ბაბილინა ხოსიტაშვილი (პოდკასტი)

ბაბილინა ხოსიტაშვილის გრაფიკული ფოტო/ნახატი

„ვფართხალებ წყლიდან გამორიყულ თევზივით, რადგან განზრახულ თემებზე მუშაობისათვის ნივთიერი უზრუნველყოფაა საჭირო და მე კი ეს არ გამაჩნია“, – ეს სიტყვები ეკუთვნის ბაბილინა ხოსიტაშვილს, მეოცე საუკუნეში მცხოვრებ პოეტს, მთარგმნელსა და საზოგადო მოღვაწეს.     ბაბილინა წერდა ქალთა საკითხზე. იგი იკვლევდა მხატვრულ ლიტერატურას და ცდილობდა მის კრიტიკულ გადააზრებას. მისი აზრით, რელიგიისა და წარსულის შესწავლის დროს, საჭირო იყო უფრო ზუსტი ანალიზი, რადგან ბევრი რამ წარსულში გაყალბებული იყო. იგი  იკვლევდა არმენოფობიის, შოვინიზმისა და რელიგიური ფანატიზმის პრობლემებს.

ბაბილინა 1884 წელს დაიბადა და ბავშვობა ქიზიყში, სოფელ ბოდბისხევში გაატარა. იგი მრავალშვილიან ოჯახში იზრდებოდა. მისი ოჯახი საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობდა. ბაბილინას დედა ცამეტი წლის ასაკში დაქორწინდა. როგორც შვილი აღნიშნავს, იგი მუდამ საოჯახო საქმით იყო დაკავებული: „დედას ეგონა, რომ სიღნაღის იქით ქვეყნის საზღვარი თავდებოდა“, – ამბობს ბაბილინა. ოჯახში მიაჩნდათ, რომ ქალს სულაც არ სჭირდებოდა ზედმეტი სწავლა-განათლება. მიღებული ცოდნა მას კარგი ოჯახის შესაქმნელად და მოსავლელად უნდა ჰყოფნოდა. მიუხედავად ამისა, სწავლა და შემეცნება ბაბილინასთვის ყველაზე საყვარელი საქმიანობა აღმოჩნდა. მან წერა-კითხვა და ლოცვა, მამის დახმარებით, ექვსი წლის ასაკში შეისწავლა.

ბაბილინა ხოსიტაშვილი - ქალების მუზეუმი - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnail Watch on YouTube

ცამეტი წლის ასაკიდან ბაბილინა ბოდბის პანსიონში სწავლობდა, სადაც მკაცრ მონასტრულ დისციპლინაში ოთხი წელი გაატარა. ამ დროის განმავლობაში მან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება დააგროვა, რასაც პირად ჩანაწერებშიც დეტალურად აღწერს. თბილისში 1901 წელს ჩამოვიდა, თუმცა სწავლის გაგრძელება ვერ მოახერხა უსახსრობის გამო. მიუხედავად დაბრკოლებებისა, სწავლა არ შეუწყვეტია, ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარი იყო და მუდმივად ცდილობდა, ახალი მოვლენების ეპიცენტრში ყოფილიყო.

1921 წელს ბაბილინა ხოსიტაშვილმა ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, მხოლოდ 1929 წელს შეძლო უნივერსიტეტის დამთავრება.

ჩანაწერებში ბაბილინა ბევრს არ საუბრობს პირადი ცხოვრების შესახებ, მხოლოდ მაშინ, როცა ოჯახი გარკვეულ დაბრკოლებას უქმნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ან განათლების მიღებაში. ცნობილია, რომ უნივერსიტეტში სწავლას სწორედ მცირეწლოვანი შვილების გამო ვერ ახერხებდა. მისი მეუღლე გახლდათ მოქანდაკე ნიკო კურდღელაშვილი, რომელიც 1909 წელს დაბრუნდა პარიზიდან, სადაც უსახსრობის გამო სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ბაბილინა ხოსიტაშვილის მსოფლმხედველობა და ყოველდღიური ცხოვრება მუდმივ ჭიდილში იყო ერთმანეთთან. იგი დიდ ყურადღებას უთმობდა, როგორც თავად უწოდებს, „ქალთ საკითხებსა” და ფემინიზმს. აქტიურად აკვირდებოდა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს – ფემინისტურ მოძრაობას, სუფრაჟისტებს, და ცდილობდა, პარალელი გაევლო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან. დადებითად აფასებდა საბჭოთა კავშირის მცდელობას, ერთმანეთისგან გაემიჯნა საოჯახო და საჯარო სფეროები. მისი აზრით, საჭირო იყო ქალის ეკონომიკური დამოუკიდებლობა, რათა ქალები საბოლოოდ გათავისუფლებულიყვნენ პატრიარქატის წნეხისგან. იგი საუბრობს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ოჯახი, შვილის აღზრდა და დედობის სირთულეები: „მას სტანჯავს, ახრჩობს, გონებას უჩლუნგებს წვრილი შინაური მეურნეობა, ენერგიას ართმევს უნაყოფო მოსაბეზრებელი გონების დამაჩლუნგებელი მუშაობა … ჩნდება არამარტო ჩამორჩენა ინტელექტუალური, არამედ ერთგვარი ჩაგვრაც: მეორე შრომობს პირველის სასარგებლოდ, როდესაც პირველი იძენს გონებრივ ღირებულებებს“. გამოსავალს ხედავდა დედათა და ბავშვთა სახლების გახსნაში, რაც, მისი აზრით, დაიხსნიდა მუშა ქალს „ოჯახურ საპყრობილედან“.

ბაბილინა თავისუფალ სიყვარულზეც საუბრობს და ამბობს, რომ ქალებს არ უნდა ჰქონდეთ შეზღუდვა, სქესობრივი კავშირი დაამყარონ. მისი თქმით, ეს აუცილებელი ფიზიოლოგიური მოვლენაა და ყალბი „ასკეტობა“ მავნებელია არა მარტო  სხეულისთვის, არამედ სულისთვისაც.

ლიდია მეგრელიძის ფოტო

ესეებში ხოსიტაშვილი ეხება თანასწორობის, პროსტიტუციის, აბორტის და მენსტრუაციის საკითხებსაც. იგი აკრიტიკებს საზოგადოების ორმაგ სტანდარტს პროსტიტუციასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ პროსტიტუციაში ჩართულ ქალს დამამცირებელი ეპითეტით მოიხსენიებენ, ხოლო „[სექსუალური მომსახურების] მყიდველი [კაცი] უეპიტეტოთ რჩება შეუმჩნეველი, თითქო არც კი არსებობდეს … იბადება საკითხი: რატომ არის გახმაურებული ეპიტეტი „პროსტიტუტკა“ და არ არის გახმაურებული – „პროსტიტუტი“ … „პროსტიტუცია“ ძალმომრეობის უსამართლო კანონით, გადადის როგორც ბრალდება სუსტსა და პასიურ მხარეზე, ქალზე: იფარება პროსტიტუტი და მჟღავნდება პროსტიტუტკა“. მწერალი მოითხოვდა ქალების ჩართვას პოლიტიკაში და მიაჩნდა, რომ ეს დადებითად აისახებოდა მშვიდობის შენარჩუნებაზე. ასევე, მოაგვარებდა პროსტიტუციის პრობლემასაც: „დედაკაცის თანაბარი მონაწილეობა ქვეყნის საჭეთმპყრობელობაში ააცილებდა კაცობრიობას ორ საშინელ ტკივილს: 1) ბრძოლას კაცის კვლით, სისხლიან ომებით, შესცვლიდა აზროვნებით კამათზე; 2) პროსტიტუციას მოსპობდა თავისუფალი სიყვარულით“, – წერს ის თავის ესეში.

პირად დღიურებში, ბაბილინა საკმაოდ ღიად საუბრობს ისეთ საკითხებზე, რომელიც დღემდე უკიდურესად ტაბუირებულია. მათ შორის, წერს აბორტზე, ქალის სექსუალობაზე, პირად პრობლემებსა და პროფესიულ კრიზისზე.

ლექსების წერა ბაბილინამ 1900-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც თბილისში ჩამოვიდა და სტამბაში ასოთამწყობად მუშაობდა. აქ გაეცნო მუშათა პრობლემებს და მისი პოეზიაც სოციალისტურ თემებს ეხებოდა. მათ შორის, წერდა დედობისა და სამსახურის ორმაგ ტვირთზე, ქალთა უფლებებსა და თავისუფლებაზე.

ბაბილინა ხოსიტაშვილის ბიოგრაფიული მონაცემების მოძიება შესაძლებელია თბილისის ლიტერატურის მუზეუმსა და მისსავე ავტობიოგრაფიულ წიგნში „მშობლიური სოფლიდან დედაქალაქში“, რომელიც 1964 წელს გამოიცა. ამასთანავე, 2018 წელს დაიბეჭდა წიგნი, სახელწოდებით „ბაბილინა ხოსიტაშვილი – ცხოვრება ორ წყალს შუა , რომელიც თანაბარ ყურადღებას უთმობს როგორც მის შემოქმედებას, ასევე განვლილ ცხოვრებას. ხოსიტაშვილის ცხოვრება არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამდენ წინააღმდეგობას აწყდებოდა ქალი, თუკი მწერლის კარიერას ირჩევდა.  ბაბილინას არჩეული გზიდან, ბევრი წინაღობის მიუხედავად, არ გადაუხვევია.