მეუღლესთან 18-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ანასტასიამ გააცნობიერა, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. დიდი ბრძოლის შემდეგ დატოვა სახლი, რომელიც ძალიან ჰგავდა საპყრობილეს.
ანასტასია 40 წლისაა. ბავშვობიდან მსახიობობაზე ოცნებობდა. მისი ოცნებები მაშინ დაიმსხვრა, როცა 19 წლის ასაკში სრულიად უცხო მამაკაცს გაჰყვა ცოლად. ეს იძულებით მოხდა.
ის 3 შვილის დედაა. ამდენი წლის შემდეგ დღეს უკვე თავისუფლად შეუძლია თქვას, რომ არ მოერიდება ცეკვა, რომელიც ასე ძალიან უყვარს და თავისუფლებას ანიჭებს, რადგან მან თამამად დაამსხვრია სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ ქალმა თავი უნდა შეიკავოს ყველა იმ სიამოვნებისგან, რაც მას ბედნიერებას ანიჭებს.
.....
„ჩემი ცხოვრება თავიდანვე ძალიან რთულად წარიმართა. 19 წლის ასაკში სრულიად უცნობმა ადამიანმა მომიტაცა და უცხო ადამიანის მეუღლე გავხდი.
იმ პერიოდში უკან დაბრუნება შეუძლებელი იყო, დავრჩი ოჯახში და გავაგრძელე ცხოვრება. სხვანაირი აღმოჩნდა ჩემი მეუღლე, არ ერგებოდა ჩემს ხასიათს. მაგრამ იმ პერიოდში, მე მას ყველაფერს ვპატიობდი. მეგონა, რომ სიყვარულის გამო ვპატიობდი, შეგუების გამო ვპატიობდი და ასეთ გარემოში გაჩნდა ჩემი სამი შვილი.
მართალი გითხრათ, სანამ თვითონ არ გავაცნობიერე, რომ რაღაც არასწორად ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, სხვას რომ ეთქვა, ძალადობის მსხვერპლი ხარო, არ დავიჯერებდი, რადგან ყოველთვის მეგონა, რომ ყველაფერს ვაკეთებდი, რასაც ქართული, ტრადიციული ოჯახისთვის უნდა აკეთებდეს ქალი, რასაც ქმრისთვის უნდა აკეთებდეს და რა მსხვერპლსაც უნდა იღებდეს. ნამდვილად არ მეგონა, რომ ეს არასწორი იყო.
შემდეგ ურთიერთობა დაიძაბა. მე მეტი წავიკითხე, მეტი რამ გავიგე და მივხვდი, რომ არასწორად ვცხოვრობდი. გავაცნობიერე, რომ ჩემი ცხოვრება არ იყო ჩვეულებრივი ქალის ცხოვრება. მივხვდი, რომ ვიყავი ძალადობის მსხვერპლი.
როცა ტრენინგებზე ჩამოთვალეს, რა სახის ძალადობა არსებობს, აღმოჩნდა, რომ მე ყველა ეს ფორმა გამოცდილი მქონდა. თურმე ყველა გამომიცდია, რომელსაც თავის დროზე ვერ ვაცნობიერებდი, ფსიქოლოგიური, ფიზიკური ძალადობა... ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი.
დღეს უკვე ვიცი, რომ ჩემი მდგომარეობა ჩვეულებრივი მსხვერპლის მდგომარეობა იყო. ნამდვილად არ ყოფილა ადვილი იმის გაცნობიერება, რომ შენს ცხოვრებაში უნდა მოხდეს ცვლილება, რომ ამ ცვლილებას მოჰყვება ბევრი უარყოფითი, რადგან მაშინ საზოგადოება არ იყო მზად იმისთვის, რომ ქმარს გაშორებული ქალი მიეღო.
სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, მთელი 4 წლის განმავლობაში ვამუშავებდი ამ აზრს, რომ მე ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა და უნდა დავშორებოდი იმ ყველაფერს, რასაც ჯოჯოხეთი ერქვა.
ქალი, რომელმაც ძალადობა დაამარცხა | ფემინსტრიმი - Heinrich Boell Foundation South Caucasus
Watch on YouTubeალბათ შინაგანი სიძლიერე და მშობლების მხარდაჭერა დამეხმარა ამ ნაბიჯის გადადგმაში. მახსოვს თავიდან ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ბორკილები ამხსნეს, მე მივხვდი, რომ გადავდგი ნაბიჯი, წამოვედი სახლიდან და შევიგრძენი თავისუფლება. მეგონა, რომ ახალ ადამიანად დავიბადე.
საზოგადოება ძალიან მკაცრად არ შეხვედრია ჩემს ამ გადაწყვეტილებას, რადგან სოციუმმა, რომელშიც მე ვცხოვრობდი, იცოდა ჩემი მდგომარეობა. თუმცა სხვა მეგობრებისთვის, რომლებმაც არ იცოდნენ ჩემი ცხოვრების დეტალები, ეს ნამდვილი შოკი იყო. ტიროდნენ ჩემს მონაყოლზე, მე მეცინებოდა და გულში ვფიქრობდი - როგორ ვერ აცნობიერებენ, რომ მე ახლა უკვე ბედნიერი ვარ.
ძალიან რთულია ძალადობის მსხვერპლ ქალს უთხრა - გადადგი ნაბიჯი და ყველაფერი კარგად იქნებაო, რადგან ძალიან რთულია მათთვის იმის გაცნობიერება, რომ არსებობს სხვა სამყაროც. მთელი 4 წელი შევალიე იმაზე ფიქრს, თუ რა მოჰყვებოდა ამ ნაბიჯს. მეგონა, რომ ნეგატიური შედეგები მოჰყვებოდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. ყოველ დაღმართს აღმართი მოჰყვება. მე მინდა ყველა ქალს ვურჩიო, რომ არაფრით არ დათმონ საკუთარი სურვილები და იბრძოლონ ბოლომდე“.