ქალებს ხოცავენ, არა?

წარმოგიდგენთ ზლატიბორკა პოპოვ-მომჩინოვიჩის სტატიას ბოსნია და ჰერცოგოვინაში ქალთა პოლიტიკური და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, რომელიც თავდაპირველად, ბოსნიურ და ინგლისურ ენებზე, გამოქვეყნდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სარაევოს ოფისის ვებგვერდზე. სტატიას ვაქვეყნებთ ქართულ ენაზე, რადგან, მიუხედავად ისტორიული, კულტურული, პოლიტიკური, სოციალური თუ სხვა განსხვავებებისა, ვთვლით, რომ ტექსტი მძაფრად ეხმიანება საქართველოს თანამედროვე კონტექსტს, კერძოდ კი ფემიციდის, ანტი-გენდერული დისკურსის, და ულტრაკონსერვატიული თუ ანტიდასავლური „შემობრუნების“ საკითხებს. ვფიქრობთ, რომ ქართველი მკითხველისთვის საინტერესო და დამაფიქრებელი იქნება ამ მსგავსებებთან გაცნობა და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების რეგიონალური და გლობალური მასშტაბით კონტექსტუალიზაცია.

სალომეა ბაუერის ილუსტრაცია

ტრავმირებულ საზოგადოებებში, რომლებიც მოსახლეობის მასობრივ გადინებას და სოციალურ რღვევას განიცდიან, ყველაზე მეტად სოციალურად დაუცველი ფენები და მარგინალური ჯგუფები ზარალდებიან. მაჩოიზმით გაჯერებული ეროვნული ინტერესებით შეპყრობილი მმართველი სტრუქტურებისთვის ეს ფენები და ჯგუფები შესაძლოა მხოლოდ არჩევნების დღეს იყვნენ მნიშვნელოვანნი. მიუხედავად იმისა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის სამართლებრივი რეგულირება საგრძნობლად გაუმჯობესდა, მსხვერპლები იშვიათად მიმართავენ განაცხადით პოლიციას და მრავალი წლის განმავლობაში იზოლაციაში იტანჯებიან, ხოლო თავშესაფრების დასაარსებლად ბიუჯეტიდან მინიმალური თანხები იხარჯება. კვლევები გვიჩვენებს, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინაში ათიდან თითქმის ყოველი მეოთხე ქალი, 15 წლის შემდგომ ასაკში, ფსიქოლოგიური, ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. თუმცა, ეს მონაცემებიც კი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ, ბოლოს და ბოლოს, სერიოზულად მოეკიდონ ამ საკითხს ისევე, როგორც ფემიციდის ბოლოდროინდელ სასტიკ შემთხვევებს.

თავის კვლევაში „ცხენები, ქალები, ომები“, ლიდია სკლევიკი მოგვითხრობს ქალთა ანტიფაშისტური ფრონტის (Women's Anti-Fascist Front – WAF) ისტორიისა და ანტიფაშისტურ ბრძოლაში ამ გაერთიანების მიერ შეტანილი წვლილის შესახებ. ასევე სოციალისტური რევოლუციის ფარგლებში ამ ქალთა მასობრივი ორგანიზაციის მარგინალიზაციის თაობაზე, რაც 1953 წელს ცნობილი „თვითდაშლით“ დასრულდა. სკლევიკი კვლევაში აღნიშნავს, რომ ისტორიის სახელმძღვანელოებში ცხენების უფრო მეტი სურათი მოიპოვება, ვიდრე ქალების. ცხენები ყოველთვის ითვლებოდნენ კეთილშობილ ცხოველებად, ხოლო ქალებს განიხილავდნენ, როგორც დაუმთავრებელ ან არასრულ კაცებს, რომლებიც ბუნებასა და ბიოლოგიას ისე იყვნენ მიჯაჭვულნი, როგორც ბედისწერას. ისტორიისგან გარიყულები, ისინი, სადღაც ცხოველებსა და ადამიანებს შორის არიან განთავსებულნი.

ცხენების კეთილშობილების გამო მათი სიკვდილი, წამება და დახოცვა ყოველთვის იწვევდა აღშფოთებას და პანონიელმა მეზღვაურმა ჯორჯე ბალაშევიჩმა თავის ერთ-ერთ ომის საწინააღმდეგო ბალადაში სტროფი – „მე მეცოდებიან ცხენებიც“ კი მიუძღვნა. ცხენების მიმართ არასათანადო მოპყრობა ხშირად გამოიყენება ხალხის არაადამიანური მოპყრობისა და ტანჯვის მეტაფორად. სიდნი პოლაკის 1969 წელს გადაღებული ცნობილი ფილმის სათაურიც – „ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს?“ (They Shoot Horses, Don’t They?), რომელიც 1930-იანი წლების ეკონომიკური კრიზისისა და დიდი დეპრესიის დროს გადარჩენისთვის სასოწარკვეთილ ბრძოლას ასახავს, სწორედ ამ თემას ეხმიანება. მაგრამ ქალთა ტანჯვას ასე იშვიათად რატომ იყენებენ ადამიანური ტანჯვის მეტაფორად? რატომ მიიჩნევა ის ნაკლებად მნიშვნელოვნად და, საუკეთესო შემთხვევაში, თანმხლებ ზიანად რატომ განიხილება? ამ საკითხს ძირითადად სულ რამდენიმე ფემინისტი (და მამაკაცი) ავტორი განიხილავს, ხოლო სოციალური და სამეცნიერო მეინსტრიმისთვის ის ფაქტობრივად არარელევანტურია. ისტორიის მანძილზე ქალების ასეთი სიმბოლური ანულირება პირდაპირ კავშირში იყო დისკრიმინაციასთან, მარგინალიზაციასა და გენდერულ ძალადობასთან.

წინსვლიდან ახალ კონსერვატიულ შემობრუნებამდე

მეორე მხრივ, სკეპტიკოსები ამბობენ, რომ ყველაფერი ბევრად უკეთესადაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მაგალითად, ბოსნია და ჰერცეგოვინაში მრავალი კანონი მიიღეს და გააუმჯობესეს. ასევე, შეიქმნა სხვადასხვა მექანიზმი (უწყებები და კომისიები), რომლებიც ორიენტირებულია გენდერულ თანასწორობაზე. გარკვეული პერიოდის მანძილზე პოლიტიკური არენიდან გაუჩინარების შემდეგ, ქალებმა კვლავ დაიკავეს მნიშვნელოვანი პოზიციები და არცთუ ისე უმნიშვნელო პროცენტულ მაჩვენებელს ინარჩუნებენ. სულ უფრო მეტი ქალისთვის ხდება ხელმისაწვდომი განათლება და ბევრად მეტი ქალი ამთავრებს უნივერსიტეტს, ვიდრე მამაკაცი. ამასთანავე, ქალები საზოგადოების თითქმის ყველა სფეროში წამყვან პოზიციებს იკავებენ: პოლიციის ლურჯი უნიფორმის მორგებიდან დაწყებული შეიარაღებული ძალებით დამთავრებული. ქალებზე ძალადობის საკითხი კი საჯარო დისკურსის ნაწილი გახდა. თუმცა, უფრო რეალისტური რეფლექსია და უფრო ღრმა ანალიზი ნათელს ჰფენს კვლავ არსებულ დისბალანსს, ძალაუფლების არათანაბარ განაწილებას ქალებსა და მამაკაცებს შორის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გამონაკლისია სკანდინავიის ქვეყნები და შვედეთი (ევროკავშირის მოსახლეობის 2%), სადაც ქალები პრაქტიკულად ყველა სფეროში ლიდერობენ. ბოლო ათი ან მეტი წლის განმავლობაში, ევროკავშირის დონეზე მნიშვნელოვანი წინსვლის მიუხედავად, მიიჩნევენ, რომ ეს მიღწევები მყიფეა, პროგრესი კი კვლავ ძალიან ნელია და განსხვავებული ტემპით ვრცელდება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

შეერთებულ შტატებში, ქვეყანაში, სადაც ქალთა თუ ფემინისტურ მოძრაობებს ხანგრძლივი ტრადიცია და ყოველთვის ყველაზე ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდა, ჯერ კიდევ არ მიუღიათ თანაბარი უფლებების შესწორება (Equal Rights Amendment – ERA), რომელსაც მხარს უჭერდნენ რიგითი მოქალაქეები და ქალთა ჯგუფები, – რომლებიც თვლიდნენ, რომ ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის კონსტიტუციური გარანტია აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ გასული საუკუნის 70-იან წლებში ისეთი პირი უჩანდა, თითქოს, შესწორება საბოლოოდ უნდა მიეღოთ, პირველ რიგში, ფემინისტური მოძრაობის წარმატებული და მასობრივი მობილიზაციის გამო, ქარიზმატული ფილის შლაფლის გარშემო შემოკრებილი კონსერვატორი ქალების მიერ ჩამოყალიბებულმა წინააღმდეგობამ პროცესი შეაფერხა. ამ კონსერვატიული ჯგუფის მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობა რეალურად გააუარესებს ქალთა მდგომარეობას საზოგადოებაში და მათ ჩამოართმევს გარკვეული სახის დაცვის მექანიზმებს, რომლებიც სწორედ იმიტომ ეკუთვნით, რომ ქალები, განსაკუთრებით კი, დედები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად კვლავ ისმის ხმები ამ შესწორების მიღების აუცილებლობაზე, მემარჯვენე მოძრაობისა და მემარჯვენე პოპულიზმის აღზევებისა და ამერიკულ საზოგადოებაში გაღვივებული  უკიდურესი პოლარიზაციის ფონზე, საეჭვოა, ეს მცდელობა წარმატებული აღმოჩნდეს. აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებით, შეიცვალა ადრინდელი, 1973 წლის დადგენილება, რომლის თანახმადაც, აბორტის უფლება ქვეყნის მასშტაბით იყო გარანტირებული და საკითხი კონსტიტუციურად აღარ მიიჩნევა. ახლა ამ საკითხის გადაჭრა, ანუ აკრძალვა ან დაშვება, თითოეული შტატის ან არჩეული წარმომადგენლების პასუხისმგებლობაა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, დონალდ ტრამპმა თვით ღმერთის გამოტანილი უწოდა. აღსანიშნავია, რომ ტრამპის განცხადებები, რომლებიც ყოველთვის „ვირუსული“ პოპულარობით სარგებლობს სოციალურ მედიაში, გაჯერებულია მიზოგინიით, სექსიზმით, შოვინიზმით, ჰომოფობიით, რასიზმითა და ქსენოფობიით: „გააგზავნეთ [ეს ქალი] უკან“, „მექსიკელი მოძალადეები“, „ჩინური ვირუსი/ვირუსი ჩინეთიდან“, „ფუ*უთი უნდა დაიჭირო“, „ასეთი [ქალი] საერთოდ როგორ მოხვდა ტელევიზიაში?“, „შემიძლია პირადად ჩავუტარო [დნმ] ტესტირება...“.[1]

იმ ქვეყნებში, სადაც ავტორიტარული და კონსერვატიული ტენდენციები აშკარად არის გამოხატული და ეფექტიანად ახერხებენ მთელი საზოგადოების კონტროლს, საზოგადოებაში ქალთა პოზიცია და მათ მიერ მოპოვებული მრავალი უფლება კიდევ უფრო მეტი საფრთხის ქვეშაა. ამის ერთ-ერთი მაგალითია რუსეთი, სადაც კავშირი შოვინიზმს, სექსიზმსა და ავტოკრატიას შორის აშკარაა (მაგალითად, იხილეთ საბინე ფიშერის წიგნი Die chauvinistische Bedrohung[2]). რუსეთში არსებული ტენდენციები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან დიდი შანსია, მათი გავლენა, რეალური თუ პოტენციური, სხვა ქვეყნებზეც გავრცელდეს. კერძოდ, სოციალიზმის კრახი და 90-იანი წლების დიდი ეკონომიკური კრიზისი ყველაზე მწარედ საზოგადოების ყველაზე დაუცველმა ფენებმა, მათ შორის ქალებმა, იწვნიეს. სოციალისტური ეპოქის მიღწევები ქალთა ემანსიპაციის კუთხით არა მხოლოდ მოიშალა, არამედ მწვავე წინააღმდეგობას წააწყდა და ქალები პრაქტიკულად გაქრნენ პოლიტიკური ცხოვრებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ფემინისტურმა მოძრაობამ 90-იან წლებში კვლავ მოიკიდა ფეხი, ძლიერმა თავდასხმებმა სამოქალაქო საზოგადოებაზე, განსაკუთრებით, კანონის მიღებამ ეგრეთ წოდებული საგარეო გავლენის აგენტების შესახებ, ეს მოძრაობები იატაკქვეშეთში გადაიყვანა და მათი მზარდი დეპოლიტიზაცია გამოიწვია. საჯარო სფეროში ყველაზე მეტად ის ქალები ჩანან, რომლებიც შეგნებულად თუ შეუგნებლად, აქტიურად მონაწილეობენ რეჟიმის მხარდაჭერით განხორციელებულ საზოგადოების ჰიპერმასკულინიზაციაში. რუსეთში ოჯახური ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაულად არ განიხილება და შესაძლოა, სანქცირებულ იქნეს, როგორც საზოგადოებრივი წესრიგისა და მშვიდობის დარღვევა. რუსეთმა ხელი არ მოაწერა სტამბოლის კონვენციას და ამის მიზეზად „რუსულ ტრადიციებსა და კულტურასთან შეუთავსებლობა“ დაასახელა. ოქსანა ვიქტოროვნა პუშკინა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხის უფრო ეფექტიან სამართლებრივ კონტროლს უჭერდა მხარს და 2016 წელს „ედინაია როსიას“ პუტინის სიით აირჩიეს, ახალ საარჩევნო ეტაპზე ვერ მოხვდა რუსეთის დუმის საარჩევნო სიაში. ბერლუსკონის სექსუალური სკანდალების განხილვისას, რუსეთის პრეზიდენტმა ეს ამბავი ცნობილ დასავლურ ფარისევლობად მონათლა, რადგან, მისი ვარაუდით, ბერლუსკონის ჰომოსექსუალური კავშირი რომ დაემყარებინა, ამას ასეთი ამბავი არ მოჰყვებოდა. ამასთან ერთად, ლგბტ+ უფლებებსაც საფრთხე ემუქრება და თემის წევრებს ან მკაცრი კონფიდენციალურობის დაცვა უწევთ, ან ემიგრაცია. მედიის კონტენტის დისკურსული ანალიზი აჩვენებს, რომ თავდასხმის ქვეშ მყოფი უკრაინა უკიდურესად ფემინიზებულია და ასახულია, როგორც „მერყევი“ ქალი, რომელსაც არ აქვს უფლება გააკონტროლოს თავისი სხეული ან ტერიტორია და გადაწყვიტოს საკუთარი პოლიტიკური ბედი. რუსეთში ყველაზე საპატიო უცხოელი სტუმრები ევროპელი მემარჯვენეები არიან, რომლებიც მთელი გულით ებრძვიან „გენდერულ იდეოლოგიას“, მათ შორის, ეროვნული ფრონტი (Le Front National), რომელსაც მარინ ლე პენი ხელმძღვანელობს, ჩრდილოეთის ლიგა (Lega Nord) იტალიიდან, თავისუფლების პარტია (FPÖ) ავსტრიიდან, ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. ეგრეთ წოდებული გენდერული იდეოლოგია წარმოადგენს ახალ იდეოლოგიურ წებოს, რომელიც აკავშირებს სხვადასხვა არალიბერალურ ჯგუფსა და მოძრაობას მთელ მსოფლიოში. როგორც გამოჩენილი ფემინისტი თეორეტიკოსები ადრიანა ზაჰარიევიჩი და კატარინა ლონჩარევიჩი, რეგიონში იშვიათი ფემინისტური ჟურნალის Genero-ს რედაქტორი აღნიშნავენ,  გენდერს უცნაურად აცალკევებენ ფემინისტური თეორიისაგან. სკოლებში სექსუალური განათლების წინააღმდეგ აჟიოტაჟია ატეხილი, რადგან მსხვერპლები (გოგონები და ქალები) უცოდინრობის შემთხვევაში უფრო მორჩილნი არიან. აბორტი ამორალურობასთანაა გაიგივებული ისევე, როგორც ერთნაირსქესიანთა პარტნიორობის საკითხები. სხვადასხვა სახის უფლებებზე თავდასხმები ადამიანის უფლებების სავარაუდო დაცვის, სიტყვისა და შეკრების თავისუფლების სახელით ხდება, თუმცა, ეს უფლებები მხოლოდ თანამოაზრეებისათვის არის განკუთვნილი. ამავდროულად, ეყრდნობიან თითქოსდა დემოკრატიულ პრინციპებს, როგორიცაა „უმრავლესობის მმართველობა“, რომელსაც ვითომ სულ უფრო მეტი საფრთხე ემუქრება სხვადასხვა უმცირესობის მხრიდან. დემოკრატიული განვითარების ცივილიზაციური მიღწევა – უმცირესობების ჯგუფების და ხმების დაცვის აუცილებლობა, რაც უმრავლესობის ტირანიისაგან და დესპოტიზმში გადაშვებისგან გვიცავს, დავიწყებას მიეცა.

დასავლეთი ბალკანეთი და ბანდიტები ხელისუფლებაში

ანალოგიური ტენდენციები გვხვდება დასავლეთ ბალკანეთშიც, სადაც პატრიარქატის, ავტოკრატიის, სექსიზმისა და შოვინიზმის კავშირს აძლიერებს ქვეყნის ძალადობრივი რღვევა, რასაც თან ახლავს საზოგადოების ჰიპერმასკულინიზაცია, სოციალისტური პერიოდის ემანსიპატორული პოტენციალის ამოშლა ისტორიული რევიზიონიზმის გამო და 90-იანი წლების ომების პერიოდის ძალაუფლებრივი სტრუქტურების სრულიად ხელუხლებლად შენარჩუნება. სწორედ ომისდროინდელმა გაუმჭვირვალე პრივატიზაციამ განაპირობა კრიმინალიზებული კაპიტალისა და დემოკრატიისგან მოწყვეტილი პარტოკრატიის მჭიდრო კავშირი. შედეგად, ეს საზოგადოებები მუდმივად განწირულია ნახევრად პერიფერიაში ცხოვრებისათვის, რომელიც გლობალური მოთამაშეების სხვადასხვა გავლენასა და ინტერესს ექვემდებარება. ტრავმირებულ საზოგადოებებში, რომლებიც მოსახლეობის მასობრივ გადინებას და სოციალურ რღვევას განიცდიან, ყველაზე მეტად სოციალურად დაუცველი ფენები და მარგინალური ჯგუფები ზარალდებიან. მაჩოიზმით გაჯერებული ეროვნული ინტერესებით შეპყრობილი მმართველი სტრუქტურებისთვის ეს ფენები და ჯგუფები შესაძლოა მხოლოდ არჩევნების დღეს იყვნენ მნიშვნელოვანნი. მიუხედავად იმისა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის სამართლებრივი რეგულირება საგრძნობლად გაუმჯობესდა, მსხვერპლები იშვიათად მიმართავენ განაცხადით პოლიციას და მრავალი წლის განმავლობაში იზოლაციაში იტანჯებიან, ხოლო თავშესაფრების დასაარსებლად ბიუჯეტიდან მინიმალური თანხები იხარჯება. კვლევები გვიჩვენებს, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინაში ათიდან თითქმის ყოველი მეოთხე ქალი, 15 წლის შემდგომ ასაკში, ფსიქოლოგიური, ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. თუმცა, ეს მონაცემებიც კი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ, ბოლოს და ბოლოს, სერიოზულად მოეკიდონ ამ საკითხს ისევე, როგორც ფემიციდის ბოლოდროინდელ სასტიკ შემთხვევებს. ნიზამა ჰეჩიმოვიჩის სასტიკი მკვლელობა გრადაჩაცში, რომელიც მკვლელმა, ნიზამას ყოფილმა პარტნიორმა, სოციალური მედიის საშუალებით გაავრცელა, გვახსენებს ქალთა მკვლელობის სხვა შემთხვევებს მათი იმჟამინდელი ან ყოფილი ქმრების, პარტნიორების ან შეყვარებულების მიერ. სუმეია დედოვიჩი (25), სანელა ტრსტენი (39), ედინა ოდობაშიჩი (39), მირალემა მეჰმედოვიჩი (52) – ეს მხოლოდ რამდენიმე სახელია იმ 75 ქალიდან, რომლებიც 2015-2022 წლებში მოკლეს და ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი ბევრად უფრო მაღალია შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაციის არარსებობის პირობებში გამოძიების არაადეკვატური ჩატარების გამო. მიმდინარე წელს, საზოგადოება მეტად შეაშფოთა ტუზლაში მომხდარმა შემთხვევებმა, განსაკუთრებით იმ ფაქტმა, რომ ამრა კაჰრიმანოვიჩი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა რამდენიმე გასროლით მოკლა. მიუხედავად იმ განაცხადისა, რომ ფემიციდს, ბოლოს და ბოლოს, აღიარებდნენ სისხლის სამართლის დანაშაულად, რომლისთვისაც ყველაზე მკაცრი სასჯელი და სანქციები დაწესდებოდა, რამდენიმე რელიგიური ორგანიზაციის „მორალური პანიკის“ შემდეგ სერბთა რესპუბლიკამ კანონპროექტის განხილვა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეაჩერა. აშკარაა, რომ მმართველი სტრუქტურებისთვის წინასაარჩევნოდ მემარჯვენე ორგანიზაციებისთვის კოჭის გაგორება უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა რეალური დაცვა და ამისათვის ბიუჯეტიდან საჭირო თანხების გამოყოფა. ამასთანავე, კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, სერბთა რესპუბლიკის არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების რეესტრში მოხვდებიან, ხელს შეუშლის ქალთა ორგანიზაციებს, რომლებიც ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში სისტემატურად მუშაობდნენ ძალადობის მსხვერპლებთან და აზრს უკარგავს ნებისმიერი სახის აქტივიზმს. ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაციაში კანონმდებლობის დახვეწას და ჰარმონიზაციას წლებია ელოდებიან, ხოლო თავშესაფრების დაფინანსების საკითხი სერბთა რესპუბლიკაზე უარესად რეგულირდება. ზოგიერთ რეგიონში აქტიური ძალისხმევა იდება იმაში, რომ ქალებს ხელი შეუშალონ რეპროდუქციული უფლებებით სარგებლობაში და, მეზობელი ხორვატიის მაგალითზე, ჰერცეგოვინის ამ ნაწილშიც გაჩნდა საჯარო სივრცეებში აბორტის მოწინააღმდეგეთა კოლექტიური ლოცვის, ე.წ. კრიალოსნის ლოცვის პრაქტიკა. ამ „მდუმარე მესის“ მთავარი მნიშვნელობა პატრიარქატისადმი სწრაფვა და საზოგადოების რეტრადიციონალიზაციაა. მეორე მხრივ, გაუმჯობესებულმა კანონებმა მოსალოდნელი შედეგები არ გამოიღო. ისინი ძირითადად ევროპულ სტანდარტებთან თეორიული ადაპტაციის მიზნით მიიღეს და არა რეალური განხორციელებისათვის. აღსანიშნავია, რომ ქალები მუშაობენ და ინიშნებიან წამყვან თანამდებობებზე და თან საკმაოდ დიდი რაოდენობითაც. ასე მოხდა, მაგალითად, სერბეთში, სადაც პარლამენტის ბოლო სესიაზე „ქალთა მთავრობაც“ კი ჰყავდათ პრემიერ-მინისტრით და ლგბტ თემის წევრით სათავეში და „თან“ მოადგილეებისა და მინისტრების სრული რაოდენობის 45.8%-ს ქალები წარმოადგენდნენ. მაგრამ, აქ საქმე გვაქვს ეგრეთ წოდებულ ფინქვოშინგის (pinkwashing) ფენომენთან, რომლის პირობებშიც გენდერული თანასწორობა ძირითადად მხოლოდ ფორმალურად ხორციელდება. ამასთანავე, მსოფლიო აღიარება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ არაერთი რეჟიმი ქალებს საკვანძო თანამდებობებზე ნიშნავს, რათა დაფაროს საზოგადოებაში არსებული ავტორიტარული ტენდენციები, ადამიანის უფლებათა დარღვევა, მედიის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე და ა.შ. რეალური ძალაუფლება ქალთა ხელში არ არის და იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც საკვანძო თანამდებობებზე ინიშნებიან, ქალები ვერ ახერხებენ საზოგადოების ამა თუ იმ პრობლემაში გარკვევას ანდა სიტუაციის გაუმჯობესებას. ზოგიერთი მათგანი რეალურად არც ცდილობს ამის მიღწევას. სწორედ ამ მიზეზთა გამო მყარდება ნეგატიური სტერეოტიპები ქალების შესახებ და ქალთა მოძრაობის მოთხოვნებსაც აზრი ეკარგება. ამას ემატება ისიც, რომ ქალები წამყვან პოზიციებს იკავებენ ბევრ მემარჯვენე და პოპულისტურ პარტიასა თუ მოძრაობაში, რომლებიც მეტ-ნაკლებად ღიად ემხრობიან როგორც ქალთა, ისე სხვა მარგინალიზებული ჯგუფების უფლებათა შეზღუდვას.

ის ქალები კი, რომლებიც მართლაც ცდილობენ პოლიტიკურ სფეროში რაიმეს შეცვლას, სისტემატურად ექვემდებარებიან მარგინალიზაციას. ისინი ძირითადად ეხებიან ისეთ საკითხებს, რომლებიც ნაკლებმნიშვნელოვნად მიიჩნევა (მათ შორის, გენდერული თანასწორობა, სოციალური სამართლიანობა, მშვიდობის მშენებლობა და ა.შ.) და მათ საქმიანობას მედია პრაქტიკულად არ აშუქებს. როდესაც ისინი ზოგიერთ მიუღებელ ფენომენსა თუ პრაქტიკაზე ამახვილებენ ყურადღებას, აწყდებიან დისკრიმინაციისა და ძალადობის სხვადასხვა, მეტ-ნაკლებად შეუმჩნეველ ფორმას, რომლებიც ზოგჯერ სოციალურ პათოლოგიას უახლოვდება. სწორედ ასეთია ბოსნია და ჰერცეგოვინის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (სდპ) წევრის ბესიმა ბორიჩის შემთხვევა, რომელიც თავისი ოცდაათწლიანი პოლიტიკური საქმიანობის მანძილზე თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობისთვის აქტივისტურ ბრძოლაში ჩადებული თავდაუზოგავი პოლიტიკური წვლილის ქრესტომათიული მაგალითია. თუმცა, მას შემდეგ, რაც საჯაროდ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელი იყო მისი პარტიის მიერ ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული პირის წარდგენა (8 მარტს!) სარაევოს კანტონში მინისტრის თანამდებობაზე, იგი ცილისწამებაშიც კი დაადანაშაულა იმავე პიროვნებამ, ვინც ამასობაში ამ თანამდებობაზე დაინიშნა! ჩვენ რომ ბნელ შუა საუკუნეებში გვეცხოვრა, ასეთ ქალებს ჯადოქრობისთვის კოცონზე დაწვავდნენ! მაგრამ პატრიარქატის ეშმაკობის წყალობით უფრო დახვეწილი მეთოდები შეიმუშავეს გამოუსადეგართა (ქალთა) გასაჩუმებლად, ხოლო გამოსადეგებს (ქალებს) დაწვაში აქტიური მონაწილეობის ნაცვლად, დუმილის შენარჩუნებას ურჩევენ.


 


[1] "Send her back", "Mexican rapists", "Chinese Virus/China Virus", "Grab them by the pussy", "How does she even get on television?", "If I can test her [DNA] personally..."

[2] გერმ. შოვინისტური საფრთხე.