მარიკა მიქელაძე

ათამდე წიგნისა და უამრავი თარგმანის მიუხედავად, პოეტი მარიკა მიქელაძე ქართული ლიტერატურის ისტორიაში თითქმის სრულიად უცნობია. მისთვის, როგორც ქალისთვის, ისეთ პატრიარქალურ გარემოში, როგორიც იმ დროს ლიტერატურა და მწერალთა კავშირი იყო, თავის დამკვიდრება იოლი არ უნდა ყოფილიყო. 

Teaser Image Caption
ფოტო: ლიტერატურის მუზეუმის არქივი

სოციალისტური რეალიზმი, ჟანრი, რომელშიც მიქელაძე მოღვაწეობდა, სქემატურ თემებს მოიცავდა: ინდუსტრიალიზაცია, კოლექტივიზაცია, ახალი საბჭოთა ადამიანი. ერთგვაროვანი შინაარსისა და ფორმალური ენის გამო, ამ ჟანრის ლიტერატურამ ინდივიდუალობა დაკარგა და, „პერესტროიკის“ შემდეგ, ის, როგორც უხარისხო, უარყვეს[1]. ამ ჟანრის სხვა მწერლებთან ერთად, მარიკა მიქელაძის წიგნებიც, რომლებიც საშუალოდ 5000-იანი ტირაჟით იბეჭდებოდა, დროთა განმავლობაში მაკულატურად იქცა. თუმცა, მისი ბიოგრაფია გვეხმარება, დავინახოთ, როგორ აისახა ტოტალიტარიზმი მწერალი ქალების ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. როდესაც სტალინური რეპრესიები გამწვავდა, მწერლებმა სხვადასხვაგვარად სცადეს, რეჟიმს მორგებოდნენ[2]. კონფორმიზმის მიუხედავად, ნაწილი „წმენდას“ მაინც ემსხვერპლა, ზოგმა წერა შეწყვიტა, უმეტესობამ კი, მიქელაძის მსგავსად, ოფიციალური საბჭოთა რიტორიკა გაითავისა[3] და საკუთარი შემოქმედება რეჟიმის მოთხოვნებს მოარგო. პოეტის ნაწარმოებებსაც ამ პროცესების კვალი გასდევს.

მარიკა მიქელაძე სამტრედიის რაიონის სოფელ კულაშში დაიბადა 1910 წლის 23 დეკემბერს[4]. ცხრა და-ძმიდან იგი ყველაზე უმცროსი იყო[5]. მალე ოჯახი საცხოვრებლად ქუთაისში გადავიდა, რადგან მათი მამული ბანკს დარჩა ვალში.

დაწყებითი განათლება მარიკამ სახლში მიიღო, როგორც ავტობიოგრაფიაში აღნიშნავს, დედისა და პედაგოგი დების დახმარებით[6]. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექიმებმა სკოლაში სიარული აუკრძალეს. მარიკამ 6 წლის ასაკში ფეხი დაიზიანა, რაც გაურთულდა, და მას შემდეგ ცხოვრება სანახევროდ საწოლს მიჯაჭვულმა გაატარა[7].

ლექსების წერა 14-15 წლის ასაკში დაიწყო. პირველ ნამუშევრებს თანასოფლელებს უკითხავდა[8]. თავად, ლიტერატურული მუშაობის დაწყების თარიღად 1929 წელს ასახელებს. მისი პირველი ლექსები, მოთხრობები და თარგმანები საბავშვო ჟურნალებში „ოქტომბრელსა“ და „პიონერში“ ქვეყნდებოდა. 1930 წელს მარიკამ საატესტატო გამოცდები ექსტერნად ჩააბარა და იმავე წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლიტერატურის ფაკულტეტზე, დაუსწრებელ სექტორზე ჩაირიცხა. როგორც თავად წერს, ფრიადოსანი სტუდენტი იყო, მაგრამ მომდევნო წელს ავადმყოფობის გამო სწავლის მიტოვება მოუხდა.

ავადმყოფობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა[9] მიქელაძის ბავშვობასა და მოზარდობაზე. თუმცა, მეორე მხრივ, ამ გამოცდილებამ ის ყველა დაუცველის მიმართ უფრო მგრძნობიარე გახადა. სწავლის გაგრძელებაში მას ყურადღებიანი დედა, მიზანდასახულობა და ურყევი ნებისყოფა დაეხმარა[10].

მარიკა მიქელაძის პირველი წიგნი, საბავშვო მოთხრობა „ოთხი და მეხუთე“, 1930 წელს გამოიცა. მასში აღწერილია ოთხი ბავშვი და კატა, რომლებიც მარტოხელა დედის სამსახურიდან დაბრუნებას ელიან[11]. მოთხრობა იმ დროს გამოქვეყნდა, როდესაც საბჭოთა კავშირში ქალ მწერლებს ჯერ კიდევ ჰქონდათ საშუალება, ქალებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ეწერათ. შესაბამისად, ამ მოთხრობის ენაც ჯერ კიდევ ნაკლებადაა უკიდურესად პროპაგანდისტული ტერმინებითა და პერსონაჟებით დატვირთული. 1930-იანი წლების დასაწყისიდან ქალთა ემანსიპაცია მიღწეულად გამოცხადდა, ლიტერატურაზე კი ცენზურა დაწესდა და, ამგვარად, ქალთა უფლებებზე წერაც ფაქტობრივად დასრულდა[12].

1934 წელს „ლიტერატურულ გაზეთში“ დაიბეჭდა მიქელაძის ლექსი „ყოფილ გაზაფხულს“[13], რითაც მის შემოქმედებაში ერთგვარი გარდატეხა მოხდა. მის ტექსტებში შემოვიდა სტალინური ქალის მოდელი, რომელიც ერთდროულად უნდა ყოფილიყო მაღალი პოლიტიკური შეგნების მქონე, კაცის მხარში მდგომი[14], კარგი მეოჯახე და დედა, ამავე დროს, მოკრძალებული და გარეგნულად მიმზიდველი[15]. სანაცვლოდ, პირადი ინტერესები საბჭოთა სახელმწიფოს საჭიროებებისთვის უნდა დაექვემდებარებინათ.[16] 1920-იანი წლებისგან განსხვავებით, ქალის სექსუალური თავისუფლება კრიტიკის საგანი გახდა[17].

ლიტერატურაში ამ დროს „სავალდებულო თემები“ არსებობდა. აქედან გამომდინარე, ინდუსტრიალიზაცია და, განსაკუთრებით, კოლექტივში მომუშავე ახალგაზრდა ქალები მიქელაძის ლექსების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ტექსტებია „სიმღერა ჩაის მკრეფავ გოგონაზე“ და „აფხაზ მფრინავ ქალს“[18], რომლებიც პერიოდული სახეცვლილებებით იბეჭდებოდა.

1936-38 წლებში მიქელაძე საქართველოს რადიოკომიტეტში საბავშვო რადიოს გადაცემათა რედაქტორად მუშაობდა. ავადმყოფობის მიუხედავად, ხშირად სტუმრობდა სკოლებს, საბავშვო ბაღებს, ბანაკებსა და ბავშვთა თავშეყრის ადგილებს, რომ მათ პრობლემებს გასცნობოდა. შეიმუშავა მათემატიკის სწავლების სახალისო და მარტივი მეთოდები[19]. რადიოკომიტეტში საქმიანობა ჯანმრთელობის გაუარესების გამო შეწყვიტა.

როგორც კი სტალინური „წმენდის“ მთავარმა ტალღამ ჩაიარა[20], მარიკა მიქელაძე მწერალთა კავშირში მიიღეს. 1938 წლის 20 თებერვლით დათარიღებულ დოკუმენტში, ჟურნალ „ჩვენი თაობის“ რედაქტორი ირაკლი აბაშიძე მიმართავს სამდივნოს, კანდიდატებად განიხილოს ახალგაზრდა პოეტები: 1. შალვა ამისულაშვილი, 2. მარიკა ბარათაშვილი, 3. ალექსანდრე საჯაია, 4. გიორგი კალანდაძე, 5. მამუკა მრევლიშვილი. ამ სიას უკან, ფანქრით კიდეზე მიწერილი აქვს: „1. მარიკა მიქელაძე, 2. მრევლიშვილი“[21]. ორი თვით ადრე, 1937 წლის დეკემბერში, გამოქვეყნდა „წმენდას“ გადარჩენილი მწერლების ფოტო, რომელიც მწერალთა სახლის ეზოშია გადაღებული[22]. მათ შორისაა მარიკა მიქელაძეც[23].

თუმცა, წერილებიდან ირკვევა, რომ მისთვის, როგორც ქალისთვის, ისეთ პატრიარქალურ გარემოში, როგორიც იმ დროს ლიტერატურა და მწერალთა კავშირი იყო, თავის დამკვიდრება იოლი არ უნდა ყოფილიყო. პოეტ ალიო მირცხულავასადმი მიწერილ ბარათში ვკითხულობთ, თუ როგორ სთხოვს რეკომენდაციის გაწევას ლიტფონდში, სადაც მისი საკითხი განიხილებოდა[24], მანამდე კი, მიმართავს „სიტყვა და საქმის“ რედაქტორს – გაუგზავნოს დაგვიანებული ჰონორარი თარგმანისთვის[25]. ის არ ეგუება პატრიარქატის მიერ ქალისთვის შემოფარგლულ ვიწრო სამოქმედო არეალს და ლიტერატურის სფეროში გზის გაკვალვას ცდილობს, რაც იმ პერიოდში ქალებისთვის გაცილებით რთული იყო.

მარიკა მიქელაძის სამეგობრო წრეც მწერალთა კავშირის წევრებისა და სხვა ლიტერატორებისაგან შედგებოდა. პირადი მიმოწერიდან ჩანს, რომ ის მეგობრობდა პოეტებსა და ლიტერატორებთან – მარიკა ბარათაშვილთან, ალიო მირცხულავასთან[26], ნიკა აგიაშვილთან, ანდრო თევზაძესთან. არქივში შემორჩენილი კორესპონდენციიდან, შედარებით ვრცელი და უშუალოა მისი მიმოწერა ნიკა აგიაშვილთან. თუმცა, წერილები უმეტესად ახალი ამბებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაგებითა და ახლობლებისგან მოკითხვის გადაცემით შემოიფარგლება. მათზე გავლენა უნდა მოეხდინა მეორე მსოფლიო ომის ცენზურასაც[27], რაც მხოლოდ კარგი ინფორმაციის შეტყობინების აუცილებლობაში გამოიხატებოდა.

აგიაშვილთან მიმოწერაში მარიკა ხშირად ეხება მწერალთა კავშირის ამბებსაც. სიახლეებს მოკლედ, თითო წინადადებით ჰყვება. თუმცა, იქ არსებული მღელვარება კონკრეტულ ფრაზებშიც ჩანს: „[კონფერენცია] შედარებით მშვიდობიანად ჩატარდა. დიდ ტრაღედიებს არ ჰქონია ადგილი. მხოლოდ ორ-სამ ხალტურშჩიკს აუწიეს ყური“[28], „მწერალთა კავშირი ძველებურად ჯახირობს, არც მკვდრებში წერია და არც ცოცხლებში“, აღნიშნავს მეორეგან[29].

თუმცა, რეჟიმის პირობებში წერის გაგრძელებამ საზოგადოებაში მკაცრი კრიტიკა გამოიწვია. რეპრესიების დროს მიქელაძემ ბევრი ლექსი მიუძღვნა საბჭოთა ბელადებს და, განსაკუთრებით, ბერიას. ამ უკანასკნელის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, შედგა „შავი სია“, სადაც ის ავტორები მოხვდნენ, ვისაც ბერიასადმი ჰქონდა წიგნი მიძღვნილი[30]. ამ სიაში, 33-ე ნომრად, მარიკა მიქელაძეცაა, კრებულით „ვიმღეროთ ბრძოლის ამბავი“ (1945). საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მის ორ წიგნში სქელი შავი ხაზით გადაშლილია ლექსის ის სტრიქონი, რომელიც ბერიას სახელს ერითმება.

ბევრი ლექსი და პოემა დაწერა მარიკა მიქელაძემ ომის თემაზე. 1943 წელს „ლიტერატურულ გაზეთში“, ელენე ახვლედიანის ნახატის ქვემოთ, მისი ლექსი „დაბრუნება“ გამოქვეყნდა. ნახატი, სათაურით „გადა[ვ]უხდით“, ასახავს ომის სცენას, სადაც ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილებს პოულობს და შურისძიებით აღვსილი სივრცეს გასცქერის. ლექსი „დაბრუნება“ ნახატის სიუჟეტს იმეორებს, იმ განსხვავებით, რომ აქ მთავარი პერსონაჟი კაცია, რომელსაც მტერზე შურისძიება გადაუწყვეტია. ამ ლექსს მკითხველში საბრძოლო განწყობა უნდა შეექმნა[31].

ომის წლებში შეიქმნა პოემები „ტანია“ და „თეთრი სახლი“, რომლებიც ამ მოვლენას ბავშვების პერსპექტივიდან აღწერს. „გიგზავნი ჩემს ტანიას, იმის აღსანიშნავად, რომ ჩემი პოემა დამთავრდა. იცოდე კარგად გაუფრთხილდი“, წერს მარიკა 1942 წელს ნიკა აგიაშვილს.

1946 წელს მიქელაძე თავდადებული შრომისთვის მედალზე წარადგინეს. მოკლე დახასიათებაში ვკითხულობთ: „სამამულო ომის პერიოდში სისტემატიურად ბეჭდავდა ლექსებს ფრონტისა და ზურგის გმირებზე“.[32] იგი დაჯილდოებულთა შორის ვერ მოხვდა, თუმცა, მოგვიანებით, მის ანკეტაში აღნიშნულია: „მედალი „მამაცური შრომისთვის“.[33]

იმ რეცენზიებიდან, რაც არქივსა და ბიბლიოთეკაში მოიპოვება, ჩანს, რომ კრიტიკოსებში განსაკუთრებულ აღფრთოვანებას არ იწვევდა მარიკას შემოქმედება. აკრიტიკებენ ხან იმისთვის, რომ საკმარისად პროპაგანდისტულად არ წერს, ხან კი იმისთვის, რომ მისი წერის მანერა ზედმეტად „ქალურია“ – ემოციური. 1930-იან წლებში გრძნობებზე წერა შეუფერებლად გამოცხადდა – ლიტერატურის ახალ ჟანრებს მხოლოდ სოციალური და პოლიტიკური თემები უნდა განეხილა. ეს განსაკუთრებით საზიანო აღმოჩნდა ქალებისთვის, რადგან მათი შემოქმედება ხშირად სწორედ განცდებს ეხებოდა[34]. ერთ-ერთი კრიტიკოსი „ტანიას“ რეცენზიაში იწონებს პოემის რიტმს, ემოციურ დაძაბულობასა და დინამიკას, თუმცა, მიიჩნევს, რომ პოეტმა დავალებას თავი ბოლომდე ვერ გაართვა: „ტანიას და დედამისს გარდა, ნაწარმოებში სხვა სახეები გამოკვეთილი არ არიან. სხვა პერსონაჟებისთვის – კომკავშირელებისათვის და მტრის ბანაკთა წარმომადგენლებისათვის ავტორს სახელი და გვარიც კი არ მიუცია“[35], აღნიშნავს ის. ემოციასა და განცდებზე წერისთვის აკრიტიკებს მეორე რეცენზენტი მარიკას ლექსებს: „მ. მიქელაძის ლექსების უმრავლესობა თითქმის კონკრეტულ თემაზეა დაწერილი, მაგრამ მაინც ზოგადია. აკლია დამაჯერებლობის პათოსი“[36]. სამაგიეროდ, კრიტიკოსი უწონებს ლექსს „რამდენი ღამე დამთენებია“, რადგან, მისი აზრით, „სამშობლოსადმი შედარებით ნათლად არის გადმოცემული ავტორის ემოცია“[37]. ამგვარად, უთითებს, დათმოს შეუფერებელი, „ქალური“ თემები და, სტალინური გმირი ქალის მსგავსად[38], თავი უფრო მნიშვნელოვან საკითხებს მიუძღვნას.

მარიკა მიქელაძეს საკმაოდ მრავალფეროვანი და განსხვავებული ავტორების ნაწარმოებები აქვს ნათარგმნი: ჰაინრიჰ ჰაინე, ივან ტურგენევი, ალექსანდრ პუშკინი,  ეჟენ პოტიე, საბავშვო მწერლები ვიტალი ბიანკი და სამუელ მარშაკი[39] და სხვ. 1930-იანი წლების ბოლოს გამოქვეყნებული მისი საბავშვო მოთხრობები სოციალისტური რეალიზმის სტილს ერგება. პერსონაჟები მკაცრად მისდევენ ახალი საბჭოთა ადამიანის მოდელს, ხოლო სიუჟეტები ძირითადად იმაზეა აგებული, თუ როგორი ქცევაა საბჭოთა ბავშვისთვის სამაგალითო. მარიკა მიქელაძის ტექსტები, ისევე როგორც ზოგადად ქალთა ნაწერები, გვიან 30-იან წლებში თანდათან უფრო სქემატური გახდა და ომის სამზადისს დაექვემდებარა[40].

სოციალისტური რეალიზმი 1934 წლიდან განვითარდა და ლიტერატურაში მკვეთრად მასკულინური თემები – ინდუსტრიალიზაცია, მილიტარიზმი, ომი, ჯაშუშები, მოღალატეები, საბჭოთა პოლიტიკური ლიდერები და მსგავსი საკითხები – შემოიტანა. იმ პერიოდის საბჭოთა ლიტერატურულ ჟურნალებში ძალიან ცოტა ქალის ნაწერი თუ ქვეყნდებოდა და კიდევ უფრო ნაკლები ქალი ხდებოდა მწერალთა კავშირის წევრი[41]. საბჭოთა ლიტერატურის მოლოდინი მწერლებისადმი მკვეთრად იყო განსაზღვრული: „ისინი უნდა ყოფილიყვნენ პოლიტიკური აქტივისტები და შემოქმედების მეშვეობით დაემოძღვრათ მასები“[42]. მარიკა მიქელაძეც სოციალისტური რეალიზმის ასახვით იყო დაკავებული თავის ტექსტებში. იგი ცოტას წერდა პირად განცდებზე, რადგან ყველაფერი, რაც პარტიასა და კომუნიზმის მშენებლობას არ უკავშირდებოდა, არაღირებულად ითვლებოდა. ამიტომ, ათამდე წიგნის, საარქივო დოკუმენტებისა და პირადი მიმოწერის მიუხედავად, მის რამდენიმე ლექსში თუ დავინახავთ მკრთალად ავტორის ინდივიდუალურ  სახეს. 

მარიკა მიქელაძე 1959 წლის 7 იანვარს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. იგი ერთ-ერთი იყო იმ ცხრა მწერალ ქალს შორის, რომელმაც შეძლო, ჯანმრთელობის პრობლემებისა და სრულფასოვან განათლებაზე ნაკლები ხელმისაწვდომობის მიუხედავად, ტოტალიტარიზმისა და მასკულინური გარემოს პირობებში, მწერალთა კავშირის წევრი გამხდარიყო. მისი ბიოგრაფია ნათლად ასახავს ტოტალიტარიზმის გავლენას მწერალ ქალებზე. პოლიტიკურმა კონტროლმა მათ, როგორც ავტორებს, დაუკარგა ინდივიდუალობა, ჩარჩოებში მოაქცია მათი ენა, პერსონაჟები და წერის სტილი. ეს განსაკუთრებით ჩანს იმაში, თუ როგორ ენაცვლება მარიკა მიქელაძის შემოქმედებაში ბავშვთა საკითხების, სიყვარულისა და მეგობრობის თემა ეპიკურ ნაწარმოებებს, სადაც მთავარ ადგილს საბჭოთა გმირები და ბელადები იკავებენ. რეალურ განცდებს კი საბჭოთა პატრიოტიზმის მაღალფარდოვანი აღწერა ანაცვლებს. გარდა ამისა, ტოტალიტარიზმმა შეზღუდა თემის არჩევანი და გამოხატვის ფორმა, ისე, რომ ავტორთა უმრავლესობა, წერის გაგრძელების სანაცვლოდ, იძულებული გახდა, სტალინისა და ბერიას მეხოტბედ ქცეულიყო. ქალ მწერლებს ფაქტობრივად აეკრძალათ ფემინისტური პერსპექტივიდან წერა. საბოლოოდ, ამ ყველაფერმა მათ შემოქმედებას მრავალფეროვნება დაუკარგა, მეტად სწორხაზოვანი გახადა და, რეალურად, მათი პირადი ცხოვრებაც განსაზღვრა. ამის მიუხედავად, მარიკა მიქელაძის ბიოგრაფიისა და შემოქმედების ანალიზი სხვაგვარი ინტერპრეტაციის საფუძველსაც გვაძლევს – რომ კონფორმისტი მწერლის მიღმა არსებობდა საბჭოთა კრიტიკოსების გემოვნებისთვის ზედმეტად მგრძნობიარე და, ამავდროულად, შეუპოვარი ქალი.


[1] მარში, როზალინ (2001), „1930-იანი წლების ქალი მწერლები: „მორჩილება თუ ძირის გამოთხრა“, „ქალები სტალინის ეპოქაში“, გვ. 173. „პალგრეივი“, ნიუ-იორკი.

[2] მარში, როზალინ (2001), „1930-იანი წლების ქალი მწერლები: „მორჩილება თუ ძირის გამოთხრა“, „ქალები სტალინის ეპოქაში“, გვ. 174-179. „პალგრეივი“, ნიუ-იორკი.

[3] დობსონი, მირიამ (2009), „წერილები“, „პირველადი წყაროების კითხვა: მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის ისტორიული ტექსტების ინტერპრეტირება“, გვ. 64. „რათლიჯი“, ნიუ-იორკი.

[4] ზოგი წყაროთი 1906, 1908 წელს.

[5] ბიჭიკაშვილი იოსებ, ჩიქოვანი იური (2005), „ქართული წარჩინებული გვარები“, ტ. 3, თბილისი, გვ. 56.

[6] მიქელაძე, მარიკა (1956), პირადი ბარათი საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის წევრისა (კანდიდატისა), (#22653-ხ), გიორგი ლეონიძის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, თბილისი.

[7] ბარათაშვილი, მარიკა (1959), „მარიკა მიქელაძე“, ლიტერატურული გაზეთი N3 (1120), პარასკევი, 16 იანვარი. თბილისი. გვ. 4.

[8] კახაძე, ვახტანგ (1966), „ნორჩთა გულების მესაიდუმლე“, „წინსვლა“, სამტრედია, 30 ივლისი, შაბათი, გვ. 3.

[9] იქვე.

[10] კახაძე, ვახტანგ (1966), „ნორჩთა გულების მესაიდუმლე“, „წინსვლა“, სამტრედია, 30 ივლისი, შაბათი, გვ. 3.

[11] მიქელაძე, მარიკა (1930), „ოთხი და მეხუთე“, ავტორის გამოცემა, ტფილისი.

[12] მარში, როზალინ (2001), „1930-იანი წლების ქალი მწერლები: „მორჩილება თუ ძირის გამოთხრა“, „ქალები სტალინის ეპოქაში“, გვ. 179-180. „პალგრეივი“, ნიუ-იორკი.

[13] „სიტყვა და საქმე“, გამოდიოდა ქუთაისში, წლები: 1934-1935.

[14] მარში, როზალინ (2001), „1930-იანი წლების ქალი მწერლები: „მორჩილება თუ ძირის გამოთხრა“, „ქალები სტალინის ეპოქაში“, გვ. 181. „პალგრეივი“, ნიუ-იორკი.

[15] რაიდი, სუზან (2001), „ახალი საბჭოთა ქალი და ლიდერის კულტი საბჭოთა ხელოვნებაში“, „ქალები სტალინის ეპოქაში“, გვ. 202, „პალგრეივი“, ნიუ-იორკი.

[16] იქვე, გვ. 194.

[17] მარში, როზალინ (2001), „1930-იანი წლების ქალი მწერლები: „მორჩილება თუ ძირის გამოთხრა„, „ქალები სტალინის ეპოქაში“, გვ. 182. „პალგრეივი“, ნიუ-იორკი.

[18] მიქელაძე, მარიკა (1939), „ლექსები“, სახელგამი.

[19] კახაძე, ვახტანგ (1966), „ნორჩთა გულების მესაიდუმლე“, „წინსვლა“, სამტრედია, 30 ივლისი, შაბათი, გვ. 3.

[20] 1937 წლის მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომებს პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, მიხეილ ჯავახიშვილისა და სხვათა გარიცხვა და გასამართლება მოჰყვა.

[21] აბაშიძე, ირაკლი (1938, II/20), საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის სამდივნოს, მწერალთა კავშირის არქივი (ფონდი 8, ანაწერი 1, N31, გვ. 7-8), ეროვნული არქივი, თბილისი.

[22] კვერენჩხილაძე, რევაზ (2008), „XX საუკუნის საქართველოს ლიტერატურული ცხოვრება“, „უნივერსალი“, თბილისი, გვ. 142-143.

[23] ფოტო ინახება გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმში.

[24] მიქელაძე (IX/25), წერილი ალიო მაშაშვილისადმი, მარიკა მიქელაძის წერილები (#26048-ხ 114), გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, თბილისი.

[25] მიქელაძე, მ., გაზ. „სიტყვა და საქმეს“-ს რედაქციას, მარიკა მიქელაძის წერილები (#23622-ხ 1), გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, თბილისი.

[26] პრეზიდიუმის პ/მ მდივანი 1938-1939 წლებში.

[27] დობსონი, მირიამ (2009), „წერილები“, „პირველადი წყაროების კითხვა: მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის ისტორიული ტექსტების ინტერპრეტირება“, გვ. 57-73, „რათლიჯი“, ნიუ-იორკი.

[28] მიქელაძე ([1941-45], XII/12), წერილი ნიკა აგიაშვილისადმი, მარიკა ბარათაშვილის წერილები (#23622-ხ 7), გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, თბილისი.

[29] მიქელაძე (1943, IV/20), წერილი ნიკა აგიაშვილისადმი, მარიკა მიქელაძის წერილები (23622-ხ 3), გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი,  თბილისი.

[30] (1956) არასრული სია ქართველი მწერლების იმ წიგნებისა, რომლებშიაც მოთავსებულია ლ. ბერიასადმი მიძღვნილი ლექსები… მწერალთა კავშირის არქივი (ფონდი 8, ანაწერი 2, N56), ეროვნული არქივი, თბილისი.

[31] ანთაძე, ქსენია, ხოფერია, ნინო (1960), „მარიკა მიქელაძე“, „ქალის კალენდარი“, სახელმწიფო გამომცემლობა, ბათუმი, გვ. 68-71.

[32] (1946) სია მწერლებისა, რომლებიც წარდგენილნი არიან დასაჯილდოებლად მედლით „კავკასიის დაცვისათვის“, მწერალთა კავშირის არქივი (ფონდი 8, ანაწერი 1, # 1085, გვ. 6), ეროვნული არქივი, თბილისი.

[33] მიქელაძე, მ. (1956), პირადი ბარათი საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის წევრისა (კანდიდატისა), გიორგი ლეონიძის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, #22653-ხ.

[34] მარში, როზალინ (2001), „1930-იანი წლების ქალი მწერლები: „მორჩილება თუ ძირის გამოთხრა“, „ქალები სტალინის ეპოქაში“, გვ. 177. „პალგრეივი“, ნიუ-იორკი.

[35] მ. გ. (1945), „მარიკა მიქელაძე - „ტანია“, საბლიტგამი, „ლიტერატურა და ხელოვნება“ N15, გვ. 4.

[36] ლორთქიფანიძე (1965), რეცენზიები ა. ზენაშვილის, მ. მიქელაძის, ვ. სულთანიშვილის და დ. თვალჭრელიძის ლექსებზე, მწერალთა კავშირის არქივი (ფონდი 8, ანაწერი 3, N1154), ეროვნული არქივი, თბილისი.

[37] ლორთქიფანიძე (1965), რეცენზიები ა. ზენაშვილის, მ. მიქელაძის, ვ. სულთანიშვილის და დ. თვალჭრელიძის ლექსებზე, მწერალთა კავშირის არქივი (ფონდი 8, ანაწერი 3, N1154), ეროვნული არქივი, თბილისი.

[38] მარში, როზალინ (2001), „1930-იანი წლების ქალი მწერლები: „მორჩილება თუ ძირის გამოთხრა“, „ქალები სტალინის ეპოქაში“, გვ. 184. „პალგრეივი“, ნიუ-იორკი.

[39] ებრაული წარმოშობის რუსი საბავშვო მწერალი, პოეტი და მთარგმნელი, რომელიც რეპრესიებს შემთხვევით გადაურჩა.

[40] მარში, როზალინ (2001), „1930-იანი წლების ქალი მწერლები: მორჩილება თუ ძირის გამოთხრა“, „ქალები სტალინის ეპოქაში“, გვ. 183. „პალგრეივი“, ნიუ-იორკი.

[41] იქვე, გვ. 179.

[42] იქვე, გვ. 175.