დღევანდელი პოდკასტი გვიანდელი კაპიტალიზმისა და კონსუმერისტული კულტურის წნეხს ეხება, რომელიც ქალების სხეულებზე კონტროლს აწესებს და აიძულებს მათ ამ წესრიგს მოერგნონ. ესაა წესრიგი, რომელიც ქალების სხეულებს საჯარო შეფასებისათვის ღია ველად და დეჰუმანიზებულ ნივთებად მოიაზრებს, ხოლო ცხოველებს პასიურ ობიექტებად გადააქცევს იმ ექსპერიმენტებისთვის, რომელთა ჩატარების საჭიროება სილამაზის სტანდარტების დაწესებაში დიდი წვლილის მქონე პროდუქტებისთვის დგება. კაპიტალიზმი ემეგობრება პატრიარქატს და სხვადასხვა ნიშნის მიხედვით ჩაგრავს სამიზნე ჯგუფებს. კონსუმერისტული კულტურის წნეხი ქალების შემთხვევაში პატრიარქალური წესრიგის მიერ დაწესებულ ესთეტიკურ ფაშიზმთან იკვეთება და მათ კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაში აყენებს რიგი სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ფაქტორების გამო.
ჩვენს ეპოქაში კლასიკურ სილამაზედ აღქმული სტანდარტები არსაიდან ნამდვილად არ მოდის - მას აქვს წარმოშობისა და დამკვიდრების თავისი მიზეზები და აღნიშნულ სტანდარტებად ქცევის ისტორია. კაპიტალისტურ ეპოქაში, რომელიც თავშივე დასაშვებად მიიჩნევს უთანასწორობასა და ექსპლუატაციას, ეს მიზეზები წმინდა ფინანსური ხასიათისაა, ვინაიდან სისტემისათვის პრიორიტეტული მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებაა. კაპიტალიზმის გავლენა ზურგს უმაგრებს და აქეზებს მდიდრებსა და ძლევამოსილებს, რომ მათ სუსტებისა და ჩაგრულების ხარჯზე განაგრძონ კიდევ უფრო გამდიდრება.
სწორედ გვიანდელმა კაპიტალიზმმა და ნეოლიბერალიზმმა შექმნა კონსუმერისტული საზოგადოება, რომელსაც თავს მოახვია აბსურდული იდეები არასაჭირო ნივთების, სერვისების, პროდუქციის შესყიდვისა და ფლობის აუცილებლობის შესახებ. კონსუმერიზმი გულისხმობს ერთგვარ სოციალურ-ეკონომიკურ წესრიგს, რომელიც საზოგადოების წევრებს უბიძგებს, რომ შეიძინონ მეტი პროდუქტი. გენდერულად სპეციფიკური პროდუქციის შეთავაზება მომხმარებლისათვის, საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპების გათვალისწინებით, მარკეტინგული ხრიკია, რომელსაც გავლენიანი კომპანიები იყენებენ თავიანთი პროდუქციის გასასაღებლად სამომხმარებლო კულტურის პირობებში. ვხვდებით ერთსა და იმავე პროდუქტებს, რომლებიც გენდერის მიხედვითაა გადარჩეული - პროდუქტები იდენტურია, თუმცა ქალებისთვის მარკეტირებული პროდუქცია გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე კაცებისთვის. ეს პროცესები მიმდინარეობს მედიაში ტირაჟირებული რეკლამებისა და არასაჭირო პროდუქტის შეძენის თავს მოხვევის მცდელობის მეშვეობით. ის სათავეებს დასავლური კულტურიდან იღებს, სადაც სილამაზისა და კოსმეტიკის ინდუსტრიები ასეთი წარმატებული დღემდე არასოდეს ყოფილა. უნდა ითქვას, რომ სილამაზის სტანდარტები ყველა ეპოქაში სხვადასხვაგვარად, თუმცა მაინც არსებობდა. კონსუმერიზმის ეპოქაში კი ის საოცრად ძლევამოსილი გახდა და ისე მყარად მოიკიდა ფეხი, როგორც არასდროს.
ცხადია, კონსუმერიზმმა ყველა მიმართულებით მოიკიდა ფეხი საზოგადოებაში, თუმცა გადაჭარბებულზე მეტად დამკვიდრდა და პროგრესირდა ქალებთან მიმართებით: იმატა პარფიუმერული და კოსმეტიკური პროდუქციის ჩამონათვალმა თუ პლასტიკური ქირურგიის პროცედურებმა, რომლებიც გვთავაზობენ, რომ, ოპერაციის გარეშე, სულ ნახევარ საათში შეგვიცვლიან ცხვირის ფორმას, სურვილისამებრ. ამის გათვალისწინებით, გასაკვირი ნამდვილად არაა, რომ გოგონებს უწევთ კოსმეტიკურ მაღაზიებში წინ და უკან სირბილი წარბისათვის ფორმის შეცვლის 5 სხვადასხვა სახეობის პროდუქტის შესაძენად, რომლებიც, თურმე ნუ იტყვით და აბსოლუტურად სხვადასხვა დანიშნულებისაა - ზოგიერთი მათგანი ფერსა და პიგმენტაციას მატებს წარბს, ხოლო ზოგიერთი აფიქსირებს მას დიდი ხნის განმავლობაში და ეს რამდენიმე სახის წარბის პროდუქტი ქალებს სასიცოცხლოდ სჭირდებათ.
ზემოაღნიშნული პროცესების გათვალისწინებით, კონსუმერისტული ბაზრის მიზანი, ცხადია, არასოდეს ყოფილა ადამიანების მიმღებლობა და მათ სხეულებზე პროდუქტების მორგება. პირიქით - მიზანი სხეულების პროდუქტებსა და სერვისებზე მორგების იდეის ლობირება უფრო იყო, რადგან ამას მეტი სარგებელი მოჰქონდა კორპორაციების მფლობელებისათვის. ეს მიზანი ხორციელდებოდა საზოგადოებაში არსებული განწყობებისა და სტერეოტიპების გამოყენებით, რაც, საბოლოო ჯამში, სილამაზის სტანდარტებს უწესებდა ქალებს. შედეგად, კონსუმერისტულმა ისტერიკამ, რომელიც ჩვენი არაღიარების შიშით იკვებება, დაგვარწმუნა, რომ ჩვენთვის დამახასიათებელი უნიკალური ნიშნები უნდა შევიძულოთ და არასოდეს განვიხილოთ, როგორც უნიკალურ, იდენტობის ჩამომაყალიბებელ ფაქტორებად, რადგან კოსმეტიკური პროდუქტებიდან დაწყებული, პლასტიკური ოპერაციებით დამთავრებული, ყველაფერი იყიდება. იყიდება, რადგან, რაც უფრო ნეგატიური და დამახინჯებულია ქალების მიერ თავის აღქმა, მით უფრო სარგებლიანი ხდება სისტემისათვის ჩვენი მოხმარება.
სილამაზის სტანდარტებზე საუბრისას, გავიხსენოთ ის პიონერები, რომლებმაც საზოგადოებისათვის თავსმოხვეული მითები და სილამაზის აღქმა კრიტიკულად განიხილეს. სიმონა დე ბოვუარი და ბეტი ფრიდანი პირველები დაუპირისპირდნენ ქალების სხეულებისთვის ჩარჩოებში მოქცევის იდეას. ფრიდანის ნაშრომმა “ქალური მისტიკა” და დე ბოვუარის ნაშრომმა “მეორე სქესმა” საფუძველი ჩაუყარა ქალების ჩაგვრის სისტემურ ჭრილში განხილვას. აღსანიშნავია, რომ მათ ნაშრომებში ჩაგვრის შესახებ აქცენტები არამხოლოდ თეთრკანიან ქალებთან მიმართებით იყო დასმული, არამედ უფრო ინტერსექციული იყო და ფერადკანიანთა ჩაგვრასაც ასახავდა. სწორედ ბოვუარისა და ფრიდანის ნაშრომებმა დაამკვიდრა პატრიარქატისა და იდენტობის პოლიტიკის ცნებები, აღწერა განსხვავებები გენდერსა და სქესს შორის და ა.შ. ასევე, საინტერესოა, ფემინისტი ავტორის, ნაომი ვოლფის მოსაზრებები, რომლის კრიტიკის ხაზი მოდისა და სილამაზის ინდუსტრიაზე გადის, როგორც ქალთა მთავარ ექსპლუატატორებზე. ვოლფის აზრით, ქალებს უნდა შეეძლოთ, რომ გამოიყურებოდნენ ზუსტად ისე, როგორც თავად სურთ და არ ჰქონდეთ სოციალური წნეხის შიში. ავტორი ამბობს, რომ სილამაზის სტანდარტების დამკვიდრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი პოლიტიკურია და რომ პოლიტიკურად აქტიური ქალებისათვის უფრო მძიმდება და ფანტომური ხდება მათ მიმართ არსებული სილამაზის მოთხოვნები. არსებული იდეალის მიღწევის პროცესში კი ქალის მთელი ენერგია იხარჯება. ამ რესურსის მიმართვა ხდება არასაჭირო მიმართულებით, სადაც ის გავლენას ვერ მოახდენს - ის მიმართულია იქ, სადაც მისი ყოველი ინვესტიცია იმთავიდანვე განწირულია. ამიტომ, ვოლფის აზრით, ქალების მიერ სილამაზის იდეალისკენ სწრაფვა საზოგადოებრივ პროგრესს არ ემსახურება, უფრო მეტიც, აფერხებს მას.
სამომხმარებლო კულტურა, რომელიც, კოსმეტიკური პროდუქციიდან დაწყებული პლასტიკური ქირურგიით დასრულებული, კაპიტალისტურ-პატრიარქალური სისტემის ნაწილია და რომელიც ქალებს უდიდესი წნეხის ქვეშ აქცევს, ამ პროცესების განხორციელებას ცხოველებზე ექსპერიმენტებით ახერხებს.
უამრავი ძლევამოსილი კომპანია, რომელიც სარგებელს ქალების სტანდარტებში მოქცევით იძენს, იყენებს ცხოველებზე ტესტირების პროცედურებს. მხოლოდ აშშ-ში 100 მილიონზე მეტი ცხოველი იტანჯება და იხოცება ყოველწლიურად ქიმიური, საკვები თუ კოსმეტიკური ტესტების ჩასატარებლად. ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად, ჩინეთი, რომელშიც კოსმეტიკური კომპანიები ყვავის, კრძალავს ნებისმიერი პროდუქტის შეტანას, რომელიც არ არის ცხოველებზე გამოცდილი.
ცხოველების უმრავლესობა, რომლებსაც საექსპერიმენტოდ იყენებენ, ლაბორატორიაში იბადება და ლაბორატორიაშივე უწევს მთელი სიცოცხლის გატარება. ცხოველები მთელი დრო გამოკეტილი არიან გალიებში და ცხოვრებას მარტოსულები ატარებენ. ექსპერიმენტრები მტკივნეული და შიშისმომგვრელიაცხოველებისათვის. აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ექსპერიმენტების დაწყების წინ, აშშ-ის კანონმდებლობა არ მოითხოვს ცხოველებისათვის გამაყუჩებლის მიცემას, ვინაიდან გამაყუჩებლის მოქმედებამ შესაძლოა, ექსპერიმენტის შედეგებზე გავლენა იქონიოს. ცდის სპეციფიკიდან გამომდინარე, ქიმიურ ნივთიერებებს ცხოველების კანზე ათავსებენ და კვირაობით ტოვებენ, მიუხედავად იმისა, რამდენად დააზიანებს ეს მათ კანს. ზოგიერთი ცდა იყენებს ტოქსიკური გამონაბოლქვის იძულებით ჩასუნთქვის პრაქტიკას, ასევე პესტიციდებით კვებას, კოროზიული ქიმიური ნივთიერებების თვალებში მოთავსებას და სხვა. განსაკუთრებული სიმრავლით სწორედ ცხოველების თვალებზე ჩატარებული ექსპერიმენტები გამოირჩევა, რომელთა გვერდითი ეფექტებია - მხედველობის დაკარგვა, ექსესიური შეშუპება, ტკივილი, გაზიღიანებული კანი, სისხლდენა, თვალის ჩამოშლა და სხვა გამოვლინებები.
როდესაც კოსმეტიკური ან პარფიუმერული პროდუქციის შეძენას გადაწყვეტთ, ძალიან მარტივია, გადაამოწმოთ, იყენებს თუ არა ესა თუ ის მწარმოებელი კომპანია ცხოველებს ესპერიმენტებისთვის. მაგალითად, crueltyfreekitty.com-ის გამოყენებით, შეძლებთ, გადაამოწმოთ, როგორც კომპანიების ტესტირების გამოყენების სტატუსი, ასევე შეიცავს თუ არა პროდუქტი ვეგანურ ინგრედიენტებს. ბევრი კომპანია ირჩევს, რომ მისი წარმოება იყოს ძალადობისაგან თავისუფალი და არ იყენებს ცხოველებზე ტესტირების პრაქტიკას.მათ შორის არიან: "Urban Decay", “Too Faced”, “Tarte”, "ELF", “NYX”, “Kat Von D”, რომლის მფლობელიც ვეგანია და ცხოველთა უფლებების ადვოკატირებას ეწევა; ასევე "Lush", რომელიც ექსპერიმენტრების ჩატარების აკრძალვის იდეის პროპაგანდას ეწევა ა.შ. სამწუხაროდ, ბევრი ცნობილი კომპანია არ ემიჯნება ექსპერიმენტების ჩატარების ბოროტებას. მათ შორის არიან: “Benefit”, “Clarins”, Maybelline”, “MAC”, “Avon”, “L’Oreal” და სხვა.
ვის ჩაგვრაზე დგას კოსმეტიკური ინდუსტრია?► ნანა გობეჯიშვილის პოდკასტი - ფემინსტრიმი/Feminstream
Watch on YouTubeროდესაც ცხოველების ტესტირებაზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია, რომ, მიუხედავად ასეთი მსხვეპრლისა, რომელიც ცხოველების სახით არსებობს, მათი ესქპერიმენტებისთვის გამოყენება ცალსახად სწორ მეთოდად არაა მიჩნეული. ზოგიერთი მეცნიერი ემიჯნება ცხოველებზე ექპერიმენტირების პრაქტიკას წმინდა სამეცნიერო მოსაზრების გამოც, ვინაიდან არ არსებობს დასტური იმისა, რომ ცხოველებზე გამოცდილი პროდუქცია იდენტურად იმოქმედებს ადამიანებზეც და შედეგებიც ყოველთვის იდენტური იქნება. სამედიცინო პროგრესის ეპოქაში, ცხოველებზე ექსპერიმენტების შეწყვეტა და ამ პრაქტიკის უფრო სანდრო მექანიზმით ჩანაცვლება დღეს იმდენად ხელმისაწვდომი გახდა, როგორც არასდროს. უჯრედულმატესტებმა, ლაბორატორიაში გამოყვანილმა კანმა, ფიზიოლოგიურმა ჩიპებმა, ეს ძალიან ხელმისაწვდომი გახადა. ამერიკელი ფილოსოფოსისა და ანტივივისექციონისტის, ჩარლზ მეიგელის თქმით, თუ ექსპერიმენტატორებს ვკითხავთ, რატომ ტესტავენ ისინი ცხოველებზე პროდუქციას, გიპასუხებენ, იმიტომ, რომ ცხოველები ჩვენი მსგავსები არიანო. ხოლო თუ ვიკითხავთ, რატომაა მორალურად გამართლებული ექსპერიმენტები ცხოველებზე, პასუხი აუცილებლად მსგავსი იქნება: იმიტომ, რომ ცხოველები ჩვენ არ გვგვანანო.
უნდა აღინიშნოს, რომ სილამაზის სტანდარტები, რომლებსაც გვაიძულებენ, რომ მივდიოთ, დაფოტოშოპებული და რეალურად განუხორციელებელი, მიუღწეველია. თუმცა, მეორე მხრივ, აბსოლუტურად ხელშესახები და ნამდვილია ის კომპლექსები და დაუცველობის შეგრძნებები, რომლებსაც ეს სტანდარტები ჩვენში ამკვიდრებს. ერთი შეხედვით, ჩარჩოებში ჩაჯდომის მცდელობა ინდივიდუალური, პერსონალური პრობლემაა თითოეული ქალისთვის. თუმცა ნამდვილი პრობლემა ისაა, რომ ყველას უწევს სილამაზის ერთი, დავარცხნილი, რაფინირებული ვერსიის ნახვა და მედიაში არ არსებობს მრავალფეროვნება ქალთა რეპრეზენტაციისას. ქალები მხოლოდ დასავლური სილამაზის იდეალისაკენ მიილტვიან, იმიტომ, რომ ჩვენს ეპოქაში მოდური სწორედ სილამაზის ეს სტანდარტია. თუმცა, როგორც ისტორია გვიჩვენებს, სტანდარტები არაა მუდმივი და დროსთან ერთად იცვლება, ახალ ეპოქას ერგება.
გარდა ქალებში შიშის საფუძველის ჩაყრისა და საკუთარი სხეულების მიუღებლობისა, სრულიად სევდიანი და გულისმომკვლელია იმ ცხოველთა ბედი, რომლებიც სილამაზის ინდუსტრიას ეწირებიან. ცხოველების ჭამა, რომელიც გაცილებით მწვავედ და მტკივნეულადაა აღქმული საზოგადოების მხრიდან, შესაძლოა მეტად ეთიკურიცკია, ვიდრე მათი ექსპერიმენტებისთვის გამოყენება: მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ცხოველების ხოცვის ჰუმანური გზა, რადგან შედეგი - დახოცილი ცხოველები - ყოველთვის უცვლელია. შესაძლოა, ითქვას, რომ, საკვები ინდუსტრიის მსგავსად, კოსმეტიკური ინდუსტრიაც ამავე წარმატებით ეპყრობა ცხოველებს. აუცილებლობას წარმოადგენს, ცხოველებს ცოცხლად დაეთხაროთ თვალები, მიიღონ კანის დამწვრობები, იზოლირებულად საშინელი ფიზიკური ტკივილით იტანჯონ და ბოლოს დაიხოცონ. ზოგადად, სამედიცინო სფეროში ეთიკური ნორმების გამკაცრება არც თუ დიდი ხნის მონაპოვარია ადამიანების მიმართაც კი. 1990-იან წლებამდე აივ დადებითი სტატუსის მქონე აფრიკელ ორსულ ქალებს, რომლებიც ზიმბაბვეს უნივერსიტეტის ექსპერიმენტების მონაწილეები იყვნენ, თანხმობის გარეშე უტარებდნენ ექსპერიმენტებს. 17.000 ქალს შორის ნახევარი პლაცებო ჯგუფად იყო მიჩნეული, ხოლო ნახევარს ტესტური დამუშავების პროცესში მყოფ პრეპარატს აძლევდნენ. ცნობილია, რომ ამ ექსპერიმენტის შედეგად 1000-ზე მეტი აივ ინფიცირებული ბავშვი დაიბადა, თუმცა ამის პრევენცია შესაძლებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პროდუქტი, რომელიც არაა ცხოველებზე გამოცდილი, შესაძლოა, ვეგანური არ იყოს, რადგან შეიცავდეს ცხოველური წარმოშობის პროდუქტს. თუმცა, ზოგადად, ვეგანური ფემინიზმი უპირისპირდება, როგორც ცხოველების საექსპერიმენტოდ და პროდუქტის შემადგენელ კომპონენტად გამოყენების იდეას, ასევე, აკრიტიკებს იმ სტანდარტებს, რომლებიც ქალებს კაპიტალისტურ-პატრიარქალურმა საზოგადოებამ დაუწესა და რომელიც სარგებელს არამხოლოდ ქალების, არამედ ცხოველების გამოყენებისგანაც იღებს. სწორედ ასე მივდივართ ვეგანობისა და ფემინიზმის კიდევ ერთ თანაკვეთასთან, რომელიც ეხება მჩაგვრელ სისტემას, როგორც ქალების, ასევე ცხოველების მიმართ და კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ფემინისტებისა და ვეგანი აქტივისტების მიზნები საერთოა.