრავთ ყურს სიტყვა „პიჟონს“. გარეგნობაზე ზრუნვა პრიორიტეტულიც კი გახდა: დაკუნთულ სხეულთან ერთად, კაცი შეიძლება უვლიდეს თმას, წვერს, წარბებსა და ფრჩხილებს. ბაზარზე გამოჩნდა შესაბამისი მომსახურებები კაცებისთვის, მათ შორის, სილამაზის სალონები, სადაც თმისა და წვერის მოწესრიგებასთან ერთად, მათი მოვლის სპეციალური საშუალებების შეძენაცაა შესაძლებელი. სილამაზის ინდუსტრიამ გააფართოვა თავისი აუდიტორია და უკვე კაცებსაც მოიცავს. შედეგად, ურბანულ სივრცეებში კაცის სასურველი სხეულის ახალი ჰაბიტუსები გაჩნდა: თუ გრძელი თმა, საყურე, პირსინგი და ფერადი ტანსაცმელი ადრე ფემინურობის, სისუსტის ნიშანი იყო, ახლა გარკვეული ჯგუფებისთვის უპირატესიც კია. ასე წარმოიშვა ქართულ მასკულინობაშიც ე.წ. ქულ ტიპი, ჰიპსტერი თუ რეივერი.
ახალი სახე-ხატები, ცხადია, განსხვავების წარმოების გარეშე არ გაჩენილა: მოდერნულმა მასკულინობამ დაგმო ტრადიციული მასკულინობა არა მხოლოდ თავისი ღირებულებებით, არამედ ფიზიკური ნიშნებითაც. ასე შეიქმნა ე.წ. ღრუზინის ხატი, რომელიც გარდა იმისა, რომ ჰომოფობ, რასისტ, მოძალადე და „ბნელ„ ტიპად მოიაზრება, მისი ჰაბიტუსი კოლექტიურ ცნობიერში ხშირად წარმოდგენილია ტანზე თმიან, კუშტ, ღიპიან, მუქ ფერებში გამოწყობილ და მოუწესრიგებელ კაცად. „ღრუზინი“ კავკასიელი, ქართველი კაცია, რომლის უარყოფასაც ის მოდერნული მასკულინობა ცდილობს, რომლის მისაბაძი მოდელი, კვლავ კოლექტიურ ცნობიერში, უფრო გონებაგახსნილი, მხიარული, ფერადი, არაჭარბწონიანი, სხეულზე ნაკლებად თმიანი კაცია. თეთრკანიანი, ევროპელი კაცი. ალბათ, ამის გამო გახდა პოპულარული ეპილაცია ქართველ კაცებშიც, რომელთა სხეულებზე თმასაც ჰიპერბოლიზაციისა და ზიზღნარევი დამოკიდებულების გამოსახატად „ბანჯგვლებად“ მოიხსენიებენ ხოლმე. ბანჯგვლი ხომ ცხოველის ბალანია. თანამედროვე ქართველი კაცი კი ტყიურ არსებას კი არ უნდა ჰგავდეს, არამედ რაციონალურ ევროპელს, რათა სასურველად ჩაითვალოს.
მასკულინობის ბანალურობა
და მაინც, რატომ სდუმან კაცები? რატომ არ ცდილობენ, თუნდაც ქალების მსგავსად, იმ წნეხზე დაიჩივლონ, რომელიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე კაცურობის ცვალებადი კრიტერიუმებით მათი სხეულების გამოძერწვას ცდილობს? პასუხი ალბათ იმ დამკვიდრებულ ნორმებშია, რომელიც ხან იმას გეუბნება, რომ გრძელი თმა არაკაცურია, ხან კი პირიქით, სწორედ მაგ ვარცხნილობით უფრო მეტ პარტნიორს მიიზიდავ; ხან წარბის ამოღებაა ქალაჩუნობა, ხან ეპილაციის ფასდაკლების ვაუჩერებს გთავაზობს. ეს ყველაფერი კი კაპიტალიზმთან ჰეტეროსექსუალურად შეუღლებული პატრიარქატის მემკვიდრეობაა, რომელიც ქალებისგან განსხვავებით კაცებს ამ „გაძლების“ სანაცვლოდ სხვა არაერთ პრივილეგიას სთავაზობს, მათ კი ამაზე უარის თქმა ეძნელებათ. კაცობა არ ეთმობათ. ვერ ბედავენ, თუნდაც კაცურობის ახალი, განსხვავებული გაგება შემოიტანონ, რასაც ხშირად ქვიარ კაცები აკეთებენ ხოლმე. თუმცა, სხეულებთან დაკავშირებით გარკვეულ სტანდარტებს ქვიარ კაცებიც აწარმოებენ და ახდნენ კატეგორიზაციას თუნდაც „ჰეტერო“ და „გეი“ სხეულების სხვაობის მუდმივი აქცენტირებით.
თუ კაცებს უნდათ, რომ გათავისუფლდნენ იმ სტრესისგან, რომელიც დასაქმების ბაზარზე, ოჯახში, სოციალურ მედიასა თუ სექსუალურ ცხოვრებაში წარუმატებლობით მუდმივად აშინებთ, პირველ რიგში, უნდა გაიაზრონ, რომ სილამაზის სტანდარტები პატრიარქატული სახე-ხატებიდანაა წარმოებული იმ გენდერული ნორმების მიხედვით, რომლებიც განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს სანიმუშო ქალი და კაცი. ქალები უკვე დიდი ხანია დაუპირისპირდნენ ამას. დროა, კაცებიც გამოტყდნენ იმ ტკივილში, რომელსაც მსგავსი წინასწარი მოლოდინები აყენებთ. სულ მცირე იმის აღიარება, რომ გაწუხებს, დარდობ, ნერვიულობ ან სულაც გეშინია, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია.
მე ვარ კაცი და ვღელავ ჩემი პენისის ზომაზე,
მე ვარ კაცი და ვღელავ ჩემს სიგამხდრეზე,
მე ვარ კაცი და ვღელავ ჩემს სიმსუქნეზე,
მე ვარ კაცი და ვღელავ ჩემი კუნთების მოცულობაზე,
მე ვარ კაცი და ვღელავ ჩემს თავზე თმის შეთხელებაზე,
მე ვარ კაცი და ვღელავ ჩემს ტანზე თმის სიხშირეზე,
მე ვარ კაცი და ვღელავ ჩემს სიმაღლეზე,
მე ვარ კაცი და ვღელავ ჩემი ხმის ტემბრზე,
მე ვარ კაცი და ვღელავ ჩემს ტანსაცმელზე,
და
მე ვარ კაცი და ვღელავ, საერთოდ ვარ თუ არა კაცი.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის შეხედულებებს.
[1] Veale, D., Miles, S., Read, J., Troglia, A., Wylie, K., & Muir, G. (2015). Sexual functioning and behavior of men with body dysmorphic disorder concerning penis size compared with men anxious about penis size and with controls: A cohort study. Sexual Medicine, 3(3), 147-155.