საჯარო სივრცეები - ქუჩები, სკვერები თუ სხვადასხვა შენობები - ინახავს და გადმოსცემს იმ მეხსიერებას, რომელიც ქალაქის ისტორიას ქმნის. თბილისში, როგორც მსოფლიო ქალაქების უმეტესობაში, ძალიან ცოტაა ისეთი ადგილი, რომელიც ქალის სახელს ატარებს ან ქალთა ისტორიასთანაა დაკავშირებული. ეს ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებაში ქალების მიერ შეტანილი წვლილის დავიწყებას და მათი მიღწევების წაშლას კოლექტიური მეხსიერებიდან. სტატია წარმოგიდგენთ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ქალებს, რომლებიც წამყვან ძალას წარმოადგენდნენ, თუმცა არც ერთი მათგანი არ არის ნახსენები ამ მონუმენტზე. ტექსტი დაწერილია ფემინისტური ტურის ფარგლებში, რომელიც 2016 წლის გაზაფხულზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ინიციატივით დაიგეგმა.
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მონუმენტი სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე (საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიმდებარედ)
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, 19-ე საუკუნის უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ორგანიზაცია, 1879 წლის 15 მაისს დაარსდა. ამ დღეს ჩატარდა საზოგადოების პირველი სხდომა ანუ მეინახეობა და აირჩიეს გამგეობის წევრები: ილია ჭავჭავაძე, ნიკო ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი და რაფიელ ერისთავი. საზოგადოების თავმჯდომარე კი დიმიტრი ყიფიანი გახდა.
70-იანი წლების დასაწყისში, საზოგადოების დაფუძნებისათვის ნიადაგი იმ პერიოდში მოღვაწე მამაკაცებთან ერთად იმ ქალებმაც მოამზადეს, რომელთაც რუსეთის იმპერიის მიერ დაარსებული გიმნაზიები დაამთავრეს და გააცნობიერეს ქართული სკოლების დაფუძნების აუცილებლობა. 1874 წელს ანა ღოღობერიძე-მუსხელიშვილმა ახალციხეში დაარსა ქალთა სკოლა, ხოლო მარიამ მამაცაშვილმა სოფელ ხოვლეში.
რუსეთის იმპერიის მოხელეთა რუსიფიკაციის პოლიტიკასთან დაპირისპირება ადვილი საქმე არ იყო და ამ გზაზე ქალები განსაკუთრებული გამბედაობით გამოირჩეოდნენ. ნინო ყიფიანის მოგონება საინტერესოდ აღწერს ამ პერიოდს:
„...თვით-მპყრობელი რუსეთის გადაწყვეტილებით, რომ საქართველო გაერუსებინა, ერთად ერთგულად და სიამოვნების ნერწყვის ყლაპვით ასრულებდნენ მისი მოხელეები, ვოსტორგოვ-იანოვსკები და სხვები და აი ეს გარუსება-გადაგვარება სასწავლებლიდან დაიწყეს.
ქართული ენა ძაღლის ენად მონათლეს და მასზე ლაპარაკი აკრძალეს.
ვინც ქართულად დაილაპარაკებდა, იმას გულზე წითელ ფირფიტას ჩამოჰკიდებდნენ, ზედ რომ ძაღლის ენა იყო გამოხატული.
მოწაფის ხელში რომ ქართული გაზეთი დაენახათ, მასწავლებელი ხელიდან გამოჰგლეჯდა: მაგ სისულელის კითხვით თავს ნუ ილაყებო (не набивай себе голову) და რამდენი ამისთანა უბადრუკობა იყო ქართული ენის გარშემო, ამას განა ვინ მოსთვლის!
მოსაჩვენებლად დაუთმეს ქართულ ენას მეექვსე გაკვეთილი, რომ ხუთი გაკვეთილით მოქანცული ბავშვის ტვინს ქართულისა ვეღარ შეესმინა და ისიც თავს არ იცხელებდა ამისათვის, რადგან მშობლიური ენის უცოდინარობა მას კლასიდან კლასში გადასვლას სრულებითაც არ უშლიდა. პირიქით, იყო ისეთი მაგალითებიც, როდესაც თვით მშობელი სთხოვდა სასწავლებლის გამგეთ, ჩემს შვილს ქართულად ნუ ასწავლით, გაკვეთილებს ვერ ასწრებსო და იმათაც ხომ ეს უნდოდათ.
თუმცა ყოფილა ისეთი მაგალითებიც, რომ მოწაფეებს განუცხადებიათ პროტესტი ენის ასეთი დევნისათვის, რაც იმ დროს იმათ დიდ გმირობად უნდა ჩასთვლოდათ.
ხშირად გამიგონია ერთ ასეთს შემთხვევაზე ჩემს ოჯახში: ქალების დახურულ „ზავედენიაში“ ჩვეულებრივი ბალი ჰქონიათ. ბალს დასწრებია რომელიღაც დიდი მოხელე. მოწაფეთა შორის ძალიან მოსწონებია უკვე შეღერებული მართლა ძალიან ლამაზი მოწაფე ბაბო ხერხეულიძე, შემდეგში არტისტი-ქალი ავალიშვილისა და მასთან მუსაიფი გაუმართავს. ბაბოს უსარგებლია ამით და გულ-მტკივნეულად გადაუშლია მისთვის ყველაფერი ქართული ენის დევნის შესახებ.
ამაზე ვითომ დიდად აღშფოთებულ მოხელეს სიტყვა მიუცია, ამას იქით ეგ აღარ იქნებაო. მაგრამ არამც თუ ენის შესახებ ისევ ისე დარჩა დევნა, თვით ბაბოს განდევნაც მოინდომეს სასწავლებლიდან იმის საქციელით გაბრაზებულმა უფროსებმა და მშობლებმა ძლივს გადაარჩინეს.
და განა მარტო სასწავლებლიდან იყო ქართული ენა დევნილი. ის იდევნებოდა ყოველი დაწესებულებიდან, რომლებითაც ავსებდნენ თვითმპყრობელი რუსეთიდან მივლინებული, მეტ-ნაწილად ლოთი მექრთამე მოხელეები....“ [1]
1880 წლიდან მოყოლებული, საზოგადოების წევრები გახდნენ ანასტასია თუმანიშვილი, ეკატერინე გაბაშვილი, ეკატერინე მელიქიშვილი, ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძე, მარიამ დემურია, დესპინე გელოვანი, მარჯორი უოდროპი, ელისაბედ საგინაშვილი, ნინო და მარიამ ორბელიანები, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე, ეკატერინე გურამიშვილი-სტაროსელსკი, ქეთევან ჟურული, ანა სოლოღაშვილი, ნინო ნაკაშიძე, ბაბილინა ხოსიტაშვილი და სხვები. დიდი ინტერესით ჩაერთნენ რეგიონული განყოფილებების და სამკითხველოების გახსნის, სახელმძღვანელოების შექმნის და მასწავლებელთა მომზადების საქმეში და ძალისხმევას არ იშურებდნენ საიმისოდ, რომ განათლება ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველა წოდების წარმომადგენელი ვაჟებისა და გოგონებისთვის. თუმცა, საზოგადოების მესვეურ მამაკაცთაგან ამ თემით დაინტერესებას ვერ ხედავდნენ. სწორედ ამიტომ საყვედურობს მათ ეკატერინე გაბაშვილი:
„... მე გამაკვირვა მხოლოდ იმან, რომ თორმეტიდან დაწყებული თითქმის ხუთ საათამდე იყო ცხარე ბაასი საზოგადოების ფულის მოხმარებაზედ წერა-კითხვის გავრცელებისათვის და არავის იმაზედ ხმა არ ამოუღია, ეს ღვაწლი მარტო ვაჟების სასწავლებლებს და იმათ განათლებას უნდა ეკუთვნოდეს, თუ ქალებსაც უნდა ჰქონდეთ რამე მონაწილეობა.
მართლაც გასაკვირია, როგორ ერთს ან საზოგადოების წევრს ან საზოგადოების მმართველებს ფიქრადაც არ მოუვიდათ ქალების ბედის გახსენებაც. განა ცუდი იქნებოდა, როგორც ბათუმისა და თბილისის შკოლებზე ლაპარაკობენ, ესეც გადაეწყვიტნათ, რომ ყველა შკოლა საქალ-ვაჟო ყოფილიყო?
მართალია, ჩვენს სასოფლო შკოლებში ქალებიც სწავლობენ, მაგრამ ეს სრულიად მასწავლებელზეა დამოკიდებული. თუ სურვილი აქვთ, ქალებსაც ასწავლიან, თუ არა და არა. რათ არის ასე? რატომ ყველა შკოლა ვალდებული არაა ერთნაირათ მიიღოს მსურველნი ვაჟებიცა და ქალებიცა? რატომ პედაგოგიურ კურსებზე ქალებიც არ უნდა იყვნენ მიღებულნი? განა ჩვენში ცოტა ქალები არიან, რომლებიც სიამოვნებით იკისრებენ სასოფლო შკოლების მასწავლებლობას, ამ საქმისთვის სპეციალური მომზადება რომ ჰქონდეთ. განა არ მოგეხსენებათ, რომ ევროპაში და მომეტებულად ამერიკაში საუკეთესო და მომეტებული რიცხვი მასწავლებლებისა ქალები არიან? რატომ ჩვენ არ უნდა გამოვცადოთ? თქვენ თვითონვე არ ამბობთ – ჩვენს კაცებში იშვიათათ იპოვნით რიგიანს მასწავლებელსო? ნუთუ ჩვენი წერა-კითხვის საზოგადოება უადგილოთა სახავს ქალების განათლების საერთო სიკეთისათვის საქართველოში? მე კი ჩემის აზრით, ქალებისთვის უფრო საჭიროდ ვხედავ ქართულის ენის ცოდნას, იმიტომ, რომ ქალი არის პირველი მასწავლებელი შვილებისა. ყმაწვილს თუ ბავშვობიდანვე სიყვარული არა აქვს სწავლისა და თავის დედა ენისა, ის შემდეგშიაც ძნელად შეითვისებს იმას, და თუ ჩვენმა წერა-კითხვის საზოგადოებამ ქართველი ქალების აღზრდა ინსტიტუტსა და ზავედენიებს მიანება, სადაც ქალებს სრულიად არა აქვთ ღონის-ძიება, პრაქტიკის უქონლობის გამო, ქართული ენის შესწავლისა, იმასაც ჩქარა მოვესწრებით, რომ ჩვენ ბავშვებს, დიდების მოწყალებით, სასირცხვილოდ მიაჩნდებათ თავის დედა-ენაზედ ლაპარაკი. ამის მაგალითები ახლაც ბევრია ჩვენში. ამაზედ ბევრი დამემოწმება.
წარსულის კვირის კრებაში ვიყავით რამდენიმე ქალი და ვერც ერთმა ჩვენთაგანმა ვერ მოვახერხეთ ხმის ამოღება ქალების გამოსასარჩლებლად. რატომ? იმიტომ, რომ შევკრთით, ვერ გავბედეთ ხმამაღლა გამოგვეთქვა ჩვენი აზრი, არა ვართ ქალები შეჩვეული საზოგადო საქმეებში მონაწილეობის მიღებას.
იმედი გვაქვს, საქართველოს წერა-კითხვის საზოგადოება მიიღებს მხედველობაში ამ აზრს და შემდეგისთვის მისცემს ღონის-ძიებას ქართველ ქალებს თავის დედა-ენის შესწავლისას. ვგონებთ, საქმითაც მალე გამოჩნდეს, რომ ეს საზოგადოების ზრუნვა უსარგებლოთ არ ჩაივლის.“ [2]
მიუხედავად სიტყვიერი მხარდაჭერისა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები აღუთქვამდნენ ქალებს, ეს დახმარება ძალიან იგვიანებდა. ამან მისცა ბიძგი ქალების ძალთა კონსოლიდაციას. ეკატერინე გაბაშვილმა 1897 წელს დააფუძნა „ქალთა სახელოსნო სკოლა“, მოგვიანებით კი – დომინიკა ერისთავის „თბილისის ქალთა საზოგადოება“, ანასტასია ერისთავის საზოგადოება „მანდილოსანი“, ქალთა წრეები ქუთაისში, ხონში, ფოთში, თელავში და , ქალთა კომიტეტები სათავადაზნაურო სკოლებთან.
1900 წლიდან საზოგადოება იწყებს რეგიონული განყოფილებების გახსნას. ხუთ მათგანს ქალი ხელმძღვანელობს. ესენია:
გუდაუთა – მარიამ საბაშვილი;
ერევანი – თამარ ციციშვილი-ვაჩნაძე;
სენაკი – ოლღა ხოფერია;
სოხუმი – მარიამ დადიანი-ანჩაბაძე;
ყვირილა – ბარბარე მაჭავარიანი-წერეთელი.
ქალები ასევე ჩნდებიან იმ პერიოდში გამოცემულ ჟურნალ-გაზეთებში: „ივერია“, „დროება“, „კვალი“, „ცისკარი“, „ჯეჯილი“, „ნაკადული“, „მნათობი“, „ცნობის ფურცელი“ , სადაც აქვეყნებენ საკუთარ ნაწარმოებებს და ერთვებიან განათლებასთან, განმანათლებლურ იდეებთან დაკავშირებულ დისკუსიებში.
მიუხედავად ამ დიდი დამსახურებისა და საგანმანათლებლო მოძრაობაში შეტანილი წვლილისა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისადმი მიძღვნილ მონუმენტზე არცერთი ქალი არ არის.