1875-193? / საზოგადო მოღვაწე
1902 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტის შემდეგ, ორგანიზაციამ „რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბათუმის კომიტეტის სოხუმის ჯგუფი” (რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო ელეონორა) რეალურად ხელში აიღო ქალაქ სოხუმის მმართველობა და ჩაანაცვლა მეფის ხელისუფლების თითქმის ყველა სტრუქტურა. ამის გამო 1908 წელს პირველად დააპატიმრეს. 1917 წლამდე კიდევ სამჯერ იყო დაპატიმრებული.
1918 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. 1921 წლიდან, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩართული იყო არალეგალურ, ანტი-საბჭოთა მოძრაობაში. 1924 წლის აჯანყების შემდეგ აქტიურობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური ორგანიზაციების აღდგენის პროცესში. 1925 წელს აირჩიეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური ცეკას შემადგენლობაში.
საქართველოს სსრ-ს საგანგებო კომისიამ 1926 წელს დააპატიმრა და ამიერკავკასიის ფარგლებიდან გაასახლა. გადასახლებიდან დაბრუნდა 30-იან წლებში; ეწეოდა კერძო პედაგოგიურ საქმიანობას. გარდაცვალების თარიღი უცნობია.