თამაში არსებული წესებით: გენდერული წესრიგის კვლავწარმოება წინასაარჩევნო კამპანიებში

პოლიტიკური სუბიექტები (პარტიები, დამოუკიდებელი კანდიდატები) არჩევნების დროს ამომრჩევლებთან კომუნიკაციას პროგრამებისა და კამპანიების საშუალებით ცდილობენ. წინასაარჩევნო პროგრამები, როგორც მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტები, მათი ღირებულებების, ხედვების, მიზნებისა და პრინციპების ნამდვილობის წყაროა (იგულისხმება, რომ უნდა იყოს) - თუ პოლიტიკური სუბიექტი იგებს არჩევნებს, მის მიერ მოწოდებულ მესიჯებს აქვს იმის ძალა, რომ რეალობად იქცეს.

თუ არ საუბრობენ შენზე, არ მოგმართავენ, არ გისვამენ კითხვებს, შესაძლოა, ეს ნიშნავდეს, რომ უბრალოდ ვერ გამჩნევენ, ვერ ამჩნევენ შენს პრობლემებს და ამიტომაც ვერ გაწვდიან მათი გადაჭრის გზებს. თუმცა, იქნებ გამჩნევენ კიდეც, მაგრამ მზერა გადააქვთ შენგან და თავს გარიდებენ? იქნებ ვერ აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის, რომ ხედვის არეალში მოგიაზრონ? იქნებ, უფრო პრიორიტეტული და მომგებიანია სხვებზე საუბარი და “ასე სჭირდება საქმეს“?

ეს კითხვები, რომლებიც უფრო რიტორიკულია, პოლიტიკურ სუბიექტებსა  და მათ მიერ გენდერული საკითხების გათვალისწინებას შეეხება. “იკითხე პოლიტიკა” 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების ფარგლებში, შეეცადა პოლიტიკურ პროგრამებსა და კამპანიებში ანგარიშვალდებულებები და ამ ანგარიშვალდებულებების ის ხასიათი ამოეკითხა, რომლებიც გენდერს მიემართება. მიუხედავად იმისა, რომ  ჩვენ მიერ მეთოდოლოგიით[1] შერჩეული, თბილისის მერობის ყველაზე რეიტინგული კანდიდატების საარჩევნო პროგრამები არ გამოირჩეოდნენ აქცენტებით, რომელიც ეხებოდა გენდერსა და ქალთა საკითხებს, პროგრამების გარკვეული ნაწილით თუ კამპანირების სტრატეგიებით, ისინი პირდაპირ თუ ირიბად ითვალისწინებდნენ გენდერს და ქალებს, როგორც სამიზნე ჯგუფს. თუმცა, სწორედ იმის ანალიზი გახდა საჭირო თუ რისკენ იყო  მიმართული ეს მცდელობები - რეალური გაძლიერებისკენ, ქალთა საჭიროებების გათვალისწინებისკენ თუ არსებული გენდერული წესრიგის შენარჩუნებისკენ.

“იკითხე პოლიტიკა” აანალიზებდა წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატების ამომრჩეველთან შეხვედრებს, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და პოლიტიკურ პროგრამებს. პროგრამებთან ერთად მიმოვიხილავთ მათ წინასაარჩვენო კამპანიებსაც, რადგან პროგრამები, მეტწილად, ყურადღების მიღმა ტოვებენ გენდერს. ამის გათვალისწინებით, აუცილებელი გახდა ამოგვეკითხა გენდერული წინასწარგანწყობები იმ პოლიტიკურ გზავნილებში, რომელიც თითქოს დუმდა ამ საკითხების შესახებ. „კამპანირებაში“ ჩვენ მოვიაზრებთ პოლიტიკური კანდიდატების სტრატეგიებს, რითაც ცდილობენ ამომრჩევლებთან კომუნიკაციას.

 

წინასაარჩევნო კამპანირება და ქალთა საკითხი

თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, კახა კალაძის კამპანირების პერიოდში ვაწყდებით შემთხვევას, როდესაც იგი სხვადასხვა სექტორში მოღვაწე ქალებს ხვდება. კანდიდატის კამპანირების facebook გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოები ასახავს ამ შეხვედრის კადრებს.[2] გვერდის გამომწერების რეაგირება შემდეგნაირია  - ისინი უწონებენ კანდიდატს საქციელს და თვლიან, რომ ეს არის “პროგრესული” ნაბიჯი. მათი თქმით, ეს იმის დადასტურებაა, რომ კანდიდატი არ მოიაზრებს ქალებს, როგორც მხოლოდ კერძო სექტორში გამოკეტილს და ხელს უწყობს მათ წარმატებასა და კარიერულ წინსვლაში:

“წარმატებები კახის, მიხარია, რომ მხარს უჭერს წარმატებულ და რეალიზებულ ქალებს! როგორც ვიცი, საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო”[3]

“კარგია, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ქალის როლი სხვადასხვა სფეროში! ძალიან ბევრ შეხვედრას ატარებს ყოველდღე და მომავალი მერი ასეთი უნდა იყოს ზუსტად.” [4]

ძალიან სასიამოვნოა, როცა კანდიდატი ასეთ ყურადღებას აქცევს ამ საკითხს და "ქუხნაში" არ ჰგონია ქალის ადგილი.”[5]

ის, რომ “ქალებთან შეხვედრა” საკმაოდ სწორი სტრატეგია აღმოჩნდა, ნათელია. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ფოტოებთან ერთად არ არის აღწერილი შეხვედრის მიზანი, არც იმაზეა საუბარი, თუ რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე. იქმნება წარმოდგენა, რომ მორიგი შეხვედრისთვის შეირჩა კონკრეტული ჯგუფი, რომელსაც დაერქვა “ქალები” და შეხვედრამ, თავის მხრივ, შექმნა იმის ილუზია, რომ კანდიდატისთვის დღის წესრიგში იდგა ქალთა გაძლიერების საკითხი. კამპანიამ მოახერხა, რომ “რეალიზებულ” და “წარმატებულ” ქალებთან შეხვედრა, პოლიტიკური პროგრამის პრეზენტაციის მიზნით, ქცეულიყო “პროგრესულ” ნაბიჯად ისე, რომ არ გამახვილებულიყო ყურადღება ქალთა გაძლიერებაზე, წინ არ წამოწეულიყო ის საკითხები, რომლის მოგვარებაც შესაძლებელია თვითმმართველობის დონეზე. გარდა შეხვედრის შინაარსისა, საგულისხმოა ისიც, რომ კამპანია, მსგავსი პოზიციონირებით, აუჩინარებს იმ ქალებს, რომლებიც ვერ ხვდებიან მსგავს შეხვედრებზე გარკვეული პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური თუ კულტურული წინააღმდეგობებისა და რეალობების გათვალისწინებით და განიცდიან სისტემურ ჩაგვრას.

 

გენდერი წინასაარჩევენო პროგრამებში

მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატების პროგრამებში არ იძებნება სიტყვები “ქალი”, “გენდერი”, ეს მაინცდამაინც არ გულისხმობს, რომ პროგრამები არ ეხებოდა იმ საკითხებს, რომელსაც, შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს გენდერულ და ქალთა საკითხებზე. ჩვენ გავაანალიზეთ პროგრამის ის ასპექტები, რომლებიც ხაზგასმულად არ იყო მიმართული გენდერული საკითხებისკენ, თუმცა გვთავაზობდა ნაგულისხმევ, მზა განწყობებს არსებული გენდერული, ძალაუფლებრივი ურთიერთობების შესახებ. 

მაგალითად, თუ განვიხილავთ, თბილისის მერობის კანდიდატების, ზაალ უდუმაშვილისა და კახა კალაძის პროგრამების სოციალურ ნაწილს, იგი საუბრობს სოციალურ შეღავათებსა და დახმარებებზე. დახმარების პროგრამები გათვლილია ჰეტერნორმატიული ოჯახის მოდელზე, სადაც დახმარება გაიცემა ყოველ მესამე, მეოთხე, მეხუთე და შემდეგ ახალშობილზე (შესაბამისად, 800, 1000 და 1500 ლარი). სოციალურად დაუცველ ოჯახებს პროგრამა სთავაზობს 500 ლარს ყოველ ახალშობილზე.[6] ფულადი დახმარება ასევე შეთავაზებულია 40 000 ლარზე დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახის ახალშობილებისთვის.[7]

გარდა იმისა, რომ დახმარების ეს პროგრამები მიმართულია ჰეტერონორმატიულ ოჯახზე და მხოლოდ ოჯახის ასეთ მოდელს ითვალისწინებს, ასევე ხელს უწყობს  რეპროდუქციულ ფუნქციასთან ოჯახის ექსკლუზიურად ასოცირებას. ეს კი ქალს ისევ კერძო სფეროსა და აუნაზღაურებელ შრომასთან მიჯაჭვულად აქცევს. იგულისხმება, რომ წესდება ერთგვარი “ჯილდო” ქალის მხრიდან საკუთარი ფუნქციის შესრულებისთვის. ცხადია, მსგავსი სოციალური დახმარების მიღება ბევრი ოჯახისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არის და პროგრამების ავტორებიც ამ საჭიროებებიდან ამოდიან. თუმცა, ყურადღების გარეშე არ ღირს იმ ფაქტის დატოვება, რომ ამგვარად გაწერილი პროგრამები ისევ და ისევ ნაციონალისტურ დისკურსს ეყრდნობა - ერთი მხრივ, მრავალშვილიანობის წახალისებით, რომელიც დემოგრაფიული მდგომარეობის განვითარებისკენაა მიმართული, პროგრამები  ხელს უწყობს გენდერული განწყობებისა და მოლოდინების შენარჩუნებას, მეორე მხრივ კი ყურადღების მიღმა ტოვებს იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ თავსდებიან შემოთავაზებულ წესრიგში. პოლიტიკური სუბიექტები საუბრობენ გარკვეულ შეღავათებზე, ფულად დახმარებებზე, მაგრამ მათ არ ახსენდებათ ის, რომ არსებობენ მარტოხელა მშობლები და ძირითადად, სწორედ ქალებს აქვთ მარტოხელობის სტატუსი. თვითმართველობებს კი შეუძლიათ მიმართონ  გარკვეული რესურსები ამ მიმართულებით.

 

მეტი ქალი პოლიტიკაში?

როდესაც ვსაუბრობთ გენდერისა და ქალთა საკითხების ინტეგრირებაზე პოლიტიკური კამპანირების პროცესში, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის კონტექსტი, რომელიც არსებობდა ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე მუშაობის კუთხით. წინასაარჩევნო პერიოდში,  ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა (Task Force) პარლამენტში სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი შეიტანა. კანონპროექტს ხელს აწერს საქართველოს მასშტაბით 37 455 ამომრჩეველი და იგი გულისხმობს 2 ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას, რათა მიღებულ იქნეს დროებითი ზომები ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად.[8]  ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე  საუბარი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა 21 ოქტომბრის არჩევნებამდელ პერიოდში სწორედ ქალის, როგორც პოლიტიკური სუბიექტის წინ წამოწევის ხელშეწყობის კუთხით. მით უმეტეს, როცა უახლესი კვლევები მიუთითებდა იმაზე, რომ საზოგადოება მხარს უჭერდა მეტი ქალის ხილვას პოლიტიკაში (NDI).[9]

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხი თითქოს ზედაპირზე ამოდის მერობის კანდიდატ ელენე ხოშტარიას შემთხვევაში. საყურადღებოა ის, რომ “ევროპულმა საქართველომ”, რომელსაც ელენე ხოშტარია წარმოადგენდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 31 მაჟორიტარობის და 7 მერობის კანდიდატი ქალი შესთავაზა საზოგადოებას. ეს იყო ერთგვარი განაცხადი, რასაც თავად კანდიდატი მიიჩნევდა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისკენ გადადგმულ ნაბიჯად. [10] 

ელენე ხოშტარიას კამპანიის facebook გვერდზე სხვადასხვა გამომწერი სწორედ მის ქალად ყოფნას უსვამს ხაზს და მიიჩნევს, რომ ქალების წინ წამოწევა პოლიტიკურ დღის წესრიგში, მნიშვნელოვანი იქნებოდა. “იუზერები” ასევე მოუწოდებენ კანდიდატს, რომ მან გამოიყენოს არსებული პლატფორმა. ეს მიუთითებს, რომ ამომრჩეველთა ნაწილს სურს დაინახოს კანდიდატი, რომელიც ქალთა საკითხებზე იქნება ორიენტირებული და დანერგავს ახალ ხედვას:

“ქალბატონო ელენე წამოწიეთ თემა "მეტი ქალი პოლიტიკაში". ეს საშუალებას მოგცემთ მეტი ხმა აიღოთ არჩევნებში, ვინაიდან, როგორც ვიცი, თქვენ ერთადერთი ქალი კანდიტატი ხართ თბილისის მერობისთვის ბრძოლაში. მე ვფიქრობ, ეს თქვენთვის მეტი შანსის მომტანი იქნება.” [11]

“ქართველო ქალებო, დავირაზმოთ ქალები და ერთხელ მივცეთ ქალს შანსი, ნახავთ, როგორ უმოკლედ ვადაში იგრძნობს ხალხი შვებას”[12]

მიუხედავად იმისა, რომ მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია არ იყო კვოტირების სისტემის მომხრე,[13]  ორგანიზაცია საფართან“ ჩატარებულ ინტერვიუში[14] მან ისაუბრა ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე და მათ დაბალ წარმომადგენლობაზე რეგიონალურ დონეზე. მან აღნიშნა, რომ 4 წლის პერიოდში იბრძოლებდა ქალთა ძალადობისგან დაცვისთვის და რომ ხედავდა სახელმწიფოს როლს ამ პრობლემის გადაჭრაში. იგი ასევე შეხვდა ქალთა ორგანიზაციის წევრებს, მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატებს.[15]  აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე არჩევნების შემდეგ, 12 დეკემებერს, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გამართულ კონფერენციაზე, სახელწოდებით „საქართველო - თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“, რომელიც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაძლიერებას ეძღვნებოდა, ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ პარტიაში დღეს უკვე აქტიურად განიხილავენ კვოტის, როგორც დროებითი მექანიზმის საკითხს, სწორედ არსებული რეალობიდან გამომდინარე. თუმცა მან დაამატა, რომ ამ საკითხთან ერთად განიხილება პარტიის შიდა დემოკრატიის საკითხები, რათა თითოეული კანდიდატის სიაში მოხვედრა გამჭვირვალე პროცესი იყოს. მან ასევე აღნიშნა,  რომ კვოტის და შიდა დემოკრატიის საკითხი  თანაბარმნიშვნელოვნად მიაჩნიათ.[16]

მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ელენე ხოშტარიას პოლიტიკური კამპანიის მიმდინაროებაზე დაკვირვებით, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ამ საკითხებზე პოზიციის დაფიქსირება სწორედ იმ ადამიანებისა და ინიციატივების დამსახურება იყო, რომელთა დღის წესრიგშიც დგას ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხი. დასმული აქცენტები ისევ შიდა ჯგუფებში განიხილებოდა და ფართო საზოგადოებისთვის უცნობი რჩებოდა კანდიდატის ამ განწყობების შესახებ. მიუხედავად ზემოთხსენებული პოზიციების გაზიარებისა და საზოგადოების ერთგვარი დაკვეთისა, რომ გააჟღეროს ქალთა საკითხი, ჩვენი დაკვირვებით, ელენე ხოშტარიას კამპანიაში იგი არ იკავებდა მნიშვნელოვან ადგილს - აქცენტები იკარგებოდა და სამიზნე აუდიტორიამდე ვერ აღწევდა. თამაშის წესიც იგივე დარჩა -  კანდიდატმა შეიძლება გადაიაზრა რიგი საკითხების მნიშვნელობა, მაგრამ აქტიური კამპანირების პროცესში ამ საკითხების სათანადოდ გაჟღერება არ გამხდარა პრიორიტეტული. შესაბამისად,     პოლიტიკური კამპანირების მთლიან სურათში, სადაც ქალთა ხმა არ ისმის, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება.

თამაშის წესების შენარჩუნებაზე მეტყველებს თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენლის გუგული მაღრაძის კომენტარიც, რომელიც მან პარტიის სიებში კაცი კანდიდატების სიმრავლესთან დაკავშირებით გააკეთა:

"ჩვენ იძულებული ვართ, ანგარიში გავუწიოთ კონკურენციას. რადგან სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც ძირითადად მამაკაცები ჰყავთ წარმოდგენილი, ამ კონკურენციაში არ გვინდა, ჩვენი კანდიდატები დაგვეჩაგრონ, ამიტომ ვცდილობთ, ისეთი მამაკაცები შევარჩიოთ, რომლებსაც მოგების უფრო მეტი შანსი ექნებათ". [17]

ეს არგუმენტი ხაზს უსვამს იმას, რომ პოლიტიკა მოიაზრება კაცთა შეჯიბრის არენად, ქალები კი ვერ ხვდებიან ამ შეჯიბრში, რადგან მათ იმთავითვე ნაკლები შანსი აქვთ გაიმარჯვონ. მსგავსი განცხადების გაკეთებით, არსებული ვითარება ნორმალიზდება და იქცევა იმ წესად, რომელსაც ეყრდნობა დღევანდელი პოლიტიკა. დაპირება შემდეგნაირია: ისინი  არათუ ხელს შეუწყობენ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ზრდას, არამედ, პირიქით, მუდმივად გაამართლებენ კაცთა დომინაციას პოლიტიკაში.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი დაკვირვება კიდევ ერთელ ადასტურებს, რომ ქალთა და გენდერული საკითხი, გარკვეულწილად, პოლიტიკური დღის წესრიგის ხედვის არეალშია.  თუმცა, თუ მივყვებით შესავალში დასმულ კითხვებს, ნათელი ხდება, რომ პოლიტიკური კამპანიები მუდმივად ცდილობენ მისდიონ პოლიტიკის კეთების ტრადიციულ, მასკულინურ გზას და ყურადღების მიღმა დატოვონ ის თემები, რომლებიც ამომრჩევლის მეტ ხმას ვერ მოუტანთ. ჯერ-ჯერობით, მათი მცდელობები, რომ მიმართონ ქალებს, როგორც სამიზნე აუდიტორიას, ფასადურია და არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს ქალთა საკითხების სიღრმისეულ გააზრებას.  მაშინაც კი, როდესაც კანდიდატები ხედავენ ზედაპირზე ამოსულ საკითხებს, საკუთარი თავის პოზიციონირებისას ერიდებიან მათ გაჟღერებას და გზის ასე გაკვალვას. თუ პოლიტიკურ პროგრამებში გენდერს რამე მიემართება, ეს ისევ დამკვიდრებული გენდერული ურთიერთობები და ქალზე მიმაგრებული წინასწარგანწყობებია. თამაშის ძირითადი პრინციპი არ იცვლება - პოლიტიკური კამპანიების ნარატივიდან ქალი ან სრულიად გამქრალია, ან კვლავ სიმბოლური გენდერული წესრიგის კვლავწარმოებისთვის მოიაზრება.

 

შენიშვნები:

[1] იკითხე პოლიტიკა, „თვითმმართველობის არჩევნები: გენდერული სტერეოტიპები და გენდერირებული სუბიექტები, 2017 http://bit.ly/2nwt2wp  

[2] „შეხვედრა სხვადასხვა სექტორში მოღვაწე ქალებთან“, 2017 http://bit.ly/2Ayw9p0

[3] კომენტარი facebook პოსტზე, 2017, http://bit.ly/2Ayw9p0

[4] კომენტარი facebook პოსტზე, 2017, http://bit.ly/2Ayw9p0

[5] კომენტარი facebook პოსტზე, 2017, http://bit.ly/2Ayw9p0

[6] კახა კალაძე, კითხვარის სრული ვერსია, Partiebi.ge,   http://bit.ly/2AqMOeL 

[7] ზაალ უდუმაშვილი, კითხვარის სრული ვერსია, Partiebi.ge,  http://bit.ly/2jvEIO2 

[8] ”სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ პარლამენტში კანონპროექტი შევიდა”, Liberali.ge, 2017 http://bit.ly/2j22oWO

[9]“NDI: უმეტესობის აზრით, მერის პოზიციაზე ქალი და კაცი ერთნაირად იმუშავებენ“, Netgazeti.ge, 2017, http://bit.ly/2mvmKwj

[10] „პოლიტიკოსი ქალის პორტრეტი - ელენე ხოშტარია“, sapari.ge, 2017, http://bit.ly/2jnOimp

[11] კომენტარი facebook პოსტზე, 2017, http://bit.ly/2yHy24U

[12] კომენტარი facebook პოსტზე, 2017, http://bit.ly/2yGTVQ1

[13] „ინტერვიუ ელენე ხოშტარიასთან“, იკითხე პოლიტიკა, 2016, http://bit.ly/2i8swPV

[14] „პოლიტიკოსი ქალის პორტრეტი - ელენე ხოშტარია“, sapari.ge, 2017, http://bit.ly/2jnOimp

[15] „ელენე ხოშტარია ქალთა ორგანიზაციის წევრებს, მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატებს შეხვდა“, რუსთავი 2, 2017 http://bit.ly/2yuAV6i

[16] „საქართველო თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“, ge.undp.org, 2017,  http://bit.ly/2BAg17j

[17] „სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების მონიტორინგი წინასაარჩევნო დისკურსში“, mdfgeorgia.ge, 2017, http://bit.ly/2gvxR2A

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1.  „თვითმმართველობის არჩევნები: გენდერული სტერეოტიპები და გენდერირებული სუბიექტები“, იკითხე პოლიტიკა, 2017 http://bit.ly/2nwt2wp  
  2. [Giorgi Natroshvili], 13.10.2017, კომენტარი facebook პოსტზე http://bit.ly/2Ayw9p0
  3. [Anzor Gogitidze], 13.10.2017,  კომენტარი facebook პოსტზე http://bit.ly/2Ayw9p0
  4. [Nini Khurcilava], 13.10.2017, კომენტარი facebook პოსტზე  http://bit.ly/2Ayw9p0
  5.  Partiebi.ge, კახა კალაძე, კითხვარის სრული ვერსია, 2017 http://bit.ly/2AqMOeL 
  6. Partiebi.ge, ზაალ უდუმაშვილი, კითხვარის სრული ვერსია, 2017 http://bit.ly/2jvEIO2 
  7. Liberali.ge,”სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ პარლამენტში კანონპროექტი შევიდა”, 2017 http://bit.ly/2j22oWO
  8. Netgazeti.ge, “NDI: უმეტესობის აზრით, მერის პოზიციაზე ქალი და კაცი ერთნაირად იმუშავებენ“, 2017, http://bit.ly/2mvmKwj
  9. „პოლიტიკოსი ქალის პორტრეტი - ელენე ხოშტარია“, sapari.ge, 2017, http://bit.ly/2jnOimp
  10. [Lasha Papukashvili], 17.09.2017, კომენტარი facebook პოსტზე    http://bit.ly/2yHy24U
  11. [Xatuna Krawashvili],  27.09.2017, კომენტარი facebook პოსტზე  http://bit.ly/2yGTVQ1
  12. „ინტერვიუ ელენე ხოშტარიასთან“, იკითხე პოლიტიკა, 2016, http://bit.ly/2i8swPV
  13. „ელენე ხოშტარია ქალთა ორგანიზაციის წევრებს, მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატებს შეხვდა“, რუსთავი 2, 2017 http://bit.ly/2yuAV6i
  1. „სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების მონიტორინგი წინასაარჩევნო დისკურსში“, mdfgeorgia.ge, 2017, http://bit.ly/2gvxR2A
  2. „საქართველო თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“, ge.undp.org, 2017,  http://bit.ly/2BAg17j