1924-2008 / პოეტი
1946 წელს წარმატება მოჰყვა მის პირველსავე პოეტურ პუბლიკაციას გაზეთში “ლიტერატურა და ხელოვნება”. იმავე წელს, გაიმართა 22 წლის ანა კალანდაძის ლექსების კითხვის საღამო, რასაც მოჰყვა ანას საყოველთაო აღიარება სამწერლობო წრეებში. თუმცა, მისი პირველი პოეტური კრებულის გამოცემა მხოლოდ 1953 წელს გახდა შესაძლებელი.
წარმატებასთან ერთად მის გამოჩენას კრიტიკაც არ დაჰკლებია, მას „ფორმალიზმში, უიდეობასა და აპოლიტიკურობაში” ამხელდნენ. შესაბამისად, პირველ კრებულში ცენზურის გამო მრავალი ლექსი ვერ მოხვდა. შემდგომი პოეტური კრებულები გამოიცა 1957, 1960, 1967, 1976 წლებში. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ ენებზე. მიუხედავად სირთულეებისა, მან სწრაფად მოახერხა საერთო სახალხო აღიარების მოპოვება, მის ლექსებზე დაიწერა მრავალი სიმღერა.
ანა კალანდაძე დღემდე მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართველ პოეტად რჩება, ლაურეატია რუსთაველის და გალაკტიონ ტაბიძის პრემიების. 2006 წელს პოეტს ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა პრემია “საბა”.