► სტატია დაწერილია სპეციალურად პროექტისთვის: "იკითხე პოლიტიკა".
საქართველოში არაფორმალურ ფემინისტურ აქტივიზმს დიდი ისტორია არ აქვს, თუმცა იმ მცირერიცხოვან ჯგუფებს შორისაც საერთო საკითხების ირგვლივ გაერთიანება და სოლიდარობის გამოვლენა გართულებულია. ჩვენი მიზანი იყო გვეჩვენებინა როგორ უყურებენ საქართველოში მოქმედი ფემინისტური ჯგუფები საქართველოს ფემინისტურ დღის წესრიგში წამოჭრილ საკითებს. ვინაიდან თემები ძალიან ფართოა, რთული იყო მათი თითო კითხვამდე/საკითხამდე დავიწროება, მაგრამ ეს ინტერვიუ გარკვეულ მცდელობას წარმოადგენს გავიგოთ ჯგუფებს შორის განსხვავებების, დაპირისპირებების და დაძაბულობის მიზეზები, რომელიც კონსოლიდაციას და სოლიდარობას უშლის ხელს. ამისთვის შევარჩიეთ: ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი (ფდჯ), ქალთა მოძრაობა, ქალთა მზერა და ახალგაზრდა მწვანეები -ეს ის ჯგუფებია, რომელიც არაფორმალურ აქტივიზმში აქტიურად არიან ჩართული, გაცხადებულად ფემინისტებად პოზიციონირებენ. პროექტის ,,იკითხე პოლიტიკა” ფარგლებში ფემინისტური სოლიდარობის, გენდერული კვოტების, ინტერსექციულობის, ლბტ და სექს-სამუშაოს საკითხების შესახებ ვთხოვეთ ჯგუფის პოზიციების დაფიქსირება.
როგორ გესმით ფემინისტური სოლიდარობა ?
ფდჯ: როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე ვუცხადებთ სოლიდარობას იმ ჯგუფებს, კამპანიებს თუ ორგანიზაციებს, ვის პოლიტიკასაც ვეთანხმებით. მაგალითად, ბოლოს პოლონეთში აბორტის სრული აკრძალვის წინააღმდეგ გამოსულ ფემინისტებს დავუჭირეთ მხარი. საქართველოში მაღაროელების, პანორამას წინააღმდეგ აქციას შევუერთდით, წელს რუსთავის აზოტის ქარხნის, ფრესკოს და ბიბლუსის გათავისუფლებული თანამშრომლების მიმართაც გამოვხატეთ სოლიდარობა. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია გვერდში დავუდგეთ ისეთ კამპანიებს, მოძრაობებს, რომლებიც მარგინალიზებული ჯგუფების პოზიციებს წარმოადგენს და ასევე გავაჟღეროთ, რომ ქალების პრობლემები განსაკუთრებულია. თუმცა, ჩვენი ჯგუფის მიმართ სოლიდარობის აშკარა გამოხატვა ჯერ-ჯერობით არ ხდება, რაც ალბათ კიდევ უფრო ამყარებს იმ მოცემულობას, რომ ქალთა საჭიროებების დანახვა გაცილებით უჭირს საზოგადოებას სხვა ჯგუფების საჭიროებებისგან განსხვავებით. ჩვენ ისეთი საკითხები გვაქვს, რომ ზოგი ჯგუფი დისტანცირებას ამჯობინებს, რაც ზოგჯერ გვესმის და ზოჯერ არა. ისიც კარგია, რომ ჩვენი მისვლა სხვა აქციებზე სოლიდარობის მიზნით მისაღებია და მოსაწონი, და სოლიდარობის ეს ფორმა მათში არ იწვევს აგრესიას (იმ დონეზე რომ გამოგვაგდონ აქციიდან), მაგრამ ჩვენთან არ მოდიან, რაც სხავდასხვა აქტივისტ ჯგუფებს შორის სოლიდარობის სიმპტომატური გამოხატულებაა და არა იდეოლოგიური.
ქალთა მოძრაობა: რომც არ ვმუშაობდეთ იმ თემაზე, სოლიდარობას ვუცხადებთ თუ ჯგუფისგან ინიციატივა მოდის ან/და ქალთა საკითხები წამოწეულია ცალსახად. მაგალითად, ლბტ ქალების და მუშების საკითხების მიმართ გამოვხატავთ სოლიდარობას. იდეოლოგიურ სხვაობაზე არ დაგვყავს სოლიდარობის საკითხი, მთავარია კონკრეტულ კამპანიას და საკითხს ვეთანხმებოდეთ. ქალების გარდა, ყველა მარგინალური ჯგუფის უფლება არის მნიშვნელოვანი ფემინისტური დღის წესრიგისთვის. მაგრამ თუ რომელიმე ჯგუფის/საკითხის შიგნით ვერ ვერკვევით რა ხდება, მაგალითად, როგორც სტუდენტების აქციების დროს იყო 2016 წლის მარტში - გარედან ჩანდა, რომ რამდენიმე სტუდენტური ჯგუფი უპირისპირდებოდა ერთმანეთს და ცალსახად ფემინისტური თემა არ იყო, ამ დროს ვერ ვთანხმდებით ქალთა მოძრაობაში და არ ვუერთდებით, როგორც ჯგუფი.
ქალთა მზერა: სოლიდარობა მთავარი იარაღია საკითხების გასატანად და არა მარტო ფემინისტებს შორის, სხვა ჯგუფებიც მნიშვნელოვანია. იგივე მწვანეები, მუშები... აქციებს ვუერთდებით თუ მეთოდებს და იდეას ვემხრობით. სტუდენტურ ჯგუფებს და მუშებს ყოველთვის ვუჭერთ მხარს. ფემინისტურ დისკურსში შესვლას უფრო ახლა ვცდილობთ და გვინდა ამ ჯგუფებთან, რომელსაც რაღაცეებში არ ვეთანხმებით, დიალოგის რეჟიმში კომპრომისულად მოვარგოთ იდეოლოგიები. ასევე ვუერთდებით იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფში არის პოტიანციალი და ბევრ ქალს ეხება საკითხი. ისეთ რამეს, რაც მხოლოდ ქალების რაღაც ელიტისთვის არის მნიშნელოვანი, არ შევუერთდებით.
ახალგაზრდა მწვანეები: ჩვენი ერთ-ერთი ამოსავალი წერტილია სოლიდარობა. განსხვავებების მიუხედავად ყოველთვის ვართ სოლიდარული ფემინისტური ჯგუფების მიმართ. რაც აქცია ჩატარებულა, მაშინაც, როცა ჩვენს ხედვებს და სტრატეგიებს არ ემთხვეოდა, თუ ორგანიზებაში არ მიგვიღია მონაწილეობა, ორგანიზაცია საჯარო სოლიდარობას მაინც უცხადებდა. ბევრი აქცია შეიძლება მოვიყვანოთ ამის მაგალითად - თითქმის ყველა ფემინისტურ აქციას ვუცხადებდით სოლიდარობას. თუმცა ისეთ პოლიტიკოს ქალებს, ვინც ღიად ფემინისტურ პოლიტიკას არ ატარებს, მხოლოდ ქალობის გამო არ დავუჭერთ მხარს.
სოლიდარობა ძირითადად განიხილება საკითხებსა და კონკრეტულ მოვლენებზე მიბმულად, რომელიც რაიმე ცხად კანონზომიერებას არ ემორჩილება. შესაბამისად, ძნელია წინასწარმეტყველება და განსაზღვრა კონკრეტულად რომელი საკითხების და ჯგუფების მხარდაჭერას ანიჭებენ პრინციპულ მნიშვნელობას. ყველა საუბრობს სოლიდარობის ნაკლებობაზე, და სხვადასხვა ჯგუფების მიერ რიგი საკითხების უგულებელყოფაზე, მათ შორის სხვა ფემინისტური ჯგუფების მხრიდან.
რამდენად ინტერსექციურია თქვენი პოლიტიკა?
ფდჯ: ჩვენ მუშაობისას ინტერსექციულ მიდგომას ვიყენებთ, რადგან ძალიან გადაჯაჭვულია ლგბტ, შრომითი, ქალთა და ა.შ. უფლებები. ის თემები, რომლებზეც ყურადღებას ვამახვილებთ ყველა ფენას ეხება, მაგალითად, აბორტის საკითხი. თუმცა ის აქციები, რომლებსაც შევუერთდით, აზოტის მუშები და ა.შ. მუშათა კლასის მხარდაჭერა იყო. ამ აქციებში ჩვენთვის მნიშვნელოვანი მუშა ქალების მხარდაჭერაა. ასე გაყოფილად არ გვაქვს სტრატეგიები, რადგან რეაქციული ჯგუფია, მაგრამ ხედვის დონეზე ყოველთვის ვითვალისწინებთ.
ქალთა მოძრაობა: ინტერსექციურობის ერთ-ერთი მაგალითი იყო 2016 წლის მარტი, როცა კვოტების თემაზე გავაჟღერეთ სხვადასხვა იდენტობების და გამოცდილებების მქონე ქალების ხმა, სადაც იყვნენ: ლესბოსელი ქალი, მარტოხელა დედა, ყოფილი ნარკოდამოკიდებული, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები... ყველა ჩაგრული ქალი ვერ იყო იმ დღეს იქ, ბუნებრივია, მაგრამ მცდელობა იყო გვეჩვენებინა, რომ ქალები შეიძლება განვსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ ჩვენი გენდერის გამო ბევრი საერთო გამოცდილების და გამოწვევის წინაშე ვდგებით. ახლა ვცდილობთ კლასის და შრომის საკითხების საზოგადობრივ დისკურსში აქტიურად შემოტანის და ადვოკატირების თემებზე ვიმუშაოთ. ჯერ ისევ ახალი ჯგუფია და ბევრი იდეოლოგიური საკითხი, მაინც, გაურკვეველია. უფრო თემების და კამპანიების ირგვლივ მიდის მსჯელობა, ვიდრე ერთიანი იდეოლოგიური პლატფორმის.
ქალთა მზერა: ყველა ჯგუფთან ვდგავართ იმის მიუხედავად, არქმევს თუ არა თავს ფემინისტურს. საკვანძოა, რომ ზუსტად ისეთ ჯგუფებს დავუჭიროთ მხარი, რომელსაც სხვები ყურადღებას არ აქცევენ: როგორიცაა გარემოვაჭრეები ან ბავშვთა სამყაროს დაწვით დაზარალებული ადამიანები, რომელთა უმრავლესობაც ქალია. ამ ეტაპზე უფრო ტრანს ინკლუზიურები გვინდა გავხდეთ. რადგან მემარცხენე ჯგუფი ვართ, კლასის და გენდერის „ქორწინების“ თემა ყველაზე მნიშნელოვანია, თუმცა პოპულისტურად და კონსერვატიულად არ ვუყურებთ და სიტყვაზე იმის გამო, რომ მუშების მხარდაჭერა არ დავკარგოთ, ლგბტ საკითხებს გვერდს არ ავუქცევთ.
ახალგაზრდა მწვანეები: ინტერსექციული ფემინიზმი არის იმ სახის პოლიტიკა, რაზეც დგას ჩვენი ორგანიზაცია. ვინაიდან მწვანე პოლიტიკა მოიცავს ძალიან ბევრ საკითხს და უპირისპირდება ყველა სახის ჩაგვრას: კლასის, გენდერის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნების მიხედვით. როცა რაიმე საკითხზე ვსაუბრობთ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ ჩაგვრების თანაკვეთას, მაგალითად, როცა ლესბოსელ ქალზე ვსაუბრობთ ვამახვილებთ ყურადღებას მის სოციალურ მგომარეობაზე. პოლიტიკურ პლატფორმაშიც გვიდევს კლასობრივ უთანასწორობასთან დაპირისპირება. თუმცა კლასიკურ „მუშა“ და „ბურჟუა“ დაყოფას არ ვიღებთ და სხვა ჩაგვრებთან მიმართებაში განვიხილავთ.
ინტერსექციურობას ჯგუფები ძირითადად განიხილავენ როგორც გასათვალისწინებელ ფაქტორს პოლიტიკის წარმოებისას, კონკრეტული პრაქტიკური მაგალითები ნაკლებად გვხვდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა თვითონ ჯგუფის რაიმე ინიციატივას ემსახურება სხვა მარგინალიზებული ქალების ხმის გაჟღერება. იდეოლოგიური პოზიციები სხვადასხვა ჯგუფებთან მიმართებაში ნაკლებადაა წარმოჩენილი, ძირითადი აქცენტი კეთდება ლბტ და კლასობრივ საკითხებზე, სხვა უმცირესობების წარმომადგენელი ქალების პრობლემები ნაკლებ გვხვდება. როგორც სოლიდარობის შემთხვევაში, ისე ინტერსექციურობასთან მიმართებაში ჯგუფების პოლიტიკა საკითხებზეა მიბმულია და აკლია სისტემური მიდგომა და ერთიანი იდეოლოგიური პლატფორმა, რომელზეც ჯგუფები ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არიან, თუმცა საჭიროებას ხედავენ და აღიარებული აქვთ ჯგუფს შიგნით პრობლემად.
გენდერულ კვოტაზე რა აზრი აქვს ჯგუფს?
ფდჯ: კვოტასთან დაკავშირებით დიდი ბჭობაა ხოლმე ჯგუფში. ნაწილი თვლის, რომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი ამ აქციებს, ნაწილი კი თვლის, რომ ჯგუფის მიმართ სოლიდარობა უფრო მნიშვნელოვანია. მაგალითად, 2016 წლის 8 მარტს ქალთა მოძრაობის აქციას კვოტების შესახებ როგორც ჯგუფი შევუერთდით. თვითონ კვოტის მიმართ პრინციპული მიუღებლობა არაა. მაგრამ არ განვიხილავთ ისეთ მექანიზმად, რომელსაც მივიღებთ და ყველაფერი მოგვიგვარდება. ვთვლით, რომ კვოტამდე ბევრი საქმეა გასაკეთებელი და კვოტამდე უნდა იმუშავო ქალებთან და არა კვოტის შემდეგ.
ქალთა მოძრაობა: გენდერული ძალადობა იყო ქალთა მოძრაობის პირველი თემა, მეორე - კვოტა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა. ძალადობას რომ ებრძოლო, კანონები და იმპლემენტაცია უნდა შეიცვალოს - პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს. ამას ქვემოდან, ძალაუფლების არ მქონე ქალების ჯგუფი მოკლე დროში ვერ ვახერხებთ. ამიტომ, გვინდა გენდერულად სენსიტიური პოლიტიკოსები. გასაგებია არგუმენტი, რომ შეიძლება ყველა ის ქალი, ვინც კვოტებით პოლიტიკაში მოვა, არ იყოს ფემინისტი. მაგრამ, ქალთა მოძრაობის პრაქტიკული გამოცდილებით დასტურდება, რომ ქალი პოლიტიკოსების მგრძნობელობის და ცნობიერების ცვლილება ქალთა საკითხების მიმართ, ბევრად რეალისტური და შესაძლებელია, ვიდრე კაცი პოლიტიკოსების. გენდერული კვოტები დღემდე რჩება ქალთა მოძრაობის პრიორიტეტულ საკითხად და ვთვლით, რომ მასზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ არამხოლოდ კანონის მიღებამდე, არამედ მის ეფექტურ განხორციელებამდე.
ქალთა მზერა: ყველა პროგრესულ პარტიაში არის და უნდა იყოს გენდერული კვოტები. მაგალითად, ზოგ პარტიაში მაგ. ქურდისტანში, არის არა მარტო გენდერული, არამედ ლგბტ და შშმ ადამიანებისთვის კვოტა. სხვა საქმეა რა იდეოლოგიის ხალხი მოვა პოლიტიკაში და საქართველოში რამდენადაა ფემინისტური მოძრაობისთვის დღეს მნიშნელოვანი კვოტაზე რესურსის ხარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ კვოტის აგიტაციას არ ვეწევით, ასე თუ ისე მხარს ვუჭერთ.
ახალგაზრდა მწვანეები: გენდერული კვოტა გვაქვს ორგანიზაციაში და ძალიან წარმატებული პრაქტიკა იყო მისი შემოღება. დღეს საერთოდ აღარაა საჭირო, იმიტომ რომ ქალები დომინირებენ უკვე ორგანიზაციაში. ახლა დავამატეთ, რომ წევრების 50%-ზე მეტი სის-გენდერი მამაკაცი არ უნდა იყოს. რომ არ დავყოთ მხოლოდ ქალებად და კაცებად და ტრანს-ინკლუზიურები ვიყოთ. გენდერულ კვოტას ვემხრობით და აღვიქვამთ დროებით საშუალებად. არ ვიქნებით მოწინააღმდეგეები თუ პარლამენტი მიიღებს ამ კანონპროექტს. თუ ვინმე დღეს მუშაობს კვოტაზე, ცუდ შედეგს მაინც არ მოიტანს. გენდერული კვოტები პოლიტიკაში ჩვენი დღის წესრიგის ნაწილი ნაკლებადაა, არ ვაორგანიზებთ თვითონ ამისთვის აქტივობებს, თუმცა პოლიტიკაში კვოტებს ვემხრობით.
მიუხედავად იმისა, რომ არცერთ ჯგუფს კვოტის მიმართ პრინციპული მიუღებლობა არ აქვს, დღის წესრიგში მხოლოდ ქალთა მოძრაობა განიხილავს. განსხვავებულ დამოკიდებულებას ზევიდან-ქვევით vs. ქვემოდან-ზევით მართული პოლიტიკის თვალსაზრისი უდევს. მათ, ვინც კვოტაზე არ მუშაობს და კვოტასაც აქტიურად მხარს არ უჭერს აქტივობების დონეზე, ამოსავალ წერტილად ჯერ ხალხში მუშაობა მიაჩნია. ხოლო ქალთა მოძრაობას - ქალთა გაძლიერების ყველაზე სწრაფ და ეფექტურ საშუალებად ზევიდან მართული პოლიტიკა ესახება.
რამდენად არის ლბტ ადამიანების საკითხები თქვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი?
ფდჯ: მნიშვნელოვნად არის. ქვიარ საკითხებს ვუყურებთ, როგორც ქალთა საკითხების ნაწილს და ჯგუფი არ ვდისტანცირდებით ამ თემისგან. შარშან 8 მარტს შრომით უფლებებზე იყო აქცია, თუმცა აქცენტი იყო მარგინალიზებული ჯგუფების შრომაზე: მუშები, შშმ, ლბტ ქალები და ა.შ. მთავარი გზავნილი იყო ის, რომ სხვადასხვა ქალებს განსხვავებული პრობლემები აქვთ. ბევრი ქვიარ ქალი იყო აქციაზე და ცისარტყელას დროშებითაც ჩავიარეთ რუსთაველიდან თავისუფლების მოედანზე.
ქალთა მოძრაობა: ცალკე და განყენებულად არ გვიმუშავია ლბტ საკითხებზე. ვთვლით ხოლმე, რომ საჭიროა თემი თავად ჩამოყალიბდეს და უფრო შემდეგ ვუერთდებით. ქალთა მოძრაობაში ლბტ ადამიანები უმრავლესობაში არ არიან, ამიტომ, ალბათ, არ არის სამართლიანი სხვებმა გადაწყვიტონ თემს რა სჭირდება. ზოგადად, ყოველთვის ვუერთდებით 17 მაისს და 2014 წელსვე შევუერთდით და გვერდზეც გამოვაცხადეთ საჯარო თანადგომა და ვცდილობთ სხვადასხვა კამპანიებში გავაჟღეროთ ლბტ ქალების ხმა/პრობლემები, როგორც იყო 2016 წლის 8 მარტის აქციაზე, სადაც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის თემაზე გავაკეთეთ კამპანია. განხილვა და უთანხმოება არ ყოფილა იმაზე, უნდა შევუერთდეთ თუ არა ლგბტ საკითხებზე სხვადასხვა კამპანიებს. შეიძლება ქალთა მოძრაობას არ აქვს იმის რესურსი დღეს, რომ ბევრ თემაზე იმუშაოს, მაგრამ ქალების არცერთ ჯგუფს არ უნდა დარჩეს გარიყულობის განცდა.
ქალთა მზერა: ჯგუფში გვყავს ქვიარ ქალები და ფეისბუკ გვერდზეც ვდებთ ლბტ სიახლეებს. ქვიარ პრიზმიდან ვუყურებთ ისეთ საკითხებს როგორიც არის შრომა და ჯანდაცვა. ლბ საკითხებს უფრო მოვიცავთ, ტრანს საკითხების მხრივ, ძნელია ტრანს სუბიექტების მოძიება თანამშრომლობისთვის, ვინაიდან გარიყული და უხილავია. მემარცხენე ჯგუფებს შორის ჩვენ და ახალგაზრდა მწვანეები ვართ რეალურად ამ თემით დაინტერესებული. ცვლილებაზე ორიენტირებულ ჯგუფებში უნდა შემოვიდეს ლბტ საკითხები და არა მხოლოდ სერვისების მიწოდებით შემოიფარგლოს, არამედ პოლიტიკური გახდეს.
ახალგაზრდა მწვანეები: მიუხედავად იმისა, რომ სათემო ორგანიზაცია არ ვართ, თითქმის ყოველდღიურად დგას ლგბტ საკითხი. ორგანიზაცია თვითონ პოზიციონირებს როგორც ფემინისტური ქვიარ ორგანიზაცია. ჩვენს შიდა ურთიერთობაში შეუძლებელია ვინმე გახდეს ჰომოფობი, რასისტი და ა.შ. მაქსიმალურად ვერთვებოდით აქციებშიც. ამისთვის ცალკე აქცია არ დაგვიორგანიზებია, თუმცა, როგორც ფემინიზმი, ისე ქვიარ აქტივიზმი ყველა აქტივობის შემადგენელი ნაწილია. ეს ჩვენს სიმბოლოებშიცაა გამოხატული. ჩვენი ლოგოები არის ფემინისტური, ტრანს და ლგბტ. ამ მიმართულებით ვთარგმნით კიდეც ლიტერატურას. ერთი პროექტი შარშან მთლიანად ლბტ ქალების საკითებზე იყო.
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ახალგაზრდა მწვანეები პოზიციონირებენ როგორც ქვიარ-ორგანიზაცია, ყველა ჯგუფი ღიად ანტიჰომოფობიურ პოლიტიკას ატარებს. ასევე არავინ ეთანხმება პოპულიზმის სახელით ქვიარ ექსკლუზიას, თუმცა აფილაცია ლბტ თემთან უფრო საკითხების ირგვლივ ხდება, და ქვიარ-ინკლუზიურობა ნაკლებად წარმოადგენს პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილს, თუმცა ფდჯ და ახალგაზრდა მწვანეები აქტიურად უჭერენ მხარს და ასოცირდებიან ქვიარ-ქალებთან. ყველა ჯგუფში პრაქტიკული მუშაობის დონეზე დაკარგულია ტრანს-საკითხები.
როგორ უყურებთ სექს-სამუშაოს საკითხებს. რა ქუდის ქვეშ უნდა განიხილებოდეს და როგორ რეგულირდებოდეს?
ფდჯ: 2016 წელს 8 მარტის აქციაზე სექს-მუშაკების შრომით უფლებებზე გვქონდა პოსტერები. თუმცა ამ თემაზე არ გვაქვს ერთიანი პოზიცია კვოტების მსგავსად. მეტ-ნაკლებად ვთანხმდებით, რომ სექს-შრომა შრომაა. თუმცა ძალიან კარგად ვაცნობიერებთ ამ შრომის მოთხოვნის პატრიარქალურ საწყისებს და ჩაგვრის იმ ელემენტებს რასაც შრომითი კანონმდებლობის გაუმჯობესების შემთხვევაშიც კი, კანონის მიღმა რჩება.
ქალთა მოძრაობა: ამაზე ჯგუფს ჩამოყალიბებული პოზიცია არ გააჩნია და აქტიურად არ დამდგარა ეს თემა ჯგუფის შიგნით დღის წესრიგში. არ გვაქვს შეჯერებული პოზიცია, რადგან თავად თემი არაა ძლიერი და კარგად არ ვიცით ადგილობრივი კონტექსტი. მეტი დისკუსიები გვჭირდება ამ თემაზე.
ქალთა მზერა: გვინდა სექს-მუშაკებთან დავიწყოთ მუშაობა. რეგულაციას რაც შეეხება, სექს-მუშაკები დღეს ორგანიზებული ჯგუფი არაა და ჯერ ამ ჯგუფთან ლაპარაკი და მუშაობაა საჭირო. ვფიქრობთ, ჯერ მათ უნდა მოუსმინო. თეორიულ დებატსაც ასე ვუყურებთ, ჯერ ჯგუფის ინტერესები უნდა გაითვალისწინო და ფემინისტებმა არ უნდა გადაუწყვიტონ. სექს-მუშაკებისადმი ინკლუზიური უნდა იყოს ფემინიზმი.
ახალგაზრდა მწვანეები: სექს-შრომაზე გვინდა დისკუსიის დაწყება. რამდენიმე ინიციატივა გვქონია, მაგრამ ბოლომდე არ ჩამოვყალიბებულვართ. ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ ვემხრობით შერეულ მოდელს: როცა ისჯებიან სექს-შრომის მომხმარებელები და არა მომწოდებლები. პრიორიტეტულია, რომ იყვნენ მუშაკები დაცულები, ვინაიდან პოლიციელები ხშირად თვითონ ძალადობენ სექს-მუშაკებზე. თუმცა ფემინისტური გადმოსახედიდან ვაღიარებთ თუ არა ჩვეულებრივ შრომად, არ გვაქვს ერთიანი ჩამოყალიბებული პოზიცია.
სექს-სამუშაო არცერთი ჯგუფის ფემინისტური დღის წესრიგის ნაწილი არ არის და ამ თემაზე პოზიციებიც შეჯერებული არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ფემინისტებს შორის დიდი თეორიული დებატი არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით, ჯგუფის ინტერესი განიხილება ამოსავალ წერტილად, თუმცა როგორ უნდა გაძლიერდეს ჯგუფი მხოლოდ მომავლის პერსპექტივაში ესახებათ ახალგაზრდა მწვანეებს და ქალთა მზერას თავისი დღის წესრიგის ნაწილად.
დასკვნა:
იდეოლოგიური თვალსაზრისით, მრავალფეროვანი და ეკლექტური სურათი გვაქვს: ზოგიერთი ჯგუფი კონკრეტულ ფემინისტურ იდეოლოგიას მიაკუთვნებს თავს, მაგ. ფდჯ რადიკალ , ახალგაზრდა მწვანეები - ქვიარ, ქალთა მზერა კი - მემარცხენე ფემინისტებად პოზიციონირებენ. მათგან განსხვავებით ქალთა მოძრაობა დიდი ჯგუფია და ერთიანი იდეოლოგია არ აქვს, მთავარი სტრატეგიებით (საკანონმდებლო ცვლილებები კვოტებთან და გენდერულ ძალადობასთან დაკავშირებით), უფრო ლიბერალური ფემინიზმის მოთხოვნებს შეიძლება მივაკუთვნოთ, თუმცა ამავდროულად არსებობს ეკონომიკური საკითხების წინ წამოწევის და ქალთა მზერასთან კოლაბორაციის მცდელობებიც.
პოზიციონირება და მოაზრებული იდეოლოგიური მიკუთვნებულობა უფრო მნიშვნელოვანი გამყოფია, ვიდრე რეალური თეორიეული თუ პრაქტიკული დებატი. სიტყვა “მოაზრებულს” შეგნებულად ვიყენებ, ვინაიდან: 1. ჯგუფური იდენტობა და მოძრაობისადმი მიკუთვნებულობის განცდა პატარა ჯგუფებში მართლაც მაღალია, უფრო დიდ - ქალთა მოძრაობასთან - შედარებით, თუმცა რომელიმე ჯგუფთან აფილაცია ავტომატურად გარკვეული ღირებულებების და იდეოლოგიის მატარებელ სუბიექტად მოიაზრებს აქტივისტს და გამორიცხავს მის ცვალებადობას დროსა და სივრცეში; 2. ხშირად აქტივისტები იცვლიან აზრს ან არ აქვთ ჩამოყალიბებული ჯგუფური თუ ინდივიდუალური პოზიციები სხვადასხვა საკითხების მიმართ, შესაბამისად, მათი მიკუთვნება რომელიმე იდეოლოგიისადმი და ამის ორ მემარჯვენე-მემარცხენე პოლუსებზე გადანაწილება, ხდება გარკვეული წინასწარდაშვებების საფუძველზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ლიბერალებად, მემარცხენეებად და რადიკალებად სწორხაზივანი დაყოფა ჯგუფების პოლიტიკებში მკაფიოდ არ იკითხება, თუმცა საკუთარი ან სხვა ჯგუფების აღქმა სწორედ ამგვარ იდეოლოგიურ მიკუთვნებულობას ეფუძნება. შესაბამისად, ყურადღების ფოკუსში შერჩევითად ექცევა სტრატეგიების და ქმედებების მხოლოდ ის ასპექტები, რომელიც განსხვავებებს ამყარებს.
მთლიანობაში, მიუხედავად გარკვეული ორიენტირებისა, შეიძლება ითქვას, რომ ფემინისტურ ჯგუფებს აკლიათ როგორც მყარი იდეოლოგიური პლატფორმები, ისე ამ პოზიციების არტიკულაცია. ასევე, სუსტია მხარდამჭერთა რეკრუიტმენტის და მობილიზების სტრატეგია. როგორც ჯგუფს შიგნით, ისე ჯგუფებს შორის დიალოგის ნაკლებობაა, ჯგუფის დამოკიდებულებები კი მოიაზრება იმთავითვე გასაგებ პოზიციებად, რომელიც შემდგომ ახსნა-განმარტებას არ უნდა საჭიროებდეს. ის განსხვავებებიც, რაც ჯგუფებს შორის არსებობს ნაკლებად ემყარება ფუნდამენტურ იდეოლოგიურ განსხვავებებს, და უფრო მეტად ცალკეული განხეთქილებების და დაძაბულობების კუმულაციური ეფექტია. სხვა ჯგუფების მხრიდან კრიტიკის თვალსაზრისით გამონაკლისია ახალგაზრდა მწვანეები, რომელიც უფრო სხვადასხვა ფემინისტური ინიციატივების მხარდამჭერია ვიდრე ინიციატორი, და შესაბამისად, ნაკლები პასუხისმგებლობა და კრიტიკა მიემართება სხვა ჯგუფების მხრიდანაც.
ჯგუფებს შორის დაძაბულობა განსაკუთრებით ცხადი ხდება მაშინ, როცა ,,ქალების სხვადასხვა ჯგუფების სახელით”(მაგ. ლესბოსელების) საუბარზე მიდგება საქმე. ამ მხრივ, კი ბოლო პერიოდში ერთგვარი ამრიდებლური სტრატეგიები შეინიშნება იმ საკითხების მიმართ, რაც უშუალოდ ჯგუფის წევრებს არ ეხებათ. ,,სხვისი სახელით “საუბარს და საკითხის სრულ უგულებელყოფას შორის, მაგ. როგორც სექს-სამუშაოს შემთხვევაშია, ჯგუფები აღიარებენ, რომ იმ პრობლემებზე საუბარი რაც მათ უშუალოდ არ ეხებათ არაეთიკური შეიძლება იყო, თუმცა სანამ ჯგუფი გაძლიერდება, ,,პასუხისმგებლობისგან თავისუფლები” არიან. ოქროს შუალედის პოვნა გართულებულია.
მაშინ როცა ჯგუფები აქტივიზმის პრობლემებს სოლიდარობის ნაკლებობას და იდეოლოგიურ განსხვავებას მიაწერენ, არავინ მიუთითებს უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე - რესურსების სიმწირეზე, რომელიც რეალურად ჯგუფებს ერთმანეთთან კონკურენციის პირობებში ამყოფებს. არაფორმალური აქტივიზმის ყველაზე გავრცელებული ფორმა - დემონსტრაციები - შესაძლოა არ მოითხოვდეს ფინანსურ რესურსებს, თუმცა დიდი ადამიანური ძალისხმევის ჩადებას საჭიროებს, რომელიც საბოლოოდ ისევ ადამიანის სამუშაო დროის მსხვერპლშეწირვას მოითხოვს. რაც, თავის მხრივ, ართულებს მხარდამჭერთა და მედია ყურადღების მობილიზებას. რესურსების სიმწირის პრობლემა ძირითადად მხოლოდ ჯგუფის მუშაობის თვალსაზრისით არის აღიარებული, ხოლო იმას თუ რა გავლენა აქვს მაგალითად, მედია ყურადღების და აღიარებისთვის ბრძოლას ჯგუფების ურთიერთქმედებასა და აქტივიზმზე, მხოლოდ ,,თემების გადაფარვის” და ყურადღების წართმევის კონტექსტში განიხილება და დაცლილია რეალური სოციალური კრიტიკისგან. კრიტიკისგან, რომელიც არსებულ კონტექსტებსა და ინსტიტუტებში ფემინისტის იდენტობის და ფემინიზმის სუბიექტების წარმოებას კრიტიკულად იაზრებს, რომელიც თვითრეფლექსიურია და უნდობელი ,,ჭეშმარიტებების” მიმართ, აქტივიზმს კი ვიწრო ჯგუფური იდენტობების და არაფორმალური მეგობრული ურთიერთობების მიღმა განიხილავს.
ბუნებრივია, მეგობრობა და ემოციური კავშირები, ისევე როგორც ზოგადად აფექტის როლი აქტივიზმში არ უნდა განვიხილოთ როგორც თავისი “ბუნებით” ნეგატიური მოვლენა, რომელიც უცხოა რაციონალური იდეოლოგიური და პოლიტიკური ქმედებებისთვის. თუმცა უდიდესი გამოწვევაა აფექტის აქტივიზმისთვის სასარგებლო მიმართულებით წარმართვა და კრიტიკის იმგვარად არტიკულაცია, რომ ჯგუფებს შორის დაპირისპირებები ანტიფემინისტურად წაკითხვის საშუალებას არ იძლეოდეს.
ამრიგად, ანტიგენდერული ტენდენციების გაძლიერების ფონზე, ფემინისტური ჯგუფების და მათ მხარდამჭერთა ზრდას და გაძიერებას მნიშვნელოვნად აფერხებს პრობლემების კონკრეტულ სუბიექტებამდე თუ ჯგუფებამდე დაყვანა, ზოგადად არსებული კონკურენცია მედია ყურადღებისთვის და კონსტრუქციული კრიტიკის ნაკლებობა. ეს არ ნიშნავს შიგნით არსებული ძალაუფლებრივი მიმართებების უარყოფას, მაგრამ მათი გააზრება უნდა ხდებოდეს უფრო დიდ სურათზე.