ფემინისტი იმის გამო არ გავმხდარვარ, რომ ქალების უუფლებობამ შემაწუხა. შეიძლება ეს ლამაზად არ ჟღერდეს, მაგრამ დღეს უკვე კანონზომიერი მეჩვენება: ფემინისტობა საკუთარ თავზე ზრუნვით დავიწყე. კაცებმა პირველ რიგში ის უნდა გავარკვიოთ, სტერეოტიპული შეხედულებები კაცობა-ქალობაზე თავად ჩვენზე როგორ ზემოქმედებს.
ქალების მიმართ ძალადობა მხოლოდ ქალებს არ ეხებათ და ამასთან ბრძოლა კაცების მოვალეობაცაა; მაგრამ ამ საქმეში კაცებმა აუცილებლად უნდა დავთმოთ პოზა, თითქოს საქველმოქმედო აქციაში ვმონაწილეობდეთ: ყოველი მოქნეული მუშტის უკან დასტრესილი, ბაშვობიდანვე აკრძალვებში გახლართული და დაძაბული „ნამდვილი კაცობა“ დგას, და კაცობის ასეთი გაგება არსად გამქრალა, მეტიც: ოდნავაც არ შეცვლილა.
იმის თქმა, რომ ნამდვილი კაცი ქალს არ ურტყამს, კარგია, მაგრამ იმის არ-თქმა, რომ იგივე კაცური სტანდარტებით ქალს ხშირად „ადგილი უნდა მიუჩინო“, არაგულწრფელობაა. რაღაც სიტუაციებში ქალზე თუ არ ვძალადობთ, დაგვცინიან, და ამ დაცინვის ძალიან ძალიან გვეშინია.
„მიხედე, ძმა ხარ!“
„რამდენს გიბედავს, კაცი არ ხარ?!“
„ქალს არ აყვე!“
ქალმა ზედმეტი არ უნდა გაგიბედოს, ზედმეტი ინიციატივა არ უნდა გამოიჩინოს, შენსავით არ უნდა გაილეშოს, კაცს ისე არ უნდა შეხედოს როგორც შენ შეხედავ სხვა ქალს, თორემ...
ამ „თორემ“-ს - ძალადობის მაინც დაშვებას - მხოლოდ მაშინ მოვსპობთ, როცა საკუთარ, კაცურ სამყაროს გავიგებთ.
მუდმივად იმის დამტკიცებას ვცდილობთ, რომ სუსტები არ ვართ, [ქალზე] ძლიერები და ამიტომ - მათზე აღმატებულები ვართ. სანამ კაცობის მთელი შინაარსი „არა-ქალურობაა“, მისი ბოლო გაჩერება ყოველთვის სუსტად ან ძლიერად გამოხატული ქალთმოძულეობა იქნება.
ამიტომ, ქალებისადმი ძალადობასთან ბრძოლა „სუსტი არსების დაცვის“ მოძველებული ლოგიკით ვეღარ გაგრძელდება. დავიწყოთ საკუთარი სისუსტეებით; მაგალითად, იმით, რომ ჩვენ საშინლად გვეშინია საკუთარი ემოციების.
პირველად კაცები მაშინ გავხდით, როცა ემოცია აგვიკრძალეს. ემოცია, აგრესიის გარდა, სისუსტედ მიიჩნევა, სისუსტე კი მხოლოდ ქალების უნდა იყოს. ამიტომ, ბავშობიდანვე, არ უნდა გვეტირა, არ უნდა შეგვშინებოდა, არ უნდა მოგვრიდებოდა. ქცევის ასეთი მოდელებით ვერ ყალიბდება ადამიანი, რომელსაც საკუთარი გრძნობების - მათ შორის სისუსტეების, შიშების ესმის, და მათ მართვას ახერხებს; ამ პრინციპებით მხოლოდ უარესად შეშინებული ადამიანი ყალიბდება. „ნამდვილი კაცობა“ ყოველთვის სადღაც წინ და მაღლა არსებული იდეალია, რომელსაც ვერასდროს აღწევ, და ამის გამო მუდმივად შფოთავ.
სწორედ ამიტომაა დღეს საქართველოში ატეხილი ერთი დიდი გენდერული პანიკა. მაგალითად, რაზეც არ უნდა დაველაპარაკო 35-55 წლის მამაკაცს (ვთქვათ, ვალუტის კურსის ვარდნაზე, ან ვერის ხეობის დატბორვაზე), საუბარი ხშირად ერთი აკვიატებისკენ მიდის: „ქალი ქალს აღარ ჰგავს, კაცი - კაცს“. მიკვირს ხოლმე - რა შუაშია?
ეტყობა, შუაშია. როგორც ჩანს, რაღაც იცვლება, წყალი იმღვრევა: როდესაც დები, ბებიები, დედები, ცოლები, მეგობრები, თანამშრომლები მობილიზდებიან და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას იწყებენ, ისინი ჩვენს, კაცების გარემოსაც გარდაქმნიან; ზუსტად ამიტომაც, ფემინისტურ საქმეში უბრალოდ „კარგი ტიპები“ და მხარდამჭერები ვერ ვიქნებით; ფემინიზმი უშუალოდ უკავშირდება მამაკაცური პრივილეგიების დაკარგვას, ამისთვის კი ხშირად საერთოდ არ ვართ მზად; როცა ფემინიზმი კაცამდე მოდის, გაღიზიანებულებს ისღა დაგვრჩენია, „ფემინიზმის შეცდომებზე“ ვისაუბროთ (სულაც ყველაფერზე, საკუთარი პრივილეგიების გარდა).
თითქმის ყველა კაცი, ვინც ქართულ ფემინიზმს დაბალ ნიშანს უწერს, უსქესო ანგელოზივით საუბრობს - თითქოს კაცზე მორგებულ სამყაროს არ ეკუთვნოდეს. ამრიგად, ფემინიზმის „ქალურ საკითხებად“ აღქმა კომფორტული მამაკაცური ილუზიაა - ის პირველ რიგში ქალის ჩაგვრას უკავშირდება, მაგრამ ყველა უნდა შეეხოს, „წყალი ყველას აუმღვრიოს“ - მათ შორის კაცურ, პრივილეგირებულ სივრცეებს, სადაც ხშირად კაციც ვერ გრძნობს თავს ადამიანად.
კაცებმა ყურადღება უნდა მივაქციოთ საკუთარ ყოველდღიურობას. ეს რთული იმიტომაა, რომ ყველას წვრილმანი გვგონია. არა და, ომს ჯერ პირად სივრცეებში იგებენ, შემდეგ - ქუჩაში ან კანონპროექტებში.