1885-1937 / საზოგადო მოღვაწე
1904 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; მუშაობდა გურიაში გლეხებს შორის. 1905 წელს, სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების დაწყების შემდეგ, მიემხრო „მენშევიკებს”.
1917 წლის 20 მარტს ლიზა ნაკაშიძე აირჩიეს „გურიის ქალთა საზოგადოების” თავმჯდომარედ.
1918 წლის მარტში იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. იყო შრომის კომისიის წევრი.
1921 წლიდან, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩაბმული იყო ანტი-საბჭოთა მოძრაობაში, რის გამოც დააპატიმრეს 1923 წელს. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ განაგრძო ანტი-საბჭოთა მოღვაწეობა, რის შემდეგაც ხელახლა დააპატიმრეს და კვლავ გადაასახლეს. 1937 წელს კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ბრალდებით დახვრიტეს კრასნოიარსკში. რეაბილიტირებულია 1956 წელს.