ციურიხელი გოგოები: მე-19 საუკუნის ქართველი სტუდენტების კვალდაკვალ

Teaser Image Caption
Olga Guramishvili (1855-1940) and Niko Nikoladze (1843-1928)

ციურიხის უნივერსიტეტის მთავარი შენობის ფოიეში სავარძელი დგას, რომელიც ემილი კემპინ-სპირის სახელობისაა. ემილი კემპინ-სპირი პირველი ქალი იყო, რომელმაც აქ, 1883-1887 წლებში სამართალმცოდნეობა ისწავლა. ის პირველი ევროპელი ქალი გახდა, ვისაც იურისპრუდენციაში დოქოტორის ხარისხი მიენიჭა.

ემილის შესახებ მანამდე არაფერი მსმენოდა და მისი სტუდენტობის წლებმა ცოტათი გამაკვირვა. მახსოვდა, რომ ციურიხში ჯერ კიდევ 1870-იანი წლების დასაწყისში სწავლობდნენ ქართველი სტუდენტი ქალები. გადავწყვიტე უნივერსიტეტის არქივში მათი კვალი მეპოვნა და ახალი, უცნობი სახელებიც აღმომეჩინა. ამისთვის სპეციალური კატალოგები[1] შევისწავლე 1872 წლიდან მოყოლებული 1921 წლამდე, საქართველოს გასაბჭოებამდე.

პირველი ქალი სტუდენტი ციურიხის უნივერისტეტში 1866 წელს სამედიცინო ფაკულტეტზე რუსი ნადეჟდა სუსლოვა გახდა. სუსლოვას ნათქვამი სიტყვები: “მე პირველი ვარ, მაგრამ არა უკანასკნელი. ჩემს მერე აქ ათასობით ქალი ისწავლის” - გამართლდა (Verein Feministische Wissenschaft Schweiz, Ebenso Neu als Kuehn, 120 Jahre Frauenstudium an der Universitat Zurich, 1988). ციურიხში ქართველი გოგოებიც მოხვდნენ.

რუსეთის იმპერიიდან ევროპაში სტუდენტების მიგრაცია, პირველ რიგში, 1860-იანი წლებში დაწყებულმა რეფორმებმა განაპირობა, რომელიც განათლებასაც შეეხო. იმპერიული სახელმწიფოს კონტროლი უნივერსიტეტებზე შემსუბუქდა, თუმცა ქალებისთვის უმაღლესი განათლება მაინც არ გახდა ხელმისაწვდომი. ციურიხის უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა ევროპაში, რომელმაც ქალი სტუდენტებისთვის და მათ შორის უცხოელებისთვის, კარი ფართოდ გააღო. ციურიხი რუსი სტუდენტებისთვის ერთგვარ მექადაც კი იქცა 1870-იანი წლების დასაწყისში. ეთნიკური რუსების გარდა აქ ბევრი არარუსი სწავლობდა იმპერიიდან, მათ შორის ქართველებიც, რომელთა სამშობლო, გასაგები მიზეზების გამო, კატალოგებში ასეა მითითებული - თბილისი, რუსეთი  (Tiflis, Russland) ან ქუთაისი რუსეთი (Kutais, Russland).

ქალი სტუდენტები თბილისიდან სიაში 1872 წელს ჩნდებიან, როდესაც მედიცინის შესწავლას იწყებენ პელაგია ნაცვლიშვილი (Nazwaloff, Pelagie) და ბარბარა ნადეჟდინა (Nadejdin, Barbara). პელაგიამ მედიცინა ორი სემესტრი ისწავლა, ბარბარამ სამი. 1875 წლის ზაფხულის სემესტრიდან პელაგია უკვე ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტთა შორისაა, სადაც წყვეტით ორ სემესტრს სწავლობს. სამწუხაროდ, ის მალე, ციურიხშივე გარდაიცვალა ტუბერკულიოზით 1878 წელს. 1873 წელს ჩნდება და ერთი სემესტრი სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს ეკატერინე მელიქიშვილი (Melikoff, Katharina).

1873 წელს ფილოსოფიის შესწავლას იწყებენ დები ნიკოლაძეები - ეკატერინე და ოლიმპიადა. რაც შეეხება ოლღა გურამიშვილს, ის, როგორც ცნობილია, ყალბი დოკუმენტებით, მშობლებისგან მალულად გაემგზავრა ციურიხში სასწავლებლად, ამიტომ კატალოგში მისი იდენტიფიცირება შეუძლებელი გახდა. თუმცა, მრავალი წყაროთი დასტურდება, რომ გურამიშვილი ნიკოლაძეებთან ერთად ციურიხიდან 1874 წელს ჟენევაში გადავიდა. გადასვლის მიზეზი რუსეთის მთავრობის მიერ გამოცემული ბრძანებულება გახდა, რომელიც მოითხოვდა სტუდენტ ქალებს იმპერიიდან დაეტოვებინათ ციურიხის უნივერსიტეტი და უკან დაბრუნებულიყვნენ. ბრძანებულებაში მიზეზებს შორის ქალების მხრიდან მაშინდელი პოლიტიკური მოძღვრებებით გატაცების გარდა სახელდებოდა “თავისუფალი სიყვარულის” საფრთხეც[2].  აღსანიშნავია ისიც, რომ ცნობილი სტუდენტური გაერთიანება “უღელი” სწორედ  ციურიხში დაარსდა 1873 წელს და მის შექმნაში გურამიშვილმა და ნიკოლაძეებმა დიდი წვლილი შეიტანეს. “უღელის” საქმიანობა განსაკუთრებით აქტიური ჟენევაში გახდა. სტუდენტ ქალებთან ერთად გაერთიანების აქტიური წევრები იყვნენ ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, სერგეი მესხი და სხვები.

მიუხედავად ქალთა წინააღმდეგობისა, როგორც ჩანს, ბრძანებულებამ მაინც უარყოფითად იმოქმედა სტუდენტთა მიგრაციაზე, რადგან 1870-იანი წლების მეორე ნახევრიდან 1880-იანი წლების ბოლომდე  სტუდენტთა რიცხვმა რუსეთიდან საგრძნობლად იკლო. შესაბამისად, თბილისიდანაც ქალი სტუდენტი ციურიხში 1889 წლამდე არ ჩანს. 1889-92 წლებში ფილოსოფიას სწავლობს ვარდუჰი ჰაკობიანი (Hakobian, Warduhi) აღსანიშნავია, რომ ამ დროს უნივერსიტეტში იმავე ფაკულტეტზე როზა ლუქსემბურგი ირიცხება.

მოგვიანებით, 1897-1903 წლებში თბილისიდან სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტია ოლგა სუტიაგინა (Sutiagin, Olga)  ის საქართველოდან  ერთადერთია, რომელმაც სწავლის დასრულება შეძლო და შესაბამისად, ხარისხი მოიპოვა. მისი სადიპლომო ნამუშევრის სახელწოდებაა სტატისტიკური-სამედიცინო ცნობები გულის სარქველის შეძენილი დაავადებების შესახებ ციურიხის ბავშვთა საავადმყოფოში 1874-1901 წლებში ჩატარებული დაკვირვებების მიხედვით”[3].  ნაშრომი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება.

1903-1904 წლებში თბილისიდან სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტია სარა გრშებინი (Grschebin, Sara), რომელიც შემდეგ ფილოსოფიის ფაკულტეტზე გადავიდა. 1900-იანი წლების დასაწყისში რამდენიმე სემესტრით მედიცინას სწავლობენ იულია ფლორენსკი-ასათიანი (Assatiani-Florensky, Julie) და . კაპლან-პონტიატოვსკი (Kaplan-Pontjatowsky, L. Frau).

1907-1909 წლებში ფილოსოფიის ფაკულტეტზე ირიცხება ნინა ბაქრაძე (Bakradse, Nina).

რაც შეეხება, თეოლოგიის ფაკულტეტს, მისი კონსერვატიულობის გამო ქალი სტუდენტი აქ პირველად მხოლოდ 1908 წელს გამოჩნდა. 1911-1913 წლებში თბილისიდან თეოლოგიას სამი სემესტრის განმავლობაში სწავლობდა ლუდმილა  შრეიდერი (v. Schreyder Ludomila). სამართალმცოდნეობის ფაკულტეტს  ქართველი ქალი სტუდენტი არ ჰყოლია.

1915 წლიდან სიაში ქართველი სტუდენტები, მათ შორის მამაკაცები, საერთოდ აღარ ჩანან, გიორგი ფაღავას გარდა, რომელმაც აქ მედიცინა  რამდენიმე სემესტრით 1920-1922 წლებში ისწავლა.

არქივის კატალოგებში სტუდენტების ძიებაში სამი დღე გავატარე, მაგრამ დახარჯული დრო არ დამნანებია. პირიქით, პროცესი ძალიან საინტერესო იყო, თითოეული სტუდენტის აღმოჩენა კი ნამდვილი სიხარული, თუმცა იმის გააზრება, თუ რა ბედი ეწია ევროპიდან დაბრუნებულ სტუდენტებს, რომელთაც ინტელექტუალური ელიტა შექმნეს - ძალიან სევდიანი. მათი უმრავლესობა ბოლშევიკებს, მოგვიანებით კი სტალინურ რეპრესიებს ემსხვერპლა.

ციურიხში ქართველი სტუდენტების მოკლევადიანი სწავლის მიზეზები ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო. მიზეზი შეიძლება სხვადასხვა ყოფილიყო, მაგრამ, პირველ რიგში, მგონია, რომ ეს ძირითადად ეკონომიკური ფაქტორებით იყო განპირობებული. სწავლა ფასიანი იყო, სტუდენტს მაშინ ძირითადად ოჯახი ან  მეცენატი აფინანსებდა. საქართველო არ ყოფილა მდიდარი ქვეყანა, პირველმა მსოფლიო ომმა და ეკონომიკურმა კრიზისმა ქართველ სტუდენტთა მიგრაციაზე კი უფრო მეტად იქონია უარყოფითი ზეგავლენა. იყო დაბრკოლებები სახელმწიფოს მხრიდანაც, რომელიც დიდხანს  არ ცნობდა, მაგალითად, ციურიხში აღებულ დიპლომს. ქალი სტუდენტების შემთხვევაში კი დარწმუნებულო ვარ,  დამატებითი ხილული თუ უხილავი ბარიერები იმოქმედებდა, რომელიც ჩემს პატივისცემას მე-19 საუკუნის სტუდენტი გოგოების მიმართ კიდევ უფრო ზრდის. სხვა თუ არაფერი, ძალიან მამაცი უნდა იყო, რომ 1872 წელს 17 წლის ასაკში თბილისიდან ციურიხში სასწავლებლად მალულად, ყალბი საბუთებით გაიპარო, როგორც ეს ოლღა გურამიშვილმა გააკეთა.

 

შენიშვნები:

[1] Verziechniss der Behoerden, Lehrer, Anstalten und Studirenden der Hochschule Zurich.

[2] ხომერიკი, ჯავახიშვილი, ქალთა საზოგადოებრივი საქმიანობა საქართველოში: მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი და მე-20 საუკუნის დასაწყისი, 2005.

[3] Statistisch-klinische Mitteilungen über erworbene Herzklappenaffektionen nach Beobachtungen im Zürcher Kinderspital in den Jahren 1874-1901.