წინამდებარე ტექსტი წარმოადგენს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მიერ 2024 წლის ივლისში ორგანიზებული ვიდეოდისკუსიის შეჯამებას. დისკუსია მიმდინარე პოლიტიკურ-საზოგადოებრივი კრიზისის და ძალაუფლების კონსოლიდაციის მიზნებისთვის, ხელისუფლების მიერ ინიციირებული ანტიდემოკრატიული ბრუნის ფონზე, საქართველოს უახლესი პოლიტიკური, სამოქალაქო და გენდერული პოლიტიკის გადააზრებასა და გეოპოლიტიკური ცვლილებების ანალიზს ისახავდა მიზნად.
დისკუსიის მოდერატორი და ტექსტის რედაქტორი: ლიკა ჯალაღანია, ადამიანის უფლებების და გენდერის მკვლევარი.
დისკუსიის მონაწილეები: თამთა მიქელაძე, თამარ ცხადაძე, ეკა აღდგომელაშვილი და შოთა ხინჩა მიმოიხილავენ პოლიტიკური და დემოკრატიული კრიზისების, ნეოკონსერვატიული და ანტიგენდერული ბრუნის როგორც გლობალურ, ისე ლოკალურ ლოგიკას და გვთავაზობენ მის კომპლექსურ, მრავალშრიან გააზრებასა და ანალიზს.
„ქართული ოცნების“ მმართველობითი ლოგიკის მოკლე ტრაექტორია
თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პროგრამის დირექტორი
2012 წელს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში კოალიციის სახით მოვიდა, როგორც კონსერვატიული, ლიბერალური, სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკური ძალების დიდი ამალგამა, თუმცა გარკვეულ ეტაპზე ის სრულ იდეოლოგიურ ჰომოგენიზაციას განიცდის და უკვე 2021 წლიდან სრულიად სტერილურ და დაუბალანსებელ პოლიტიკურ ძალად ყალიბდება. თუ თავდაპირველად, „ქართული ოცნება“ ფორმალურად აჩვენებდა სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიისა და ევროპული პოლიტიკური აქტორების მიმართ ინტერესს, მოგვიანებით, როცა კოალიციის წევრმა სხვა პოლიტიკურმა ძალებმა ძველი გაერთიანების პოლიტიკური სხეული დატოვეს, ის მეტწილად კონსერვატიული იდეოლოგიისკენ გადაიხარა. თუმცა „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში დრამატული შემობრუნება რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ხდება. სწორედ ამ პერიოდში დაჩქარდა და ყველაზე თვალშისაცემი გახდა ხელისუფლების მიერ, ერთი მხრიც, საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილება, მეორე მხრივ კი, ავტოკრატიზაციის გაძლიერება და დემოკრატიული მმართველობის დაუძლურება.
მიუხედავად აღნიშნულისა, ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა იყო და ახლა გადაიქცა ავტოკრატიად. დემოკრატიზაცია პროცესია, მისთვის დამახასიათებელია რყევები და საქართველოს პოლიტიკურ განვითარებას მუდმივად ახასიათებდა დაპირისპირება ავტორიტარულ და დემოკრატიულ ტენდენციებს და მოდუსებს შორის. როგორც წესი, პოლიტიკური ძალები მმართველობის პირველ წლებში დემოკრატიულ კლიმატს ქმნიან, თუმცა ძალიან მალევე იწყებენ ძალაუფლების კონსოლიდაციას და მისი პოლიტიკური კონტროლის გარეთ მყოფი ძალების დასუსტებას და განადგურებასაც კი. „ქართული ოცნებაც“ სვლას ავტორიტარიზმისკენ მისი მმართველობის ბოლო ფაზაში იწყებს, როცა მისი ლეგიტიმურობა შერყეულია და მას ძალაუფლების მოხვეჭისთვის, უფრო სწორად, შენარჩუნებისთვის უფრო რიგიდული და მკაცრი იარაღები სჭირდება. ეს იარაღები კი დღეს რეპრესია, დემოკრატიული სივრცეების შევიწროება და პროპაგანდაა.
თუმცა, ჩემი აზრია, რომ შეუძლებელია ეს დრამატული ცვლილება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკაში მხოლოდ პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესით ახსნა. ჩემი აზრით, უკრაინის ომის შემდგომ, რუსეთის გლობალური სანქცირების პერიოდში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხვდება, რომ საქართველოს ტერიტორიას აქვს რესურსები, რათა ახალი ტიპის საბაზრო ურთიერთობები დაამყაროს დასავლეთისგან იზოლირებულ აღმოსავლეთის ბაზრებთან. ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ვაჭრის ცნობიერება აქვს, მიხვდა, რომ ახლა დგება პერიოდი, როდესაც მას შეუძლია სრულიად ახალი ტიპის ბაზრებზე გავიდეს და ეს ქვეყანა გამოიყენოს როგორც კორიდორი. ამას ემთხვევა „ოფშორების შესახებ“ კანონის მიღებაც, რომელიც საშუალებას აძლევს სრულიად უხილავ, დაუბეგრავ, შეუზღუდავ კაპიტალს, იმოძრაოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამდენად, ჩემი აზრით, საქართველოში პოლიტიკის ცვლილებისა და მოულოდნელი შემობრუნების ანალიზისას, გადამწყვეტი ხდება უკრაინის ომის შემდეგ შექმნილი ახალი კონტექსტი და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები, რომელიც „ქართული ოცნების“ ოლიგარქიულმა სისტემამ დაინახა. პრინციპში, საბოლოოდ ესეც ძალაუფლების საკითხია. მით უფრო, რომ ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში ის, ვინც ფლობს პოლიტიკურ ძალაუფლებას, ყოველთვის ფლობს კონტროლს რესურსებზე და პირიქით.
აშკარაა, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა მიჰყავს, ერთი მხრივ, დასავლეთისგან იზოლაციისკენ, ხოლო მეორე მხრივ, ის აშენებს ახალ კავშირებს რუსეთსა და ჩინეთთან. პოლიტიკურ ენაში, ხელისუფლება მეტწილად ჩინეთთან დაახლოების მნიშვნელობასა და მის ეკონომიკურ ფასზე საუბრობს და ის პრაქტიკულად არ საუბრობს რუსეთზე. რუსეთზე მოქმედი ხელისუფლება აღარ საუბრობს როგორც საფრთხეზეც კი. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ ზრდის რუსეთზე ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულებას, ის საკუთარ პროპაგანდაში აქტიურად იყენებს რუსული ნეოიმპერიული პოლიტიკის დისკურსულ აპარატს და, ამავდროულად, მკვეთრად ასუსტებს ქვეყნის უსაფრთხოების მედეგობას.
ხელისუფლების მხრიდან არსებობდა მცდელობა, რომ ეს რადიკალური საგარეო-პოლიტიკური ცვლილება უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე უსაფრთხოების დაცვის არგუმენტით ახსნილიყო. არსებობდა ახსნა, რომ სიფრთხილის და ამ ფონზე, დასავლეთისგან და უკრაინისგან გამიჯვნის მიზანი, ომთან დაკავშირებული საფრთხეების დაზღვევა იყო და ხელისუფლებას სჭირდება ბალანსის პრაგმატული პოლიტიკა. მაგრამ ეს მსჯელობა არ გამართლდა, რადგან აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ არ ატარებს ბალანსის პოლიტიკას დღეს. ის მკვეთრად ანტიევროპულ პოლიტიკას ატარებს და სწორედ დასავლეთის საუარესოდ დაარღვია გეოპოლიტიკური წონასწორობა.
უკრაინის ომის შემდეგ ევროკავშირმა სტრატეგიული გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და მისი გაფართოება პრიორიტეტად აქცია. ამ პირობებში საქართველოს (ისევე, როგორც სხვა ქვეყნების) ევროპეიზაციის პროცესი დაჩქარდა და ჩვენ ახალი ისტორიული შესაძლებლობები მივიღეთ. თუმცა ევროპეიზაციის პროცესი საქართველოსგან ითხოვს რეფორმებს, რომელიც ძალაუფლების დაბალანსებასა და გადანაწილებას გულისხმობს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას კი ეს არ უნდა. მან იცის, რომ თუ ძალაუფლების ინსტიტუტებზე მცირე კონტროლს მაინც დათმობს, სისტემაში გაჩნდება ბზარი და ის საბოლოოდ სრულად დაკარგავს ძალაუფლებას (რისი რეალური საფრთხე მას 2020 წელს უკვე ედგა და მხოლოდ საარჩევნო სისტემამ განსაზღვრა მისი დარჩენა ძალაუფლებაში).
საინტერესოა ის სტრატეგიები და რეპერტუარები, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს. „ქართული ოცნება“ სხვადასხვა მექანიზმთან ერთად აქტიურად იყენებს საზოგადოებაში არსებულ სოციალურ თუ ეკონომიკურ მოწყვლადობებს. დღეს, სოციალური შემწეობის სისტემას 1 200 000 ადამიანი მიმართავს დახმარების მისაღებად (და 700 000 ადამიანამდე იღებს ამ დახმარებას. მათი დიდი ნაწილი კი წლებია ამ პროგრამაშია ჩართული და სიღარიბეს ვერ ძლევს), რაც გარდა იმისა, რომ აჩვენებს, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრებს, აშკარაა, რომ ეს პროგრამები ხდება მძლავრი იარაღი ხელისუფლების ხელში მოსახლეობის დემობილიზებისთვის და სოციალური კონტროლისთვის.
ძალაუფლების კონსოლიდაციის ინსტრუმენტებს შორისაა ჩვენი ტრამვები და შიშები, რომლებიც უპირველესად ომსა და კონფლიქტებს უკავშირდება. სწორედ ამიტომ, პროპაგანდის მთავარი ღერძი ომის შიშების კულტივირებაზე დგას. აქტიურად იყენებს ხელისუფლება ჩვენს საზოგადოებაში არსებულ კონსერვატიულ სენტიმენტებსა და კულტურულ შიშებსაც. სამწუხაროდ, დღემდე, ჩვენმა ელიტებმა ვერ მოახერხეს ნაციონალიზმის იმგვარი პროექტის შემოთავაზება, რომელიც მოქალაქეობაზე, თანასწორობაზე იქნებოდა დაფუძნებული და ეს დისკურსული სიცარიელე, სუსტი სოციალური შეჭიდულობა ჩვენი საზოგადოების შიგნით, კონსერვატიული სენტიმენტების მობილიზებისთვის ეფექტიანად იქნა გამოყენებული.
„ქართული ოცნება“, ისევე როგორც სხვა ავტოკრატიული რეჟიმები, უნდა დავინახოთ ძალებად, რომლებიც იმ მოწყვლადობებს, სიცარიელეებსა თუ ენერგიებს იყენებენ, რომლებიც ამ საზოგადოებებსა და სისტემებში არსებობს. ამას ადასტურებს გენდერის ზოგიერთი თეორეტიკოსის თეორიული მიდგომა, რომლის ქვეშაც ეს ძალები შედარებულია პარაზიტულ სოკოებთან, რომლებიც შეესევიან ტყეებში ხეებს და ტყის მიკროკოსმოსის სასიცოცხლო ენერგიას იყენებენ. ასეა „ქართული ოცნებაც“. ის იყენებს ტრავმებს, სისუსტეებს, შიშებს, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს სოციალურ სხეულებსა და ფსიქიკაში და მათ ჩვენსავე წინააღმდეგ მიმართავს. ამ მიტაცებაში კი ხშირად სინამდვილე მრუდდება და უკუღმართდება. მაგალითად, ხელისუფლება ხშირად საუბრობს სუვერენიტეტზე, მაშინ როდესაც სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გვაკარგვინებს მას, როცა რუსეთის ბაზარზე ხდის ქვეყანას დამოკიდებულს, თუ ჩინეთის ძალიან პრობლემური ინვესტიციებისთვის აღებს კარს (რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ სუვერენული დემოკრატიის იდეა რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი ღერძია); ან როცა სახელმწიფოს იტაცებს და ოლიგარქის ნება-სურვილს ასრულებს მთელი ინსტიტუციური ძალაუფლება.
ამიტომაც, სიცარიელე და მოწყვლადობა, ტრავმები არის ის, რასაც კარგად ჩააჭირა სისტემამ, ამიტომ, სწორედ აქ არის სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიის როლი, რომ სწორედ წარსულის, ტრავმების რაციონალიზება მოხდეს, იმ სისტემურ გამოწვევებზე დააფიქროს საზოგადოება, რომელიც ართულებს ნამდვილ დემოკრატიას და მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, ჩვენ შევძლოთ პატიოსნად საუბარი სიმართლეზე და რეალობის გაშიშვლება.
ანტიგენდერული ნარატივების წარსული და აწმყო
ეკა აღდგომელაშვილი, გენდერისა და სექსუალობის მკვლევარი
ჰომოფობიის და ჰომოსექსუალობის პოლიტიკურ იდეოლოგიად ქცევის პროცესი გასული საუკუნის 30-იან წლებს უკავშირდება, რასაც წინ უსწრებდა 20-იანი წლების სექსუალური რევოლუცია და კონტრრევოლუცია. ბოლშევიკურმა რევოლუციამ მოიტანა თავისუფლება ბევრ ისეთ საკითხში, რომლებიც სექსუალობას, ოჯახსა და ჰომოსექსუალობას შეეხებოდა, თუმცა აღნიშნული ძალიან სწრაფად შეიცვალა XX საუკუნის 30-იან წლებში, სრულიად ავტორიტარული რეჟიმებისათვის დამახასიათებელი კონტროლით. ძალიან მალე ჰომოსექსუალი ადამიანები მხოლოდ რეპრესიის მსხვერპლებად კი არ იქცნენ, არამედ უშუალოდ სექსუალობამ სრულიად ახალი განზომილება შეიძინა. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სტალინის პერიოდს, რადგან სწორედ ამ დროს შეკავშირდა იდეოლოგიურად ჰომოსექსუალობა ბურჟუაზიულ დასავლეთთან, რასაც ადასტურებს ისიც, რომ იმ პერიოდში ამ დანაშაულის დევნით დაკავებული იყო არა მილიცია, არამედ „ჩეკა“ (KGB-ს წინამორბედი), რომელიც სწორედ იდეოლოგიურ დანაშაულებზე მუშაობდა.
ამიტომ, როგორც საბჭოთა კავშირის ყოფილ ნაწილს, საქართველოს დიდხანს გაჰყვა ეს მემკვიდრეობა და 90-იანი წლების ბოლომდე ჰომოსექსუალობა იდეოლოგიზებულ დანაშაულად რჩებოდა. 2000-იანი წლებიდან ხელახლა იწყება ეს პროცესი, მაშინდელი ჰომოფობიური სიძულვილის ენა, ესთეტიკა და პლაკატებიც კი 30-40-იანი წლების ესთეტიკას ჰგავს და მის გაცოცხლებას ემსახურება. ეს, ცხადია, პარადიგმას ცვლის, რაც ტრადიციების დამცველ რუსეთსა და გარყვნილ დასავლეთს შორის დისკურსულ ომში გადაიზრდება. ეს არის მორალური ჩარჩო, რომელშიც რუსეთი პოზიციონირებს იმგვარად, რომ გეოპოლიტიკური სარგებელი ნახოს, სწორედ ამიტომ ეს საკითხები მისთვის ცენტრალური მნიშვნელობის ხდება ანტიდასავლური დისკურსის ჩამოსაყალიბებლად.
ეს ცენტრალური საკითხები, რომლებიც მოგვიანებით „გენდერული იდეოლოგიის“ სახელის ქვეშ ერთიანდება უკვე 90-იან წლებში, სინამდვილეში, ცხადია, ცარიელი აღმნიშვნელია, რაც კარგ საშუალებას აძლევს სხვადასხვა აქტორს, მათთვის სასურველი შინაარსით შეავსონ ის და გაერთიანდნენ ამ ბრძოლაში, სწორედ ამიტომ „გენდერული იდეოლოგიის“ ქვეშ არსებული შინაარსები დასავლეთსა და რუსეთში განსხვავებულია. დასავლეთში ის ეხება ქალთა როლის ცვლილებას, სექსუალობის საკითხებს, ქვიარ ადამიანებს შორის ურთიერთობების დეკრიმინალიზაციას და ნორმალიზაციას, როგორც საფრთხეს ჰეგემონიური მასკულინობისათვის და ის მეტწილად კათოლიკურ წიაღშია დაბადებული. ხოლო რუსეთში გენდერული იდეოლოგიის ქვეშ სხვა „ტრადიცია“ გამოიყენება - სლავიანოფილობის, ევრაზიიზმისა და მართლმადიდებლობის ფარგლებში, რომელიც სტრუქტურულად და შინაარსობრივად სრულიად განსხვავებულად არის აგებული. თუ საქართველოს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ აქ ანტი-ლგბტქ ნარატივების წარმოებისას „გენდერული იდეოლოგიის“ გაგების რუსული ვერსია დომინირებს .
საქართველოში ანტი-ლგბტქ პროპაგანდამ თუ დისკურსმა სხვადასხვა ეტაპი გაიარა. მისი პოლიტიზაცია დაიწყო არა 2013, არამედ 1999 წელს, როდესაც მაშინდელმა ფსევდოოპოზიციამ, „აღორძინებამ“ დაიწყო ამ საკითხებზე, კერძოდ, „ცისფერების შეთქმულებაზე“ საუბარი. ეს ისეთ დროს, როდესაც „მოქალაქეთა კავშირის“ შიგნით ცალკე ჯგუფი - „რეფორმატორები“ - გამოიყო. ანუ ლიბერალური ღირებულებების შემოტანასთან ერთად, იწყება ამ საკითხებით სპეკულაციები, თუმცა ეს პროცესი მუდმივად არათანმიმდევრულ ხასიათს ატარებს. თუ „ვარდების რევოლუციის“ მერე ჩაცხრა ეს პიკი, 2007 წლიდან მისი ხელახალი აქტუალიზება იწყება 2013 წლამდე, შემდგომ ქრება და ისევ იწყება მაშინ, როდესაც უკვე ახლანდელ ხელისუფლებას უდგება პოლიტიკური კრიზისი.
თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდს რომ დავუბრუნდეთ, 2007 წლიდან იწყება არარსებული „გეი პარადების“ გამოგონება, რომლის შესახებაც მედია ავრცელებდა ინფორმაციას. ეს კიდევ ერთხელ უთითებს, რომ საქართველოში ჰომოფობიას ცალსახად პოლიტიკური საფუძველი აქვს, რადგან ორგანიზებულ ანტიგეი გამოსვლებს აქვთ მეტად ხანგრძლივი ისტორია, ვიდრე თემის წევრების მხრიდან უფლებების მოთხოვნის საჯაროობას. სწორედ ამ ანტი-ლგბტქ დისკურსის ხარჯზე აქვს დღეს ხელისუფლებას იმედი, რომ ამ უკვე არსებულ განწყობებს წარმატებით გამოიყენებს საზოგადოების პოლარიზებისთვის. თუ ჩვენი საზოგადოების პოლარიზებისა და დაპირისპირებისთვის 90-იან წლებში ეთნიკური უმცირესობების მტრის ხატად დასახვა გამოიყენებოდა, ხოლო 2000-იან წლებში - რელიგიური უმცირესობების, ახლა ლგბტქ ჯგუფია მტრის ხატის მთავარი განმასხეულებელი. მაგრამ მიუხედავად ამ ისტორიისა, ჩვენ ჯერაც არ გაგვიაზრებია, თუ როგორ გამოიყენებოდა (ხელისუფლებების და ასევე, რუსეთის მიერ) ეთნიკური, რელიგიური თუ ლგბტქ ჯგუფების წინააღმდეგ არსებული ფობიები მუდმივი დაძაბულობის და კონფლიქტის კერების შესაქმნელად.
მიზანი, რომელიც მსგავსი რიტორიკებისა და პროპაგანდების გამოყენებას შეიძლება ჰქონდეს, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების პროცესის მსგავსია - როგორც ამ კანონის მიღების მიზანი იყო ევროკავშირთან ჰარმონიზება, ამ ახალი ანტიდემოკრატიული კანონების მიღება საჭიროა ჰარმონიზებისთვის - ოღონდ ამჯერად რუსულ სივრცესთან. მეორე მხრივ, ამ კანონების ინიციირებაში ავტორიტარული ხელისუფლების ინტერესი, უპირველესად, კონსერვატიული ამომრჩევლის მობილიზაცია, პოლიტიკური ოპონენტების მარკირება, რეალური პრობლემების გადაფარვა და გეოპოლიტიკურ არჩევანზე გავლენის მოხდენაა, რუსეთისკენ გადაძალვის მიზნით. ცხადია, ეს კანონები ასევე ბადებს რეპრესიის ახალ მექანიზმებსაც, რომელიც ემსახურება საზოგადოების ფართო წრეზე კონტროლის განხორციელებას და საბოლოოდ, ძალაუფლების უზურპაციას.
პოლიტიკური კრიზისი და მთავრობა გენდერული დემოკრატიის წინააღმდეგ - Heinrich Boell Foundation South Caucasus
Watch on YouTube
ევროკავშირის პირობითობის პოლიტიკა
თამარ ცხადაძე, ფილოსოფოსი
ნეოკონსერვატიული შემობრუნება და ანტიგენდერული რიტორიკა ბოლო ათეული წლებია გლობალურ ტენდენციად იქცა, და ცხადია, ის არ არის მხოლოდ საქართველოს ან ჩვენი რეგიონისთვის დამახასიათებელი უნიკალური გამოწვევა, თუმცა, ცხადია, ამ გამოწვევების მიღმა სხვადასხვა მიზეზი, მიზანი და შედეგია. მეტიც, დღეს გლობალურად დგას დემოკრატიის კრიზისი, რომელიც სახელმწიფოთა გლობალურ კაპიტალზე დამოკიდებულების ბუნებრივი თანმდევია. დემოკრატიის კრიზისი კი თავისთავად იწვევს დემოკრატიის მიმართ სკეპტიციზმსაც. აღნიშნულს „ქართული ოცნება“ ძალიან მარჯვედ იყენებს. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ამ კრიზისების ფონზე, ანტიემანსიპატორული, თანასწორობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის წარმოება სწორედ დემოკრატიის სახელით და დემოკრატიაზე აპელაციით ხდება, რაც ძალიან ცინიკურია საქართველოს ხელისუფლებისა და, ზოგადად, ავტოკრატიისკენ მიმართული ხელისუფლებების მხრიდან.
ამ კრიზისზე დასავლეთ ევროპაში დიდი ხანია დაიწყეს მსჯელობა მემარცხენე კრიტიკოსებმა, რომლებიც ხაზს უსვამენ ნეოლიბერალიზმის უშუალო შედეგებს: მათ შორისაა, ერთი მხრივ, კეთილდღეობის სახელმწიფოს სოციალური დაცვის ქსელების გამოშიგვნა; მეორე მხრივ კი, ფინანსური კაპიტალის გლობალიზაციის შედეგად, ევროპული სახელმწიფოების ინტერესების გლობალური ფინანსური კაპიტალის ინტერესებზე დაქვემდებარება. ეს უკანასკნელი პირდაპირ ნიშნავს ხელისუფლების ქმედებების დემოკრატიული კონტროლის შემცირებას.
თუ 90-იანი წლებიდან ლიბერალური დემოკრატიის კრიზისზე ლაპარაკისას ბევრ კრიტიკოსს სწორედ დემოკრატიის ეს გამოწვევები ჰქონდა მხედველობაში - რასაც შეიძლება ვუწოდოთ ლიბერალიზმის (ეკონომიკური ლიბერალიზმის) მიერ დემოკრატიისთვის შექმნილი საფრთხეები, ბოლო ათწლეულში მომსწრენი ვართ შებრუნებული მიმართულებით დარტყმისა - ლიბერალური დემოკრატიის კრიზისის ეს მიმართულება შეიძლება აღვწეროთ, როგორც დემოკრატიის (ისევ გარკვეული, ვიწრო აზრით გაგებულის) მიერ ლიბერალიზმისთვის ძირის გამოთხრა. ეს დიალექტიკა დასაფიქრებელია - თუ ჯერ რაღაც ფორმით გაგებულმა ლიბერალიზმმა გამოშიგნა დემოკრატია, დღეს უკვე გადაგვარებული დემოკრატია გამოშიგნავს ლიბერალიზმს.
ჩემი აზრით, რასაც ახლა ვუყურებთ, იმის დასტურია, რომ დემოკრატია, ლიბერალიზმი და სოციალიზმი თუ სოციალური სახელმწიფო არის თანასწორობის სამი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ასპექტი, რომლებიც ერთმანეთს უნდა აკონტროლებდნენ. მსოფლიოში მოვლენების განვითარება, რომელთაც უშუალო გამოძახილი აქვთ საქართველოში, აჩვენებს, რომ ასეთი ურთიერთკონტროლის გარეშე ამ სამიდან თითოეული კომპონენტი, ცალკე აღებული, ჯერ ანადგურებს დანარჩენ ორს და შემდეგ საკუთარი თავის გამოჭმას იწყებს.
მემარცხენე კრიტიკოსები უკვე 90-იანი წლებიდან ხედავდნენ ამ პროცესებში განგაშის სიგნალებს და იმასაც მიანიშნებდნენ, რომ ბევრ სახელმწიფოში, მაგალითად, აშშ-ში, ნეოლიბერალიზმი მჭიდროდ არის ხელჩაკიდებული ნეოკონსერვატიზმთან. დღეს უკვე მეტია შეშფოთებული იმით, რაც აშკარად გაფორმდა ანტილიბერალური და ანტიდემოკრატიული ძალების მიერ ძალაუფლების მიტაცებად და კონსოლიდაციად, ამასთან, დემოკრატიის სახელით.
ამ კონტექსტში, ფაქტია, რომ „გენდერი“, გაგებული უფართოესად, ერთ-ერთი ცენტრალური სადავო საკითხია, რომელიც ძალიან მარჯვედ გამოიყენება ავტოკრატიისკენ მიმართული პოლიტიკური ჯგუფების მიერ. მაგრამ საკითხავია, რა ანალიტიკური ჩარჩო გამოდგება ამ პროცესების გასაგებად. ანალიზისთვის ხშირად გამოიყენება „უკურეაქციის“ ან „უკუდარტყმის“ (backlash) კონცეფცია - უხეშად, აზრი, რომ სხვადასხვა ჩაგრული და მარგინალიზებული ჯგუფის ემანსიპაციის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯები ბუნებრივად წარმოშობს წინააღმდეგობის რეაქციას შესაბამისი ნიშნით პრივილეგირებული ჯგუფების მხრიდან. მაგრამ მე ვიზიარებ იმ ავტორების მოსაზრებას, რომლებიც ფიქრობენ, რომ დღევანდელი ანტიგენდერული მოძრაობების სახით მხოლოდ ასეთ „უკუდარტყმასთან“ არ გვაქვს საქმე, არამედ - პროაქტიულ პოლიტიკასთან. ამ პოლიტიკის აღსაწერად ხშირად იყენებენ ტერმინებს „პოლიტიკური ჰომოფობია“ ან „ანტიგენდერიზმი“. „გენდერი“ მნიშვნელოვანი შემაკავშირებელი ძაფია, რომელიც გასდევს ანტიდემოკრატიული ხელისუფლებებისა და პოლიტიკური ამბიციების მქონე ჯგუფების სტრატეგიებსა და რიტორიკებს. ეს სტრატეგიები არ არის უბრალოდ უკუდარტყმის გამოვლინებები, არამედ სახეზეა მათი მიზანმიმართული გამოყენება, საფრთხეების მიზანმიმართული შექმნა და ფაბრიკაცია - „გენდერულ იდეოლოგიაზე“ ლაპარაკი სწორედ ამის მაგალითია, რითაც ეფექტურად ხდება გენდერთან დაკავშირებული შიშების დათესვა და ამ შიშებზე მაქსიმალური კაპიტალიზება. ამ სტრატეგიებს, ადგილობრივი ვარიაციებით, ვხედავთ დასავლეთშიც, რუსეთშიც და აქტიურად მოიკიდა ფეხი ჩვენს რეგიონშიც. საქართველოში სხვადასხვა მემარჯვენე-კონსერვატიული ჯგუფი და ბოლო წლებში ხელისუფლებაც ხშირად პირდაპირ აკოპირებენ ანტიგენდერიზმის როგორც დასავლურ, ისე რუსულ ნარატივებს. მაგრამ ანტიგენდერიზმის გეოპოლიტიკურ კონტექსტში ჩასმა და დასავლეთის დემონიზაციისთვის გამოყენებაა ის, რაც აქაურ რიტორიკას რუსულ ანტიგენდერიზმთან აახლოებს.
ჩემი დაკვირვებით, საქართველოში პოლიტიკური ჰომოფობია უფრო აქტიურად 2013 წლიდან იწყება, ხოლო ბოლო წლებში უბრალოდ ანტიგენდერული ჯგუფების გაძლიერება კი არ გვაქვს, არამედ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და მხარდაჭერილი ჰომოფობია (state-sponsored homophobia). მისი მკვეთრი ნიშნები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდეც გამოჩნდა, თუმცა მიმდინარე ომმა მას უფრო აქტიური ასპარეზი და არეალი მისცა.
ლგბტქ საკითხების პოლიტიზებაზე საუბრისას, დასაზუსტებელია რას ვგულისხმობთ „პოლიტიზებაში“. პოლიტიზებამ შესაძლოა სხვადასხვა სახე შეიძინოს და მას უპირობოდ დადებითი ან უარყოფითი მნიშვნელობა არ აქვს. პოლიტიზება გულისხმობს ამ საკითხების პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტუალიზებას და ლგბტქ ჯუფების უფლებებისთვის ბრძოლის ნაწილია. ამ აზრით, ლგბტქ საკითხების პოლიტიზებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დასავლეთის „კონდიციალობის (პირობითობის) პოლიტიკამ“. დასავლელი პარტნიორების და დონორების როლი საქართველოში ლგბტქ უფლებებისა და გენდერული თანასწორობის დაცვაში არსებითი და მნიშვნელოვანია. საქართველოში მათ მიერ გატარებულ პოლიტიკას მართლაც მოჰყვა გარკვეული ცვლილებები პოლიტიკასა და ამ ჯგუფების ინტერესების დაცვაში. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგში თანასწორობისკენ მიმართული მკაფიო ნება არ ჩანდა, ის მაინც აისახა ადამიანების ცხოვრებაზე. 2010 წლებიდან ეს იყო სწორედ ევროკავშირის პირობითობის პოლიტიკის შედეგი, თუმცა ამ ცვლილებების მიღების პროცესშივე „ქართული ოცნება“ ხაზს უსვამდა, რომ ამ ცვლილებებს ევროკავშირთან ასოცირების პროცესთან კავშირში იღებდა - ანუ ერთი ხელით იღებდა ცვლილებას, მაგრამ ამავე დროს ემიჯნებოდა მას.
მეორე მხრივ, ამ პირობითობის პოლიტიკამ ჩააცემენტა კავშირი საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებებსა და ლგბტქ საკითხებს შორის. ეს კავშირი, გარკვეულ პერიოდში, უფლებადამცველებისთვის, ქალთა და ქვიარ ჯგუფებზე მომუშავე სპეციალისტებისთვის ბრძოლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იყო; მისი მეშვეობით შესაძლო გახდა ამ მოწყვლადი ჯგუფების დაცვის მინიმალური ხარისხის უზრუნველყოფა. თუმცა, ახლა დიდი საშიშროებაა, რომ ამ ჩაცემენტებულმა კავშირმა „უკან გაისროლოს“. ეს საფრთხე რეალურია, რადგან საქართველოს ხელისუფლება ძალიან აქტიურად იყენებს ანტიგენდერიზმს თავისი ძალაუფლების კონსოლიდაციისა და, ამავე დროს, დასავლეთის დემონიზაციისთვის. ამ გზით, ის მძიმე არჩევანის წინაშე აყენებს ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებას, ყველა იმ ადამიანს, ვისაც თანასწორობა და დემოკრატია ადარდებს ამ ქვეყანაში. ჩვენ ახლა პირდაპირ ვუყურებთ ადამიანებს დილემის წინაშე, ხმა ამოიღონ უსამართლობაზე, ხელისუფლების ვერაგულ პოლიტიკაზე, თუ გაჩუმდნენ იმის შიშით, რომ ევროკავშირის და დასავლური ინტეგრაციის დისკრედიტაციას არ შეუწყონ ხელი. ეს თავისთავად ტრაგიკული არჩევანია. ფსონი არის დადებული იმაზე, რომ საქართველოს საზოგადოების ევროკავშირისკენ სწრაფვა გადაძალავს საზოგადოებაში ხელოვნურად ნასაზრდოებ ჰომოფობიას, რომ ხელისუფლება ვერ მიაღწევს წარმატებას მოსახლეობაში ანტიევროპული განწყობების კულტივაციაში.
ავტორიტარიზმის დაპირება
შოთა ხინჩა, ჟურნალისტი
ევროკავშირის პირობითობის პოლიტიკა - საკანონმდებლო ცვლილებებისა და პოლიტიკის რეფორმირებისკენ მოწოდება ცივილიზებული სამყაროს შეერთების დაპირებით, როგორც საქართველოს, ისე არაერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის რეალობაა. თუმცა ეს პირობითობის პოლიტიკა თავისდაუნებურად გაგვეწელა და შემდგომშიც გაგრძელდება, რადგან ასიმეტრია ძალაუფლებებს შორის ჩვენსა და ევროკავშირში იმგვარია, რომ ამის დაბალანსებაზე საუბარი არც არის შესაძლებელი. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ პირობითობის პოლიტიკამ გარკვეულწილად დააზიანა დემოკრატიული კულტურის განვითარება საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში. ზემოდან ქვემოთ წამოსული ცვლილებების მოთხოვნა ყოველთვის ანელებს კოლექტიური გადააზრების, ფიქრის, განვითარების პროცესს, ამიტომ, ცვლილებების საჭიროებაზე კოლექტიური მსჯელობა და შეთანხმება, მხოლოდ სასარგებლო შეიძლება იყოს საზოგადოების დემოკრატიული კულტურის განვითარებისთვის.
დემოკრატიული კულტურის განვითარება ამ პირობითობის პოლიტიკის ერთგვარი მსხვერპლია. ამის დაძლევა როგორ შეიძლება, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც პირობითობის პოლიტიკას, რომელიც აქამდე ეხმარებოდა დემოკრატიზაციას, რეფორმებს, ნელ-ნელა უპირისპირდება ამ ევროპისგან დამოუკიდებელი კაპიტალი, რომელსაც სურს, რომ ერთგვარი ავტარქია შექმნას ამ ქვეყანაში. ეს არის არსებითად ახალი გამოწვევა. ჩვენ ამ გამოწვევას - პოლიტიკაში ფულზე საუბარს - ამ პრობლემის განხილვას გავურბივართ. ეს კი მაშინ, როდესაც არჩევნებია, როდესაც ხელისგულზეა კაპიტალის გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამ პირობებში კი უნდა დავსვათ კრიტიკული მნიშვნელობის კითხვა - საერთოდ შეიძლება თუ არა, ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებები არჩევნების გზით მოხდეს?!
სწორედ აქედან გამომდინარე, გენდერსა და სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხებიც ნელ-ნელა სწორედ ამ საკითხს და რეალურ გამოწვევასთან კავშირში უნდა დავინახოთ - რას ვუშვებით მსხვილ კაპიტალს პოლიტიკაში?!
ადრე ასე ვუყურებდით - თეორიულად ერთგვარი ხლეჩა ხდება ლიბერალურ ელიტებში, შემდეგ ლიბერალური ელიტის რაღაც ნაწილი კონსერვატიზმისკენ იხრება, რეაქციული ხდება, ახდენს ეკონომიკურად ჩაგრული, ღატაკი ადამიანების ანტილიბერალური სენტიმენტებით მანიპულირებას და ამ ანტილიბერალურ განწყობებს აქცევს ილიბერალურ ავტოკრატიად. თუმცა, ამაზე დაკვირვებამ ის დასკვნაც მოიტანა, რომ ასეთი ტიპის დემაგოგები, პოპულისტები, რომლებიც თავად არიან ლიბერალური ელიტის წარმომადგენლები და ახლა კონსერვატორობენ, გენდერზე შეტევასთან ერთად შეიძლება მოსახლეობას რაღაცნაირი ტიპის სოციალურ უსაფრთხოებას ჰპირდებოდნენ ან ნაწილობრივ აწვდიდნენ კიდეც, მაშინ როდესაც ლიბერალური ელიტები ტრადიციულად ამას არ ჰპირდებიან ხოლმე და „გაპარული“, ანტისოციალური სახელმწიფოს ინერციით მიდიან.
საშიში ის არის, რომ კაპიტალი კონსერვატიზმის და სუვერენიტეტის სახელით ამას ჰპირდება ადამიანებს, რომ „მე თქვენთან ვარ“, „შენ იყავი მშიერი, მე სოციალურ დახმარებებს გამოგიყოფ“ და თან „შენიანი ვარ“, - აი, ეს მექანიზმი ამოქმედდა, რომელიც არაერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში მუშაობს. ამიტომ, როდესაც ამდენი სოციალურად დაუცველი არსებობს ქვეყანაში, სიღარიბე მსხვილი კაპიტალის ბუნებრივი მოკავშირეა. ეს კი სერიოზული გამოწვევაა. იგივე „უფასო ფული“, რასაც ბიძინა ივანიშვილი დაჰპირდა საქართველოს მოსახლეობას, მართალია, არ ასრულდება, მაგრამ ჩვენ შეიძლება დავინახოთ გარანტიების გაჩენა, რაღაც ტიპის ხელშეკრულება, რასაც შეიძლება შოვინისტური და, ამავდროულად, სოციალური სახელმწიფო ვუწოდოთ, მით უმეტეს, პირობითობის პოლიტიკის შემცირებასთან ერთად, აი, ეს კი უკვე ჩიხია.
მეორე მხრივ, თუ არ არსებობს სოციალური სახელმწიფო, ან პოლიტიკური ხმა ანდა მოთხოვნა, რომელიც პოლიტიკიდან და ეკონომიკური ცხოვრებიდან გარიყულ ხალხს (რომელიც ყოველთვის არსებობს კაპიტალიზმში) რეალურ მხარდაჭერას გაუწევს, ის სხვა რამით უნდა ჩანაცვლდეს, გარიყულობით უკმაყოფილება სხვაგვარად უნდა მობილიზდეს. ამ დროს ის, რასაც ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი კონსერვატორი ჰპირდება გაუცხოებულ და უპოვარ, ღატაკ მოსახლეობას, შურისძიებაა. ეს არის ყველაზე ძლიერი ქმედითი ელემენტი, რომელიც თანამედროვე ულტრაკონსერვატიულ მოძრაობებს ასაზრდოებს.
საქართველოში, რაც უნდა ეჭვით ვუყურებდეთ ყველაფრის საბჭოთა კავშირსა და საბჭოთა მემკვიდრეობასთან დაკავშირებას, ერთი რამ უნდა ვაღიაროთ, რომ საბჭოთა გამოცდილებას, რომელიც არადემოკრატიული ცხოვრების რეჟიმი იყო, ახასიათებდა სექსუალობის კონტროლი. ჩვენ ვერ მოვახერხეთ იმის არტიკულირება, რომ როცა ვსაუბრობთ პოლიტიკურ ჰომოფობიაზე, ჩვენ ვსაუბრობთ პოტენციურად ათიათასობით ქართველზე, რომლებიც ან შანტაჟის ან მისი პოტენციური საფრთხის ქვეშ იმყოფებიან; რომ ეს არის პოლიციური სახელმწიფოს არადემოკრატიული სისტემის ერთ-ერთი ყველაზე რჩეული მექანიზმი, რომ ადამიანები გააკონტროლოს. ამიტომ გენდერისა და სექსუალობის საკითხები უბრალოდ კი არ უნდა მივაბათ მემარცხენე პოლიტიკას, არამედ უნდა აღმოვაჩინოთ ის დამაკავშირებელი ძაფები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება კონტროლს, სიღარიბეს, უპერსპექტივობას, იმას, რომ გამორიცხული ხარ მობილური და პროგრესული კლასიდან, რადგან შენთვის არ არის ეს თავისუფლებები, და მხოლოდ მათთვის არის.
ამიტომ, თუ მოიშალა ეს მექანიზმი, რომ გარედან შეჩერდეს ავტორიტარიზმი, ერთადერთი გამოსავალია, ადგილობრივმა დემოკრატიულმა ძალებმა აიღონ ის ინიციატივა, რაც უკვე დიდი ხანია ასაღები აქვს, სხვა შემთხვევაში, ეს პირობითობის პოლიტიკა ხელში შემოგვადნება და უკვე გვადნება.
ტექსტსა და ვიდეოში გამოყენებული მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისი ოფისის შეხედულებებს